კომენტარი

შაშკინის გადაწყვეტილებას დირექტორები გაასაჩივრებენ

10 იანვარი, 2011 • • 1527
შაშკინის გადაწყვეტილებას დირექტორები გაასაჩივრებენ

თბილისის ორი სკოლის გათავისუფლებული დირექტორები სასამართლოში მინისტრის ბრძანების გასაჩივრებას გეგმავენ.

ნეტგაზეთი სკოლის დირექტორთა ასოციაციის იურისტს, რევაზ რიჟამაძეს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ სარჩელი მზადდება და აუცილებლად შევა სასამართლოში.

148–ე და 149–ე სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დადგა. სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ მაია და ვალერიან გიორგაძეებმა სკოლის დირექტორის თანამდებობები არ დატოვეს. მოგვიანებით გენინსპექცია ორივე სკოლაში შევიდა. სამეურვეო საბჭოებმა დირექტორების გათავისუფლების საკითხის განხილვა დაიწყეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

დიმიტრი შაშკინის ბრძანება დირექტორების გათავისუფლების თაობაზე, თქვენი აზრით, სამართლებრივად რამდენად გამართულია?

მიღებულ გადაწყვეტილებაში კანონის მუხლები არ არის გამოყენებული, მხოლოდ ზოგადი განათლების შესახებ კანონით იხელმძღვანელა სამინისტრომ და არა – შრომის კოდექსით. პლუს გაფიცული ადამიანის გათავისუფლება, არც ერთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება.

სკოლის დირექტორების გარდა, სამინისტრომ სამეურვეო საბჭოებიც დაითხოვა

დიახ, საბჭო დაითხოვეს. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, მინისტრს აქვს საბჭოს დათხოვნის უფლება, თუ ერთი თვის ვადაში გენინსპექციის მიერ გამოვლენილ დარღვევებს საბჭო არ გამოასწორებს. მაგრამ ამ ვითარებაში სამეურვეო საბჭოს რა დარღვევები უნდა გამოესწორებინა?

თქვენ ამბობთ, რომ საბჭოს დათხოვნა  არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება?

ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონს, ეს არ არის კანონის ენა. სამეურვეო საბჭო ვერ გამოასწორებდა, კიდეც რომ დადასტურებულიყო გენინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, სამეურვეო საბჭოს ოქმში არ არის თავმჯდომარის ხელმოწერაო და როგორ ფიქრობთ, დღეს უნდა მოეწერა ხელი, თუ როგორ უნდა გამოესწორებინა? აქ გამოსწორების მოთხოვნა კიდეც რომ დადასტურებულიყო, თუმცა ჯერ ეს არ ყოფილა, არ არის სწორი. ამით უბიძგებენ სკოლებს დოკუმენტების შეცვლისკენ და გაყალბებისკენ.

მხოლოდ ზოგადი განათლების შესახებ კანონი არ ამოწურავს შრომით ურთიერთობებს და ეს არის სპეციალური კანონი დირექტორთან შრომითი ურთიერთობის გარკვევისას.

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

კონკრეტულად, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის არის გათავისუფლებული დირექტორი, თუ უბრალოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე?!

თქვენ ამბობთ, რომ მინისტრმა შრომის კოდექსის იგნორირება მოახდინა, რამდენად იყო შრომის კოდექსის გათვალისწინება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინისტრის მხრიდან აუცილებელი?

შრომის კოდექსის 37–ე მუხლი არ იქნა გამოყენებული, შესაბამისად, გაუგებარია, რა მოტივით გაათავისუფლეს დირექტორი. დირექტორი არ არის საჯარო მოხელე, შესაბამისად, მინისტრი ვერ იხელმძღვანელებდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონით. შესაბამისად, ყველა ვარიანტში შრომის კოდექსი უნდა გამოეყენებინა.

სამეურვეო საბჭოსთან მიმართებაში?

სამეურვეო საბჭოსთან მიმართებაში სამინისტროს უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სადაც წერია (83-ე, 84-ე მუხლებში), თუ როგორ უნდა ხდებოდეს განხილვა კოლეგიურ–ადმინისტრაციულ ორგანოში, ამასთან ერთად, როგორ უნდა განხორციელდეს მტკიცებულებების შეგროვება. ამავდროულად, არის თუ არა ერთ თვეში შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება, ხომ არ შეიძლება ვადის გაზრდა. ეს ყველაფერი არის გაწერილი ზოგადადმინისტრაციულ კოდექსში. რაც არ იქნა გამოყენებული. სამინისტროს მიერ დადგენილი ერთი თვე არ არის კანონი. მით უმეტეს, სამინისტროს გადაწყვეტილება იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, რომელიც სამინისტრომ დაუპირისპირა ნორმატიულ აქტს და საქართველოს კანონმდებლობას.

ცალკე სამეურვეო საბჭოსთან მიმართებაში, თუ არის რომელიმე კანონში გაწერილი, რომ მას მხოლოდ ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ დირექტორის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს?

არა, ასეთი კანონი არ არსებობს, კონკრეტულად ერთ თვეში რომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. საბჭოს ამ შემთხვევაში სდებენ ბრალს, რომ მან არ გამოასწორა დარღვევები ერთ თვეში. გამონაკლისი ნორმაა, რომ სამინისტრო დაითხოვს სამეურვეო საბჭოს, ან დირექტორს, ან ორივეს ერთდროულად, თუ ერთ თვეში არ მოხდება დარღვევების გამოსწორება.

ისეთი დარღვევებზე, რომლებზეც აღნიშნულ შემთხვევებზეა საუბარი, მაგალითად, ხელმოწერის არარსებობა, სამეურვეო საბჭომ როგორ უნდა გამოასწოროს მსგავსი ტიპის შეცდომები?

ეს კანონის ხარვეზიც არის. როდესაც კანონში ლოგიკური ხარვეზებია, სამართალშემფარდებელმა ეს უნდა შეავსოს კანონის სხვა მუხლების გამოყენებით. კანონში სიტყვა–სიტყვით ვერ იქნება ყველაფერი გაწერილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ირაციონალური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.

თქვენ თუ ისაუბრეთ დირექტორებთან და თუ აპირებთ მინისტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში?

დიახ, მე მათ ვესაუბრე. სარჩელი მომზადდება და შევა სასამართლოში.

როგორ ფიქრობთ, შეძლებთ თუ არა პროცესის მოგებას?

დაახლოებით ათი საფუძველია იმისთვის, რომ პროცესი მოვიგოთ. ზოგადი განათლების შესახებ კანონიც კი დარღვეულია.

სასამართლოში სამი ადამიანის სარჩელი შევა საგარეჯოს მეორე სკოლის დირექტორის და თბილისის ორი დირექტორის სახელით.

 

ამავე თემაზე:

სამეურვეო საბჭო 149–ე დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს

გენინსპექცია სკოლის დირექტორებთან

სკოლის დირექტორი ზეწოლაზე საუბრობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი