კომენტარი

პროპორციული სისტემით ხელისუფლებაში მოსულ ძალას უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება – ინტერვიუ მიხეილ ბენიძესთან

3 თებერვალი, 2016 • 1643
პროპორციული სისტემით ხელისუფლებაში მოსულ ძალას უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება – ინტერვიუ მიხეილ ბენიძესთან

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ოპოზიციური ძალებისა და მმართველი გუნდის მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელმაც საარჩევნო საკითხებზე უნდა იმუშაოს. ოპოზიციური სპექტრი, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის ნაწილი, კვლავაც ითხოვს საარჩევნო სისტემის შეცვლასა და მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას. რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები და მოსწრებადია თუ არა ეს დროში? – ნეტგაზეთის შეკითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე პასუხობს, რომელმაც ამ პოზიციაზე ნინო ლომჯარია შეცვალა.

რა თქვა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობოებთან შეხვედრაზე კონკრეტულად მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით?

ძალიან პოზიტიური მოვლენა იყო ის, რომ ეს შეხვედრა შედგა. ცხადია, ხაზი გავუსვით საარჩევნო სისტემის ცვლილებების აუცილებლობას. მე პრემიერს მოვახსენე ჩვენი მოსაზრება სპეცუბნებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, გენდერული კვოტირებაც ვახსენე. ვისაუბრე იმ სამუშაო ჯგუფზეც და ახალ ფორმატზეც [რის შესახებაც პრემიერი და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ]. მე პრემიერს ვკითხე: კონკრეტულად რა საკითხების განხილვას ფიქრობდა იგი აღნიშნულ ფორმატში. ასევე გამოვთქვი სურვილი, რომ ეს იყოს ქმედითი მექანიზმი კონკრეტული შედგების მისაღწევად და არა დიალოგი დიალოგისთვის.

პრემიერმა განაცხადა, რომ კონკრეტული საკითხების წინასწარი ჩამონათვალი არ აქვს, მაგრამ მინიშნება გააკეთა: განვიხილავთ თემებს, რომლებიც შეიძლება დროში მოსწრებადიც იყოს და მიზანშეწონილიცო. მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. მან თქვა, რომ ეს ჯგუფი ნამდვილად შეიქმნება.

თავისი პირადი პოზიცია ხომ არ დაუფიქსრებია, უჭერს თუ არა მხარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას?

ასე შორს არ წასულა. მე მენიშნა მისი კომენტარი დროში მოსწრებადობასთან დაკავშირებით. ამაზე მანამდე მოვახსენე მას, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ჯერ კიდევ არის დრო [ცვლილებისთვის].

თქვენ პირადად რა მოლოდინი გაქვთ? რეალურად ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის მისაღები და არა პრემიერის. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების კომენტარები კი, ნახავდით, რომ ერთგვაროვანი არ არის. ზოგიერთი დეპუტატი ამბობს, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ.

უმრავლესობამ უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია. 2016 წლისთვის ისინი რაიმე ძირეულ ცვლილებას არ გვთავაზობენ. საკმაოდ დაჩქარებული ტემპით შეიტანეს ცვლილება კანონმდებლობაში საარჩევნო ოლქების გადანაწილების თვალსაზრისით, რათა საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება დაეკმაყოფილებინათ.

მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება და მმართველი კოალიცია მიხვდება იმას, რომ ამ საკითხზე პოზიციის ცვლილება მათი მხრიდან უკან დახევა არ იქნება. პირიქით, ეს ხელისუფლებას ალბათ უფრო ძლიერად წარმოაჩენდა, რომ ისინი თავდაჯერებული არიან და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემით შეუძლია, რომელიც არ აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მანიპულაციების და მაჟორიტარების მეშვეობით უფრო მეტი საპარლამენტო მანდატის მოპოვებას ცდილობენ. შესაბამისად, თუ იქნება პოლიტიკური ნება, ეს კოალიციას უფრო ძლიერი პოზიციაზე წარმოაჩენდა. როგორც არასამთავრებო სექტორიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მთავარი საგანი საერთოდ მოიხსენბოდა. პროპორციული სისტემით ხელისუფლებაში მოსულ ნებისმიერ ძალას უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, რაც ქვეყნის სტაბილურობისთვის კარგი იქნება.

“ქართულმა ოცნებამ” პოზიცია რომ შეცვალოს და დათანხმდეს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მაჟორიტრული სისტემის გაუქმებისთვისაა საჭირო, რამდენად მოესწრება დროში ამ ყველაფრის განხორციელება?

შუალედი პირველ და ბოლო მოსმენას შორის 3 თვე უნდა იყოს. თეორიულად შესაძლებელია, რომ პირველი ნაწილი თებერვალში იქნას განხილული და შემდეგ ზაფხულში რიგგარეშე სესიაზე დასრულდეს. ამის თეორიული შანსი კვლვაც არსებობს. საკმაოდ დაჩქარებული ვადებით გამოვა ეს ყველაფერი, მაგრამ საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხდება ცვლილებების შეტანა საარჩევნო კანონმდებლობაში. ზოგადად, ეს კარგი პრაქტიკა არ არის, მაგრამ თუკი ის ემსახურება იმ მიზანს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაუმჯობესდეს სისტემა და უფრო სამართლიანი გახდეს, მაშინ, რა თქმა უნდა, მისაღებია.

ხელისუფლებას პრაქტიკულად ორი წელი ჰქონდა, რომ ამ ცვლილებებისთვის საჭირო ნაბიჯები ნელ-ნელა და გააზრებულად გადადგმულიყო. საჭიროება რომ არსებობს, ამას თვითონაც აღიარებენ, რადგან მათივე შემოთავაზებით 2020 წლისთვის უნდა გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე. გაუგებარია, რატომ არა ახლა.

თუ შეიძლება მკითხველს განუმარტეთ, რატომ უჭერთ მხარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულზე გადასვლას. რა არის თქვენი არგუმენტი?

მაჟორიტარული სისტემით არჩევნებს, როგორც წესი, უფრო დიდი რესურსის მქონე პოლიტიკური პარტიები იგებენ. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, როგორც წესი, სწორედ ხელისუფლებას აქვს ხოლმე გაცილებით დიდი საშუალება, რომ მაჟორიტარული არჩევნები თითქმის ერთპიორვნულად მოიგოს ბევრ ოლქში.

ამის საპირისპიროდ, პროპორციული წესი განსაზღვრავს ამა თუ იმ პარტიისთვის საპარლამენტო მანდატების მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით გადანაწილებას. ჩვენ უკვე გქვონდა პრაქტიკაში შემთხვევა, როცა პარტია პირობითად ხმების [მთელი ქვეყნის მასშტაბით პროპორციული წესით] 40%-ს იღებს არჩევნებში, მაგრამ რეალურად მანდატების 60-70 პროცენტი ხვდება. ანუ მანდატების 40 პროცენტს ისედაც იღებდა პროპორციული წესით და ამას ემატებოდა მაჟორიტარი დეპუტატების მეშვეობით მოპოვებული მანდატები. პროპორციული წესით ხმები მთელი ქვეყნის მასშტაბით ითვლება, ანუ ქვეყნის მასშტაბით პარტიას არჩევნებში 40%-იანი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით უფრო ძლიერად არის წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, რაც ჩვენი აზრით, არ არის სამართლიანი. ასე იჩაგრებიან სხვა პარტიები, რომელთაც ასევე აქვთ მხარდაჭერა, მაგრამ გაცილებით ნაკლები მანდატით არიან წარმოდგენლინი საბოლოოდ პარლამენტში. ესაა ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რატომაც დგას ეს პრობლემა და რატომაც ვანიჭებთ უპირატესობას პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

ამას ემატება მაჟორიტარის გაურკვეველი ფუნქცია, რომელიც მას საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაში აქვს, როცა მოსახლეობის ნაწილი ვერ ხვდება, მაჟორიტარობის კანდიდატის რა ტიპის დაპირებას არ უნდა დაუჯეროს, შემდეგ რა უნდა მოსთხოვოს მას და ასე შემდეგ…

ეს ცალკე პრობლემაა. მაჟორიტარობის ცნობადობა ძალიან დაბალია. ხანდახან მოსახლეობამ არც იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი. შემდეგ უკვე გაურკვეველია, თუ რა ფუნქცია აკისრია მაჟორიტარს კონკრეტულად ამა თუ იმ ოლქთან მიმართებაში. რეალურად ის მაინც ყველას დეპუტატია და ხშირად მას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით მიმართავენ, რომელიც ადგილობრივი თვითვმმართველობის კომპეტენციაში შედის. ამდენად, აქ ფუნქციების აღრევაც არის. ამაზე გვეუბნებიან ხოლმე, რომ თუ რაღაც ვერ მუშაობს, ეს არა სისტემის ბრალია, არამედ კონკრეტული მაჟორიტარების მხრიდან მუშაობის გაუმჯობესებაა საჭირო. ჩემი აზრით, აქ სწორედ სისტემის თავისებურებაც განაპირობებს იმას, რომ მაჟორიტარებს განსაკუთრებული ფუნქციების შესრულება არ უწევთ.

ერთ-ერთი კონტრარგუმენტი, რაც პროპორციული სისტემის წინააღმდეგ არსებობს, არის ის, რომ დამოუკიდებლად, პარტიების გარეშე ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. ამ საკითხის რეგულირება როგორ წარმოგიდგენიათ?

ამ კუთხით გარკვეული პრობლემა შეიძლება არსებობდეს. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ძალიან იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაჟორიტარული სისტემით გასული დეპუტატი თავისი არაპარტიულობის ერთგული დარჩენილა. პირიქით, მაჟორიტარები ხშირ შემთხვევაში პარტიული მანიპულაციების თემა არიან, ერთი ბლოკიდან მეორეში გადადიან და ასე შემდეგ.

მაგრამ იყო საპირისპირო მაგალითიც, როდესაც ალეკო ელისაშვილი დარჩა დამოუკიდებელ მაჟორიტარად თბილისის საკრებულოში…

დიახ. ელისაშვილის შემთხვევა განსხვავებულია. იგი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეა და ეს ცალკე განხილვის თემაა. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ პარლამენტის არჩევნებზე ვსაუბრობთ.

ჩვენი აზრით, სამხარეო-პროპორციული სისტემა პარლამენტში თავისთავად გააჩენს რეგიონული წარმომადგენლობის ფუნქციასაც. ხშირად გვეუბნებიან, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით იქმნება პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულ რეგიონს საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი არ ეყოლებაო. [ჩვენ მიერ შეთავაზებული] სამხარეო-პროპორციული წესის შემოღების შემთხვევაში ეს პრობლემა იხსნება. ამ სისტემით არათუ ერთი, არამედ ერთზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება მხარეს. თანაც ეს შეიძლება იყოს ერთზე მეტი პარტიიდან. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი ბერკეტიც კი ჰქონდეს მოქალაქეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა მოახდინოს. რადგან თუ ერთი პარტიიდან მისი რეგიონის წარმომადგენელი არ დააკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს, შეიძლება მეორე პარტიიდან ჰქონდეს დეპუტატს სურვილი, რომ გარკვეული ინიციატივა გაიტანოს პარლამენტში.

უშუალოდ თქვენზეც რომ გვითხრათ, თქვენ საარჩევნო წელში დაიკავეთ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელიც არჩევნებს უნდა დააკვირდეს. რა სახის გამოწვევაა ეს თქვენთვის?

ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. არ ველით, რომ ადვილი საარჩევნო წელი გველოდება. საკმაოდ აქტიური და დაძაბული წელი გველოდება და მეც მომიწევს, რომ ტემპს ავუწყო ფეხი და ყოველთვის სიტუაციის საქმის კურსში ვიყო. საკმაოდ რთული და საპასუხიმგებლოა ჩემთვის ამ პოზიციაზე სწორედ ასეთ პერიოდში მუშაობა. ჩვენს ორგანიზაციას აქვს საკმაოდ დემოკრატიული წესი, რომლის მიხედვითაც ერთი ადამიანი არ შეიძლება 4 წელზე მეტ ხანს მუშაობდეს დირექტორის პოზიციაზე, შესაბამისად, ორგანიზაციაში ცვლილებები საჭირო იყო და ამას ვერ გავექცეოდით. ჩვენ იმავე გუნდით განვაგრძობთ მუშაობას. ნინო ლომჯარია ჩვენთან რჩება და საარჩევნო და იურიდიულ საკითხებზე გაგვიწევს კონსულტაციას.

“სამართლიანი არჩევნები” მხოლოდ საარჩევნო თემაზე ფოკუსირებული ორგანიზაცია იქნება, თუ საკითხების უფრო ფართო სპექტრზე გააკეთებს აქცენტს, როგორც ახლა?

ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ ნინო ლომჯარიას დირექტორობის პერიოდში ჩვენ გავცდით მხოლოდ არჩევნების თემატიკას. არჩევნები რჩება ორგანიზაციის მთავარ ფოკუსად, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ სხვა თემებზეც. ამას მანამდეც ვაკეთებდით. პრიორიტეტული თემები კვლავაც არის თითმმართველობა, მისი მონიტორინგი. ასევე, სხვადასხვა რეფორმაში მონაწილეობა და ჩვენ ამას კვლავაც განვაგრძობთ, რადგან არის მოლოდინი, რომ ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვან საკითხზე თავის აზრს აფიქსირებს.

ძალიან რადიკალურად საქმიანობას არ გავაფართოებთ, მაგრამ დაგეგმილი გვაქვს, რომ გარდა მონიტორინგისა და Watch dog-ის ფუნქციისა, უფრო პოლიტიკის ანალიზის მიმართულებაც შევითავსოთ. ანუ არა მხოლოდ მონიტორინგის ანგარიშები შევთავაზოთ საზოგადოებას, არამედ სახელმწიფოს წარვუდგინოთ პოლიტიკის ხედვები არა მხოლოდ არჩევნების კუთხით. ნაწილობრივ ამას ვაკეთბედით ჩვენი რეკომენდაციებით, მაგრამ გვინდა, რომ უფრო სიღრმისეული სახე მიეცეს.

მიხეილ ბენიძე © ISFED

მიხეილ ბენიძე © ISFED

მასალების გადაბეჭდვის წესი