კომენტარი

აუცილებელი, მაგრამ არა – საკმარისი

1 ნოემბერი, 2010 • 1614
აუცილებელი, მაგრამ არა – საკმარისი

„ჟურნალისტებმა უნდა იგრძნონ, რომ კანონპროექტების ეს კრებული, რაც მომზადდა, მათ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას იცავს. ამიტომ არის ეს კანონპროექტი მათთვის მნიშვნელოვანი“, – ამბობს მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე.

მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული კანონპროექტი მედია გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა.

კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე ჟურნალისტის, კონსტიტუციონალისტისა და იურისტისგან შემდგარმა ჯგუფმა მოამზადა, პარლამენტში ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის მიერ იქნება ინიცირებული.

ზვიად ქორიძე არ იყო ჩართული კანონპროექტის მომზადების პროცესში, თუმცა ამბობს, რომ თანაუგრძნობს მათ.

რამდენად მოახერხებს  არსებული კანონპროექტი იმ პრობლემების აღმოფხვრას, რაც დღეს  ქართულ მედიაშია?

ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობებია იმისათვის, რომ მედიაში რაიმე შეიცვალოს. თუმცა ის ცვლილებები, რაც კანონპროექტშია ჩამოთვლილი, აუცილებლად გასაკეთებელია.

კონკრეტულად, აუცილებელია, რომ  არა მხოლოდ მედიის ნომიმალური მფლობელის ვინაობა იყოს ცნობილი, არამედ – ბენეფიციარებისაც. მფლობელებს შორის არ უნდა იყოს ანონიმური პირი, ასევე, ცვლილებების მიხედვით, ოფშორულ კომპანიებს არ ექნებათ უფლება, რომ საქართველოში მედია საშუალებებს ფლობდნენ.

პირდაპირი წესით ამას მოსდევს მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომ  მესაკუთრეობა მედია სივრცეში ერთ კონკრეტულ ხელში არ უნდა იყოს კონცეტრირებული. სანამ არ იქნება ცნობილი პირველადი მფლობელის, რეალურად მოგების მიმღები პირის ვინაობა, მანამდე რთული იქნება იმის გარკვევა, ეს მფლობელები სხვადასხვა ადამიანები არიან, თუ რეალურად ერთი ადამიანი ან ერთი ფინანსური ან პოლიტიკური ჯგუფი. დღეს ეს პრობლემა დგას ჩვენს მედია სივრცეში.

მესამე მნიშვნელოვანი მომენტი ამ ორიდან გამომდინარეობს: ეს არის ფინანსური გამჭვირვალობა.

თუ მე ვიცი, ვინ არის მფლობელი და მისი საქმიანობა  დეკლარირებულია, შესაბამისად,  საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდება, თუ საიდან მოემართება ფინანსები, საიდან მოდის ფული, რა გზას გაივლის ის.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს პირობები აუცილებელია, თუმცა არა – საკმარისი, რას გულისხმობთ არასაკმარის პირობაში?

ეს არის აუცილებელი პირობები,  შემდეგ  დღის წესრიგში რომ დავაყენოთ სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი. თუ ეს პირობები არ იქნება მოწესრიგებული, ძალიან რთულია რომელიმე ჟურნალისტს ან მედია საშუალებას მოვთხოვოთ სარედაქციო დამოუკიდებლობა.

 იყო თუ არა საჭირო ამავე კანონპროექტში სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მუხლის გაწერა?

სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა – ეს არის პრაქტიკა. მას კანონით ვერ განსაზღვრავ. კანონით შეიძლება თქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არის ხელშეუხებელი, ისევე როგორც ვერ განსაზღვრავ ვერანაირი კანონით, რომ საკუთრების უფლება არის ხელშეუხებელი, ეს არის კონსტიტუციური უფლება. მაგრამ გჭირდება სხვა ისეთი კანონები, ისეთი მაღალი რანგის სასამართლო, რომ საკუთრება დაიცვა. ასევე, ქვეყანაში გჭირდება მაღალი რანგის ჟურნალისტები, მაღალი რანგის სასამართლო, რომ მოიპოვო სარედაქციო დამოუკიდებლობა. მაგრამ თუ ასეთი დახშული და მანკიერი წრე იქნება, პოლიტიკური და ფინანსური ჯგუფების და მონოპოლიზებული სარეკლამო ბაზრის, ძალიან რთულია, ამ პირობებში  ისაუბრო მაღალი ხარისხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და  კოლეგა ჟურნალისტს იმიტომ წაუყენო პრეტენზია, რომ შესაძლოა, ის აღმოჩნდეს მძევალი ასეთი მმართველობის ხელში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კანონპროექტში რამდენიმე ასპექტს მოიცავს, საჯარო ინფორმაციას ეხება. რამდენად სრულყოფილია,  თქვენი აზრით, კანონპროექტში გაწერილი მუხლები საჯარო ინფორმაციაზე?

დღევანდელ ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში წერია, რომ ინფორმაცია უნდა „გაიცეს დაუყოვნებლივ“,  რომელიც ლინგვისტურად შეიძლება ძალიან სწორად აღვიქვათ, მაგრამ  რაკი საჯარო მოხელეები, მოსამართლეები ამ ნორმას ადეკვატურად ვერ ითვალისწინებენ, საჭირო გახდა, „დაუყოვნებლივ“ განემარტათ. კანონპროექტში გაწერილია, რომ დაუყოვნებლივ ნიშნავს განცხადების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო საათს. იმედი მაქვს, ეს განმარტება უფრო გასაგები იქნება საჯარო მოხელეებისთვის.

კანონპროექტში მკაცრად არის  განმარტებული, რომ სასამართლო უნდა იყოს სწრაფი, ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს ყველა საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული დავა. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან  არაუგვიანეს სამ დღეში უნდა ჩააბაროს დასაბუთებული განაჩენი, რომ შემდგომ თუ არ ეთანხმები,  10 დღის ვადაში მოხდეს სააპელაციო სასამართლოში განხილვა.

ეს არის საკმოად გამარტივებული პროცედურა, ისევე როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ვალდებულება იზრდება, ის ხდება ერთადერთი პასუხისმგებელი საჯარო ინფორმაციაზე და ის არის პასუხისმგებელი თავისი ხელფასით.

დღეს კანონით გაწერილი ნორმები, იგივე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით  არ სრულდება. რატომ ფიქრობთ, რომ ცვლილებების მიხედვით, ახალი კანონი იქნება ქმედითი?

დღეს ეს სრულდება ისე, როგორც სურთ ეს გამოიყენონ, როგორც შეუძლიათ, გნებავთ, საჯარო მოხელეებს, გნებავთ, ადმინისტრაციულ სასამართლოს, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ესა თუ ის პუნქტი მისთვის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში, ეს ირიცხება იმიტომ, რომ აღარ იქნება საჭირო მისვლა და გასაჩივრება ადმინისტრაციულ ორგანოში. პირდაპირ სასამრთლოს უნდა მიმართო, რომ გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გამოიტანოს.

გარდა ამისა, კანონპროექტში გაწერილია, რომ ბაჟი უქმდება…

დიახ, თანხებთან დაკავშირებით არის ორი საკითხი. ერთი არის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას დაწესებული ბაჟი. კანონი მოსაკრებლის შესახებ განსაზღვრავს არაუმეტეს 5 თეთრისა, ერთი გვერდის კოპირებისთვის. ამ დროს რეესტრის შესახებ კანონში ჩადეს, რომ ნებისმიერი რეესტრიდან დოკუმენტის გამოთხოვა 15 ლარი ჯდება. თუ ითხოვ დაჩქარებულად, თანხა კიდევ უფრო მეტია.

როდესაც საქმე ეხება ერთ მოქალაქეს, შესაძლოა 15 ლარი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ჟურნალისტური გამოძიებისთვის გჭირდება ინფორმაცია და ითხოვ რამდენიმე ასეთ დოკუმენტს, პრაქტიკულად, ძალიან დიდი თანხის გადახდა გიწევს.

ცვლილება კანონპროექტში შეეხება ყველა ტიპის რეესტრს.

მეორე მომენტია ბაჟი. როდესაც სასამართლო პროცესს იწყებ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო, დღევანდელი მდგომარეობით,  პირველ ინსტანციაზე 100 ლარია გადასახდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მედია საშუალებისთვის დაუძლეველი ბარიერია. ამიტომ ეს ბაჟი უნდა მოიხსნას.

რაც შეეხება მარეგულირებელ კომისიას, იქნება თუ არა ცვლილებები იმის გარანტია, რომ მარაგულირებელი კეთილსინდისიერად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას?

თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, მარეგულირებელ კომისიას აღმნუსხავის ფუნქცია ექნება.  მან ყველაფერს კარგად უნდა გაუკეთოს სისტემატიზება, რომ მოქალაქეებისთვის ადვილად იყოს ხელმისაწვდომი. მათ ექნებათ ჩაბარებული ინფორმაცია მფლობელების შესახებ, ფინანსური ინფორმაცია და ისინი  ვალდებული იქნებიან, განათავსონ ეს ინფორმაცია მათ გვერდზე.

ეს ის მარეგულირებელი კომისიაა, რომელმაც 2007 წელს იმედთან დაკავშირებით ყოველგვარი უკანონობა ჩაიდინა. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ კანონიერ ქმედებაზე. კანონის შესრულებას სჭირდება კარგი ადმინისტრირება და ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქცია. ეს არის საზოგადოების ფუნქცია. თუ ჩვენ ყველანი მოვიპოვებთ იმას, რაც კანონპროექტში წერია, ვალდებული ვიქნებით, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, ეს კანონი დაარღვიოს.

რატომ ვამბობ, რომ კანონპროექტში აუცილებელი პირობებია , მაგრამ არა – საკმარისი: საკმარისი პირობაა, რომ ამუშავდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ თანდათან გალღვეს ის ჩაკეტილი სისტემა, რასაც  ქართული მედია სივრცე ჰქვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი