კომენტარი

ნატა ფერაძე: ზოგიერთს უჭირს ფიქრი იმაზე, რომ წლების შემდეგ ენმ-ც და “ოცნებაც” წარსულს ჩაბარდება, ხოლო აოხრებული ადგილი დაგვრჩება

15 თებერვალი, 2016 • 1566
ნატა ფერაძე: ზოგიერთს უჭირს ფიქრი იმაზე, რომ წლების შემდეგ ენმ-ც და “ოცნებაც” წარსულს ჩაბარდება, ხოლო აოხრებული ადგილი დაგვრჩება

“სად იყავით 9 წელი?”, “ახლა ამას რომ აპროტესტებთ, იმას რატომ არ აპროტესტებდით?”, – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ კრიტიკისა, რომელიც გარემოს დამცველი “პარტიზანული მებაღეების” მისამართით ისმის ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რომელთა შორის მმართველი ძალის მხარდამჭერებიც არიან.  ნატა ფერაძე, ერთ-ერთი “პარტიზანი მებაღე” ნეტგაზეთთან ინტერვიუში საუბრობს იმაზე თუ როგორ უყურებს იგი საზოგადოების ნაწილის მსგავს დამოკიდებულებას:

“მე ვთვლი, ეს არის ადამიანების ძალიან დიდი პრობლემა, როცა ჩვენ გვიჭირს დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი შეიძლება კონკრეტული მიზნისთვის იბრძოდეს და ამისათვის არ იღებდეს არც ხელფასს და არც არავითარი პოლიტიკური დაინტერესება გააჩნდეს”, – ამბობს იგი.

ნატა ფერაძე იხსენებს, რომ  ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც ცდილობდნენ მათ აფილირებას “ქართულ ოცნებასთან”, როცა ისინი ჯერ კიდევ ენმ-ს მიერ ფორმირებული თბილისის მთავრობის დროს ვაკის პარკში გაცემულ მშენებლობის ნებართვას აპროტესტებდნენ.

“ეს საყვედურები ცოტა უცნაურად მეჩვენება. ალბათ, ჩვენი შეცდომაა, რომ ბოლომდე ვერ ავხსენით ვინ ვართ და რა გვსურს. ეს არის მოხალისეთა ჯგუფი.  ჯამში სულ ვართ დაახლოებით 50 ადამიანი , რომლებიც ვაპროტესტებთ იმდენს, რამდენსაც სწვდება ჩვენი პოტენციალი. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ მძლავრი პარტია ვყოფილიყავით, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო მოსახლოებისთვის აგვეხსნა, რომ ჩვენ ვართ ისეთივე მოქალაქეები როგორიც ხართ თქვენ, გვაქვს სხვა სამსახურები, გვყავს ოჯახები და ეს არის ის, რაც ჩვენ მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია. მოგვბაძეთ და გააკეთეთ იგივე და არა ის, რომ გამოგვიძახებთ, ჩვენ მოვალთ და მოგიწესრიგებთ”.

“არაადეკვატურად გვეჩვენება, როცა გვეუბნებიან თუკი ნაციონალური მოძრაობა იქ იდგა, თქვენ არ უნდა ჩასულიყავით [ციხისძირში] და ჯანდაბას ის ხეები მოეთხარათო. იმაზე ფიქრი, რომ წლები გაივლის და ენმ-ც და “ქართული ოცნებაც” წარსულს ჩაბარდება, ხოლო ადგილი აოხრებული დაგვრჩება , მოსახლეობის ნაწილს ცოტა უჭირს…

ჩვენ არ ვაპირებთ გადადექის ძახილს, ჩვენ გვსურს მოსახლეობის გამოფხიზლებას იმისთვის, რომ არჩეულმა მთავრობამ აკეთოს ის, რაც მას ევალება”, – ამბობს ნატა ფერაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი