კომენტარი

პეტიცია სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების დაცვის მოთხოვნით

11 იანვარი, 2016 • 2098
პეტიცია სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების დაცვის მოთხოვნით

საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით მთავრობასა და შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიას” მიმართავენ. პეტიცია 11 იანვარს შეიქმნა, თუმცა უკვე აქვს საჭირო 2 000 ხელმოწერა.

გუშინ, 10 იანვარს გუდაურში, სპორტულ ტრასაზე სკოლის მოსწავლე გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი შეეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 116–ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.

“სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ ველოდით, რომ ამ საქმეს რომელიმე ხელისუფლება თავს მოაბამდა და გააკეთებდა. როგორც ჩანს, უბრალო ლოდინში შეიძლება კიდევ მეტი ტრაგედიის მოწმენი გავხდეთ. მგონი, დადგა დრო, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება,”– წერია პეტიციაში, რომლის ავტორიც გიორგი დავითაშვილია.

პეტიციაში ნათქვამია, რომ საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, ტრასებზე და საბაგიროებზე უსაფრთხოების წესების დასამკვიდრებლად საჭიროა შემდეგი ღინისძიებების გატარება:

“კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული იქნას ღონისძიებები წესრიგის მისაღწევად.

დადგინდეს უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ეკიპირების ჩამონათვალი და ყოველი მოსრიალე დავალდებულდეს, იყოს სრულად აღჭურვილი.

დადგინდეს სათხილამურო ტრასების კატეგორიები სირთულის მიხედვით და მკაცრად გაკონტროლდეს მაღალი სირთულისა თუ სპორტულ-სავარჯიშო ტრასებზე გარეშე პირთა შეღწევა.

აიკრძალოს თოვლის სკუტერებითა და სხვა თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე მოძრაობა და გამოიყოს მათთვის სპეციალური ზონები.

მკაცრად გაკონტროლდეს არასულწლოვან პირებზე ალკოჰოლური საშუალებების გაყიდვის ფაქტები სათხილამურო ტრასებზე მდებარე ობიექტებსა და მთელ კურორტზე.

დამკვიდრდეს ალკოტესტირების (შერჩევითი, შემთხვევითი) პრაქტიკა საბაგირო სადგურებთან თუ ტრასებზე. ნასვამ პირებს აეკრძალოთ სათხილამურო ტრასებზე გასვლა და მოხდეს მათი გაყვანა ტრასებიდან, დაჯარიმება თუ მათ მიმართ სხვა სამართლებლივი აქტის გატარება.

ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია შეიქმნას სპეციალური რაზმები “სკი პატრული”, რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით განახორციელებენ მართლწესრიგის კონტროლს. “სკი პატრული” აღჭურვილი უნდა იყოს ყველა ტექნიკური საშუალებით, რათა შეასრულოს ეს მოვალეობა,”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი