კომენტარი

ირაკლი კაკაბაძე: რატომ ვცნობ აფხაზებს და ოსებს

16 იანვარი, 2011 • 2098
ირაკლი კაკაბაძე: რატომ  ვცნობ აფხაზებს და ოსებს

უკვე ოცი წელზე მეტია რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ნგრევასთან ერთად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა საკუთარი ‘ერი-სახელმწიფოების’ შენება დაიწყეს.  1990 წელა ყველა ოპტიმისტურად ვუყურებდით ჩვენს მომავალს და ყველას მიგვაჩნდა რომ საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლება ჩაგრულ ხალხებს თავისუფლებას და ბედნიერებას მოუტანდა.  დღეს კი ნათლად ჩანს რომ ეს ეიფორიული ოპტიმიზმი გარკვეულად მიამიტი აღმოჩნდა.  უფრო მეტიც, ახალმა ნეოლიბერალურმა სისტემამ ჩაგრულ ხალხებს არათუ ბედნიერება არ მოუტანა, მათი უმრავლესობა დიდ მატერიალურ და სულიერ სიდუხჭირეში ჩააგდო.  რაც მთავარია ახლად განთავისუფლებული ერების დიდ ნაწილში ისევ გრძელდება ეგრეთწოდებული ეთნოკონფლიქტები.  20 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ვერაფერი მოხერხდა რომ მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებისაკენ რაიმე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგას.  ისიც უნდა აღინიშნოს რომ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებამდე ეს კონფლიქტები ასეთ აშკარა ხასიათს არ ატარებდა.  ახლა კი, ჩვენს პოსტ-მოდერნულ ხანაში ეთნო-შოვინისტური და ზოგადად ნაციონალისტური იდეოლოგიები ყოველგვარი კონკურენციის გარეშე იმარჯვებენ ამ ახალი ‘ერი-სახელმწიფოების’ შიდა ბაზარზე და მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში ყოფნას ალტერნატივა არ აქვს.   სამივე კავკასიური სახელმწიფო შეიარაღებაში უდიდეს თანხებს ხარჯავს – შედეგად ყოველწლიურად იზრდება სოციალური გაჭირვების დონე.  მდგომარეობა არ უმჯობესდება არც სეპარატისტულ-ავტონომიურ წარმომაქმნებში და არც ‘ერ—სახელმწიფოების’ ცენტრებში.  გამოსავლის ძიების მაგივრად ყველა ეს სახელმწიფო ცდილობს რომ ბრალი მოწინააღმდეგეს დასდოს ყველა სახის დანაშაულში, ანკი წარსულში ჩადენილი დანაშაულებებით საკუთარი აწმყოში ჩადენილი დანაშაულებების გამართლება.

უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საბჭოთა იმპერიის და ნაცისტური გერმანიის წარსული, ისევე როგორც ნებისმიერი სახის იმპერიალიზმი დიდად მოსაწონი მოვლენები არაა.  მაგრამ, ნებისმიერი თანამედროვე ნეგატიური მოვლენის ამ წარსულის ბოროტებებზე გადაბრალებაც არანაირად არ არის სწორი.  თავისთავად პოსტ-მოდერნულმა ნაციონალისტურმა დაქუცმაცებამაც საკმაოდ დიდი უბედურებები მოიტანა.  რუანდის გენოციდი გავიხსენოთ ან თუნდაც სრებრენიცაში ჩატარებული ‘ეთნიკური წმენდა’.  ახალი ‘ერი-სახელმწიფოები ბარბაროსობის გამოვლენაში ძველებს არაფრით ჩამოუვარდებიან.

არსებობს მოსაზრება რომ ამ ახალი ეთნიკური წმენდებისა და გენოციდების მიზეზი თვით ‘ერი-სახელმწიფოს’ ფენომენია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობს.  Aეს აზრი არ არის საფუძველს მოკლებული – განსაკუთრებითY მაშინ თუ კარგად გავაანალიზებთ ისტორიას.

მიუხედავად იმისა რომ ბევრი ‘ერი-სახელმწიფოს’ კონცეპტის დაბადების დღედ ვესტფალიის ხელშეკრულებას მიიჩნევს 1648 წელს, ნამდვილი ‘ერი-სახელმწიფოების’ პერიოდი მაინც მე-19, მე-20 საუკუნეებში დაიწყო, როდესაც მსოფლიო რუქაზე უფრო და უფრო მეტი ეთნიკური ნიშნით შერჩეული სახელმწიფო აღმოჩნდა.  სწორედ ამიტომაც გავრცელებული აზრია რომ ფრანგმა იაკობინელებმა დაუდეს საფუძველი ეთნიკურ ნაციონალიზმს, როდესაც ისინი ამით ერთის მხრივ აბოსულუტურ მონარქიას დაუპირისპირდნენ და მეორეს მხრივ კი უკიდურესად კოსმოპოლიტურ მდიდართა კლასს, რომლისთვისაც საზღვრები არ არსებობდა.  საჭირო იყო გამაერთიანებელი ფაქტორი და ის მოიძებნა კიდეც.  ფრანგული ენა აღმოჩნდა ის ეთნო-ლინგვისტური გამაერთიანებელი ძალა, რომლითაც ახალი ფრანგული ბურჟუაზია ცდილობდა რომ არისტოკრატიაზე ბატონობა მოეპოვებინა.  შემდეგ იგივე პროცესი განმეორდა გერმანიასა თუ იტალიაში.  საბოლოო ჯამში, მეოცე საუკუნის დამდეგისათვის ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ დაიწყო ამ სისტემისაკენ სვლა, იმათაც კი ვისაც ფორმალურად მაინც დღემდე შენარჩუნებული აქვს მონარქიის ინსტიტუტი.

ჰანა არენდტის წიგნში ‘ტოტალიტარიზმის სათავეებთან’ (Hannah Atendt, The Origins of Totalitarianism, Meridian Books, 1958) ძალიან კარგად არის გაანალიზებული ‘ერი-სახელმწიფოს’ და ვესტფალიური სისტემის ნაკლოვანებები.  პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში სწორედ ამ სისტემის დამკვიდრების პროცესში უამრავი ეთნიკური წმენდა მოხდა – ეს ფაქტი ხშირად ისტორიის სახელმძღვანელოების მიღმა დარჩა.  ‘ერი-სახელმწიფოს’ და ვესტფალიური სისტემის ძალიან საფუძვლიანი კრიტიკაა თანამედროვე სოციალური მეცნიერების მხრიდან.  აქ შეიძლება აღინიშნოს დენის სანდოლის წიგნი ‘მშვიდობა და უსაფრთხოება პოსტმოდერნულ მსოფლიოში’ (D Dennis J.D. Sandole, Peace and Security in the Postmodern World, Ruotledge, 2007), სადაც ვესტფალიური სისტემის თანამედროვე კრიტიკაა, 21-ე საუკუნეში დაწერილი.  სანდოლი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ‘ერი-სახელმწიფოს’ ფენომენი აშკარად კონრტ-პროდუქტიულია პოსტმოდერულ სამყაროში და ის მხოლოდ და მხოლოდ ახალ კონფლიქტებს შობს სხვადასხვა ტიპის იდენტობის ჯგუფებს შორის.  ახალი აღმოსავლეთ ევროპული კონფლიქტების სათავედ სწორედაც რომ ვესტფალიური სისტემა სახელდება.  ბოსნიის, კოსოვოს, მოლდავეთის, ჩეჩნეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითზე მრავალ იდენტობის კონფლიქტთან გვაქვს საქმე და რაც მთავარია ამ კონფლიქტებს ბოლო არ უჩანს, სანამ ‘ერი-სახელმწიფოს’ სისტემა იარსებებს, რომელსაც თავიდანვე ლინგვისტურ-ეთნიკური ძირი ჰქონდა.  იმპერიული პოლიტიკა თავის დროზე ეთნიკურ კონფლიქტებს ანელებდა სწორედ იმპერიული იდენტობის ხარჯზე, რაც თავისთავად არ არის არანაირი იმპერიალიზმის გამართლება.  21-ე საუკუნეში ნებისმიერი იმპერიალიზმის იდეის რეაბილიტაცია ფაქტობრივად გამორიცხულია, თუ ჩვენ ვფიქრობთ მსოფლიო საზოგადოებრივი წესრიგის გადემოკრატიულობაზე.  ცხადია, საჭიროა წინ სვლა და არა უკან დახევა ისტორიულად რეაქციული მმართველობის ფორმებისაკენ – აქედან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის იმპერიალიზმი დღეს მაინც უკან დახევაა და არა წინ გადადგმული ნაბიჯი.  დღევანდელი დღე უფრო კატეგორიულად აყენებს ‘მსოფლიო მოქალაქეობის’ საკითხს – დღეს მსოფლიო ყოველ დღე უფრო პატარა ხდება და ცხადია გარკვეულად საქმე გვაქვს უნივერსალიზაციის ტენდენციასთან.  თუმცა როგორც დღევანდელი ფილოსოფოსები ხშირად ამბობენ, დღევანდელ პოსტმოდერნულ დისკურსში იდენტობის პოლიტიკას იმხელა ადგილი უჭირავს რომ ძნელია უნივერსალური ჰუმანიზმის იდეების რეაბილიტაცია.  საჭიროა ისეთი უნივერსალიზმის ფორმები მოიძებნოს, რომელიც ადამიანურ მრავალფეროვნებას ასახავს და ყველა განსხვავებულ ჯგუფს თუ ადამიანს მისცემს გარკვეულ ავტონომიას საკუთარ გადაწყვეტილებებზე.  მაგრამ, ამავე დროს მეტად საშიშია მეორე, ეთნო-ნაციონალისტურ უკიდურესობაში გადავარდნა.

ეთნო-ნაციონალისტური მოდელის არაჩვეულებრივი კრიტიკა აქვს ჟაკ დერიდას თავის წერილში კოსომოპოლიტიზმზე Jacques Derrida, On Cosmopolitanism and Forgiveness, Routledge, 2001). დერიდა პირდაპირ უკავშირებს ‘ერი-სახელმწიფოს’ ქმედებებს ძალადობას და იშველიებს ვალტერ ბენიამინის “ძალადობის კრიტიკას’, სადაც ძალადობა მოყვანილია როგორც დომინანტი ჯგუფის ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვების საშუალება და არა როგორც პათოლოგიურ-არანორმალური მოვლენა.  აქედან გამომდინარე, ‘ერი-სახელმწიფო’ დომინანტი ეთნიკური ჯგუფის ძალადობის საშუალებაა უფრო მცირე ჯგუფებზე.  რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც აპარტეიდულ რეჟიმებში უმცირესობები ბატონობენ, მაგრამ ძირითადად შეიძლება ითქვას რომ თანამედროვე სახელმწიფოებრივი სისტემა უმრავლესობის ჯგუფების ბატონობას ემსახურება.  ის ადამიანები კი, ვინც ‘მოქალაქეობის’ სტერეოტიპებში და სტანდარტებში ვერ ჯდებიან კარგავენ ელემენტარულ უფლებებს და ჰომო საკერებად ანუ უუფლებო არსებებად იქცევიან.  ეს კარგად არის აღწერილი ცნობილი იტალიელი მოაზროვნის, ჯორჯო აგამბენის თანამედროვე წიგნში ‘ჰომო საკერი’ (HOMO SACER – Sovereign Power and Bare Life, Stanford University Press, 1995).

ვესტფალიური სისტემით გამოწვეულ პრობლემებს კარგად ასახავს აგრეთვე ცნობილი ამერიკელი სოციალური მეცნიერის თედ რობერტ გურის წიგნი ‘ხალხები სახელმწიფოების წინააღმდეგ’ Ted Robert Gurr, Peoples versus States, Minorities at Risk in the New Century, USIP, 2000).  აქ კარგად არის აღწერილი დღევანდელი მსოფლიოს მრავალი კონფლიქტი, რომელიც ‘ერი-სახელმწიფოს’ სისტემამ გამოიწვია.  მთელს მსოფლიოში, დასავლეთის ქვეყნების ჩათვლით ბევრი ერია, რომელიც სხვადასხვა ფორმით ითხოვს დამოუკიდებლობას ან გამოყოფას უმრავლესობის მიერ მართული სახელმწიფოებიდან.  ქურთების მაგალითი თურქეთში, ბასკების მაგალითი ესპანეთში, კორსიკელების მაგალითი საფრანგეთში, კათოლიკე ირლანდიელების მაგალითი ალსტერში ბევრ სხვა მაგალითს ერწყმის იმისათვის რომ კარგად დავინახოთ ‘ერი-სახელმწიფოს’ სისტემის არაადექვატურობა.  ამის საპირისპიროდ, გაერთიანებული ევროპის ფარგლებში ვიწრო ნაციონალიზმი ნაკლებ პრობლემად იქცა.  ახლა ევროპული სეპარატისტული მოძრაობები დაღმავლობის გზაზეა, რადგანაც დასავლეთ ევროპაში საზღვრები პრაქტიკულად აღარ არსებობს.  საზღვრების წაშლა ნებისმიერი სეპარატიზმის და ნაციონალიზმის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

სწორედ ამის გამო მოხდა ის, რომ ევროპამ დაიწყო სვლა ახალი ტიპის სახელმწიფოებრივი პარადიგმისაკენ, რომელიც ‘ერი-სახელმწიფოს’ მაგივრად ზესახელმწიფოებრივი ერთობის იდეას დააყენებდა. Eამ პროექტმა თავიდან ეკონომიკური თანამშრომლობით დაიწყო არსებობა და დღეს სახეზე გვაქვს ევროკავშირი, რომელიც მსოფლიოში არსებული სისტემებიდან ყველაზე ნაკლებად ნაციონალისტურია.  ეს იყო საფრანგეთის და გერმანიის ნებაყოფილობითი გაერთიანება, რომელსაც ახლა ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა შეუერთდა.  ევროკავშირის მთავარი თვისება სწორედ ისაა რომ წევრმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს ძალადობრივ დამპყრობლურ პოლიტიკაზე და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით გადაწყვიტეს თანაარსებობა.  Aმან საბოლოო ჯამში ყველაზე კარგი შედეგი მოიტანა.

რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, კოსმოპოლიტიზმის სათავეები სწორედ ქრისტიანულ მოძღვრებაშია.  ქრისტეს ქადაგება ყველას აძლევს გადარჩენის საშუალებას განურჩევლად ეროვნებისა.  ქრისტეს და მერე უკვე პავლე მოციქულის მოღვაწეობა კარს უღებს კოსმოპოლიტიზმს და ჰუმანისტურ სოლიდარობას.  ევროკავშირის ერთიანობა სწორედ პავლე მოციქულის მოძღვრებას ემყარება, რომელიც უარყოფს ყველანაირ ნაციონალიზმს და ეთნოშოვინიზმს.  მსოფლიოს თანაარსებობის ახალი მოდელი ქართულ მრავალხმოვან სიმღერას წააგავს, სადაც ყველა – დიდი თუ პატარა – ეროვნება საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას და თვითმყოფადობას ინარჩუნებს – მაგრამ ‘ერი-სახელმწიფოსათვის’ დამახასიათებელ ეთნიკურ და რელიგიურ ძალადობაზე უარს ამბობს.  ევროპამ ამ მხრივ გარკვეული დემილიტარიზაციაც მოახდინა – მართალია ფორმალურად ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობას ჰყავს შეიარაღებული ძალები, მაგრამ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული უკვე დიდი ხანია აღარ არის.   თამამად შეიძლება ითქვას რომ ევროპა დღეს უკვე პოსტ-ვესტფალიური წესრიგით ცხოვრობს, რომელსაც სხვანაირად ‘მრავალხმოვანი’ შეიძლება დავარქვათ. ეს იმის მანიშნებელია რომ განვითარებული ევროპული ცივილიზაცია წვრილ-ბურჟუაზიული ნაციონალიზმიდან ჰუმანიზმის კოსმოპოლიტურ გაგებამდე მივიდა.  მიუხედავად იმისა რომ იგივე ევროპულ ქვეყნებში დღეს მწვავედ დგას ისლამოფობიის და ქსენოფობიის პრობლემა, რომელიც ძირითადად ‘არა-ევროპელების’ და მათი კონსერვატიული ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, მაინც შეიძლება ითქვას რომ თანამედროვე ევროპამ ვიწრო შოვინისტური ეთნო-ნაციონალიზმის დაავადება დასძლია.

აქვე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ არა მარტო საქართველოსათვის, მთელი კავკასიისათვის გამოსავალი არის გაერთიანება და არა ‘ერი-სახელმწიფოს’ ვიწრო ჩარჩოებში დარჩენა.  ცხადია, ამ გაერთიანებას იმპერიალისტური ძალადობა კი არ უნდა დაედოს საფუძვლად, როგორც ეს საბჭოთა და სხვა  იმპერიების ბატონობის დროს ხდებოდა, არამედ სწორედ ისეთი ნებაყოფილობითი გაერთიანება, რომელიც ევროპაში მოხდა.  კავკასიელ ერებს ამისათვის ყველა კულტურული წინაპირობა გააჩნიათ.  გასაგებია, რომ რუსულმა ენამ იმპერიალისტური პოლიტიკის წყალობით სამწუხაროდ დაკარგა ლინგვჰა-ფრანკას, ანუ საერთო ენის სტატუსი, თუმცა მას თავისუფლად შეიძლება ჩაენაცვლოს ინგლისური, ფრანგული, იტალიური ან სულაც ჩინური (მანჯურიული თუ კანტონური – ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს) ენა.  ნებაყოფლობით გაერთიანებას კი წინ უძღვის კავკასიაში მცხოვრები ყველა ერის თანასწორუფლებიანობის აღიარება.  ეთნო-ნაციონალიზმი აღარ უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი სახელმწიფოებრიობის საქმეში.  სწორედ ამისათვის ჩვენ უნდა ვცნოთ აფხაზების და ყველა სხვა ერის უფლება, რომ იყონ თანასწორუფლებიანი წევრი კავკასიის თანამეგობრობის.   არ შეიძლება რომ პატარა ერებს უარი ვუთხრათ თავისუფლებაზე – ამავე ლოგიკით ჩვენც არ გვეკუთვნის თავისუფლება დიდი იმპერიებისაგან.   დევნილების დაბრუნების საკითხი გაერთიანებულ კავკასიაში ბევრად უფრო იოლად გადაწყდება, ვიდრე ‘ერი-სახელმწიფოების’ ჭიდილში.   საერთო კავკასიური სახლის პირობებში ტერიტორიები ეთნიკური ნიშნით აღარ იქნება გადანაწილებული და აქედან გამომდინარე ქართველები, აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, ქურთები, რუსები თუ უკრაინელები ნებისმიერ ტერიტორიაზე უპრობლემოდ იცხოვრებენ.  ცხადია, მთლად პრობლემების გარეშე არასდროს ვიქნებით – მაგრამ თანასწორუფლებიანობა ბევრად სჯობია ნებისმიერ ნაციონალისტურ მოდელს.  არცერთი უმრავლესობის ბატონობა არაფრით სჯობია ნებისმიერ იმპერიალისტურ მოდელს – ეს ძალადობაა, რომელიც ადრე თუ გვიან თავს იჩენს. 

საქართველოსა და მთელი სამხრეთ კავკასიისათვის მომავალი სახელმწიფოებრიობის განვითარების საუკეთესო მოდელიჰჯ გახლავთ საერთო კავკასიური სახლი.   ვიცი, რომ დღევანდელ დღეს ეს იდეა უტოპიურად ჟღერს, მაგრამ რამდენადაც ეს ასე არ უნდა იყოს, მაინც უნდა გავიაზროთ რომ ეს არის კავკასიის დამოუკიდებლობისა და გადარჩენის ერთადერთი გზა.  იმპერიალისტური მოდელის ამ მოდელით შეცვლა არის კავკასიაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი საშუალება, რადგანაც ეთნიკურ ჩარჩოებში მომწყვდეული ნაციონალიზმი არ მისცემს საშუალებას არც ერთ სახელმწიფოს რომ მშვიდობიანად იცხოვროს.  ამავე დროს, თუ ჩვენ სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ და ვცდილობთ რომ დავძლიოთ ნაციონალური დარვინიზმი თუ იმპერიალიზმი, მაშინ არ შეიძლება არ ვაღიაროთ აფხაზების და ნებისმიერი სხვა პატარა ერების თანასწორობა რიცხობრივად უფრო დიდ ერებთან.  სწორედ ამიტომაც ჩვენ უნდა ვცნოთ აფხაზების და სხვა პატარა ერების თანასწორი უფლება – მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი რიცხვობრივად ცოტანი არიან, არ უნდა წავართვათ ფუნდამენტური უფლებები.  დევნილების დაბრუნებას და ადამიანური ურთიერთობების აღდგენას ხელს შეუწყობს სახელმწიფო დონეზე ერთმანეთის იდენტობის პატივისცემის გამომჟღავნება.   ეს არ არის სახელმწიფოებრიობის ღალატი, ეს არის მისი ახალ თვისებრივ საფეხურზე აყვანა, სადაც ეთნო-შოვინისტურ გაგებას ჩაენაცვლება სამართლიანი საზოგადოების თეზისი.  დიდს და პატარას თანაბრად აქვს არსებობისა და თავისუფლად ცხოვრების უფლება.

საერთო კავკასიური სახლის იდეა არახალია და ის მე არ მეკუთვნის.  ამ იდეას მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიაც, თუმცა მას არ დასცალდა ამ წარმოდგენის კარგად არტიკულირება.  ნაირა გელაშვილის ‘კავკასიური სახლი’ ამ იდეაზე უკვე 20 წელიწადზე მეტია რაც მუშაობს.  დროთა განმავლობაში ბევრი კომპეტენტური ადამიანი იყო ამ საქმეში ჩაბმული და დღესაც აგრძელებს ამას. 

საერთო კავკასიური სახლის შექმნა ყველა კავკასიური ქვეყნის გაძლიერება იქნება და არა დასუსტება – ეს არის ერთადერთი ცივილიზებული გამოსავალი იმ ბარბაროსული კონფლიქტებისაგან, რომელმაც მოიცვა მთელი ეს სივრცე.  ეს არის საუკეთესო საშუალება იმისათვის რომ გადავძლიოთ მოზალებული რუსული იმპერიალიზმიც და ნებისმიერი სხვა ტიპის დომინაციაც.  ეს არის აგრეთვე საუკეთესო საშუალება რომ სამხრეთ კავკასიელებმა საკუთარი დაქუცმაცებული იმპერიალიზმი დავძლიოთ.  ერთი ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცე ლინგვა-ფრანკას დახმარებით ბევრად უფრო მშვიდობიანი და თავისუფალი იქნება, ვიდრე ვიწრო-ეროვნული ნაციონალიზმით დაავადებული 21-ე საუკუნის ‘ერი-სახელმწიფოები’.

ბუნებრივია, რომ ერთიანი კავკასიის იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება.  პირველ რიგში ეს იქნებიან ადგილობრივი ეთნო-შოვინისტები და ნაციონალისტები, რომლებიც ათას მითს შეთხზავენ საკუთარი ეთნიკური ჯგუფის ‘გამორჩეულობაზე’ და ყველანაირ დემონიზაციას გაუკეთებენ მოწინააღმდეგეს.  ნებაყოფლობითი კავკასიური ერთიანობის იდეა აგრეთვე არ არის ხელსაყრელი რუსეთის იმპერიული ძალებისათვის, რადგანაც ეს სტრუქტურა მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებს ნამდვილ დამოუკიდებლობას – ეს კი იმპერიალისტების ინტერესებს ყველანაირად ეწინააღმდეგება.  ამიტომაც ამ მიზნის მიღწევა ნამდვილად არ იქნება ადვილი – თვით ამ აზრის გახმოვანებაც დღეს მეტად სარისკო საქმეა, რადგანაც იგი ბევრ მოწინააღმდეგეს იჩენს თავიდანვე.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი არ არის.  საერთო კავკასიური სახლი არის მომავალი განვითარების ერთადერთი სწორი ფორმულა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი