კომენტარი

გოგოლაშვილი: აზერბაიჯანზე 100 % -ით დამოკიდებულება ნაკლებად სარისკოა, ვიდრე 30 %-ით რუსეთზე

14 იანვარი, 2016 • 2313
გოგოლაშვილი: აზერბაიჯანზე 100 % -ით დამოკიდებულება ნაკლებად სარისკოა, ვიდრე 30 %-ით რუსეთზე

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ  გაზის გაზრდილი მოხმარების გამო საქართველოს შესაძლოა რუსეთიდან დამატებითი გაზის მოცულობის შემოტანა დასჭირდეს, იმის გარდა, რასაც უკვე იღებს “გაზპრომიდან”  ტრანზიტის საფასურად.  გაზპრომის ბუნებრივი აირის მოწოდების საფრთხეებზე ნეტგაზეთი პოლიტოლოგ, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა:

ბატონო კახა, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც გასული წლის ბოლომდე უარყოფდა მოლაპარაკებებს “გაზპრომთან”  დამატებითი ბუნებრივი აირის შემოტანაზე, ახლა უკვე განაცხადა, რომ ქვეყანას შესაძლოა რუსეთიდან დამატებითი გაზის მოცულობის შემოტანა დასჭირდეს. გუშინ გაიმართა მოლაპარაკებები “სოკართან”. ხედავთ თუ არა საფრთხეს “გაზპრომთან” ასეთ მოლაპარაკებებში?

პირველ რიგში, ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში იყო ის, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არავითარი კომუნიკაცია არ იყო საზოგადოებასთან. საზოგადოებისთვის უცნობი იყო,  რა საკითხებზე, რა პირობებზე, საერთოდ რატომ ელაპარაკება ხელისუფლება გაზპრომს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უცნობი იყო.

შესაძლოა, ეს იმის გამო იყო გამოწვეული, რომ არ უნდოდათ იმის გამხელა, რომ დეფიციტი გვაქვს გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით.  აზერბაიჯანის პოზიციაც არ იყო აქამდე მკაფიო.  თითქოს ისინი აქამდე ამბობდნენ, რომ ჩვენ ნებისმიერი მოცულობის გაზის მოწოდება შეგვიძლია.

მთლიანობაში, თუ მართლაც არ არის სხვა გამოსავალი და გვაქვს დეფიციტი, იმის მიუხედავად, რომ  რუსეთთან ისეთი მასშტაბის დამოკიდებულება, როგორიც გაზპრომზე დამოკიდებულებაა, არ არის სახარბიელო ჩვენთვის.  მაგრამ თუ ასეთი დეფიციტი გვექმნება და სხვა გზა არ არის, მაშინ გაზპრომიდანაც უნდა იყიდო და საიდანაც არის შესაძლებელი, უნდა იყიდო.

მაგრამ ბევრი რამეა გაურკვეველი აქამდე.  მაგალითად, ტექნიკურად თუ შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანმა გაზარდოს ბუნებრივი აირის მოწოდება, მაგრამ ამას ჭირდება დამატებითი კომპრესორების დაყენება და ასე შემდეგ, მაშინ თადარიგი ადრე რატომ არ დაიჭერეს?  აი, ეს არის მნიშვნელოვანი.

ხომ შეიძლებოდა, რომ წინსწრებით პროგნოზი გაკეთებულიყო და რომ ერთ წელიწადში გაიზრდება მოხმარება, ან ვხედავთ, რომ მოხმარება იზრდება სტაბილურად და აზერბაიჯანის მილიდან რა სიმძლავრეც მოდის, საკმარისი არ იქნება.  როგორც ჩანს, აქ მაინც ენერგეტიკის სამინისტრომ დაუშვა შეცდომა და საბოლოოდ ამის გამო ჩვენ მოგვიწია რუსეთთან ხელშეკრულების დადება.

ისიც არ არის ჩვენთვის ცნობილი, რა სახის ხელშეკრულება იდება.  გრძელვადიანია თუ მოკლევადიანი.  ვიყიდით, მაგალითად, მარტო წელს და გაისად, თუ უნდა შევიდეთ რუსეთთან გრძელვადიან ურთერთობებში, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით სახარბიელო არ არის.

რატომ? რა საფრთხეებს ხედავთ?

საფრთხე არის იმიტომ, რომ აგრესორი ქვეყანაა, ნებისმიერ დროს შენთან შეიძლება ომი განაახლოს და რატომ უნდა იყო დამოკიდებული სტარტეგიული პროდუქტის მოწოდებაში. გაზი და ენერგეტიკული პროდუქცია ეს სამხედრო იარაღია იგივე. ის საკმარისია გადაგიკეტონ და შენ ხდები მოწყვლადი ყველა თვალსაზრისით.  მართალია, საუბარი არ არის ძალიან დიდ დამოკიდებულებაზე, 20 % -ზეა, მე მგონი, საუბარი, მაგრამ შეიძლება ეს გაიზარდოს ხომ, რადგან ასე არის დაყენებული, რომ კომერციული მოთხოვნა რაც იქნება, გაზპრომიდან შემოვიტანთო. შეიძლება ეს პროპორციაც გაიზარდოს, ამიტომ შენ რჩები რაღაცნაირად ამ აგრესორ ქვეყანაზე დამოკიდებული.

ეს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კონტექსტში, ჩვენთვის ამ პირობებში ძალიან ცუდია. დივერსიფიკაციის თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ერთ ქვეყანაზე არ იყო დამოკიდებული, თუნდაც შენი პარტნიორი იყოს აზერბაიჯანი. მაგრამ ამ შემთხვევაში, რისკები რომ შევაფასოთ, 100 % -ით აზერბაიჯანზე დამოკიდებულება ბევრად ნაკლებად სარისკოა, ვიდრე 30 %- ით რუსეთზე დამოკიდებულება.

რუსეთი იმდენად არასწორად იქცევა საერთაშორისო არენაზე და იმდენად არ ექვემდებარება პროგნოზებს,  გაუთვლელი მომავალი აქვს მის ქმედებებსაც, მათ შორის ჩვენთან მიმართებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი არ არის ისე იდეალულარად, რომ გვიხაროდეს გაზის მოწოდება.

უბრალოდ, გვჭირდება მეტი ინფორმაცია, მეტი არგუმენტები მთავრობის მხრიდან. თუ არგუმენტები იქნება დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებლი, რომ სხვა გამოსავალი არა გვაქვს, შესაძლოა კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩეს, მაგრამ, მე მგონი, მოსახლეობა ამის გამო პროტესტის ფორმას არ მიმართავს.

კრიტიკა, ცხადია, მაინც იქნება, რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე, რატომ აღარ გვაქვს სხვა გზა. სხვა რაღაცებიც შეიძლებოდა ალბათ წინსწრებით გაკეთებულიყო, სხვა შესაძლებლობები გაზის მიღებისა, ან ენერგეტიკული ბალანსის სხვანაირი განვითარება, რომ გაზზე დამოკიდებულება ამხელა არ ყოფილიყო. ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარება არ მომხდარა ამ მიმართებითაც.

საბოლოო ჯამში, აქ სტრატეგიული შეცდომებიც არის დაშვებული ჩემი აზრით და ამის გამო კრიტიკას მაინც ვერ აცდებიან, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში კარგი იქნება ხელისუფლების მხრიდან კარგი არგუმენტაცია ამ გადაწყვეტილების მისაღებად.

თუმცა მოქალაქეები ამჟამად აპროტესტებენ ხელისუფლების მოლაპარაკებებს გაზპრომთან. 16 იანვარს თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.  

გასაგებია, მოწინააღმდეგეები ეყოლება, ცხადია.

ეს პროცესები თქვენთვის ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხელისუფლება “გაზპრომთან” ამ მოლაპარაკებებით ფარულად ატარებს პრორუსულ პოლიტიკას?

როცა ყველაფერი არ არის გამჭვირვალე, არ არის არგუმენტები სრულად წარმოდგენილი და ინფორმაცია მიწოდებული მოსახლეობისთვის, მერე იბადება ეჭვები, რომ ეს არის გარიგება, პოლიტიკური დამოკიდებულების გაზრდა რუსეთზე, დათმობა, რომელზეც მივდივართ ჩვენ.

შეიძლება ხელისფლების მხრიდან ეს გაუმჭვირვალობა  სხვადასხვა მიზეზების გამო იყოს. ვთქვათ, თუნდაც კრიტიკის მოსმენა, რომ დაუშვეს რაღაც შეცდომა.

ყველანაირი ეჭვი შეიძლება გაჩნდეს იმის გამო, რომ პროცესი თავიდანვე იყო ჩაკეტილი და არავინ არ იცოდა რეალური მიზეზი იმისა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანთან დაკავშირებითაც არ იყო გამჭვირვალე.  ამიტომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეიძლება პოლიტიკურადაც გამოიყენონ ეს და ვერ დაძრახავ ამაში ნამდვილად, რადგან ამის საბაბს აძლევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი