კომენტარი

მენაბდე: კონსტიტუცია აღარ გვექნება, თუ ჩავწერთ, რომ პატრიარქს აქვს შეწყალების უფლება

5 დეკემბერი, 2015 • 2147
მენაბდე: კონსტიტუცია აღარ გვექნება, თუ ჩავწერთ, რომ პატრიარქს აქვს შეწყალების უფლება

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიერ დღეს გაჟღერებული მოთხოვნა, რომ პრეზიდენტის გარდა, მასაც უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება, ეწინააღმდეგება საღ აზრს.

პატრიარქისთვის მსგავსი უფლებამოსილების განხორციელებას ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, შესაძლებელია თუ არა მსგავსი ცვლილების განხორციელება? – ამ კითხვაზე, მენაბდე პასუხობს:

“ამას კონსტიტუციის ცვლილება კი არ ჭირდება, ამას ჭირდება საღი აზრი, რომ ასეთი რაღაცა არ თქვა. არსებობს რაღაცა კონსტიტუციური, პოლიტიკური საღი აზრი, რომელიც ითვალისწინებს მოწყობის სპეციფიკურობებს, კონკრეტული თანამდებობის პირთა უფლებამოსილებებს და ეს საღი აზრი გვეუბნება იმას, რომ პრეზიდენტი არის ერთადერთი, ვისაც აქვს შეწყალების უფლება, როგორც სუვერენიტეტის მატარებელს, და ეს არის ის ინსტრუმენტი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში.

დღეს ჩვენ რაც მოვისმინეთ, ამ პოლიტიკურ და სამართლებრივ საღ აზრს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ასევე, აბსოლუტურად გამაოგნებელია იმ პოლიტიკოსების მოსაზრებები, რომლებიც დაეთანხმნენ ამ იდეას. ეს, უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან იაფფასიანი საარჩევნო მანიპულაციაა მათი მხრიდან. ისინი, რა თქმა უნდა, ცალსახად ხვდებიან ამ მოსაზრების მცდარობას, თუმცა მზად არიან, ყველაფრის ფასად, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტების და მთლიანად სახელმწიფოს ფასად მოიპოვონ დამატებით ორი-სამი ხმა”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკური თანხმობის შემთხვევაში ბევრი მომხრე გამოუჩნდება იმას, რომ პატრიარქს მიენიჭოს კანონით შეწყალების უფლება. არის თუ არა ასეთი პოლიტიკური თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელი, რომ მსგავსი ჩანაწერი მართლაც გაჩნდეს კონსტიტუციაში, ამ კითხვაზე ვახუშტი მენაბდე ასე პასუხობს:

“ეს თუ ჩაიწერება კონსტიტუციაში, მაშინ ჩვენ კონსტიტუცია აღარ გვექნება”.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი”, – განაცხადა ილია მეორემ დღეს რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი