კომენტარი

NGO–ები პრემიერს მიმართავენ, სანდრო ბრეგაძის თანამდებობაზე დატოვების საკითხზე იმსჯელოს

15 იანვარი, 2016 • 2155
NGO–ები პრემიერს მიმართავენ, სანდრო ბრეგაძის თანამდებობაზე დატოვების საკითხზე იმსჯელოს

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის მოადგილის, სანდრო ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმარღავენ.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ სანდრო ბრეგაძის განცხადება, რომელიც ასავალ–დასავალში დაიბეჭდა, ცალკეული მოქალაქეების სიძულვილს და შეუწყნარებლობას აღვივებს.

“ვინაიდან სანდრო ბრეგაძის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები კვლავაც მეორდება, მოგმართავთ, იმსჯელოთ თანამდებობაზე სანდრო ბრეგაძის დატოვების მიზანშეწონილობის საკითხზე, ვინაიდან მთავრობის მხრიდან ბრეგაძის საჯარო განცხადებების უგულებელყოფა მათ შეწყნარებად შეიძლება იქნას განმარტებული და იგი ექცევა მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროში,”– წერია მიმართვაში.

სანდრო ბრეგაძის ციტატებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს მოჰყავთ, ნათქვამია:

“ამ არარაობების წკმუტუნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვერაფერს დააკლებს, თუმცა ფაქტია, რომ რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის, გიგი თევზაძისა და მათნაირების უზნეობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს. ესენი არიან პარაზიტები, რომლებიც ეროვნულობისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი “30 ვერცხლით” იკვებებიან.

გიგი თევზაძის, რატი ამაღლობელის, ნინია კაკაბაძის და მათნაირი ათეისტი ექსპერტების ადგილი ჯერ ფსიქიატრიულ კლინიკაშია, შემდეგ კი ისტორიის სანაგვეზე – სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის და საქართველოს სხვა მოღალატეების გვერდით!” (“ასავალ-დასავალი”, 11-17 იანვარი, 2016)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და ყველა იმ უწყების წარმომადგენელმა, ვისი საჯარო შეფასებებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებიც ხელს შეუწყობს შეუწყნარებლობის წახალისებას განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის გამო.

“სიძულვილის ენის ტირაჟირება ზიანის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის,  როდესაც ავტორი მაღალი თანამდებობის პირია,”– აცხადებენ არასამთავრობოები.

ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ, რომ უკანასკნელ ხანებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა – გასული წლის 15 ნოემბერს, თავდამსხმელებისთვის მიუღებელი მოსაზრებების გავრცელების გამო,   ცივი იარაღით დაჭრეს მიხეილ ხუნდაძე, ორგანიზაცია “სტუდიო კამპუსის” დირექტორი; ამავე წლის 24 და 30 ნოემბერს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცხრილეს; 2016 წლის 12 იანვრის საღამოს ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებს.

“თავდამსხმელთა თქმით, ტელეკომპანია მართლმადიდებელ ეკლესიას აკრიტიკებს, აქედან გამომდინარე, თავდასხმის საფუძველი მედიის მიერ განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული აზრის გავრცელება იყო,“– აცხადებენ არასამთავრობოები.

მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტების გახშირება გამოწვეულია სახელწიფოს არაეფექტური პოლიტიკით შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების მიმართ და მასზე გავლენას, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ შეუწყნარებლობის გამოვლენა და სიძულვილის ენის გავრცელებაც ახდენს.

“სანდრო ბრეგაძე სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების საგანი. 2014 წლის 29 ოქტომბერს პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალმა ორგანიზაციებმა მივმართეთ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში სანდრო ბრეგაძის ინტერვიუს თაობაზე, რომელიც გაზეთ “კვირის პალიტრის” 2014 წლის 25 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა და რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ აშკარა სიძულვილის ენას და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებას შეიცავდა. 2015 წლის 10 იანვარს კი მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სანდრო ბრეგაძის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წევრებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილების სოციალური ქსელით გავრცელების გამო. სამწუხაროდ, არც ერთ შემთხვევაში ჩვენს მიმართვას ადეკვატური რეაგირება არ მოყოლია.

მიგვაჩნია, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ მაღალი პოლტიკური თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელით საუბრობს, სისტემატურად აღვივებს სიძულვილს და შეუწყნარებლობას  მისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამო, მეორე მხრივ, ის, რომ ხელისუფლება რეაგირების გარეშე ტოვებს ამგვარ გამოხატვას, რაც ბოლო დროს გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებზე აისახება,”– აცხადებენ ორგანიზაციები.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

მედიის განვითარების ფონდი MDF

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

იდენტობა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მასალების გადაბეჭდვის წესი