კომენტარი

ბეკონი ავტომატით, ანუ ვის არ ეშინია ტედ კრუზის?

15 იანვარი, 2016 • 3309
ბეკონი ავტომატით, ანუ ვის არ ეშინია ტედ კრუზის?

ამერიკაში ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. ვინ იქნება საქართველოსთვის ყველაზე სასურველი მომავალი პრეზიდენტი? გაურკვეველია, თუ რომელი პარტიის კანდიდატი შეძლებს 2016 წლის 8 ნოემბერს გამარჯვებას. დემოკრატებს შორის კლინტონი ნომინაციის მოპოვების უეჭველი ფავორიტია. მართალია, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი სავარაუდოდ პირველ ორ წინასწარ არჩევნებში, აიოვის და განსაკუთრებით ნიუ-ჰემფშირის შტატებში გაიმარჯვებს, თუმცა მაინც საეჭვოა, რომ დემოკრატ-სოციალისტმა სანდერსმა ამის შემდეგ საკმარისი საელექტორატო დელეგატი მოიპოვოს, განსაკუთრებით სამხრეთის შტატებში.

ჰილარი კლინტონი უნდობლობას საკუთარი პარტიის მხარდამჭერებშიც კი იწვევს. კონგრესის ბენღაზის კომისია უკვე რა ხანია ცდილობს დაადგინოს, უგულებელყო თუ არა მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა საკუთარი პასუხისმგებლობა 2012 წელს ლიბიაში აშშ-ის დიპლომატიურ საყრდენ პუნქტზე ისლამისტების შეტევისას. მის შედეგად ოთხი ამერიკის მოქალაქე, მათ შორის ელჩი დაიღუპა. კორუფციის ეჭვს იწვევს ბილ კლინტონის ფონდის მრავალმილიონიანი შემოწირულობები უცხოელი დონორებისა თუ მთავრობებისგან ჰილარის მდივნობის წლებში. მნიშვნელოვანი სკანდალია ის აღმოჩენაც, რომ კლინტონი სახელმწიფო სამსახურში ყველა ოფიციალურ საქმიანობას პირადი იმეილის მისამართით აწარმოებდა, კერძო სერვერიდან. ეს გასაიდუმლოებულ სახელმწიფო კომუნიკაციასაც უცხოელი ჯაშუშური სამსახურების თუ ჰაკერების ხელში მოხვედრის საფრთხეს უქმნიდა. კლინტონი გამოჭერილია მრავალ სიცრუეში იმეილების სკანდალის განვითარების პროცესში. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაფერხებს მის მიერ კანდიდატობის ხელში ჩაგდებას, თუ გამოძიების ფედერალური სამსახური მას ბრალს წაუყენებს. ეს საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ამ ნაბიჯს ოფიციალურიად იუსტიციის დეპარტამენტი დგამს, რომელსაც პრეზიდენტ ობამას მიერ დანიშნული მოხელეები ხელმძღვანელობენ.

კლინტონი ობამასაგან განსხვავებით უფრო ცენტრისტულ კამპანიას ეწევა. თუმცა მას შემდეგ, რაც სანდერსმა მას მნიშვნელოვანი დარტყმები მარცხნიდან მიაყენა, გაახშირა საუბარი მდიდრებისათვის 4-პროცენტიანი ახალი გადასახადის დაწესებაზე და სხვა მხრივაც ობამას შიდა პოლიტიკის თითქმის უცვლელ გამგრძელებლად წარმოაჩენს თავს. საქართველოს მომავალი საგარეო ურთიერთობებისთვის, ცხადია, მისი მოსალოდნელი საგარეო პოლიტიკური კურსი უფრო მნიშვნელოვანია. ამ კუთხით არსებითია, რომ კლინტონი იყო რუსეთის მიმართ “გადატვირთვის” პოლიტიკის თანაავტორი. ამან არა მარტო შეაჩერა ნებისმიერი საგრძნობი კონფრონტაცია რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, არამედ იმასაც შეუწყო ხელი, რომ შეგულიანებულმა პუტინმა ჯერ ყირიმი შეიერთა და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიის სისხლიანი მცდელობა განახორციელა.

კლინტონი მხარს უჭერს ობამას მიერ ვითომ მნიშნველოვან მიღწევად მიჩნეულ ირანთან ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებასაც. მის შედეგად, სავარაუდოდ, სულ მცირე ხანში ირანს დაუბრუნდება 100-დან 150 მილიარდ დოლარამდე სანქციების შედეგად გაყინული თანხები. ამავე დროს, ირანის ბირთვული პროგრამის გარედან გაკონტროლების მექანიზმი გარანტირებული არსადაა. ასევე გაურკვეველია, თუ რამდენად უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა პრეზიდენტი კლინოტნი “აისისის” დასამარცხებლად. პარიზის, სან ბერნარდინოს თუ სტამბულის უახლესი ტერორისტული აქტების მიუხედავად – ყველა ამ ეგრეთ წოდებული ხალიფატის ეგიდით განხორციელებული – ერთადერთი ცვლილება, რაც ობამას პასიურ პოლიტიკაში მოხდა, საჰაერო შეტევების უმნიშვნელო გაძლიერებაა. მრავალი სამხედრო ექსპერტი კი ამტკიცებს, რომ ფეხოსანი ჯარების ერაყსა და სირიაში ჩარევის გარეშე “აისისის” განადგურება შეუძლებელია.

“ოცნებას” აშშ-თან გამოკვეთილად სუსტი ურთიერთობა აქვს. ცნობილია კოალიციის შემადგენლობის დიდი ნაწილი, რომელიც ღიად ან ფარულად ანტიამერიკულ და, მეტიც, ანტიდასავლურ სენტიმენტებს ავრცელებს. ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არ ხდება იმ ტემპებით, რაც აუცილებელი იქნებოდა საქართველოში რუსეთისა და “აისისის” მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ ადეკვატური დაცვის მექანიზმების განსავითარებლად. ეს ივანიშვილის მიერ არაფორმალურად მართული კოალიციის ინტერესებში არ შედის. პირიქით, ისინი კიდევ უფრო ცდილობენ საქართველოს საგარეო კურსის რუსეთისკენ მიმართვას, რაზეც უკანასკნელი საუბრები “გაზპრომთან” კიდევ ერთხელ მოწმობს. ასეთ პირობებში “ოცნებას”, რასაკვირველია, აწყობს, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ისეთმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, ვის ინტერესებშიც არ იქნება საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში დემოკრატიული განვითარების აქტიური ხელშეწყობა. კლინტონი ამისთვის ზედგამოჭრილია. მაგრამ რესპუბლიკელების მხარესაც ყველაფერი თავისთავად ცხადი არ არის.

დონალდ ტრამპი, არშემდგარი “ბათუმის ტრამპ ტაუერის” ლიცენზიის გამცემი მილიარდერი ნიუ-იორკიდან, ამჟამად 30–35%-ით ლიდერობს გამოკითხვებში რესპუბლიკური პარტიის ათამდე კანდიდატს შორის. წინასწარი არჩევნების სისტემა იმ კერძო შტატებს ხდის მნიშვნელოვნად, სადაც პირველად ტარდება კენჭისყრა: აიოვა 1-ლ თებერვალს, შემდეგ ნიუ-ჰემფშირი და სამხრეთ კაროლინა. აიოვაში პირველობს ტეხასელი სენატორი ტედ კრუზი. კრუზი ტრამპთან, ყოფილ ნეიროქირურგ ბენ კარსონსა და ჰიულეტ-პაკარდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ კარლი ფიორინასთან ერთად ყველაზე წონიან აუტსაიდერად ითვლება, ვინც ამ არჩევნების ციკლში რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტის კანდიდატებს მოულოდნელ კონცურენციას უწევს.

კრუზი, ისევე როგორც ისტებლიშმენტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატი მარკო რუბიო, სენატორი ფლორიდიდან, კუბელი ემიგრანტების შთამომავალია. კრუზის უკან თავს იყრიან მრავალრიცხოვანი ევანგელიკური ქრისტიანული ჯგუფები, ლიბერტარიანელების სულ უფრო მზარდი ნაწილი — მას შემდეგ, რაც მათი კანდიდატის რენდ პოლის, კენტაკის სენატორის რეიტინგი სულ უფრო ეცემა — მოძრაობა “თი პარტის” მხარდამჭერები და ასევე კონსერვატორ ამომრჩეველთა ის ჯგუფი, რომელიც “რეიგანის დემოკრატების” სახელით არის ცნობილი.

თუ რენდ პოლი იზოლაციონიზმისკენ დიდ მიდრეკილებას იჩენს, რის გამოც მას გაცხადებული აქვს, რომ არც საქართველოს, არც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ უჭერს მხარს, ტრამპი, რომლის ნამდვილი პოლიტიკური ორიენტაციის ამოცნობაც, მძაფრი ანტი-ემიგრანტული განცხადებების მიუხედავად, არც ისე მარტივია, ასევე არ მიიჩნევს ამას პრიორიტეტად. ტრამპი ეთნოცენტრისტულ კარტს ათამაშებს და ანტიკონსტიტუციურად მოითხოვს ყველა მუსლიმის ამერიკაში შეშვების შეჩერებას, “სანამ გავარკვევთ, თუ რაშია საქმე.”

მართლაც პროქართული კანდიდატი, სენატორ ჯონ მაკკეინის მიერ მხარდაჭერილი ლინდსი გრემი სამხრეთ კაროლინიდან იძულებული გახდა, მალევე დაეტოვებინა ასპარეზი. მისი მხარდაჭერა უკრაინის გაძლიერებული შეიარაღებისა ცნობილია. ამერიკის უფრო აქტიური საგარეო-სამხედრო პოლიტიკის მომხრეა რუბიოც, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. ხოლო ჯებ ბუში, ფლორიდის შტატის ყოფილი გუბერნატორი და ჯორჯ ბუშის ძმა, უეჭველად აგრძელებს ძმის იმ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც “ბუშის დოქტრინა” ეწოდა. თუმცა ბუშების დინასტიასთან ასოცირება ჯებს ჯერჯერობით მხოლოდ ავნებს. ეს დოქტრინა ობამას ლიბერალური ინტერნაციონალიზმის, ერთი მხრივ, და განურჩეველი ინტერვენციონიზმის, მეორე მხრივ, საპირისპიროდ ისეთ ქვეყნებში გულისხმობს დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას – ავტორიტარული რეჟიმების დამხობის ჩათვლით – რომლებიც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს ესაზღვრებიან.

ეს ნეოკონსერვატიული კრედო უეჭველად არ აინტერესებს ტრამპს, და თუ რა პოზიციას განავითარებს ტედ კრუზიც კავკასიის რეგიონის მიმართ, რომელიც მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველივე დღეს ირანის შეთანხმების “გადახედვის” პირობას იძლევა და “აისისის” “ხალიჩისებრ დაბომბვას” აპირებს, ეს ჯერ კიდევ უნდა გამოჩნდეს. კლინტონი, ისევე როგორც ობამა, საერთოდ უარს ამბობს ისლამურ ტერორიზმზე მსჯელობაზეც კი. ეს ტერმინი დემოკრატების პოლიტიკური ლექსიკონიდან ჯადოსნური ნომინალისტური ხრიკით 2008 წელსვე გაქრა.

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ტედ კრუზს, ტრამპის აიოვაში დამარცხების შემთხვევაში, აქვს იმის საგრძნობი შანსი, გაიმყაროს პოზიცია მომდევნო წინასწარ კენჭისყრებში. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს უახლოეს კვირებში გამოჩნდება. არ არის გამორიცხული არც ის, რომ საქართველოში ნატოს მხარდამჭერ ძალებს სწორედ კრუზთან და არა მარკო რუბიოსთან ან ჯებ ბუშთან მოუწიოთ საქმის დაჭერა. და ალბათ მიზანშეწონილია, ეს უკვე  მოხდეს. ამისთვის არკანზასელ სენატორ ტომ კოტონთან შეხვედრა, რომელიც მსგავს პოზიციებს იცავს, მაგრამ გავლენა არ აქვს, საკმარისი ვერ იქნება.

ყოველ შემთხვევაში, ისტებლიშმენტის კიდევ ორ კანდიდატს, გუბერნატორებს — კრის კრისტის ნიუ-ჯერსიდან და  ჯონ კეისიკს ოჰაიოდან — დიდი შანსი არ აქვთ. ყველაფერი გადაწყდება, როგორც ჩანს, არაპროგნოზირებად უძრავი ქონების მილიარდერს, ქარიზმატულ ფლორიდელ სენატორ რუბიოსა და იმ ტეხასელ ევანგელიკოსს შორის, რომელიც — თვითგამოცხადებული ძველი ტრადიციის თანახმად — ბეკონს “ოდნავ სხვაგვარად”, ავტომატური იარაღის ლულაზე შემოხვეულს, სროლით წვავს.

ხუთშაბათს რესპუბლიკელი კანდიდატების მომდევნო დებატებია სამხრეთ კაროლინაში. საით გადაიწევს სასწორი, მას შემდეგ უკეთ გამოჩნდება, თუმცა პირველი ხელშესახები შედეგები 1-ლ თებერვალს, აიოვას პარტიების კონფერენციებს მოჰყვება. მოდი, მომავალო, სად გაიქცევი?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი