კომენტარი

კახაბერ კურტანიძე: ,,ეკლესიას ერთიანობის შენარჩუნება უნდა’’

22 დეკემბერი, 2010 • • 1733
კახაბერ კურტანიძე: ,,ეკლესიას ერთიანობის შენარჩუნება უნდა’’

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მართველობის საქართველოს პატრიარქს ილია II-სთვის გადაცემას, თეოლოგი კახაბერ კურტანიძე რეალურ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს.

წმინდა სინოდის სხდომის შედეგად, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია მმართველობაში საქართველოს პატრიარქს ილია II-ს გადაეცა. შესაბამისად, ეპარქიაზე მმართველობა ჩამოერთვა მიტროპოლიტ დანიელს. როგორ შეაფასებდით სინოდის ამ გადაწყვეტილებას?

ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია რეალური პოლიტიკური ვითარებით და ასევე იმ პოლიტიკით, რომელსაც მომავალში ჩვენი ეკლესია, ალბათ, მიმართავს აფხაზეთთან დაკავშირებით. საპატრიარქო ცდილობს გააკეთოს ბიჭვინთის საკათალიკოსო. მამა ბესარიონი, რომელიც ხელმძღვანელობს ბიჭვინთას, რეალურად დე-ფაქტოა. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ,,აღადგინონ’’ თავიანთი ძველი კანონიკური საზღვრები.

ბიჭვინთის ეპისკოპოსი პირველად მოხსენიებეულია 325 წლის მსოფლიო პირველ, ნიკეიას კრებაზე. ეს არის დასაბამი იმ შვიდი კრებისა, რომელსაც აღიარებს ოფიციალურად ეკლესია, იქ ფიგურირებს ბიჭვინთის ეპისკოპოსი. აშკარაა, რომ მაშინ ბიჭვინთის ეპისკოპოსი შედიოდა რომის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ რაღაც ერთგვარი დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ ამის შესწვლა ძალიან გართულებულია. უბრალოდ, ეს არის მოწმობა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საეპისკოპოსო იყო. შემდგომში, მეთერთმეტე საუკუნეში, დასტურდება, რომ აღიარებული იქნა ბიჭვინთის დამოუკიდებლობა, ოღონდ უკვე საქართველოს ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოს ჰქონდა ანტიოქიისგან მიღებული ავტოკეფალია, დასავლეთ საქართველოს აღიარება მოხდა უკვე კონსტანტინოპოლიდან, რადგან დასავლეთ საქართველო ბიზენტიის იმპერიის შემადგენლობაში იყო. შემდეგ კვლავ იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. ფაქტობრივად, ორი პატრიარქი გვყავდა, მაგრამ ეს ზუსტად არ არის შესწავლილი, არავინ იცის, როდის მოხდა მათი გაყოფა, რა დამოკიდებულებები ჰქონდათ ერთმანეთთან. არსებობს მოწმობები, რამდენადაც მე მახსოვს, რომ უპირატესობა მცხეთის კათალიკოსს ჰქონდა. როცა კრებითობა იმართებოდა საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც საკითხების გადასაწყვეტად, უპირატესობა საკითხის გადაწყვეტაში მცხეთის კათალიკოსს ჰქონდა. ერთიანობა მაინც იყო, ორი პატრიარქი არ ნიშნავდა აბსოლუტურად ორ დამოუკიდებელ ეკლესიას. დასავლეთ საქართველოს პატრიარქი მოიცავდა იმერეთს, სამეგრელოს, გურიასა და მთელ დასავლეთ საქართველოს. ცალკე აფხაზეთზე საუბარი არის ძალიან ოდიოზური რამ, ილუზია. პატრიარქს და სინოდს შეიძლება უნდა ამ წონასწორობის აღდგენა. კი ბატონო, თქვენ არ მოგწონთ დანიელი? ეს არის მიუღებელი ფიგურა? რადგან დანიელმა ომის დროს ერთმნიშვნელოვნად დაიჭირა ქართველების მხარე. ამიტომ, თუ ისტორიულად მივუდგებით, მოდით, მაშინ ქართლის კათალიკოსს დავუბრუნოთ ის უპირატესობა, რაც მას ჰქონდა.

რას მოიტანს ეს უპირატესობა?

ისტორიულ სამართლიანობაზე და ფაქტებზე დავა ძალიან ძნელი იქნება, უცილობელი ფაქტი, რაც არის, ისაა, რომ აღმოსავლეთის კათალიკოსი ყოველთვის რჩებოდა უპირატესი, ვიდრე დასავლეთის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ  ეს გადაწყვეტილება ამის ხაზგასმაა.  

ამავდროულად, ჩემი აზრით, მომავალ პოლიტიკაში აქ შეიძლება აფხაზეთის ავტონომიურობაზეც იყოს საუბარი. მაგალითად, დავუშვათ ასეთი ფაქტი, რომ კარგით, აფხაზებო, აირჩიეთ თქვენი სინოდი იქნება, თუ ეპისკოპოსი, მაგრამ პოლიტიკურ ენაზე რომ ვთქვათ, აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო  ყოველთვის იქნება ფედერაციული, ერთიანი სივრცე. მაგრამ მოდით ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს უკეთესად? რომ ყველანი კმაყოფილი დავრჩეთ. ფაქტობრივად, ის რაც რეაულურ პოლიტიკაში ვერ მოახერხა სახელმწიფომ, ეკლესიამ შეიძლება შეინარჩუნოს ეს ერთიანობა. ვფიქრობ ამ საკითხის განხილვა უფრო ადრეც შეიძლებოდა.

წმინდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. რა პრობლემებია ამ მხრივ?

ჩვენთან საქართველოში ოფიციალური ანაზღაურება მღვდლებს არ აქვთ, ისინი ცხოვრობენ შემოწირულობებზე. ღარიბ სოფლებში, რა თქმა უნდა, შემოწირულობა არ არის და ვერც ერთი მღვდელი თავს ვერ გაიტანს. ამიტომ იქ არ მიდიან მღვდლები. სოფელში რომ წავიდნენ, მაშინ მათ რაღაც მეურნეობა მაინც უნდა ჰქონდეთ. აქ, ალბათ, საუბარი ისეთ სოფლებზე იქნება, როგორებიცაა სვანეთის სოფლები, სადაც მეურნეობა შეუძლებელია. არის მეორე მომენტიც, ზოგ სოფლებს აქვს საშუალება, რომ მღვდლები შეინახონ, მაგრამ ამის სურვილი არ აქვთ. რადგან ნახევარი სოფელი მუსულმანია ან ათეისტი და ა.შ. იცით, რომ საეკლესიო აქტიურობა სოფლებში ნაკლებია. ამიტომ მე ვფიქრობ, საერთო საეკლესიო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა სავსებით კარგი ნაბიჯია. მღვდელი არ იქნება სოფელზე დამოკიდებული და მეტად აამოქმედებს ეკლესიას. თუმცა ამ გადაწყვეტილების აღსრულება, ჩემი აზრით, რთული იქნება. უნდა განისაზღვროს რომელ სოფელში რამდენი მოსახლეა, რამდენია შემოსავალი, ამიტომ მედია და ჟურნალისტები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ არ მოხდეს სახელმწიფო სახსრების გათეთრება, ან რაღაც მსგავსი. მაგრამ ეს შემდგომი სამუშაოა. პრინციპული გადაწყვეტილება კი, ჩემი აზრით, სწორია.  

,,ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს’’, – წერია სინოდის გადაწყვეტილებაში. არსებობს დღეს პრობლემა, რომ რეგიონებიდან ჩამოდიან სასწავლებლებიდან და შემდეგ აქ რჩებიან?

კი, დგას ეს პრობლემა, თქვენ თუ გადახედავთ სასულიერო პირების რაოდენობას თბილისში, თქვენ ნახავთ, რომ დიდი ნაწილი არის პროვინციიდან ჩამოსული, ქალაქში რაღაც მაქინაციებით მოხვედრილი. დიდი უმრავლესობა ეპარქიებშია ნაკურთხი და შემდეგ პატრიარქთან რაღაც გზებით მიდიან, ინიშნებიან ქალაქში და აქ აგრძელებენ მოღვაწეობას. ეს ცუდია, რადგან პროვინციელმა იცის, რომ, თუ რამე ადგილს ნახავს ქალაქში, მას მინიმუმი უკვე გარანტირებული ექნება:  ცოტა ხანში ბინა, მანქანა, ოჯახით აქ გადმოსახლდება. ამის შესაზღუდად, ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა. მაგრამ აქაც მგონია, რომ დაგვიანებულია და ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ სინოდის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ ეს პრობლემა არსებობდა.

წმინდა სინოდის სხდომაზე ხაზი გაესვა  ფაქტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართული მრავალხმიანი გალობის თანხლებით უნდა ჩატარდეს. აქვე მითითებულია, რომ ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ გამოიყენება კანონიკური ზომები. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? რატომ ხდება ქართული გალობის წინ წამოწევა?

ამაზე ჩემს გულისწყვეტას გამოვთქვამ, უნდა მიეცეს ბევრ, სხვადასხვაგვარ მუსიკას განვითარების საშუალება. ხელნაწერები მოწმობენ, რომ პირველად საქართველოში ბიზანტიური გალობა შემოვიდა, უბრალოდ, მერე ქართულმა ნიჭმა და უნარმა, ქართულმა მუსიკამ თავის თავზე მოაქცია ის. ამითი შეიძლება შეიზღუდოს შემოქმედებითობა. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს რუსული საგალობლები, რომლებსაც ვგალობთ, რატომ შეიძლება რუსულ-ევროპული მელოდია და არა ბერძნული, რომელიც ჩემი აზრით, გენიალურია. გარდა იმისა, რომ ეს სასულიერო მუსიკაა, შეგიძლიათ ის შეადაროთ ჯაზს, სადაც ადამიანის იმპროვიზაცია, პიროვნული უნარი, დახვეწილობა და გემოვნება ზოგჯერ იმხელა მწვერვალებს აღწევს, რომ პირდაფჩენილი შეიძლება დარჩე. ქართულ გალობაში ეს ჯერ ვერ არის, რადგან აქ სამი ხმა ფიგურირებს. მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ საპატრიარქომ შექმნა გალობის აკადემია, სადაც იღებენ კონსერვატორიადამთავრებულ ლოტბარებს და არა უბრალო მუსიკოსებს. რომლებიც  გალობაში სწორედ იმპროვიზაციისა და შემოქმედებითი მომენტების ჩადებას ცდილობენ. ამ მხრივ ეს კარგია,  ქართულ გალობას მეტი ყურადღება მიექცევა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს აკრძალვით. ცოტა მკაცრ ტონს იყენებს ხოლმე სინოდი. კანონიკურ ზომებში შეიძლება იგულისხმებოდეს გალობის აკრძალვა, მღვდლის მიერ დასჯა და ა.შ. დღეს არ არსებობს რაიმე კანონიკა, რომელიც განსაზღვრავს, რომელი გალობის გამოყენებაა შესაძლებელი. მაგრამ არსებობს საეკლესიო სამართალი, რომელიც ზნეობრივ და დამსჯელობით საკითხებს ეხება. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სწორედ ამ კანონების მოდიფიკაცა და მისადაგება მოხდება.

სხდომაზე, ასევე, დადგინდა, რომ შეიქმნება წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია. თქვენი აზრით, დღეს რატომ დადგა მსგავსი კომისიის შექმნის საკითხი?

ძალიან საჭიროა მსგავსი კომისიის შექმნა. როდესაც წმინდანად შერაცხვა ხდება, ამის დადასტურება მთელი პროცედურაა. მისი ცხოვრება უნდა დაიწეროს, აღიწეროს, შესწავლილ იქნას. მაგალითად, პეტრე იბერის შერაცხვის საკითხზე, როგორც მახსოვს, სინოდმა გამოიტანა გადაწყვეტილება, მაგრამ შემდეგ გაირკვა რომ ეს ვერ დასტურდებოდა. ამიტომ საჭიროა აუცილებლად ასეთი კომისია. აქამდე დგებოდა სპონტანური კომისიები და ისინი წყვეტდნენ ამ საკითხს.

კახაბერ კურტანიძე
კახაბერ კურტანიძე
კახაბერ კურტანიძე 1999–2005 წლებში სწავლობდა თეოლოგიას თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი, მაგისტრის ხარისხი),  2006–2007 წლებში კი ბოსტონის წმინდა ჯვრის მართლმადიდებლურ კოლეჯში  (აშშ, ThM -ის ხარისხი). არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორი და სამაგისტრო პროგრამის  “ქრისტიანული თეოლოგია” ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი