კომენტარი

ზღაპარში ჩარჩენილობა, ანუ რატომ ერიდება ეკლესია საჯარო დისპუტებს?

23 დეკემბერი, 2010 • 1236
ზღაპარში ჩარჩენილობა, ანუ რატომ ერიდება ეკლესია საჯარო დისპუტებს?

 საყდარი სამალავშია, ქვეყანა კი – ზღაპარში. ”ყველა კარი გააღე, გარდა ერთისა…” როგორაა იმ ქართულ ზღაპარში, მგონი გასაღებს მაინც უტოვებს, მაგრამ აფრთხილებს? იქნებ, ჯობია შევისმინოთ ეს გაფრთხილება. იმ დახშულ სივრცეში, ეკლესია რომ ეწოდება, შეღწევა არ ვცადოთ, იქ რაღაც საოცრება ხდება. იქნებ, ბაყბაყ-დევია გამომწყვდეული, რომელიც კარის გაღებისთანავე თავს დაიხსნის, მოგვიტაცებს და გადაგვკარგავს. მერე ვინ მოგვძებნის? თუმცა ზღაპარში ყველაფერი კარგად მთავრდება და ზღაპრის ლოგიკით ის კარიც უნდა გაიღოს, საჯარო სივრცეს ეზიაროს! განა, რა საიდუმლოებას უნდა ინახავდეს  იმკარსმიღმეთი? იქნებ, იქ არაფერიც არაა, გარდა სიცარიელისა? სწორედ ასე მგონია! და ეს სიცარიელეა სწორედ ის საიდუმლო, რასაც გვიმალავენ და რაც დიდ ხიფათსა და  სამუშაოს გვიმზადებს, უპირველეს ყოვლისა იმათ, ვისაც ეკლესიის კრიტიკა, პოზიტიური თუ ნეგატიური, საკუთარი სინდისისა და ადამიანური ღირსების საქმედ გვექცა.

რა სამუშაო და რა ხიფათი? უპირველეს ყოვლისა, ის  თეოლოგიური ცოდნაა ასათვისებელი, რაც ქრისტიანულმა აზრმა დააგროვა, სანამ ჩვენ ვთვლემდით. ვფიქრობ, მაგ. გერმანულიდან უნდა ითარგმნოს თეოლოგიის რეალური  ენციკლოპედია. – TRE, ყველაზე სრულყოფილი თეოლოგიური ცოდნის საგანძური. ამ ღონისძიებას კი წლები დასჭირდება, სახსრები და სახელმწიფო ზრუნვა და, რაც მთავარია, ”სწავლულ კაცთა კომისია”. საიდან გავაჩენთ ამ კომისიას? ჯინჭველთ უნდა ვემსგავსოთ მედგარნი, საკუთარ წონაზე ათჯერ აღმატებული ტვირთის მზიდავთ…

შესანიშნავია, რომ უწმინდესი და უნეტარესი  ილია II ამდენ ტაძარს აგებს! გარეთ ასაშენებელი აღარაფერია, შინატაძარს, ქრისტიანულ შემოქმედებას, თეოლოგიური ჩამორჩენილობის დაძლევას უნდა მოხმარდეს მომავალში მთელი სულიერი ენერგია და სახსარიც!

თუკი თეოლოგია მეცნიერებაა, მეცნიერება კონფესიურ საზღვრებს არ ცნობს, ამიტომ ყველაზე მაღალგანვითარებული და ყველაზე თანამედროვე პროტესტანტული თეოლოგიის მიღწევებს უნდა დავეყრდნოთ (ბერძნების კვალდაკვალ) და ავითვისოთ ისინი, ისევე, როგორც ქართულმა ეკონომიკამ უახლესი ტექნოლოგიები უნდა აითვისოს. და ეს სამუშაო სულიერ ფრონტზე მით უფრო უშიშრად უნდა განვახორციელოთ, რაც უფრო მტკიცედ გვჯერა ჩვენი ტრადიციული ორთოდოქსიის დოგმატური შეურყევლობა!

ხომ არაა ეს ყოველივე ფანტაზია, ვინაა იმ კარის გამღები? ქვეყნის 87% ხომ ლოცვა-კურთხევებით და ტაბუდადებული მართლმადიდებლობით ცხოვრობს, უფრო სწორად, განცხრება,   და უკეთესს არა თუ  მოინდომებს, არამედ არც ისიზმრებს!  

მე კი მინდა, რომ ზღაპარი ბოლომდე წავიკითხო. იქნებ, როგორმე დამთავრდეს ზღაპარი, რათა ცხოვრება ანუ სულიერი შემოქმედება დაიწყოს?!

თუ საიდუმლო კარი არ გაიხსნა, მაშინ არც ზღაპარი დამთავრდება და ქვეყანაც სამუდამოდ ზღაპარში ჩარჩება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი