კომენტარი

აფეთქება, რომელიც არ უნდა მომხდარიყო

12 იანვარი, 2011 • • 1426
აფეთქება, რომელიც არ უნდა მომხდარიყო

11 იანვარს კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზებზე, ნაღმმტყორცნის ტექნიკურ პარამეტრებსა და სამხედრო წვრთნის პროცედურების შესახებ ნეტგაზეთი თადარიგის პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.

ნეტგაზეთი: რა შეიძლება გამხდარიყო  საწვრთნელ ბაზაზე აფეთქების მიზეზი?

გიორგი თავდგირიძე: შეიძლება ნაღმმტყორცნს არ ჰქონოდა დამცავი მექანიზმი და მასში ორი ჭურვი ერთდროულად ჩადეს, მაგრამ ეს ვარიანტი საეჭვოა.  წვრთნისას არ იყო ფორსმაჟორული სიტუაცია, რეალური საბრძოლო მოქმედება, დაძაბული ვითარება. როგორც წესი, სროლებს შორის მუდმივად მოწმდება, თავისუფალია თუ არა ლულა და მწყობრშია თუ არა ტექნიკა. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ რამდენიმე ადამიანს რამდენიმე შეცდომა ერთდროულად  უნდა დაეშვა, რაც ნაკლებ სავარაუდოა.

მეორე ვარიანტია, რომ გასროლა მოხდა შეცდომით, ნაღმი მიზანს ასცდა და დავარდა იქ, სადაც ჯარისკაცები იდგნენ. ასევე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ნაღმი ვინმეს ხელიდან გაუვარდა და იმ დროს აფეთქდა. ეს ნაღმები ასეთი ზემოქმედების შედეგად არ ფეთქდება.

ის, რომ ნაღმი ან ჭურვი თავისით აფეთქდა, გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის ნაღმები ასე არ ფეთქდება. წვრთნისას არანაირი ქიმიური პროცესი არ მიმდინარეობს, რომელმაც შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს. შეიძლება, ტექნიკური გაუმართაობისას ნაღმი არ გავარდეს, არ გაისროლოს, მაგრამ გამორიცხულია არ გაისროლოს და ისე, თავისით აფეთქდეს. მისი აფეთქება ხდება დეტონაციით

ნეტგაზეთი: თუ იცით, რა ტიპის ნაღმმტყორცნიდან მოხდა გასროლა და, ძირითადად, რა მიზნებისთვის გამოიყენება მსგავსი ნაღმები და ნაღმმტყორცნები?

გიორგი თავდგირიძე: ეს არის უმარტივესი, მსხვილმასშტაბიანი სასროლო იარაღი, რომლის გამოყენება და ექსპლუატაცია არის ძალიან მარტივი. მისი ფასიც ზუსტად ამით განისაზღვრება. რთული საარტილერიო სისტემებისგან განსხვავებით,  მის გამოყენებას არ სჭირდება  სპეციალური მომზადება, რადგან ასათვისებლად და გამოსაყენებლად ადვილია. შეიძლება ეს იყოს ბ12. არსებობს საბჭოთა, ასევე, ბულგარული წარმოების მოდელები. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი იყო უკრაინა, რომელიც საბჭოთა მოდელს აწარმოებს. ამ სისტემის დახვეწა და მოდერნიზება არ ხდება, რადგან მარტივია, სწორედ ამიტომ  მისი გართულება არ ხდება. სიმარტივეა მისი მთავარი ფასი. გერმანულ შეიარაღებულ ძალებში ეს ნაღმმტყორცნი ჯავშანტექნიკაზე ყენდება, მაგრამ ეს უკვე სხვა შემთხვევაა. ასევე, ბ12 სხვა საარტილერიო სისტემებთან შედარებით იაფია. რაკი მარტივი სისტემაა, მარტივია მისი მოვლაც. მისი მთავარი ამოცაანაა,  რომ დამრტყმელი მექანიზმი იყოს მწყობრში და ლულაში ჩადებული ნაღმი მოიყვანოს საბრძოლო მდგომაროებაში. ნაღმმტყორცნ ბ12-ს აქვს დამცავი მექანიზმი, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ ორი ნაღმი ერთდროულად ჩააგდო ლულაში. ნაღმმტყორცნებში ნაღმს ხელით დებენ, შემდეგ კი დამრტყმელი მექანიზმი გაისვრის მას.

აღნიშნული ნაღმმტყორცნისთვის დამცავი მექანიზმის დაყენებამდე, ხშირად, საბრძოლო მოქმედებების დროს, შეცდომით ერთდროულად ორ ნაღმს დებდნენ ლულაში, რაც ჯარისკაცთა დაღუპვას და დაზიანებას იწვევდა. 

აღნიშნული ჭურვი (რომელიც 11 იანვარს აფეთქდა)16 კგ-მდე იწონის, მისი  მუხტი კი დაახლოებით 2.6 კგ-ია. ეს საკმაოდ დიდი ენერგიის მატარებელი მუხტია, რომელსაც საბრძოლო მოქმედების მოყვანის შემთხვევეაში, შეუძლია 50-100 მეტრის რადიუსში ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას.

 მისი მთავარი მახასიათებელი არის დახრილი ტრაექტორია. მისი გამოყენება მთიან რეგიონში ეფექტურია. ნაღმსატყორცნიდან ნაღმი ჯერ მაღლა ვარდება, მერე კი დაბლა ეშვება. ის განსაკუთრებით ეფექტურია მოწინააღმდეგის ტრანშეებისა და სანგრების გასანადგურებლად.

ნეტგაზეთი: როგორ ხდება სამხედრო წვრთნების ორგანიზება და ვინ არის პასუხისმგებელი საბრძოლო ტექნიკისა და პროცესის უსაფრთხოებაზე?

გიორგი თავდგირიძე: ყველა ქვედანაყოფს ჰყავს თავისი ოფიცერი, რომელიც ვალდებულია შესაბამისი ნომრატული აქტების საფუძველზე  განახორციელოს   ტექნიკური შეიარაღების მომსახურება. თავისთავად, არსებობს ნორმები, თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის კონტროლი, ცალკეული დეტალის გამართულობის შემოწმება გასროლამდე, გასროლის შემდეგ კი – მისი შენახვა. ეს ყველაფერი ნორმატული აქტებით არის განსაზღვრული.

სწავლების დროს არსებობს რამდენიმე სასწავლო გეგმა. კონკრეტული მეცადინეობა, საბრძოლო გეგმიდან გამომდინარე, განსაზღვრულ ვადებში ტარდება და მისი უზრუნველყოფა შესაბამისი ბრძანებით ხდება. ასევე, გამოიყოფიან სწავლების ხელმძღვანელი პირები. სწავლების ყოველ ეტაპზე ჯარისკაცები ეცნობიან უსაფრთხოების წესებს, რომლებსაც ხელმოწერით ამოწმებენ.

ნეტგაზეთი: ქართულ ჯარში აქამდე თუ მომხდარა მსგავსი მასშტაბის უბედური შემთხვევა?

გიორგი თავდგირიძე: ქართული ჯარის ისტორიაში მსგავსი ტრაგედია ჯერ არ მომხდარა. ყოფილა შემთხვევა, როცა კონკრეტული ჯარისკაცის უპასუხისმგებლობის შედეგად, ძირითადად, იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ერთი ან ორი ადამიანი გარდაცვლილა, თუმცა სამი დაღუპული და ათზე მეტი დაშავებული არ მახსოვს. ამ შემხთვევაში (11 იანვრის აფეთქება) საუბარია ფატალური შეცდომის ჯაჭვზე, ან უპასუხისმგებლობის მაღალ დონეზე.

 სამხედრო სფეროში ნებისმიერი უბედური შემთხვევა, ნებისმიერი პრობლემა არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგი. თუ უსაფრთხოების წესები დაცულია, არანაირი შანსი არ არსებობს, რომ უბედური შემთხვევა მოხდეს. სასწაულები აქ არ ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი