კომენტარი

შეფიცულთა წესდება

11 მარტი, 2011 • • 1410
შეფიცულთა წესდება

წყარო: www.zaqaria.ge

სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიერ დაფუძნებული ”შეფიცულთა რაზმის” წესები იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა შეიმუშავა. ნეტგზეთმა მას ”შეფიცულთა” უფლებებისა და მოვალეობის შესახებ განმარტებების გაკეთება სთხოვა.

შეფიცულების წესების პირველ მუხლში წერია, რომ შეფიცული, თავისი ფუნქციების განხორციელებისას, წარმოადგენს ხალხს. რას ნიშნავს ეს?

იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო წარმომადგონლობითი კრება არის ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობა [„ეს არის ქართველი ხალხის პოლიტიკური თვითორგანიზების ლეგიტიმური ფორმა, 15 ათასი დელეგატითა და 850 ათასი მხარდამჭერით.  სახალხო წარმომადგენლობითი კრება გახდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო. საქართველოს ხმის უფლების მქონე მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ეგუება სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს“-თქვა რეზო ესაძემ. მისივე თქმით, სახალხო კრება მზად არის, რეჟიმის შესაცვლელად იბრძოლოს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმით]და მისი ერთ-ერთი ორგანოა შეფიცულები, რომლებიც ვალდებულნი არიან, თავიანთი უფლებები და მოვალეობები შეასრულონ. აქედან გამომდინარე, ისმოდა საკითხი – ვის წარმოადგენს შეფიცული თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას? მაგალითად, პოლიციელი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს. ჩვენ ვერ მივცემდით შეფიცულს სახელმწიფოს წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რადგან მისი წარმოდგენის სუბიექტი არის ხალხი. ამიტომ ჩაიწერა, რომ შეფიცული თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს არა სახელმწიფოს, არამედ – ხალხს.

წესების მეორე მუხლში წერია, რომ ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელი საჭიროებისას შეფიცულის ამოცანაა, კავშირი დაამყაროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიციის შესაბამისი დანაყოფების პასუხისმგებელ პირებთან. რა აუცილებელი საჭიროების შემთხვევებზეა აქ საუბარი? რა სახის ურთიერთობა უნდა დაამყაროს შეფიცულმა პოლიციასთან?

აუცილებელი საჭიროების რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ვთქვათ, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ შეფიცულმა დაიცვას მოქალაქეები ზონდერების თავდასხმისგან: თუკი ის შეამჩნევს, რომ ამ თავდასხმის ფაქტს თვალს ადევნებს ახლოს მყოფი პოლიციელი და არ რეაგირებს, ამ შემთხვევაში აუცილებელი საჭიროება წარმოიშობა სახალხო დამცველთან კავშირის დამყარებით იმ თვალსაზრისით, რომ მას მოსთხოვოს როგორც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, ასევე იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, რომლებიც ფაქტობრივად არ ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო ომის ვეტერანთა აქცია, როდესაც პოლიციელები ნაცვლად იმისა,  რომ დაეცვათ ომის ვეტერანები გარეშე პირთა ხელყოფისგან, თავად აღმოჩნდნენ თავდამსხმელები.

ასევე, აუცილებელი საჭიროების საფუძველი შეიძლება წარმოიშვას შემდეგი გარემოებით. ვთქვათ, მასობრივი შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში, ორგანიზატორებმა ამ აქციას უნდა წარუდგინონ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს არა მარტო ორგანიზატორის, არამედ წარმომადგენლების და პასუხისმგებელი პირების მონაცემები. თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო ვარდებულია გამოყოს კონკრეტული ფიზიკური პირი, რომელიც განახორციელებს ამ მასობრივი შეკრების მონიტორინგს. ისევე, როგორც სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, გამოყონ ოფიცრები, რომლებიც ამ აქციის სამართლებრივ თვალის დევნებას განახორციელებენ. დამოუკიდებელი საქართველოს ოცწლიან ისტორიაში ყოველთვის ვიცოდით, ვინ იყო მასობრივი მანიფესტაციის ორგანიზატორი, მაგრამ არასდროს ვიცოდით, ვინ იყო სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი ოფიცრის, პოლიციელის თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის სახით.

შეფიცულები გეგმავენ, რომ მასობრივი შეკრების ან მანიფესტაციების ჩატარების შემთხვევაში წინასწარ გაიგონ, ვინ არის  მერიიდან უფლებამოსილი პირი, ან ვინ არის პოლიციიდან უფლებამოსილი პირი, ვისაც ევალება მომიტინგეების დაცვა. თუ გვეცოდინება, ვინ არის პასუხისმგენელი პირი, შემდეგ უფრო მარტივია, მიტინგზე რაიმე კანონდარღვევის შემთხვევაში, მას მოსთხოვო პასუხი. ეს არის კავშირის დამყარების თეორიული შესაძლებლობა. ეს ჯდება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის ნორმებში.

წესების მიხედვით, შეფიცულებს შეუძლიათ გამოიყენონ აუცილებელი მოგერიების უფლება. მართლსაწინააღმდეგოდ არ იმოქმედებს შეფიცული, რომელიც ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. რა შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს შეფიცულს ამ უფლების გამოყენება?

აუცილებელი მოგერიების უფლება ნიშნავს, რომ როდესაც თავდამსხმელი მოქმედებს იმ საშუალებებით, რა საშუალებაც მას აყენებს უპირატეს მდგომარეობაში, ხოლო მე, პიროვნებას მაყენებს დაუცველ მდგომარეობაში, მე მაქვს უფლება, მოვიხმო ის საშულებები, რომლებიც დამიცავს მე ამ თავდასხმისაგან. მათ შორის საშველად მოვუხმო შეფიცულსაც. მაგალიათად, ზონდერების ჯგუფი დამესხა თავს, ვარ მარტო, მივდივარ მეტროსთან და თავდასხმის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ შეკრებაში და მანიფესტაციაში მივიღე მონაწილეობა და ჩემი საჯარო გალახვით უნდათ, რომ დანერგონ შიში დანარჩენ მოქალაქეებში. ამ შემთხვევაში, აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენება ნიშნავს, რომ საშველად მოვუხმო შეფიცულებს. მათ შორის, თუ ეს თავდამსხმელები წაართმევენ ქონებას, გამოიხმონ ეს ქონება და ა.შ.

შეფიცულს, ასევე, მისი წესები უფლებას ანიჭებს, რომ შეიპყროს დამნაშავე ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად ისე, რომ ამისთვის არ გადააჭარბოს საამისოდ აუცილებელ ზომებს. რამდენად კანონიერად ჩაითვლება მისი ეს ქმედება? ხომ შეიძლება დამნაშავე, მისი აზრით, აღმოჩნდეს სამართლადამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელმაც დაარბია საპროტესტო აქცია…

მნიშვენლობა არ აქვს, დანაშუალს ვინ ჩაიდენს – პოლიცია, ზონდერი თუ აქციის მონაწილე. დამნაშავე ნიშნავს პირს, რომელიც ჩადის კანონით აკრძალულ ქმედებას.  ამ შემთხვევაში შეიპყროს დამნაშვე ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად და თან არ გადააჭარბოს საამისაოდ აუცილებელ ზომებს, ნიშნავს შემდეგს: მაგალითად, ზონდერები ან პოლიციელები უკანონოდ დაესხნენ თავს მოქალაქეებს, თან ამ შემთხვევაში მე იდენტიფიკაცია მიჭირს, რადგან გადაცმულ პოლიციელთან მაქვს საქმე, ამ შემთხვევაში, ჩვენ სისხლის სამართლის კანონით გვაქვს უფლება, რომ შევიპყროთ დამნაშავე, ოღონდ ეს შეპყრობა გამოიხატება არა ჩვენს სახლში ან ჩვენს ოფისში მის წაყვანაში, არამედ პოლიციის უახლოეს განყოფილებისთვის გადაცემაში. რა თქმა უნდა, შეპყრობის დროს არ უნდა იყოს გამოყენებული გადაჭარბებული ზომები, მაგალითად, არ უნდა იყოს გამოყენებული ფიზიკური ძალადობა.

რაც შეეხება ამ ნორმების კანონიერებას, ეს ნორმები აბსოლუტურად შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენ, ნებისმიერ მოქალაქეს გვაქვს უფლება, ქუჩაში იქნება თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ დახურულ შენობაში, თუკი გადავაწყდით დანაშაულის ფაქტს, შევიპყროთ დამნაშავე და წარვადგინოთ ის პოლიციის განყოფილებაში.

რამდენად სამართლიანია, შეფიცულმა გამოიყენოს მარლთზომიერი რისკის უფლება და დააზიანოს სამართლებრივი სიკეთე, თუ ეს საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევადაა საჭირო?

ეს უფლებაც შესაბამისობაშია ქართულ კანონმდებლობასთან. მარტივი მაგალითით ეს ასე შეიძლება აგიხსნათ: მოდის ბრონირებული მანქანით ვიღაცა და შესაძლებელია მან გადაუაროს მომიტინგეებს ან გაფიცვაში მონაწილე პირებს, რადგან ბრონირებული მანქანით შესაძლებელია ხელყოფილი იყოს ადამიანის სიცოცოცხლე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა. ჩვენ გვაქვს უფლება, დავაზიანოთ ეს მანქანა მასზე სხვა მანქანის შეჯახებით და ამით შევუცვალოთ მის მოძრაობას მიმართულება. ასე რომ, ქართული სამართალი, ისევე როგორც საერთაშორისო სამართალი, აწესებს მთელ რიგ უფლებებს, რომელი უფლებების გამოყენებაც პირს ათავისუფლებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ყველა აქ ჩამოთვლილი უფლება, ეს არის ქართული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლება. უბრალოდ, ამ უფლებების შესახებ არ იცის ხალხმა, რადგან ამის პროპაგანდა არ ხდება, რადგან სახელმწიფო ამბობს – მე ძლიერი ვარ, მე დავიცავ თქვენს უფლებებს, არც მართლზომიერი რისკის და არც აუცილებელი მოგერიების პირობებში მოგიწევთ მოქმედება. ფაქტი კი სახეზეა, რომ ათეულობით შემთხვევა იყო განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობისა.

თუ გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას და იგივე საპროტესტო გამოსვლებს, ხშირად ხდება ისე, რომ ხელისუფლებისა და მომიტინგეების შეხედულებები კანონდარღვევებთან დაკავშირებით განსხვავებულია, ანუ თუ მომიტინგეები ამბობენ, რომ კანონდარღვევა იყო, ხელისუფლებამ ეს შეიძლება სულაც არ შეაფასოს კანონის ნორმებიდან გადახვევად. აქედან გამომდინარე, რამდენად არის რისკი იმისა, რომ ხელისუფლებამ შეფიცულების ქმედებები ჩათვალოს უკანონოდ, რასაც შეიძლება შეფიცულების დაკავება ან დაჯარიმება მოყვეს? თუ იქნა ეს რისკი გათვალისწინებული წესების შემუშავებისას?

რა უფლებები და მოვალეობებიც დაეკისრათ შეფიცულებს, ეს უფლებები აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს და, შესაბამისად, ხელისუფლებას არ აწყობს, რომ ეს უფლებები და მოვალეობები გამოყენებულ იქნას თუნდაც შეფიცულების მიერ, რადგან მას აწყობს მასზე დამოკიდებული საზოგადოება. აქედან გამომდინარე, მაღალი რისკია, რომ ვინც შეეცდება ხალხის დაცვას, ის აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ როცა შეიქმნა სახალხო პატრული 2009 წლის მოვლენების დროს, მან საკმაოდ ჯანსაღი პრევენციული როლი შეასრულა პროტესტანტების დაცვის საქმეში. ასე რომ, არსებობს დადებითი გამოცდილებაც. შეფიცული ნიშნავს ხალხის წინაშე ფიცდადებულ ადამიანს. ეს, გარდა სამართლებრივი უფლებებისა, მორალური ვალდებულებების მატარებელი პირიც არის.  წესებით მათ არც იარაღის გამოყენების უფლება აქვთ და არც – რაიმე ფორმირების შექმნის. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ხალხის მოქმედება იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ეს ადამიანები გაითავისებენ იმას, რამხელა მორალურ ტვირთს და პასუხისმგებლობას კისრულობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი