კომენტარი

ზაქარეიშვილი:“სააკაშვილის განცხადება დაგვიანებულია და არაფერს შეცვლის”

23 ნოემბერი, 2010 • • 1044
ზაქარეიშვილი:“სააკაშვილის განცხადება დაგვიანებულია და არაფერს შეცვლის”

როგორ შეაფასებდით სააკაშვილის მიერ დღეს ევროპარლამენტში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას აფზახეთსა და სამხრეთ ოსეთში?

მთელი ათი წელია ვამბობ, რომ საქართველოს ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა. ჩვენდა საუბედუროდ, ახლა გვიანია. ეს უნდა გაგვეკეთებინა 2003 წელს, 2007 წელს. ჩვენ მუდმივად გვთხოვდნენ, რომ ხელი მოგვეწერა თავდაუსხმელობის აქტისთვის. ჩვენ ყოველთვის უარს ვამბობდით, დევნილების დაბრუნებას ვაბამდით, მუდამ სხვა ფაქტორებს ვამბობდით. მუდამ ვეუბნებოდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი აღიარებს, რომ საქართველო არ განახორციელებს საომარ მოქმედებებს აფხაზეთში და ცხინვალში. ახლა, უბრალოდ, ძალიან გვიანია.

გვიანია ნიშნავს, რომ თქვენი აზრით, ეს განცხადება არაფერს შეცვლის?

 მომავალში შესაძლოა, რაღაც შეცვალოს. აფხაზები და ოსები იტყვიან, რომ ადრე გაგაკეთებინათ ეს განცხადება და ომი აღარ იქნებოდაო. სააკაშვილის ეს განცხადება სინანულს გამოიწვევს , ისეთივე სინანულს, როგორიც ჩემში გამოიწვია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ადამიანი რომ გარდაიცვლება და სასწრაფო დახმარება გარდაცვალების შემდეგ რომ მივა მასთან. დღეს სულ სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს განცხადება ცუდი არ არის, თუმცა დღეს სხვა რამ არის გასაკეთებელი იმიტომ, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა. ახლა ვის უცხადებ, რომ ომი აღარ იქნება? რუსეთს? როცა მიხვდი, რომ რუსეთმა დაგაკერა ცხვირ–პირში, მერე მიხვდი, რომ ომი არ უნდა განაახლო?

ევროპარლამენტში  სააკაშვილის გამოსვლას ტაშით, ნაწილი კი ფეხზე ადგომით შეხვდა…

დიახ, ევროპისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ევროპას რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა. ჩვენთვის არის ეს არაფერი, თორემ  ევროპისთვის ეს მნიშნელოვანია. ამ განცხადების გამო, სამწუხაროდ, არ გაიყვანს რუსეთი ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან.

თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ეს განცხადება არაფერს შეცვლის?

არსებითად არაფერი შეიცვლება ჩვენთვის. არავისთვის არაფერი  შეიცვლება. ეს არის კარგი, ლამაზი ფრაზა, რომელსაც არაფერი საერთო რეალობასთან არ აქვს.

თქვენ ამბობთ, რომ ეს განცხადება რამდენიმე წლის წინ უნდა გაკეთებულიყო, რა შეიცვლებოდა წლების წინ გაკეთებული განცხადებით?

უფრო მეტად გვენდობოდნენ აფხაზები და ოსები. ჯერ ერთი, ჯობდა 2008 წლამდე ხელი მოგვეწერა ცეცხლის გაუხსნელობის ხელშეკრულებას აფხაზურ და ქართულ, ოსურ და ქართულ მხარეს შორის. იქნებოდა განცხადება გაკეთებული და საქართველო დაეყრდნობოდა თავის განცხადებას: ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადების საფუძველზე, საქართველო ხელს აწერს ამ და ამ დოკუმენტს. ეს უფრო გამყარებული იქნებოდა ლეგიტიმურად, რაც აფხაზების,  ოსების ნდობას განაპირობებდა.  რა თქმა უნდა, სააკაშილს იმედი აქვს, რომ ევროპა აიძულებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები და ბაზები იმიტომ, რომ რუსეთი ამართლებს ბაზების ტერიტორიებზე ყოფნას იმით, რომ საქართველო თავდასხმას აპირებს, მაგრამ ამით არაფერი გამოვა. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები – რუსეთი იფერებს ჩვენს განცხადებას. სადმე გაგიგიათ, რომ რუსეთს ეთქვას: რა საშინელებაა, საქართველო ოკუპანტობას რომ მაბრალებს. რუსეთს მოსწონს ოკუპანტობა.

თუ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულად, ეს იქნება  ათასჯერ უფრო მნიშნელოვანი, ვიდრე საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადება. 

რამდენად  შესაძლებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან ოკუპირების აღიარება?

ღმერთმა ქნას! ეს უფრო სერიოზულია. როდესაც აღიარებს, ვალდებული იქნება, რომ აღიარების რეალიზაცია მოახდინოს. ვინც აღიარებს, ის თავისი აღიარების მძევალი ხდება. თუმცა, თავისთავად, აღიარება არ არის 100%–ანი გარანტი, მაგრამ ძალიან კარგია. თუ ევროკავშირი აღიარებს, მაშინ მან ოკუპაცია დეოკუპაციად უნდა აქციოს. ამიტომ მეშინია, რომ ევროკავშირი ამას არ გააკეთებს.

თქვენ თქვით, რომ ახლა, განცხადების ნაცვლად, სხვა რამ არის გასაკეთებელი,  რას გულისხმობთ კონკრეტულად?

ახლა საჭიროა მეტი ყურადღება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. ადმინისტრაციული საზღვრები უნდა გაიხსნას, რათა მიეცეთ მათ საშუალება, იარონ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. კარგი იქნება, თუ მათ ხელთ არსებულ ადგილობრივ დოკუმენტებს მივიღებთ, კი არ ვაღიარებთ, მივიღებთ. მაგალითად, თუ ადამიანები საქართველოში მკურნალობენ, ისინი იძულებული არიან დევნილის სტატუსი აიღონ ან საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ, მაგრამ როდესაც უკან ბრუნდებიან, ამ დოკუმენტებს ყრიან. თუ მათ ეცოდინებათ, რომ აფხაზური პასპორტებით ვუმკურნალებთ, უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა.

არის სიმკაცრე, ადამიანებს გადმოსვლის საშუალება არ აქვთ. საჭიროა მათი ტკივილების გააზრება, მაგალითად, ოსები ეძებენ დაკარგულ ადამიანებს საქართველოს ტერიტორიაზე, არსებობს უამრავი მონაცემები, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ.

ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მათი ნდობა დავიბრუნოთ.

ეს არ ხდება ერთ დღეში, მაგრამ დღეს თუ დავიწყებთ, 5 წელიწადში შესაძლოა, რაღაცას მივაღწიოთ.

 

პაატა ზაქარეიშვილი:

პარლამენტის და საკრებულოს ყოფილი წევრი. შერიგების რესურსების ცენტრის მრჩეველი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და ქართულ-აფხაზური ტრანსფორმაციის კოორდინატორი ; 1990 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი