კომენტარი

ვერძეული: მაღალია პოლიციის მხრიდან უკონტაქტო პატრულირების მექანიზმის თვითნებურად გამოყენების რისკი

10 თებერვალი, 2016 • 1294
ვერძეული: მაღალია პოლიციის მხრიდან უკონტაქტო პატრულირების მექანიზმის თვითნებურად გამოყენების რისკი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, სოფო ვერძეულის თქმით, შსს–ს კანონპროექტი უკონტაქტო პატრულირების შემოღების შესახებ შეიცავს რისკს, რომ შესაძლოა პოლიციამ ეს მექანიზმი არამიზნობრივად და თვითნებურად გამოიყენოს.

წარმოდგენილი კანონპროექტით, პოლიციას შეეძლება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარ ნიშნების არმქონე პოლიციის კუთვნილ ავტომანქანაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა.

“თუკი არსებობს რაიმე სხვა საშუალება, იქნება ეს პატრულის რაოდენობის გაზრდა ან კამერების დამატება, შესაძლებელია, რომ ეს იყოს პროპორციული მექანიზმი და არა ამ ინტენსივობის ჩარევა,”– ამბობს სოფო ვერძეული.

მისივე თქმით, ამ ფორმით ფარული პატრულირების შემოტანა შეიცავს წინააღმდეგობას ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან:

“ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლოა ჰქონდეს ლეგიტიმური ინტერესი და ჯანსაღი სურვილი იმისა, რომ საგზაო მოძრაობის რეგულირება მოახდინოს, რომელიც ნამდვილად ქაოსურია ქვეყანაში, თუმცა, როგორი ჯანსაღიც არ უნდა იყოს ეს მიზანი, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, გვაქვს მოთხოვნები და მინიმალური წესები, რომელიც უნდა დავიცვათ, მათ შორის, ყველაზე ჯანსაღი მიზნების მიღწევის დროსაც კი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იქნება იდენტიფიცირებადი გადაღება, ანუ მოქალაქეს არ ეცოდინება, ქალაქის რომელ ნაწილში,  ქუჩის რომელ ნაწილში ხდება ვიდეოგადაღება, და ამას არ მოჰყვება არანაირი კონტროლი და განსაკუთრებით, სასამართლო კონტროლი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ წესს ექნება სერიოზული პრობლემა ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან,”– ამბობს სოფო ვერძეული.

გარდა ამისა, იგი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ამ მექანიზმის შემოღების ნაცვლად, ჯობს პოლიციას არ ჰქონდეს შერჩევითი მიდგომა მძღოლების მიმართ:

“დღეს რა ბერკეტებიც აქვს პოლიციას, ის გამოიყენოს სრულყოფილად და შეასრულოს თავისი ფუნქცია ყველა ავტომობილის მძღოლის მიმართ და არა შერჩევითად, ცალკეული პირების მიმართ და არ მოხდეს შერჩევითად საგზაო მოძრაობის წესების უხეშ დარღვევაზე თვალის დახუჭვა პატრულის მხრიდან”.

სოფო ვერძეულთან სრული ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი