კომენტარი

დაგვიანებული ჩანაწერი მაროკოდან

9 ნოემბერი, 2010 • 1046
დაგვიანებული ჩანაწერი მაროკოდან

უკვე მერამდენედ ხდება, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნისას, თარჯიმანი ჩემი მთავარი შთაბეჭდილება ხდება. ამჯერად, 4– დღიანი კონტაქტის შემდეგ ვიგებ, რომ პერსონაჟი, რომელსაც მაროკოში მოგზაურობისას ვეძებდი, ყველაზე ახლოს მყოლია. მხოლოდ საქმით იყო დაკავებული მანამდე, ვიდრე კასაბლანკას მუშათა კვარტლის ყოფილი პოლიციის განყოფილებას მივადგებოდით. ემოცია ვეღარ დამალა, როცა ჟურნალისტთა ჯგუფს XX საუკუნის რეპრესიებს გადარჩენილი ადამიანების მონაყოლი გადმოგვითარგმნა. თარჯიმანი ნურადინ ხამლი თავად ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა.

მაროკოს მეფემ ჰასან II-მ ქვეყანაში რეპრესიები, პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო, 1963 წელს დაიწყო. განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანთა დევნის მასშტაბები საბჭოთა საქართველოში გამოცდილ 37 წელს გაგახსენებთ. აკავებდნენ მოულოდნელად, ხშირად ღამით… აწამებდნენ, ვიდრე სასურველ ჩვენებას არ იღებდნენ, უპატიმრებდნენ ოჯახის წევრებს, მათ შორის ბავშვებს, მოხუც მშობლებს, ართმევდნენ ქონებას… ადამიანები ყოველდღიურად უჩინარდებოდნენ. უმეტესობა სამუდამოდ.

ნურადინი 58 წლისაა. ჰყავს მეუღლე, შვილები – არა. რატომ? …იცოდა, შვილი წინააღმდეგობისას მის მთავარ სისუსტედ იქცეოდა. “როცა პირველი 6 –თვიანი პატიმრობიდან გამოვედი, მეუღლეს ვუთხარი, რომ ჩვენ შვილი არ უნდა გვყოლოდა. ჩემთვის რომ იქ ბავშვი მოეყვანათ, ყველაფერი დამთავრდებოდა…” საკუთარი მოსაზრებების გამო, სხვადასხვა დროს 2-ჯერ დაპატიმრებული და პოლიციის ჯურღმულებში ნაწამები ჩვენი გმირი საუბრობს პაუზებით, მკაფიოდ და ძალიან ემოციურად. 

აწამებდნენ დენით, ცემდნენ მბრუნავ ძელზე დაკრულებს. უძლებდა ცოტა, საპატიმროებში იღუპებოდა ათასობით ადამიანი. წინააღმდეგობა კი გრძელდებოდა. არალეგალური რესპუბლიკური იდეები და აზრის თავისუფლად გამოხატვის სურვილი ევროპასთან ყველაზე ახლოს მყოფ აფრიკულ სახელმწიფოს, რეჟიმის სისასტიკის მიუხედავად, 20 წელზე მეტ ხანს  გაჰყვა. რესპრესიები მეფემ 1986 წელს შეაჩერა.

მუჰამედ VI ჰასანის შვილია. ქვეყანაში ის უყვართ. მამის რეპრესიების მსხვერპლებზე ზრუნვას მას ქვეყნის შიგნითაც უფასებენ და მის გარეთაც. გარე დამფასებელთა შორისაა ევროკავშირი. მერე რა, რომ ქვეყანაში გაკულტებული მეფე ყველგან გეგებებათ: ავტობანებზეც და დაწესებულბებშიც… რომ ფოტოშოფში საგულდაგულოდ დამუშავებული მისი მომღიმარი ფოტოები მაღაზიების ვიტრინებიდანაც იმზირება და რესტორნებიდანაც; იმასაც არაფერი უჭირს, რომ აქ ჟურნალისტებს სამეფო ოჯახზე მასალის გამოქვეყნებისთანავე აპატიმრებენ. მთავარია, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის საზღვრებთან სულ რაღაც 14 კილომეტრშია, იყოს კმაყოფილი, სტაბილური და ნაკლებად შემაწუხებელი. ჰიბრალტარის სრუტის გაღმიდან მოროკოსკენ მომართული თვალი აქაც პრაგმატულია. ევროკავშირი მეფე მუჰამედ VI-ს ეკონომიკურ წინსვლას და სტაბილურობას ავალდებულებს, დემოკრატიულობას – არა. შესაძლოა იმიტომაც, რომ ეს ქვეყანა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი.

ევროკავშირს საკუთარი ინტერესები მაროკოში ძვირი უჯდება. ქვეყნისთვის 206 მილიონი უკვე გაცემულია. ფული იხარჯება ყველაფერზე: სიღარიბის დაძლევაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, თუმცა, თუკი ციფრებს კარგად დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ევროკავშირს მაროკოში ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ადმინისტრაციული რეფორმა, არჩევნები, სასამართლო, რომელიც, მაგალითად, პედოფილიაში ეჭვმიტანილ ბავშვთა სახლის დირექტორს 20 დღეში ათავისუფლებს. საუბარი ზედმეტია სიტყვის თავისუფლების გარანტიებზე, მედიის განვითარებაზე. ამაზე ევროკავშირი ხელის გაწვდენაზე მდებარე მაროკოში ფულს საერთოდ არ ხარჯავს. 

ევროკომისიის ოფისში თავს იმით გვაწონებენ, რომ 2012 წელს მაროკოს მათთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ექნება. გაიტანენ ციტრუსს, პომიდორს, შემოიტანენ ხორბალს, ხორცს. საამაყო მეფის გარემოცვასაც აქვს: საოჯახო კანონის რეფორმა, რომელმაც ტრადიციულ მუსლიმურ ქვეყანაში ქალი და მამაკაცი თანასწორნი გახადა, თუმცა ყველაზე მეტს მაროკოს ოფიციალური წრეები, ჩვენთან შეხვედრებისას,  რეპრესიების მსხვრპლთა მიმართ დადგენილი ახალი დამოკიდებულებაზე საუბრობენ. ტახტის დღევანდელი მფლობელი ფულად კომპენსაციებსაც კი გასცმს მათზე, ვინც მისმა მამამ სასტიკად აწამა.

…როცა “მოკვდავი” მაროკოელები რამეს უჩივიან, მაგალითად, იმას, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ 40%-ია წერა-კითხვის უცოდინარი, და შენც ეკითხები, ამ დროს სად ჰგონიათ მეფის პასუხისმგებლობა, ისინი დუმილს ამჯობინებენ, ან ამბობენ, რომ მეფე მუჰამედი არაფერ შუაშია. არასდროს არაფერ შუაში: ის კარგია. სიმპათიური, ჰყავს ქარიზმატული ოჯახი, თანაც გზები დააგო, ხშირად გადის ხალხში… ჩვენი თარჯიმანი ნურადინ ხამლი მოკლე კომენტარით იფარგლება: “70-იანი წლები სულ ახლახანს იყო…” მერე კი ჩვეულ პაუზას აკეთებს და ამბობს ფრაზას, რომელიც ვხვდები, რომ ჩასაწერიცაა და თქვენამდე მოსატანიც:

“მე არ ვარ რეპრესიების მსხვერპლი. ეს ჩემი არჩევანი იყო. ვიბრძოდი იდეალებისთვის და არ მიყვარს, როცა მსხვერპლს მიწოდებენ”. ჩვენი თარჯიმანი იმ გამონაკლისთა რიცხვშია, რომელსაც პატიმრობისას გადახდენილი ტანჯვისთვის კომპენსაცია არასდროს მოუთხოვია. – რომ შესთავაზონ? პაუზა… – არ აიღებს. მას სჯეროდა, რომ მეფის მმართველობა ჯერ კიდევ 40 წლის წინ უნდა დასრულებულიყო და მიუხედევად იმისა, რომ ქვეყანაში პოზიტიურისკენ ბევრი რამ შეიცვლა, ამბობს, რომ აზრი დღესაც არ შეუცვლია. მაროკოულ დირჰამებში კი მისი ასე დაღლილი რწმენა ვერ იზომება. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი