კომენტარი

კორნელი კაკაჩია: სატყუარა, რომელიც რუსეთიდან მოდის

21 დეკემბერი, 2015 • 1651
კორნელი კაკაჩია: სატყუარა, რომელიც რუსეთიდან მოდის

არბილებს თუ არა ვლადიმირ პუტინი ტონს საქართველოს მიმართ და რას უკავშირდება ის განცხადებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ასევე უვიზო რეჟიმზე გააკეთა? – ბათუმელების შეკითხვებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია პასუხობს.

პუტინის ტონი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას თითქოს შედარებით შერბილებულია. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კრემლი ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც ამ საკითხზე ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხი შეაჯერებენ. ადრე ის ხაზს უსვამდა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დმაოუკიდებელი სახელმწიფოები იყვნენ. ასევე, ჯერ კარასინმა, ხოლო ახლა უკვე პუტინმაც თქვა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება მისცეს. რის მიღწევას ცდილობს რუსეთის პრეზიდენტი?

თუ პუტინის განცხადებების ქრონიკას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მის პასუხებში ახალი არაფერია. პუტინი მანამდეც იძახდა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხი ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის გადასაწყვეტიაო, ოღონდ ახალი რეალობების გათვალისწინებითო, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნაო. მართალია, ახლა მას ამ ახალი რეალობების შესახებ არ უსაბრია, მაგრამ როცა მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობდა, იქ საკმაოდ ნათლად ჩანდა, რომ რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას უკან ვერ წაიღებს… მაგრამ ის მზად არის გარკვეული ცვლილბებისთვის იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთის ორბიტას დაუბრუნდება. სწორედ ეს იყო მისი მესიჯი საქართველოს მსოახლეობისადმი. ანუ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო “აზრზე მოვა” და “დაუბრუნდება თავის ადგილს”, ევრაზიულ კავშირს, მაშინ რუსეთი (არავითარ გარანტიას არ იძლევა, მაგრამ) ხელს არ შეუშლის ქართველების, აფხაზებისა და ოსების ახალ გაერთიანებას, თუ ასეთი შედგა.

რუსეთის ეს დამოკიდებულება გარკვეულწილად რეაქციაა ევროკავშირის აქტივობებზე. კრემლში იციან, რომ ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებითი შედეგი დაიდება, რაც რუსეთისთვის გარკვეული გამოწვევაა. რუსეთი ვერ მივიდა იმ აზრამდე, რომ ევრაზიული კავშირის შექმნა საქართველოს გარეშე შეიძლება. სწორედ აქედან გამომდინარე, რუსეთი ცდილობს საქართველოში საზოგადოებრივი აზრი გახლიჩოს და ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპიროს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთთან, თუ ის ამას შემოიღებს, სწორედ აქეთაა მიმართული, რომ გაყოს საზოაგდოებრივი აზრი, განსაკუთრებით მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, და პრორუსლ ძალებს გაკრვეული კოზირები მისცეს ხელთ, რომლის გამოყენებასაც ისინი საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს შეძლებენ.

ანუ რუსეთი ერთგვარ კონკურენციაში შედის ევროკავშირთან საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით?

რა თქმა უნდა. მოსკოვში ხედავენ, რომ საქართველოს ნელა, რთულად, მაგრამ მაინც გამოსდის [ევროინტეგრაცია] და ეს დროის საკითხია მხოლოდ. გასაგებია, რომ ნატოსთან მიმართებაში ისე ვერ არის მდგომაროება, როგორც ამას საზოგადოება ისურვებდა, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ გარკვეული ცვლილებები მაინც არის. კრემლში სურთ, რომ ახალი სტრატეგიით ეკონომიკური აქცენტებით, დიასპორის გაძლიერებით მოხდეს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა იმისათვის, რომ ის რუსეთისაკენ გადაიხაროს.

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უვიზო რეჟიმის შესახებ პუტინის განცხადებას იმედის თვალით შეხედეს?

ძალიან დიდი შანსია, რომ [მათი მოლოდინის] ნახევარიც კი არ შესრულდეს. მიუხედავად პუტინის სურვილისა, არსებობს რეალობები. რუსეთის სახელმწიფო დამოკიდებულია და გააჩნია პრესტიჟის გრძნობა. დიდ, სუპერსახელმწიფოებს პრესტიჟის გრძნობა აიძულებთ უარი თქვან თავიანთი გადაწყვეტილების უკან წაღებაზე. ამ შემთხვევაში ლაპრაკია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ერთადერთი შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავის ამ გადაწყვეტილებას გადახედოს, თუ ის საქართველოს როგორც ევრაზიული კავშირის სუბიექტად მოიაზრებს. იგივე რუსეთის საექსპერტო წრეებიდან არის მინიშნებები სხვადასხვა ვარიანტებზე, მაგრამ არა მგონია ეს ის იყოს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებდეს. რუსეთი საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესებიდან მოწყვეტას ცდილობს. ესაა ძირითადი მესიჯი.

უვიზო რეჟიმი რუსეთთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ხომ არ არის პოლიტიკური საფრთხეების შემცველი? იგივე თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებზე რუსეთის პასპორტების გაცემის პროცედურის გამარტივება სურს, რასაც შემდეგ, სავარაუდოდ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს.

გარკვეული საფრთხე არსებობს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა საკმაოდ მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არსებობს საზოგადოების სხვა ჯგუფები. გამოკითხვებიდან ცნობილია, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი მხარს ევრაზიულ ინტეგრაციას უჭერს. ეს კრმელში ისე ჩაესმით, როგორც მუსიკა. ამ ადამიანებისათვის რუსეთი უფრო ახლოსაა და ნაცნობია. იგივე უფრო ადვილად შეუძლიათ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რუსეთში გატანა. არსებობს იმის რისკი, რომ ასეთი პოლიტიკის წყალობით რუსეთმა საქართველოს რეგიონებში სოციალურ-პოლიტიკური საყრდენის გაჩენა მოახერხოს, განსკუთრებით იმ რეგიონებში, რომლის სოფლის მეურნეოების პროდუქციაც რუსეთის ბაზარზეა დამოკიდბეული, იქნება ეს კახეთი [ღვინო], აჭარა [ციტრუსი] თუ შიდა ქართლი [ხილი]. რეალურად კრემლში იციან, რომ პოლიტიკური ელიტის წამყვანი ნაწილის საგარეო პოლიტიკური ორიენტირის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ რეგიონებზე გადაიტანონ აქცენტი. არჩევნებში ხალხი იღებს მონაიწლოებას. რუსეთის სტრატეგია სწორედ ეს არის. ამ ეტაპზე მათ იციან, რომ პრორუსულ ხელისუფლებას საქართველოში ვერ მოიყვანენ, მაგრამ სურთ, რომ მომავალი არჩევნებისთვის რუსეთისადმი ნეიტრალური მთავრობა მიიღონ, რომელიც რუსეთის ინტერესებთან კონფრონტაციაში არ შევა და შემდეგი არჩევნებისთვის კი თანდათან ეცდებიან, რომ საქართველო რუსულ ორბიტას დაუბრუნონ ეკონომიკური თუ სხვა სახის ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის დაშინებით.

რას ურჩევდით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საქართველოს მთავრობაში, ზემოხსენებულ კონკურენციასთან დაკავშირებით დაიწყონ ფიქრი ბალანსის მოძიებაზე, თუ მთავარი აქცენტი გააკეთონ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე?

საქართველოს მთარობამ პრიორიტეტებს არ უნდა გადახედოს. ევროინტეგრაცია ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების შემადგენელი ნაწილი. ხელისუფლებას თავბრუ არ უნდა დაეხვეს პუტინის განცხადებების გამო და გაზვიადებული წარმოდგენები არ უნდა შეექმნას რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

თავში ავარდნაში რას გულისხმობთ?

არ უნდა შეექმნათ შეხედულება, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ურთიერთობების გაუმჯობესება მოჰყვება… ეს არ მოხდება. ეს ხაფანგია, რომელიც საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს საქართველოსთვის. რაში სჭირდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა? რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ მიუხედავად იმისა, ახალი ხელისუფლების პირობებში [ვითარება] შეიცვალა და მან თბილისთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება შეძლო და, რაც მთავარია, შეძლოს იმის დემონსტრირება, რომ საქართველო ამ ე.წ. ნორმალიზაციას იმ პირობებით ეთანხმება, რაც რუსეთს აწყობს. ესაა სატყუარა, რომელიც რუსეთიდან მოდის და რომელსაც ჩვენი ხელისუფლება არ უნდა წამოეგოს. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას გამჭრიახობა ეყოფა. გარკვეულწილად ემოცია იგრძნობოდა ღარიბაშვილის განცხადებაში [რომელმაც პუტინის განცხადებას სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა]. იმედია, ეს თავბრუს არ დაახვევთ და საღად შეხედავენ მოვლენებს. ზოგადად რუსეთთან ურთიერთბების გაუმჯობესება ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი