კომენტარი

ლისაბონში საქართველოზე ახალი ტიპის “თავდასხმა” განხორციელდა

29 ნოემბერი, 2010 • • 1760
ლისაბონში საქართველოზე ახალი ტიპის “თავდასხმა” განხორციელდა

ვარდების რევოლუციის შვიდი წლისთავი პორტუგალიელებმა მეტად ორიგინალურად “მოგვილოცეს” და ერთ–ერთ პოპულარულ გაზეთში სტატია მოგვიძღვნეს. ინფორმაცია 80 მეძავთან დაკავშირებულ სკანდალზე, ალბათ, ყველასთვის ცნობილია, განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც რუსთავი 2 და იმედი ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო არ არის და ინტერნეტის საშუალებით ქართულ არაკონტროლირებად და უცხოურ პრესას ეცნობა. ამ საკითხზე ყურადღებას იმის გამო ვამახვილებ, რომ ზემოდხსენებულმა ტელეკომპანიებმა მაქსიმალურად აარიდეს თავი თემის გაშუქებას, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოძიების ჩატარებაზე. პრინციპში, მართალიც არის, რატომ უნდა იცოდეს უბრალო მშრომელმა ადამიანმა, რაში იხარჯება  გადასახადებში მის მიერ გადახდილი თანხა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ ისურვეს ამ ფაქტის საჯაროდ უარყოფა. ერთადერთი ადამიანი, რომლის მოსაზრებაც გავრცელდა, იყო ბატონი მიხეილ მაჭავარიანი და, როგორც ყოველთვის ხდება, ყველაფერი ამჯერადაც რუსულ სპეცსასმახურებს დაბრალდათ. რთულია ამ დროს რუსების დამცველად გამოხვიდე, მითუმეტეს, როცა  ცივი ომის დროს КГБ დიდ ყურადღებას უთმობდა სექს შპიონაჟს. მის შემადგენლობაში ირიცხებოდა 2 სპეციალური ქვეგანაყოფი, ერთი – ე.წ. “მერცხლები”, რომელიც ულამაზესი გარეგნობის ახალგაზრდა ქალებისგან შედგებოდა და მეორე–“ყორნები”, რომელიც ვაჟებით იყო დაკომპლექტებული. ამ გოგონებისა და ბიჭების რეკრუტირება თინეიჯერულ ასაკში ხდებოდა და მათი დამუშავება მაქსიმალური გარყვნილების პირობებში მიმდინარეობდა, რათა მოგვიანებით ნებისმიერი სახის “შავი სამუშაოს” შესრულება შესძლებოდათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მცირე ჩავარდნებისა, სექს შპიონაჟი დიდი სარგებლიანობით გამოირჩეოდა, КГБ მისი საშუალებით სერიოზულ წარმატებებსაც აღწევდა და არ არის გამორიცხული, საბჭოეთის სამართალმემკვიდრე და იმავე პოლიტიკის გამგრძელებელი რუსული უშიშროების სამსახურები დღესაც წარმატებით იყენებდნენ ამ მეთოდებს. და სხვათა შორის, არა მარტო რუსეთში, პოლიციური რეჟიმის ბევრ ქვეყანაში პოპულარულია ეს მეთოდი. განსაკუთრებით ეს საქართველოს ტიპის ჯერ კიდევ კოლექტიური საზოგადოებრივი მენტალიტეტის მქონე ქვეყანაშია ადვილი, სადაც ნებისმიერი არატრადიციული სექსუალური მიდრეკილების იარლიყის მიწებებით ადამიანის დაშანტაჯება ან ჩამოცილებაა შესაძლებელი.

ახლა უშუალოდ 80 მეძავის თემას რომ დავუბრუნდეთ, ქართული საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია, რომელმაც მაინც მოახერხა ამ ინფორმაციის მიღება, რამდენიმე ნაწილად დაიყო. ერთნი ამას აშკარა დეზონფორმაციად ნათლავდნენ და რიტორიკულ კითხვას სვამდნენ: მეძავების დასახელებულ რაოდენობასა და  დელეგაციის საშუალო ზომას შორის ციფრთა დიდი ცდომილება ამ საკითხის მიმართ ეჭვს არ გიჩენთო? თუმცა ამგვარად მხოლოდ ქართული სახელისუფლებო სამსახურების საქმიანობაში ჩაუხედავი ადამიანები მსჯელობდნენ. რადგანაც საკმაოდ დაბალი ხელფასის მქონე ქართულ დიპლომატიური სტრუქტურებში ერთადერთ ბონუსად საზღვარგარეთ “გასეირნება” ითვლება და დელეგაციებში ბევრი ისეთი ხალხი ხვდება, რომელთა მოლაპარაკებებში მონაწილეობა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. დელეგაციების “გაბერვის” ტრადიცია არ არის ახალი. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია ფაქტი, როცა 1918 წელს თურქეთთან მოლაპარაკებებში, სადაც ანკარას მხრიდან მხოლოდ მცირე დელეგაცია იღებდა მონაწილეობას, ქართველთა 120 –კაციანი დელეგაცია ჩავიდა. მაშინ თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელს ტიგრან მეორის სიტყვები გაუმეორებია და უხუმრია: თუ საომრად მოდიან, ცოტანი არიან, ხოლო თუ მოსალაპარაკებლად, ძალიან ბევრნიო. საინტერესოა, რამდენი დელეგატით იყო წარმოდგენილი ქართული დელეგაცია ლისაბონში?! მაგრამ  ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ქალების ზედმეტი რაოდენობა კი არა, შეიძლება რამდენიმე ქართველი დელეგატი, საერთოდ, “ოფსაიდშიც” აღმოჩენილიყო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დროსტარებაში ქართველებისთვის  სომეხ დელეგატებსაც აუბამთ მხარი.

საზოგადოების მეორე ნაწილი კი ამ ფაქტში შეთხზულს ვერაფერს ხედავს და აღშფოთებას ვერ მალავს მათი თანხის არამიზნობრივად ხარჯვისთან დაკავშირებით. მათ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ პორტუგალიური გაზეთი Correio da manha,  რომლის საშუალებითაც ინფორმაცია გახმაურდა, საკმაოდ რეპრეზენტატული გამოცემაა. 30 –წლიანი ისტორიის განმავლობაში მან პორტუგალელ ხალხში სანდოსა და შეუპოვრის სახელი დაიმკვიდრა, 11– მილიონიან ქვეყანაში ყველაზე დიდი ტირაჟით გამოდის და ძნელია მას ყვითელი პრესა უწოდო. ამიტომაც მის მიერ გამოქვეყნებული მასალაზე დაყრდნობით, მსოფლიოს მრავალმა სერიოზულმა გამოცემამ გაავრცელა იგივე ინფორმაცია. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რაში დასჭირდა პორტუგალიურ მასმედიას ქართული დელეგაციის დისკრედიტაცია, მითუმეტეს, პორტუგალია ინგლის-აშშ-ს პოლიტიკის მხარდამჭერად ითვლება და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დიდად არ ეწინააღმდეგება.

მესამე ნაწილი კი ამ დროსტარებაში ცუდს ვერაფერს ხედავს. პორტუგალიური გაზეთის მიერ სარკაზმით დაწერილ ფრაზას: ”ქართულმა დელეგაციამ NATO-სთან ”მიწებება” მეძავთა კომპანიაში აღნიშნა”, ზემოხსენებული კატეგორია სრული სერიოზულობით და გაგებით მოეკიდა. საქართველოში ხომ წარმატებით დასრულებული საქმე უნდა “აღინიშნოს” (დასველდეს). აქ კი პირადად მე ორი კითხვა მიჩნდება: რომელ წარმატებაზეა საუბარი? და მეორე, ნუთუ სპორტული, პოლიტიკური, ეკონომიკური და მრავალმხრივი მარცხით დათრგუნულები, იმ დონეზე დავედით, რომ ჩვენი წარმომადგებლების ნებისმიერი წარმატება გვეამაყება? თუ ბოლო დროს ყველაფერი რუსულის დასავლურით ჩანაცვლების პოლიტიკის ფარგლებში, საბჭოთა კავშირში არსებული ქართველი მამაკაცის კულტის დამკვიდრებას ახლა ევროპაში ვცდილობთ? აქ ინდონეზიის პრეზიდენტთან დაკავშირებული ერთი კურიოზული ისტორია მახსენდება. აჰმედ სუკარნოს საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს ბორტგამცილებლები КГБ-მ “მერცხლებით’ შეუცვალა. მოსკოვში ეს მომხიბვლელი გოგონები სუკარნოს ნომერში აღმოჩნდნენ და “ცეცხლოვანი ღამე” ორმა კამერამ გადაიღო. მოგვიანებით კი შანტაჟის მიზნით ამ ფილმის ჩვენება დახურულ დარბაზში მოუწყვეს ინდონეზიელს. შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, სუკარნომ ფირი საჩუქრად ჩათვალა და მისი რამდენიმე ეგზემპლარი ითხოვა მასებისთვის საჩვენებლად, რათა ინდონეზიელ ხალხს მისით ეამაყა.

კიდევ ერთი “მოსაზრება,” რომ ქართველების მიერ მეუღლეებად გასაღებული მეძავები რუსული სპეცსამსახურების “მერცხლები” იყვნენ და ყველაფერი მათი ინსპირირებულია, ყველაზე “ლოგიკურად” ჟღერს და იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ სამხედრო, კიბერ და პიარ შეტევების შემდეგ რუსეთი საქართველოს “სექსუალურადაც ესხმის თავს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი