კომენტარი

ზაქარეიშვილი: არ გამიგია კონკრეტული ფაქტები, თუ რა ფორმით ხდება ჩრდილოვანი მმართველობა

10 დეკემბერი, 2015 • 1401
ზაქარეიშვილი: არ გამიგია კონკრეტული ფაქტები, თუ რა ფორმით ხდება ჩრდილოვანი მმართველობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მას არ უგვრძნია და არ გაუგია კონკრეტული ფაქტები, თუ რა ფორმით ხდება ჩრდილოვანი [არაფორმალური] მმართველობა.

ეს განცხადება ზაქარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სალომე ასათიანის ყოველკვირეულ გადაცემა “ინტერview”-ში გააკეთა.

კითხვაზე, ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში, როდესაც არ არის ცნობილი, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ ესახება პაატა ზაქარეიშვილს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და გაძლიერება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ამბობს:

“არ არის ასე. ბატონი ივლიანე რომ ყოფილიყო მთავრობის წევრი, შეიძლება უფრო სხვანაირად დაელაგებინა წინადადებები. ის მაინც სხვა ინსტიტუტს წარმოადგენს და კარგია, როდესაც ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. მე მართლაც ისეთი მინისტრი ვარ, რომელიც უკვე ოთხჯერ დამამტკიცა პარლამენტმა: ორმა პრეზიდენტმა და ორმა პრემიერ-მინისტრმა წარმადგინა. შესაბამისად, ვხედავ, როგორი სამზარეულოა მთავრობაში და ხელისუფლებაში. გუშინ არ მოვსულვარ პოლიტიკაში და წარმოდგენა მაქვს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა. პრაქტიკულად, მე არ მიგვრძნია და არ გამიგია კონკრეტული ფაქტები, თუ რა ფორმით ხდება ჩრდილოვანი მმართველობა. ჩვემი საქმიანობა წმინდა წყლის პოლიტიკაა. ჩემთან არ არსებობს სხვა საკითხები, გარდა პოლიტიკისა: კონფლიქტები, უმცირესობების საკითხები, სამოქალაქო თანასწორობა – არასდროს არ ჩარეულა ჩემს საქმეში. ჩემს მიერ დაყენებული საკითხი ყოველთვის განიხილება ჩემს კოლეგებში, სხვა უწყებებში, მაგრამ არასდროს ზემოდან, ქვემოდან, არსაიდან არ მქონია არანაირი ზემოქმედება, რომ ასე კი არა, ასე უნდა გაგვეკეთებინა. სამი წრეა, სადაც მე ვღებულობ საბოლოოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, ეს არის მთავრობა (მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი). მეორე, ეს არის პარლამენტი, ანუ უმრავლესობა, სადაც ყალიბდება პოლიტიკა და მათთან მუდმივად მაქვს კონტაქტები და რესპუბლიკური პარტია, სადაც ჩემს პოზიციებს ვაცნობ და შემდეგ ხდება მისი რეალიზება. ყველა მინისტრს ვეკითხები, როგორ ხორციელდება ეს არაფორმალური მმართველობა, თუ ის არსებობს. არანაირად არ არსებობს. ამას ჩემს დონეზე გეუნბებით ისევ და ისევ.”

სალომე ასათიანის კითხვაზე, დასაშვებია თუ არა დღევანდელ ხელისუფლებაში, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურდეს რომლიმე გადაწყვეტილების მიღება და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მაინც მიიღოს ის საქართველის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნების საწინააღმდეგოდ, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ის არასდროს აღმოჩენილა ასეთ სიტუაციაში.

“მე არასდროს არ შევჯახებივარ სიტუაციას, როცა მე მინდოდა რაღაც გადაწყვეტილების მიღება და უცებ ჩემთვის ეთქვათ, რომ ამა თუ იმ ადამიანს არ უნდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყოს. საკითხები ძალიან მძაფრია და თქვენ ახსენეთ კიდევაც შესავალში, რომ ეს საზოგადოებაში იწვევს დაძაბულებას და გარკვეულ ნერვიულობას. ჩემი პოზიციები და განცხადებები შეშფოთებას იწვევს გარკვეულ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. არასდროს მიმიღია შენიშვნა, რომ “მოდი, ასე კი არა, ასე გავაკეთოთ”. ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს ასეთი დამოკიდებულება. როცა ვლაპარაკობთ არაფორმალურ მმართველობაზე, კეთილი ვინებოთ, ფაქტები დავალაგოთ და ისე ვილაპარაკოთ. ძალიან ბევრი საკითხი, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მთელი პაკეტი და უმარავი სხვა საკითხები, რომლებიც იყო დაძაბულობის შემომტანი… [ანტიდისკრიმინაციულ კანონზე] ძალიან დიდი მსჯელობა იყო კოალიციაში შიგნით. ისე არ იყო, რომ ერთმა ადამიანმა [ივანიშვილმა] მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ ყოველთვის მინდა ვთქვა, თუ სად იმყოფება საქართველო, რა მდგომარეობაა და როგორია საზოგადოებრივი განწყობები. შესაბამისად, დავაფიქსიროთ ჩვენი ადგილი და არა ის, რომ იდეალურია რომელიმე სახელმწიფო და იქ რასაც აკეთებენ, ყველაფერი გადმოვიტანოთ. ასე არ ხდება, მაგრამ მე მგონია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ,” – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ივლიანე ხაინდრავამ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ ფორმალურად, კოალიციას ჰყავს ლიდერი, პლუს – არაფორმალური ლიდერი, პოლიტსაბჭო, აქვს კიდევ რაღაც სტრუქტურები, მაგრამ, ვის მიერ, რის საფუძველზე და რა პროცედურებით მიიღება ესა თუ ის გადაწყვეტილება, არსადაა გაწერილი. მისი თქმით, გაწერილი არ ყოფილა, არ არის და, როგორც ჩანს, არც იქნება. ივლიანე ხაინდრავა ფიქრობს, რომ ამ გაურკვეველი მდგომარეობით შევა კოალიცია და რესპუბლიკური პარტია საარჩევნო რეჟიმში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი