კომენტარი

ვის რა პოზიცია ჰქონდა პარლამენტში “რელიგიური გრძნობების” კანონპროექტზე

15 თებერვალი, 2016 • 1692
ვის რა პოზიცია ჰქონდა პარლამენტში “რელიგიური გრძნობების” კანონპროექტზე

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის” შესახებ პარლამენტში ინიცირებულ სადავო კანონპროექტი კენჭისყრაზე ვერ გავა, რადგან ის ინიციატომრა სოსო ჯაჭვლიანმა უკან გაიტანა, თუმცა ნეტგაზეთის მიერ ჩატარებული დეპუტატების გამოკითხვა მოწმობს, რომ კანონპროექტს უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება მაინც გაუჭირდებოდა, რადგან მას მოწინააღმდეგეები ჰყავდა როგორც საპარლამენტო უმრვალესობაში, ისე უმცირესობაში:

ნეტგაზეთმა “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის” კანონპროექტზე დეპუტატების მოსაზრებები იმ პერიოდში ჩაწერა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ ჯაჭვლიანი კანონპროექტს უკან გაიტანდა.

საპარლამენტო უმრავლესობა

პარლამენტში “ქართული ოცნების” პარტიის ფრაქციის ლიდერი გია ვოლსკი  საუბარში აცხადებს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის სასჯელის დაწესების იდეა კარგია, თუმცა მის კანონად ქცევას მხარს არ დაუჭერს:

“ იდეა კარგია, მაგრამ იდეის კანონად გადაქცევამ შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგი მოიტანოს და პროვოცირებებს შეუწყოს ხელი. ამ კარგი იდეის კანონად ქცევას მე მხარს არ დავუჭერდი.  ამ იდეით ქვეყანამ უნდა იცხოვროს, ქვეყნისთვის ეს იდეა პირველი უნდა იყოს. ყველანაირი შეურაცხყოფა ისედაც დასჯადია, იქნება ეს რელიგიური , თუ სხვა. კანონად ქცევამ შეიძლება გარკვეული პრობლემები მოგვიტანოს”, – ამბობს ვოლსკი.

კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის მეორე წევრი გუბაზ სანიკიძე “ეროვნული ფორუმიდან”.


“რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ კანონპროექტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სენსიტიური… მითუმეტეს, იმ ფონზე, რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება. საქართველო სამაგალითო ქვეყანა უნდა იყოს ამ მიმართულებით, პრინციპში არის… იყო, ჩვენ ამ მიმართულებით დიდი მემკვიდრეობა გვაქვს. ახლის მოგონება არ გვჭირდება, უბრალოდ ძველი უნდა გავიხსენოთ, თუ როგორ ექცეოდნენ ჩვენი წინაპრები, ხელისუფლებები რელიგიურ უმცირესობებს, ეს მართლაც, რომ გამორჩეული იყო. ქართულმა სახელმწიფომ  უნდა იმოძრაოს და დღევანდელ ე.წ. ცივილიზაციათა დაპირისპირების ფონზე უნდა შევქმნათ პოზიტიური პრეცედენტი. ყველაფერი, რაც რელიგიურ შემწყნარებლობასთან, ტოლერანტობასთან იქნება დაკავშირებული, მეც და ეროვნული ფორუმიც მზად ვართ ამის ინიციატორი ვიყოთ”, – ამბობს სანიკიძე.

კითხვას, რა უნდა ჩაითვალოს რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფად, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას წერილი “მღვდლების ვინაობა”, სადაც ის სასულიერო კლასს ამხელს, არის თუ არა ვინმეს რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, სანიკიძე პასუხობს:

“საინტერესო შეკითხვაა, მაგრამ განწყობა, ვითარება, კონტექსტი განსაზღვრავს ამას: ვინ ამბობს, რა ვითარებაში ამბობს. არა მგონია, რომ რაიმე სერიოზული პრობლემები შეგვექმნას”.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ უმრავლესობის წევრ რესპუბლიკელებს, რომელთა ფრაქციის ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს:

“ჯაჭვლიანის სახელით შემოტანილ ტომარაძის ინიციატივას კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ამ კომიტეტის ხელმძღვანელები თავად აკეთბენ კომენტარებს, რომ ძალიან ბევრი დათქმა აქვს და ა.შ. ეს ინიციატივა კანონად ვერ იქცევა. მე ძალიან მკაფიოდ, მოჭრილად , პირდაპირ ვამბობ, რომ არცერთი რესპუბლიკელი ამას მხარს არ დაუჭერს. მხოლოდ რესპუბლიკელებში არ არის საქმე, ასეთი მიუღებელი, გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო კანონპროექტი ვერ იქცევა საქართველოში კანონად. ამაში მე ვარ დარწმუნებული”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

ოპოზიცია

“ამ კანონპროექტს მხარს არ ვუჭერ”, – ამბობს ბათუმელებთან საუბარში დეპუტატი სერგო რატიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანია:

“ვერავინ განსაზღვრავს რას ნიშნავს რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა. როცა ადამიანი რაღაცას გამოხატავს რელიგიის მიმართ, ის არჩევანის თავისუფლებასთან ერთი-ერთზე რჩება. ნებისმიერ რწმენას საფუძვლად ადამიანის თავისუფალი ნება უდევს. ეს ჩემი ფუნდამენტური უფლებაა.  ადამიანის უფლებათა კომიტეტმა იმის საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, რასაც  მთელი პროგრესული საზოგადოება ამბობდა წინა წლის განმავლობაში: “მე ვარ შარლი”.  ამ გადაწყვეტილებით  გარკვეულწილად დადგნენ ტერორისტების და არა პროგრესული კაცობრიობის გვერდით. ყველა კი არ ეთანხმებოდა [შარლი ებდოს] კარიკატურას, არამედ იქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მე მაქვს ჩემი აზრის გამოხატვის უფლება. ამ პრინციპის წინააღმდეგ არის მიმართული მსგავსი კანონი”, – ამბობს რატიანი.

მისივე თქმით, შეურაცხყოფა თავისთავად ცუდი ფაქტია და ამაზე არავინ დავობს, მაგრამ სახელმწიფო მინიმალურად უნდა ერეოდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში.

“ცუდი ძალიან ბევრი რამეა, მაგრამ სახელმწიფო მინიმალურად უნდა ერეოდეს პირის ცხოვრებაში, თორემ ეს უკვე ტოტალიტარიზმია. ტოტალიტარული აზროვნების შედეგია ის, როცა ვიღაცას უნდა, რომ სხვას გრძნობები უკონტროლოს და შინაგანი გრძნობები დაიცვას. “გრძნობის შეურაცხყოფა” შინაგანი სამყაროს გადამეტებულ კონტროლს გულისხმობს და ტოტალიტარული ცნობიერების გადმონაშთია”, – აცხადებს სერგო რატიანი ბათუმელებთან საუბარში.

ახალი პოლიტიკური ცენტრი – “გირჩის” წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ პარტიაში ამ კანონპროექტზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა მისთვის ეს “გაუგებარი” საკანონდმებლო წინადადებაა.

“გაუგებარი კანონპროექტია. საინტერესოა, სახელმწიფო ოფიციალურად რას აიღებს რელიგიად? არგენტინაში მარადონას ხელიც გარკვეული რელიგიაა და მიმდევრები ჰყავს. ბუნდოვანია ეს კანონპროექტი. ასეთი რაღაცები უფრო შინაგანი მორალით დგინდება და არა რაღაც კანონებით”, – განმარტავს ხაჩიძე ბათუმელებთან საუბარში.

“არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდვას”, – ეს თავისუფალი დემოკრატი ნინო გოგუაძის კომენტარია.

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომელმაც პარლამენტიდან უკან გაიტანა კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, პარლამენტის ბიუროსადმი მიმართვაში ამის მიზეზს ასე ხსნის:

“საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დამატებითი კონსულტაციების გამართვა კანონის შემდგომი დახვეწის მიზნით, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი