კომენტარი

ნიკა ჩიტაძე: ,,მნიშვნელოვანი დახურულ კარს მიღმა შეხვედრა იყო’’

20 ნოემბერი, 2010 • • 1049
ნიკა ჩიტაძე: ,,მნიშვნელოვანი დახურულ კარს მიღმა შეხვედრა იყო’’

„მე ვფიქრობ, რომ 2008 წელს, დეკემბერში, ნატოს მინისტერიალის შემდეგ, განსაზღვრულ იქნა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები. საქართველომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში უნდა განახორციელოს რეფორმები, ამიტომაც ჯერ MAP–ის მინიჭების საკითხი არ დგას’’. 

 

ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის პირველი დღე უკვე დასრულდა, ასევე, ლისაბონის სამიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვერდა. თქვენი აზრთ, გამოიკვეთა თუ არა რაიმე ახალი ტენდენცია ნატოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში?

ჩემი ზრით, ახალი, ალბათ, არის ის, რომ დასავლეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიციას, რომ ის პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, აფიქსირებს საქართველოს როლს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში და კიდევ, ალბათ, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოხდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების პირისპირ შეხვერდა. დახურულ კარს მიღმა, ალბათ, უფრო კონკრეტული საკითხები განიხილეს, რომელიც, სავარუდოდ, დაკავშირებული იქნებოდა ამერიკასა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშორმლობის გაღრმავებასთან. პრესისთვის გაკეთდა განცხადებები, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ალბათ, მნიშვნელოვანი დახურულ კარს მიღმა შეხვედრაა. ჩემი აზრით, საუბარი იქნებოდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამხედრო, სამართლებრივ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ამ შეხვედრამ ხელი უნდა შეუწყოს ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ის კონკრეტული საკითხები, რაც ჩვენთვის არ არის ცნობილი და განიხილებოდა დახურულ კარს მიღმა, გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ, სიახლეს წარმოადგენს საქართველოსთვის და დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. მაგრამ ის ფაქტი, რომ ნატოს ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს მადლიერება ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გამო, ალბათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დასავლეთი მზად არის, საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ეს  მნიშვნელოვანია.

 

დღეს გაკეთებულ განცხადებებში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს წვლილი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დიდია, თუმცა არაფერი თქმულა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრ ისეთ ვალდებულებებზე, როგორებიცაა დემოკატიული ინსტიტუტების განვითარება, ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ა.შ. რადგან ამაზე დღეს პრესის წინაშე არაფერი ითქვა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოში, ამ მხრივ,  სიტუაციას დასავლელი მოკავშირეები მაინცდამაინც დადებითად არ აფასებენ?

მოგეხსენებათ, არსებობს ერთწლიანი ეროვნული პროგრამა, რომელსაც საქართველო ასრულებს ნატოს წინაშე. იქ პოლიტიკურ ვალდებულებებში წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ბუნებრივია, ამ მხრივ, რაღაც გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ უზრუნველყოფილი იქნას სასამართლოსა და მასმედიის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და ა.შ. მე ვფიქრობ, ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეში, რომელიც ყოველი სამიტის შემდგომ მიიღება, საქართველოზე იქნება საუბარი, მათ შორის ამ საკითხებზეც. ალბათ, ამ დასკვნაში ნატო მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და დააფასებს საქართველოს როლს ავღანეთის სამხერდო ოპერაციებში და ასევე იქნება მოწოდება, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით, როგორც ეს აისახა ბუქარესტის სამიტზე და ასევე – ვარშავას რეზოლუციაშიც. ვიმედოვნებ, რომ ნატო ობიექტური იქნება და პოზიტივსაც და ნეგატივსაც გაუსვამს ხაზსს იმისათვის, რომ ამ შენიშვნების გათვალისწინება შემდგომში მოხდეს.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს ახალ, მომავალი 10 წლის სამოქმედო სტრატეგიულ გეგმაში ჩაიწერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ ის ამას მოისურვებს. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შერულებას უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს? 

რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში გაძლიერდეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩემი აზრით, გარკვეულ ობიექტურ ფაქტორებზეც არის ეს დამოკიდებული. კერძოდ, იმაზე, რომ ზოგიერთმა იმ ქვეყანამ, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ, თავისი უფრო ობიექტური პოზიცია უნდა დააფიქსიროს, როდესაც ისინი ემხრობიან იმას, რომ ალბანეთი შევიდეს ნატოში, ან ბოსნიას მიენიჭოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. მე ასე ვფიქრობ, საქართველოს მიმართაც უფრო ობიექტური უნდა იყვნენ. რაც უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რას იტყვის ანგელა მერკელი მორიგ სამიტზე ან ნიკოლა სარკოზი და ა.შ. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, რაც არის ვალდებულებები აღებული ნატოს წინაშე, ევროკავშირის წინაშე, ჩვენ რა თქმა უნდა, ისინი უნდა შევასრულოთ და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ნატოს სტანდარტები. ეს კი დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზეც და ზოგიერთ ოპოზიციულ ძალაზეც და ასევე, მთლიანად მოსახლეობაზეც, იმიტომ რომ, თუ რაღაც შეცდომებია დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, აქ მარტო ხელისუფლება არ უნდა დავადანაშაულოთ. ეს მოქალაქეთა პოლიტიკურ კულტურაზეც არის დამოკიდებული.

 

თქვენ თქვით, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების საუბრის დეტალები დახურულ კარს მიღმა, ვიდრე შეხვედრის შემდეგ გამოთქმული მოსაზრებები. თქვენი აზრით, ეს საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. რა დონით უნდა ველოდოთ  ურთიერთობის გაღრმავებას?

სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით განისაზღვრება და შესაბამისი კომისიებია შექმნილი. მე ასე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, რათა გაიზარდოს ტვირთბრუნვა ამერიკასა და საქართველოს შორის, ქართულ პროდუქციას მიეცეს საშუალება შევიდეს ამერიკულ ბაზარზე. მეორეს მხრივ, მოხდეს ამერიკული ინვესტიციების დაბანდება საქართველოში, ხელი შეეწყოს ამ საკითხს. მესამე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ამერიკამ გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, მიუხედავად გადატვირთვის პოლიტიკისა, რომელსაც ამერიკა დღეს რუსეთთან ახორციელებს. ასევე, ალბათ, საუბარი იქნებოდა სამხედრო თანამშრომლობაზეც, მათ შორის ავღანეთში და არა მარტო, ასევე, იქნებოდა საუბარი, ალბათ, ქართველი სამხედროების მომზადებაზე ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ და  სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ასევე, ვფიქრობ, იმაზეც იქნებოდა საუბარი, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები, რათა სრულყოფილ დემოკრატიას მივაღწიოთ. სამწუხაროდ, Freedom Houseის მონაცემებით, საქართველო ჯერ კიდევ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგშია.

 

დღეს, ასევე, დაგეგმილია ამერიკის პრეზიდენტის ობამასა და რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის შეხვედრა, რომელზეც საუბარი, სავარაუდოდ , იქნება საქართველოზეც. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისაგან, იმ ფონზე, როცა ნატო-რუსეთ შორის ურთიერთობის დათბობაზე საუბარი სამიტამდე უკვე მიმდინარეობდა?

დათბობას რაც შეეხება, არის რიგი საკითხები, რომელზეც არის პოზიციათა თანხვედრა, ეს ეხება იგივე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას ევროპაში,  ირანის ბირთვულ პროგრამას, ასევე, ტვირთების ტრანსპორტირებას ავღანეთის მიმართულებით რუსეთის ტერიტორიის გავლით, სავაჭრო ეკონომიკური საკითხების გამტკიცებას და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშვნავს იმას, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მომავალში არ იარსებებს უთანხმოება და ამერიკის ყურადღების მიღმა დარჩება საქართველოს საკითხი, მათ შორის დეოკუპაციის პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ამაზე აუცილებლად იქნება საუბარი, რომ ყველა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტი გამოიკვეთოს და ნაკლები იყოს წინაღობა მთლიანად დასავლეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გზაზე. საქართველოზე აუცილებლად ილაპარაკებენ, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს იქნება პირველი საკითხი და ძირითადი ყურადღება ამ საკითხს დაეთმობა, მაგრამ კიდევ ერთხელ იქნება ამერიკის მხრიდან დაფიქსირებული, რომ ამერიკა არ აპირებს უკან დახევას, მიუხედავად გადატვირთვის პოლიტიკისა, რომელსაც მთლიანად დასავლეთ სამყარო ატარებს რუსეთის მიმართ.

 

ელოდით თუ არა ლისაბონის სამიტისგან იმაზე მეტს, რაც აქამდე მოისმინეთ?

სიმართლე რომ გითხრათ, ლისაბონის სამიტიზე მეტს არ ველოდი. იმიტომ რომ, მაგალითად, სამიტზე საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების საკითხი არ უნდა განხილულიყო, როგორც ეს მოხდა ბუქარესტის სამიტზე.

 

თქვენი აზრით, რატომ არ უნდა მოხვედრილიყო ეს საკითხი განსახილველ თემებში?

ჩემი აზრით, ჯერ გარკვეულწილად იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტიც ჩადის იქ და ეს გადატვირთვის პოლიტიკა მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება ნატოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა საქართველოში, რომლის მიხედვითაც, ყოველ წელს განისაზღვრება თანამშრომლობის პრიორიტეტები.  აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ 2008 წელს, დეკემბერში, ნატოს მინისტერიალის შემდეგ, განსაზღვრულ იქნა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები.  საქართველომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში უნდა განახორციელოს რეფორმები, ამიტომაც ჯერ MAP–ის მინიჭების საკითხი არ დგას. აქედან გამომდინარე, არ იგეგმებოდა ამ თემის განხილვა ლისაბონის სამიტზე. პლუს კიდევ სხვა პრიორიტეტული საკითხების განხილვა დგას დღის წესრიგში. ეს არის: ავღანეთის საკითხი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხი, ახალი სტრატეგიული კონცეფციის საკითხი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სტრატეგიულ კონცეფციაში როგორ იქნება ასახული საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხი. მე გავეცანი სტრატეგიული კონცეფციის პროექტს, რომელიც მოამზადეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით. ამ კონცეფციაში საქართველო და უკრაინა და მათთან თანამშრომლობა, სხვა პარტნიორებისგან დამოუკიდებელად არის მოხსენიებული. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი, თუმცა იმავე დოკუმენტში არ ეწერა არაფერი იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მაგრამ საქართველოსთან თანამშრომლობა ცალკე პუნქტად იყო გამოყოფილი. რაც შეეხება ლისაბონის კონცეფციას, იმედია, იქ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი