კომენტარი

გრიგოლ გეგელია: ხელისუფალთა უმეტესობას იმის უნარიც კი არ გააჩნია, რომ ღიად დაიცვას კონსტიტუცია

7 დეკემბერი, 2015 • 1474
გრიგოლ გეგელია: ხელისუფალთა უმეტესობას იმის უნარიც კი არ გააჩნია, რომ ღიად დაიცვას კონსტიტუცია

რამდენად მყარია სახელმწიფო სისტემა, რომელმაც სეკულარიზმის პრინციპები უნდა დაიცვას? – ნეტგაზეთის შეკითხვებს ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის მკვლევარი გრიგოლ გეგელია პასუხობს.

გუშინ საპატრიარქომ განმარტა, რომ ილია მეორის განცხადება პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭების თაობაზე ემოციებით იყო განპირობებული და რეალურად მას რაიმე სახის საკანონმდებლო პროცესების დაწყება არ მოუთხოვია. ამ განმარტებას წინ უსწრებდა პოლიტიკოსების, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, რომელთა უმრავლესობა პრინციპში მზად იყო ამ საკითის განსახილველად… როგორ ფიქრობთ, საპატრიარქოს განმარტებამ ეს საკითხი მოაგვარა, თუ უფრო დიდი პრობლემის არსებობაზე მიუთითა?

ერთდროულად ორივე. ერთი მხრივ, საპატრიარქოს განმარტებით გვემცნო, რომ არავინ არ აპირებს თავისუფალი რესპუბლიკის დასამარებას და პოლიტიკური და რელიგიური კატეგორიების ისედაც უკვე არსებული აღრევისათვის ფორმალური სახის მიცემას, რაც საკონსტიტუციო ცვლილების სახით მოხდებოდა. მეორე მხრივ, ჩვენ ამ დღეებში ხელახლა დავინახეთ, რომ ამ ქვეყანას მართავს არაპრინციპული ხალხი, ვინც მზადაა დათანხმდეს ლამის ყველაფერზე, საკუთარი ეგოისტური ინტერესების სამსახურში. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომელმაც ხელახლა დაგვანახა არაერთი პოლიტიკოსის ნამდვილი სახე.

ილია მეორის პირველი განცხადების მიზანი ის იყო, რომ არაერთი პოლიტიკოსის სახე დაენახებინა საზოგადოებისთვის? ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალი იყო ეს პროცესი?

ვფიქრობ, ილია მეორის პირველი განცხადება ემოციურ ხასიათს ატარებდა. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მის უწმინდესობას საუკეთესო განზრახვები ამოძრავებდა. თუმცა, ეს სავსებით არ გულისხმობს იმას, რომ მას ჯეროვნად ჰქონდა გააზრებული მისი ინიციატივის პოლიტიკური არსი და კონსტიტუციური წონა. ამასვე მოწმობს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განმარტება.

ამ მოვლენების ფონზე რამდენად მზად არის სახელმწიფოს მმართველი აპარატი იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს თეოკრატიისაკენ ბიძგს იმავე საპატრიარქოს მხრიდან, რომელიც ყოველთვის შეიძლება არ ატარებდეს “ემოციურ ხასიათს”?

ცხადია, რომ ჩვენს სახელმწიფოში არსებობს გავლენის მქონე ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაიცვან თავისუფალი რესპუბლიკა, როდესაც ეს საჭირო ხდება. და ეს მუდმივად ასე იქნება, გარკვეული ფორმით. თეოკრატიას საქართველოში არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია და არასდროს არ დაისადგურებს. თეოკრატია სავსებით გამორიცხულია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეპუტატს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან, პოლიტიკური ელიტიდან სხვა ვინ წარმოჩინდა სეკულარიზმის პრინციპის დამცველად?

ღიად გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სამწუხაროდ, სეკულარული პრინციპების დამცველად პოლიტიკური ელიტიდან მხოლოდ რამდენიმე პარლამენტარი მოგვევლინა. ეს ქართული პოლიტიკის ზოგად ხასიათზეც მეტყველებს. მოგეხსენებათ, სეკულარული პრინციპი კონსტიტუციური პრინციპია, ხელისუფალთა უმეტესობას კი იმის შინაგანი უნარიც კი არ გააჩნია, რომ ღიად დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია.

თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შედეგი, რომლისთვისაც ფარდის მიღმა აშკარად იმუშავა არაერთმა პოლიტიკოსმა. დღეს ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს არ ემუქრება რელიგიური და პოლიტიკური კატეგორიების შემდგომი აღრევის საფრთხე. ეს კონკრეტული პოლიტიკური შედეგია, პოლიტიკაში კი მთავარი სწორედ შედეგია. ხშირად, პოლიტიკური შედეგის მისაღწევად ჩუმად მუშაობაც გიწევს.

თუმცა, რამდენად სწორია, როცა სახელმწიფოში კონსტიტუციის და სეკულარიზმის დასაცავად ვიღაცების ჩუმად მუშაობა ხდება საჭირო? ეს დაცვის რამდენად ეფექტური საშუალებაა. ამასთან, თუ მიიჩნევთ, რომ შედეგის მისაღწევად ვიღაცების ჩუმად მუშაობა გახდა საჭირო, მაშინ რატომ ფიქრობთ, რომ ილია მეორის პირველი განცხადება მხოლოდ ემოციური ხასიათის იყო და არა წინასწარ განზრახული მესიჯი?

სახელმწიფოს გააჩნია მექანიზმები, მათ შორის ძალისმიერი მექანიზმები, კონსტიტუციის და მისი ყველა პრინციპის დასაცავად. თუმცა, როცა საუბარია კონსტიტუციური პრინციპის შეცვლაზე, რაც პოლიტიკური პროცესია, იქ სწორ მოლაპარაკებას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს. ასეთი მოლაპარაკების მიზანი უნდა იყოს მხარეთა შორის ურთიერთგაგების ამაღლება და მაგიდასთან არსებული ყველა პოზიციის საზოგადოებრივი სიკეთის სამსახურში ჩაყენება.

მე მივიჩნევ, რომ ილია მეორის პირველადი განცხადება ემოციური ხასიათის იყო. როგორც აღვნიშნე, ეს არ გულისხმობს იმას, რომ თვითონ პატრიარქს ჯეროვნად ჰქონდა გააზრებული ინიციატივის სამომავლო ეფექტები კონსტიტუციურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამ მიმართულებით არანაკლებ საინტერესოა, თუ ვინ ურჩია ილია მეორეს გაეჟღერებინა მსგავსი განცხადება. შესაძლოა ეს საზოგადოებისთვის საინტერესოც აღმოჩნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი