კომენტარი

ვინ არის პასუხისმგებელი მართლმადიდებლური ფაშიზმის გაძლიერებაზე?

27 ოქტომბერი, 2010 • 1874
ვინ არის პასუხისმგებელი მართლმადიდებლური ფაშიზმის გაძლიერებაზე?

კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ ახალგაზრდები არ უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად, რადგან იქ დაკარგავენ ეროვნულ იდენტობას და ტრადიციებს. მანამდე, ახალგაზრდა მღვდლებთან და აკადემია-სემინარიის სტუდენტებთან საუბრისას, ევროპაში სწავლის საწინააღმდეგოდ მის უწმინდესობას ყოველთვის მოჰყავდა ჩემი მაგალითი, რადგან საფრანგეთში და საბერძნეთში ვისწავლე და ამით თურმე ეკლესიისა და სამშობლოს მტერი გავხდი. სინამდვილეში, პატრიარქს ეშინია იმის, რომ დასავლურ კულტურასთან შეხებისას ქართველი ახალგაზრდები აზროვნებას დაიწყებენ და საპატრიარქო დაკარგავს თავის მონებს. იმ მონებს, რომელთაც ეკლესია და სახელმწიფო აქტიურად ახვევენ თავს გარკვეულ იდეოლოგიას და რომელთა დიდი უმრავლესობაც სამწუხაროდ ამ იდეოლოგიას გულწრფელად იზიარებს. განათლება არის საპატრიარქოს იდეოლოგიის მთავარი მტერი, სხვა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, არც ერთ ქართველ იერარქს არ შეუძლია ორიგინალის ენაზე სახარების წაკითხვა.უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ და სახელმწიფომ ჩამოაყალიბეს „რელიგიურ-ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ იდეოლოგია, რომელიც თავს მოახვიეს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ამ იდეოლოგიას შეიძლება მართლმადიდებლური ფაშიზმი ვუწოდოთ. იგი მთლიანად დომინირებს საჯარო სივრცეში, რითიც ტოტალიტარულ ხასიათს იძენს.

მართმადიდებლური ფაშიზმი საქართველოში ჩამოყალიბდა როგორც საეკლესიო სუბკულტურა, რომელმაც ხელისუფლების დახმარებით უდიდესი მასშტაბები შეიძინა. ეს არის ვეებერთელა სტრუქტურირებული იდეოლოგია, რომელიც მოიცავს ადამიანის მთელ მსოფლმხედველობას, დაწყებული მარადიული საკითხებიდან, ყოფითი ცხოვრებით დამთავრებული. მართმადიდებლურ ფაშიზმს აქვს თავისი თეოლოგია, პოლიტოლოგია, ფილოსოფია, ეკონომიკა, ბიოლოგია, ისტორია, მათემატიკა, მედიცინა, ჟურნალისტიკა და ა.შ. იგი „ჭეშმარიტი ქართველის“ გართობის ფორმებსაც აწესებს (ამის მაგალითია მაია ასათიანის გადაცემა „პროფილი“ და უამრავი სხვა). დაწესებულის გარდა, რაიმე სხვა ფორმის გართობა კი იწვევს ფაქტიურად ძალისმიერ აღკვეთას. თუკი თქვენ ხართ ნორმალური ადამიანი და გყავთ ასი, თუნდაც ორასი ნორმალური მეგობარი და თითქმის არავითარი შეხება არა გაქვთ მართლმადიდებლურ ფაშიზმთან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იდეოლოგიზირებულ სახელმწიფოში არ ცხოვრობთ. ამის დასანახად საკმარისია უთო ჩართოთ.

მართლმადიდებლურმა ფაშიზმმა უკვე შექმნა ორი სამყარო, ორი საქართველო, რომლებიც ერთმანეთს ვეღარც დაელაპარაკებიან. რადგან საეკლესიო-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის პრიმიტიულ და ფარისევლურ სიბნელეს რა რაციონალური არგუმენტი უნდა დაუპირისპირო? ახლა უკვე სხვადასხვა პოზიციები, დისკუსია ან, გნებავთ, კონფლიქტი კი არ არსებობს, არამედ ორი სხვადასხვა საქართველო, ხოლო რომელია უმრავლესობაში და რომელი უმცირესობაში, მკითხველისთვის ესეც ცხადია.

ქართული პოლიტიკური სპექტრის ორივე პოლუსი – ხელისუფლება და ოპოზიცია, მართმადიდებლური ფაშიზმის საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენებას ცდილობენ, რითიც ეს იდეოლოგია სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მაგრამ მართლმადიდებლური ფაშიზმი სულაც არ არის უმწეო მარიონეტი, რომლით მანიპულირებაც პოლიტიკურ პარტიებს თავისი სურვილის მიხედვით შეუძლიათ. ამგვარ იდეოლოგიასთან თამაში ძალიან სახიფათოა, რისი მოწმეც ვართ საქართველოში, სადაც ფაქტიურად მთელი პოლიტიკური სპექტრი და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება, მართლმადიდებლური ფაშიზმის მძევალი გახდა.

საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შესაცვლელად, რუსეთისათვის ყველაზე ეფექტური იარაღი არის მართლმადიდებლური ჰეზბოლას შექმნა. გაიხსენეთ მღვდლების და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ თუ გულაშვილის ბანდის წევრების სიძულვილით აღტკინებული სახეები. გულაშვილის დაჯგუფება პირველი მცდელობა იყო. საქართველოში ცხადია ისევ რჩება ნოყიერი ნიადაგი მართლმადიდებლური ჰეზბოლასათვის.

ნათელია, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელია ადეკვატური, ინტელექტუალური და გარკვეული ღირებებულებების მქონე ადამიანისთვის. ფანატიკოსებს და კონფორმისტებს რა უნდა მოვთხოვოთ? რა პასუხი უნდა მოეთხოვოს პატრიარქს, სააკაშვილს, უგულავას, ნათელაშვილს, გაჩეჩილაძეს, მამაიობს, მამა ჯემალ ღობეგლეჯიაშვილს ან დედა-ეკლესიის მრევლს ქალბატონ ციალა კოკროჭინაძეს?

ადეკვატური ადამიანები არსებობენ როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში. მათი დუმილი და კონფორმიზმი ასევე სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული, მაგრამ, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა მართლმადიდებლური ფაშიზმის გაძლიერებაზე სწორედ მათ ეკისრებათ.

სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდიდან შეიძლება დავასახელოთ გიგა ბოკერია და დავით დარჩიაშვილი. ვერ ხედავენ ისინი არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას? არა აქვთ ამის ინტელექტუალური უნარი? მაგრამ მორჩილად მიჰყვებიან საკუთარი პოლიტიკური გუნდის გენერალურ ხაზს, რომლის არსებობაც ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ პოლიტიკოსი ყოველთვის უნდა ცდილობდეს უმრავლესობის სათავეში მოქცევას, ანუ ყვარყვარე თუთაბერობას. ოპოზიციიდან კი ამის მძაფრი მაგალითია სოზარ სუბარი, უფრო ნაკლებად კი პაატა ზაქარეიშვილი და ივლიანე ხაინდრავა. ისინი მშვენივრად ერკვევიან აღნიშნულ პრობლემებში, მაგრამ თვლიან, რომ მართლმადიდებლური ფაშიზმის პოზიციებზე გადასვლა მათთვის პოლიტიკურად მომგებიანია. სანამ ქართულ პოლიტიკაში ამგვარი შეხედულება იქნება მამოძრავებელი ძალა პოლიტიკოსისათვის, მანამდე იქნება ასეთი კატასტროფული სიტუაცია.

სამწუხაროდ, ქართული სამოქალაქო საზოგადოებაც მთლიანად პოლიტიზირებულია და ორ ნაწილადაა გაყოფილი. არასამთავრობოების ერთი ნაწილი ხელისუფლებას ემხრობა, მეორე – ოპოზიციას. შედეგიც შესაბამისია, თუმცა ამ სივრცეში უფრო მეტია ადექვატური ადამიანი. პოლიტიკური მოსაზრებების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილი და ინერტულობა, აგრეთვე, გამოწვეულია უბრალო შიშით, რადგან ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ მართლმადიდებლურ ფაშიზმთან დაპირისპირების შემთხვევაში, ისინი სრულად მარგინალიზირებული იქნებიან (სხვა ვერაფრით ავხსნი, მაგალითად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დუმილს). ზოგიერთი არასამთავრობო რამდენჯერმე შეეცადა საეკლესიო-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის გაკრიტიკებას. ბუნებრივია, რომ პირველ ეტაპზე მძაფრი პასუხი მიიღო, ამიტომაც, გაჩერდა და ჩირგვებში ჯდომა, ანუ პრაგმატული „რეალპოლიტიკა“ აირჩია. ამგვარი პოზიციის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ თავისუფლების ინსტიტუტი და ლევან რამიშვილი.

ევროპაში პროგრესის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იყვნენ უნივერსიტეტები. საკვირველია, რომ ქვეყანაში, სადაც არსებობს ისეთი სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულება, როგორიცაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მართლმადიდებლური ფაშიზმი დომინირებდეს. არის ასეთ რუსული გამოთქმა: „не оскорбляйте мой интеллект!“. საზოგადოების საყოველთაო იდეოლოგიზირება, მართმადიდებლური ფაშიზმის პრიმიტიული სიბნელის პროპაგანდა ცხოვრების ყველა სფეროში, სწორედაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძისა და მთელი პროფესორთა კორპუსის ინტელექტის შეურაცხყოფაა. როდესაც მართლმადიდებლური ფაშიზმი თავისი ბინძური თათით ებღაუჭება ფილოსოფიას, სოციოლოგიას, ბიოლოგიას, ისტორიას, მათემატიკას და სხვ., ამ დროს უნივერსიტეტი უნდა დუმდეს? თუ გიგი თევზაძე და უნივერსიტეტის სხვა პროფესორები ფიქრობენ, რომ მათი მოვალეობაა, ჩუმად აკეთონ თავისი საქმე, ძალიან ცდებიან, რადგან მართლმადიდებლური ფაშიზმი არის მნიშვნელოვანი დაბრკოლება სამეცნიერო, ინტელექტუალური და კულტურული განვითარებისათვის.

ასე რომ, ჩემი აზრით, მართლმადიდებლური ფაშიზმის გაძლიერებაზე პასუხისმგებლები არიან არა კათოლიკოს-პატრიარქი, სააკაშვილი, ან გუბაზ სანიკიძე, არამედ ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე და სოზარ სუბარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი