კომენტარი

არაადეკვატურობის შესახებ

10 ნოემბერი, 2010 • • 1174
არაადეკვატურობის შესახებ

გუშინ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს, დღეს ცნობილი გახდა, რომ 8 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა 23-ე საჯარო სკოლაში განაცხადა, რომ დირექტორებმა თავიანთი სურვილით დატოვეს თანამდებობები და სამინისტრო ამაში არ ჩარეულა. ნეტგაზეთისათვის კი ცნობილი გახდა, რომ გუშინ რამდენიმე სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროში დაიბარეს და სთხოვეს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე მოეწერათ ხელი. ნეტგაზეთი რამდენიმე დირექტორს დაუკავშირდა, ორმა მათგანმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ ისინი მართლაც იყვნენ სამინისტროში. ბატონო სიმონ, შეიძლება თუ არა ეს ფაქტი განვიხილოთ საჯარო სკოლის საქმიანობასა და მართვაში სახელმწიფო ჩარევად?

მგონი, ეს არის კარგი ნიმუში იმისა, თუ, საერთოდ, რისთვის არსებობს სკოლა და რა ფუნქცია აქვს განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს ეუბნება, რომ მათი მოვალეობაა, ყველა მოსწავლე იზიარებდეს სახელმწიფო პოლიტიკას და თავის თანხმობას ან უთანხმოებას გარკვეული ფორმით გამოხატავდეს, რაც განათლების სამინისტროს პრეროგატივა ვერანაირად ვერ იქნება. თავისთავად, უაზრობაა ამაზე ენერგიის ხარჯვა. ზოგადად, როდესაც განათლების სამინისტრო ასეთი ტიპის პროცესში ერევა, ეს ძალიან დიდი ალბათობით უკურეაქციას გამოიწვევს. 2003 წლის ნოემბრის აქციებზე ზუსტად ასეთივე მეთოდებით ცდილობდნენ სკოლები, შეეშინებინათ მოსწავლეები, საპროტესტო აქციაზე რომ  არ წასულიყვნენ. განათლების მაშინდელი მინისტრი და მინისტრის მოადგილე სატელევიზიო გამოსვლებით პირდაპირ მოუწოდებდნენ სკოლებს, რომ მათი მოსწავლეები არ წასულიყვნენ აქციაზე, წინააღმდეგ შემთხევევაში, მათ დასჯიდნენ.

 

რა შეიძლება გამოიწვიოს სამინისტროს მხრიდან მსგავსმა ქმედებებმა?  

ერთადერთი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ მოსწავლეები და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იმ ნაბიჯების საწინააღმდეგოდ განეწყოს, რასაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ადმინისტრაციული ზომები დადებით განწყობას ვერ გამოიწვევს. ადამიანი უნდა დაარწმუნო, უნდა აუხსნა, თუ რატომ არის ამ კონკრეტული მოსწავლეთათვის კარგი, რომ მათ ჩააბარონ გამოცდები. ამას თუ არ აუხსნი და მარტო ეტყვი, რომ მე შენ გაიძულებ, ეს გააკეთო და თუ არ გააკეთებ დაგსჯი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ უკურეაქციას გამოიწვევ.  როგორ გამოვლინდება უკურეაქცია, იქნება ეს მოსწავლეების კიდევ უფრო დიდი პროტესტი, დირექტორების პროტესტი, თუ სასამართლოში ჩივილი, ეს არ ვიცი, კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, რომ სამინისტროს ნებისმიერი ნაბიჯის მიმღებლობა იქნება კიდევ უფრო დაბალი, ვიდრე ეს დღემდე იყო. 

რა შეიძლება იყოს სამინისტროს ქმედების მოტივი ამ შემთხვევაში? შეიძლება ეს ფაქტი განვიხილოთ, როგორც სამინისტროს მიერ ძალის დემონსტრირება?

ეს უკვე იმის ინდიკატორია, რომ დირექტორები უკვე დამორჩილებული არიან ამ სისტემას და არა იმისი, რომ ხელახლა რაღაცის დემონსტრირება ხდება. ის, რომ არც ერთი პოლიტიკური ნაბიჯი და არც ერთი ნაბიჯი, ზოგადად, განათლების სისტემაში არ ყოფილა კრიტიკის საგანი არც ერთი იმ ადამიანისთვის, ვინც დასაქმებულია ამ სისტემაში, ეს, თავისთავად, იმის ინდიკატორია, რომ არ არსებიობს ჯანსაღი დისკუსია. თქვენ 2010 წლის დადგომიდან დღემდე ვერ ნახავთ ერთ საჯარო განცხადებასაც კი, სადაც სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სამინისტროს რაღაც გადაწყვეტილება მას არ მოსწონს ან საჭიროებს დახვეწას. გვქონდა  შემთხვევა, როდესაც 14-ე სკოლის დირექტორი ზვიად მიმინოშვილი მოხსნეს იმის გამო, რომ  რაღაც არ მოეწონათ, საკმარისი იყო მას გაპროტესტება დაეწყო,  უთხრეს რომ ამისათვის დაიჭერდნენ, შემდეგ სამსახურიდან მოხსნეს მისი მეუღლე. როცა ამას  სხვა დირექტორები ხედავენ, იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება მომავალში საკუთარი კარიერა აიწყონ. თან, იმასაც ხედავენ, რომ მინისტრებს ხშირად ხსნიან და ფიქრობენ, იქნებ  ეს მინისტრი მალე მოხსნან და რატომ უნდა გავაპროტესტო, რატომ უნდა ჩავიგდო თავი რაღაც პრობლემაში? რაც, ჩემი აზრით, არასწორია იმიტომ, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქმის ვითარება სულ უფრო და უფრო გაუარესდება და ამ ადამიანების ავტონომია სულ უფრო და უფრო შეიზღუდება.

 

რას შეიძლება ნიშნავდეს ფაქტი, როდესაც მოსწავლეების პროტესტის გამო დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დგება?

ეს არის არაადეკვატური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რაზე არის დირექტორი პასუხისმგებელი. დირექტორის პასუხისმგებლობები  კანონში წერია და არსად არ არის მითითებული, რომ დირექტორი ვალდებულია, მისი მოსწავლეები სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იზიარებდნენ, ან საკუთარ აზრს არ უნდა გამოხატავდნენ. თან, ეს აზრის გამოხატვა არ ხდება სკოლაში, ხელს არ უშლიან სხვებს, ვისაც, მაგალითად, არ უნდა ამაში მონაწილეობა.

 

თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია მოსწავლეების პროტესტი საატესტაციო გამოცდების მოხსნის შესახებ?

ჩემი აზრით,  ძალიან გასაგებია, რატომ აქვთ პროტესტი, იმიტომ რომ ვერ ხედავენ სარგებელს ამ გამოცდებში. მაგალითად, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოიღეს, ბევრი ამაში სასიკეთოს ხედავდა, ფიქრობდნენ, რომ ამით მეტი შანსი ექნებოდათ,  სამართლიან ბრძოლაში გაემარჯვათ. ამ საატესტაციო გამოცდებს მომხრე საერთოდ არ ჰყავს. მოსწავლეები ვერ ხვდებიან, რაში გამოადგებათ ეს გამოცდები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს რეაქცია იქნებოდა.

მათი არგუმენტი კი, რასაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ გვისწავლია და ამიტომ ვერ ჩავაბარებთ, ჩემი აზრით, არაადეკვატური მიზეზია. რას ჰქვია, არ გისწავლია? მათი მოვალეობა იყო, რომ ესწავლათ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ თუ  არ სწავლობდნენ და მაინც ნიშნებს იღებდნენ, ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლები და დირექტორები იქცეოდნენ არაადეკვატურად.

მთლიანად არაადეკვატურია ეს სიტუაცია, როდესაც ეს გამოცდები არც მოსწავლეებისთვის, არც სახელმწიფოსთვის და არც მომავალი მოსწავლეებისთვის არაფერს არ  გააუმჯობესებს. ძალიან ბევრი დასტური არსებობს იმისა, რომ ეს ტესტები არანაირ გაუმჯობესებას არ იწვევეს.  უამრავი კვლევაა ჩატარებული იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი ტესტები არსებობს. კვლევების მიხედვით, მსგავსი ტესტები  მხოლოდ სასწავლო პროცესის გაუარესებას იწვევს; ძალიან ცუდი სკოლების გაუმჯობესებას, მაგრამ საშუალო და კარგი სკოლების გაუარესებას. 

სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია სტუდენტობის წლებიდან მუშაობდა სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მაგისტრატურა განათლების სფეროში დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტში. შემდეგ ცნობილი სკოლის – გივი ზალდასტანის ამერიკული აკადემიის თბილისში ერთერთი დამაარსებელი მასწავლებელი იყო. ვარდების რევოლუციის შემდგომ, ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა განათლების რეფორმის პროექტ ილია ჭავჭავაძეში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმა და სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების ახალი სისტემა. ამჟამად განათლების რეფორმირების საკითხებზე, განათლების კვლევების განვითარებასა და განათლების მართვის სპეციალისტების მომზადებაზე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი