კომენტარი

ტოტალური შიში და სოლიდარობის დეფიციტი

17 ნოემბერი, 2010 • • 1537
ტოტალური შიში და სოლიდარობის დეფიციტი

,,საზოგადოებაში, სადაც არის ტოტალური შიში იმისა, რომ თუ რამეს იტყვი, ეს შეიძლება აისახოს შენი ან შენი ნათესავის პირად ცხოვრებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება სოლიდარობაზე საუბარი და, საერთოდ, ჭირს ხოლმე ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში ვილაპარაკოთ რაიმე სოლიდარობაზე, ისევე როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო გამორიცხული’’,–ამბობს ფილოსოფოსი, ლელა გაფრინდაშვილი. 

 

პროცესში, რომელიც მოსწავლეების პროტესტით დაიწყო საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით და გაგრძელდა დირექტორების გათავისუფლებით, გამოიხატა თუ არა საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდა?

სოლიდარობა არის ნორმალური და ჯანმრთელი პროცესი ისეთ საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს შიში, სადაც არსებობს კანონის უზენაესობა და გარანტია ყველა მოქალაქისთვის თანაბრად, რომ ეს კანონი ხელმისაწვდომი იქნება მისთვის. ისეთ საზოგადოებაში, სადაც არის ტოტალური შიში იმისა, რომ თუ რამეს იტყვი, ეს შეიძლება აისახოს შენი ან შენი ნათესავის პირად ცხოვრებაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება სოლიდარობაზე საუბარი და, საერთოდ, ჭირს ხოლმე ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში ვილაპარაკოთ რაიმე სოლიდარობაზე, ისევე როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო გამორიცხული. ამიტომ არა მარტო მოსწავლეების და მასწავლებლების, რომლებსაც ჰყავთ შვილები, მშობლები და ნათესავები, არამედ ისეთ ორგანიზაციების მხრიდანაც კი, რომელთაც კარკვეული პასუხისმგებლობა აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ (ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ამ ტიპის პრობლემებზე), ჩვენ არ გვსმენია მათი ხმამაღალი პროტესტი ან გამოხაურება ამ საკითხზე. მაშინ როდესაც მათ ფინანსური შესაძლებლობებიც შეიძლება ჰქონდეთ, ასევე ჰქონდეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარანტია. ისინიც კი ვერ აპროტესტებენ, არ არის ხმამაღალი, ეფექტური პროტესტი ამ ყველაფრის წინააღმდეგ.

 თქვენი აზრით, როგორ, რა ფორმით უნდა გამოვლინდეს სოლიდარობა?

პირველ რიგში, ეს უნდა იყოს საჯაროობის მოთხოვნა: რა ხდება კონკრეტულ დირექტორთან დაკავშირებით? თუ დაარღვია რამე? რა დაარღვია? რაშია საქმე? კონკრეტულად რომელ მოსწავლეს ეხება ეს სადამსჯელო ღონისძიებები? – იმათ, მართლა ვინც მონაწილეობდა ამ აქციაში, თუ ვიღაც სხვებიც მოყვნენ? ჩვენ ხომ არ ვიცით ეს? წარმოდგენა არ გვაქვს პროცესის შესახებ. ყველას გვაქვს რაღაც ჩვენი ინფორმაცია ან სოციალური ქსელებიდან, ან ვიღაცასთან სტუმრობისას გაგონილი. ჩვენ ხომ არ ვიცით, რეალურად რა ხდება. ამიტომ ასეთი არცოდნის პირობები არის საუკეთესო საშუალება ხელისუფლებისთვის, რომ აკეთოს ის, რაც უნდა. ამიტომ საზოგადოებამ პირველი, რაც უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან და იმ ინსტიტუციებისგან, ვისაც ეს შემთხვევა ეხება, მოითხოვოს პასუხი შეკითხვაზე – რა ხდება? თავისთავად ის, რომ სკოლის მოწაფეებს რაღაც შეკითხვები აქვთ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც უნდა განახლება და განვითარება, ეს არის ნორმალური. ეს კითხვები მოსწავლემ სკოლაში უნდა დასვას. სკოლების შიდაორგანიზების პროცესი  უნდა მიდიოდეს. მოსწავლე არ უნდა იყოს იძულებული, რომ გავიდეს პარლამენტის წინ და პროტესტი გამოხატოს. იმიტომ რომ, თუ მას რაიმე კითხვები აქვს, წინააღმდეგობა, დაპირისპირება აქვს რეფორმებთან, რადიკალურად არ ეთანხმება მათ, ან ისურვებდა, სხვანაირად მომხდარიყო, ეს უნდა წყდებოდეს სკოლაში, სკოლა უნდა იყოს ორგანიზმი, სადაც ეს დუღილი მიდის და არა – ქუჩა. მაგრამ ეს როცა არ ხდება ბუნებრივად, გამოსავალი პროტესტის უკიდურესი ფორმაა, რომელიც ითვლება, რომ აიძულებს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემებს.

პრეზიდენტმა მოსწავლეების პროტესტს “ოროსნების რევოლუცია” უწოდა, როგორ შეაფასებდით მის ამ სიტყვებს?

აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა, მას შეიძლება ელაპარაკა მიზეზებზე, შეიძლება ელაპარაკა სიზარმაცეზე, რაღაც კულტურულ თავისებურებეზე, რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილი ერი, რომ გვეზარება სწავლა და ა.შ. მაგრამ შენი ქვეყნის ახალგაზდობის მიმართ გამოიყენო ასეთი ეპითეტები, ეს არის, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.

მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება შევაფასოთ საერთო ვითარება საქართველოში? 

ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება და მიმდინარეობს, დემოკრატიულ პროცესებს ვუწოდებთ მას თუ სხვას, მოქალაქეს ამ პროცესში თანამონაწილეობის განცდა არ აქვს და არ აქვს განცდა, რომ ეს, რაც კეთდება, კეთდება მისთვის. ის ხედავს, რომ მისი ინტერესები, მისი პრობლემები, მისი შეხედულებები არ არის გათვალისწინებული. ასეთ რეფორმაციას კი საზოგადოება და მოქალაქე ვერ დაეთანხმება. თანამონაწილეობის განცდა თუ არ აქვს მოქალაქეს, ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. ამ პროცესში უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი და შეთანხმება, რომ ის, რაც ხდება, ამაზე ეს მოქალაქეები არიან თანახმა, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის სახელმწიფო მშენებლობისთვის, დემოკრატიისთვის, განათლებისთვის სასარგებლო. როცა ეს ყველაფერი ხდება მოქალაქეთა მიღმა, ბუნებრივია, რომ ეს პროტესტი არის აბსოლუტურად ლოგიკური, როგორც საგანმანათლებლო სისტემაში, ასევე – ნებისმიერ სხვაში.

დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ მას არ გაუთავისუფლებია დირექტორები, კანონით მას ამის უფლება არ აქვს. და რომ ისინი თავად წავიდნენ დაკავეული თანამდებობიდან, დირექტორების ნაწილი ამბობს, რომ ისინი დაიბარეს სამინისტროში. ამ მაგალითიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, არიან თუ არა ადამიანები ან რიგი ინსტიტუტები მეტად გავლენიანი, ვიდრე – თავად კანონი?

ჩვენთან კანონს ადამიანები ძალიან იშვიათად იყენებენ  და, ბუნებრივია, ამ ეს კონკრეტულ შემთხვევაზეც  ვრცელდება. რატომ არ მიმართავენ ადამიანები კანონს? იმიტომ რომ ის აკვირდება მის გარშემო პროცესებს, კანონის უზენაესობის მაგალითი მისთვის უნდა იყოს ხელისუფლება. ხელისუფლება უნდა აძლევდეს მაგალითს, როგორ მუშაობს კანონი და რა ხდება მაშინ, როცა კანონი ირღვევა. კანონის უზენაესობა მკვიდრდება ასე: ჯერ იყენებს ერთი ადამიანი,  ამ კანონის გამოყენების პრეცედენტი იქმნება და ამას შედეგი აქვს, შემდეგ –  მეორე, მესამე და ა.შ. ასევე, მუშაობს სასამართლო და იგი არის გარანტია, რომ ადამიანი სამართალს იპოვის. ადამიანებს ეს განცდა არ აქვთ და ამიტომ კანონს არ იყენებენ. მასწავლებლები ხომ ხედავენ, როგორ ხდება დასხჯა ურჩი დირექტორების?! – ისეთების, რომლებიც სახელმწიფო პოზიციას არ ეთანხმებიან, ამიტომ ამ წყალში არიან და ამ მდინარეს მისდევენ. გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც არ მოაწერა ხელი განცხადებას. ეს ნორმალურია, ჩნდებიან ადამინები, რომელთათვისაც ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე – სამსახური. იმიტომ რომ ეს იძლევა შედეგს, გრძელვადიან შედეგს. რაც უფრო დათანხმდები უღირს ცხოვრებაზე, მით უფრო დიდხანს იქნები უღირსი.

 

ლელა გაფრინდაშვილი – ფილოსოფოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი