კომენტარი

ტოკიოს წერილის შესახებ

27 ოქტომბერი, 2010 • 1350
ტოკიოს წერილის შესახებ

   ამ დღეებში კულტურის სამინისტროს თაოსნობით დაიწყო კიდევ ერთი პიარ კამპანიის აგორება ქართული პენ კლუბის და, ზოგადად, დევნილ მწერალთა წინააღმდეგ.  პენ კლუბის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ჯერ ‘რეალ-ტივის’ და შემდგომ უკვე “ლიტერატაურული გაზეთის” თანამშრომლები დაუკავშირდნენ, რომლებიც თითქოს არკვევდნენ, ვინ შეადგინა ჩვენ მიერ ტოკიოს კონფერენციაზე გაგზავნილი წერილი.  ჟურნალისტი თაკო ჟურული მეც დამიკავშირდა, რომელმაც რამოდენიმე კითხვა დამისვა.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ კითხვების დასმა არც თავად ჟურნალისტის და არც რედაქტორის ინიციატივით არ მომხდარა.  როგორც გაირკვა, ამ პიარ კამპანიას სათავეში ედგნენ საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა და დიდი ქართველი “მწერალი” მამუკა ხერხეულიძე.  სწორედ მათ დაიწყეს ეს კამპანია ქართული პენ კლუბის დისკრედიტაციისათვის.  ამის გარდა, მათმა მეგობარმა სადამსჯელო ორგანიზაციებმა ჩემზე და ორ ახალგაზრდა პოეტზე– შოთა გაგარინზე და ალექს ჩიღვინაძეზე– შეიტანეს კიდევ ერთი სარჩელი სასამართლოში, სადაც ჩვენზე დაკისრებულ ჯარიმას 400 ლარს კიდევ 2000 ლარი დაუმატეს, რითიც კიდევ უფრო გაამწვავეს ჩვენი დევნა, მხოლოდ იმისათვის, რომ მოვინდომეთ ჯორჯ ბუშის ქუჩისათვის სახელი შეგვეცვალა და მისთვის უოლტ უიტმენის სახელი დაგვერქმია.

  როდესაც “ლიტერატურული გაზეთის” ჟურნალისტმა კითხვები გამომიგზავნა, მე ყოველ მათგანს დაწვრილებით და თავაზიანად ვუპასუხე.  ამის მერე დამიკავშირდა ამ გაზეთის რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე და მითხრა, რომ პოლიტიკური ცენზურის გამო, ამ პასუხებს მთლიანად ვერ გამოაქვეყნებდა.  მე მას ზრდილობიანად მივწერე, რომ მაშინ უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ გამოექვეყნებინა ჩემი პასუხები და უფლებას ვიტოვებდი, რომ ეს ინტერვიუ და ჩემი სრული პასუხები რომელიმე სხვა გამოცემაში გამოგვექვეყნებინა.  ახლა, ვსარგებლობ ამ უფლებით და ნეტგაზეთში ვაქვეყნებ ჩემს სრულ პასუხებს მამუკა ხერხეულიძისა და ნიკო რურუას დაკვეთით დასმულ შეკითხვებზე.

 

 

ხართ თუ არა წერილის თანაავტორი?

 

  ქართული პენ კლუბის მიმართვას ტოკიოს კონფერენციისადმი, რაღა თქმა უნდა, ხელი მოვაწერე და სრულიად გავიზიარე მისი სულისკვეთება.  ეს წერილი პენ კლუბის თავმჯდომარემ, დავით ქართველიშვილმა საერთო კრებაზე ყველა ბორდის წევრს გააცნო და, ამასთან ერთად, 16 სექტემბერს, გაგზავნამდე, ყველას დაეგზავნა ამ წერილის ელექტრონული ვერსია.  ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია ჩვენს ელექტრონულ ფოსტაში.  ამ წერილის საწყისი ვარიანტი დაწერა ქალაბატონმა ნაირა გელაშვილმა, რომლის სულისკვეთებასაც აბსოლუტურად ვეთანხმები და საბოლოო ვარიანტი  ჩვენმა თავჯმდომარემ დავით ქართველიშვილმა შეადგინა, რომლის შენიშვნებიც, აგრეთვე, ყველამ გავიზიარეთ.  სწორედ თავმჯდომარის მიერ ბოლოს შედგენილი წერილი გაეგზავნა საერთაშორისო პენ კლუბს.  ბორდის ყველა წევრს დაეგზავნა წერილის ვარიანტი და არავის თავისი საწინააღმდეგო აზრი წერილობით არ დაუფიქსირებია.  ჩვენ გვაქვს ასეთი წესი – ყველაფერს წერილობით ვაგზავნით ბორდის ყველა წევრთან და თუ ვინმეს შესწორება აქვს, თავის აზრს წერილობით გამოთქვამს.  ყველა ეს წესი ჩვენი თავმჯდომარის მიერ დაცული იყო და ამის დოკუმენტური მტკიცებულებაც არსებობს ელექტრონულ მიმოწერაში.  ელექტრონული ფოსტა სწორედ ამიტომაც არის დოკუმენტების მიღების კარგი საშუალება, რადგანაც ვინმე თუ რამის წინააღმდეგია, აუცილებლად დააფქისირებს ამას და მისი აზრი, თარიღის შენარჩუნებით, მყისიერ დოკუმენტად იქცევა, რომლის შემოწმებაც ყველას შეუძლია.  მე პირადად, მინდა ვთქვა, რომ მთლიანად ვიზიარებ იმ წერილის შინაარს, რომელიც ბატონმა დავით ქართველიშვილმა და ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა შეადგინეს და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ბორდის ყველა წევრთან ერთად, რომელთაც ყველამ მიიღეს ეს დოკუმენტი საერთო შეკრებაზე.  

 

ემვის ცნობილია, რომ პენ კლუბის ბორდის ზოგიერთმა ევრმა არაფერი იცოდა ტოკიოს კონფერენციისადმი მიმართვის ესახებ; (რამდენად მართებული იყო, ქვენი აზრით, იმ ადამიანების სახელი საუბარი?)

 

გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან უნდა პენ კლუბში განხეთქილების შემოტანა და ახლა, თქვენი ეს კითხვაც, ცხადია, ამ მიზანს ემსახურება.  არ ვიცი, საიდან მოგივიდათ ეს აზრი თავში.  არსებობს სრული დასაბუთება (წერილობითი), რომ ეს წერილი 16 სექტემბერს ბორდის ყველა წევრს დაეგზავნა.  ჩვენ ყოველთვის ერთიან პოზიციას ვაქვეყნებთ.  რა თქმა უნდა, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, შეიძლება ახლა ნებისმიერ ადამიანს ათქმევინონ, რომ მე ეს ხელისმოწერა არ გამიკეთებიაო, მაგრამ ფაქტია, რომ საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ხმების უმრავლესობით (ამ კრებას ბორდის 7 წევრი ესწრებოდა და მე ტელეფონით წამიკითხეს მიმართვის ტექსტი, რომელსაც დავეთანხმე).  დათო ტურაშვილს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა ამ კრებას, გაეგზავნა სრული კორესპონდენცია, თქვენ მიერ ნახსენები წერილის ჩათვლით.  ამ წერილში რაც წერია, ყველაფერი აბსოლუტური სიმართლეა – ის ჩემი დაწერილი არ გახლავთ, მაგრამ ვიზიარებ მის ყველა პუნქტს – და ბორდის ერთიანობაში არანაირი ბზარის შეტანას არ ვაპირებ, საქართველოს პოლიციური ხელისუფლების კარნახით.

 

ენ კლუბი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რატომ გადაწყვიტე კლუბის საქმიანობა (ვგულსხმობ რეორგანიზაციის ემდეგ) პოლიტიკური განაცხადი დაგეწყ?

 

  პენ კლუბი ნამდვილად აპოლიტიკური ორგანიზაციაა, ისევე როგორც ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია.  ეს არის სიტყვის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია, რომელიც იცავს მწერლების, ჟურნალისტების, პუბლიცისტების უფლებებს.  ეს განცხადება პოლიტიკური შინაარსის არ არის, ის არის უფლებადაცვითი შინაარსის და პენ კლუბის პირველადი მოვალეობა სწორედ მწერლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვაა.  მე ვფიქრობ, სიტყვა “პოლიტიკური განაცხადის” მნიშვნელობა კარგად უნდა ვიცოდეთ.  პოლიტიკური განაცხადი გახლავთ ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის განცხადება, სადაც ისინი ხელისუფლებისათვის ბრძოლას საკუთარ მიზნად აცხადებენ.  ამ წერილში დაწერილია პენ კლუბის მოსაზრება საქართველოში არსებულ პოლიციურ რეჟიმზე და მოგეხსენებათ, საოგადოებრივ საკითხებზე საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება კი ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას აქვს.  ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენ მიერ ამ წერილის მონათვლა “პოლიტიკურ განაცხადად” საბჭოურ პროპაგანდას ემსგავსება, როდესაც დისიდენტ მწერლებს კიცხავდნენ საკუთარი აზრის გამოთქმისათვის?  მწერალი იმის მწერალია, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების საწინააღმდეგოც – თუმცა ეს “პოლიტიკური განაცხადი” კი არ არის, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებაა.  “პოლიტიკურ განაცხადებს” მხოლოდ პოლიტიკური პარტიები აკეთებენ, ვისი მიზანიცაა ხელისუფლებაში მოსვლა.  მერწმუნეთ, მეც, ნაირა გელაშვილსაც, დათო ტურაშვილსაც, დათო ქართველიშვილსაც, რატი ამაღლობელსაც და ბორდის ნებისმიერ წევრსაც პოლიტიკური პრივილეგიების მოპოვება რომ გვდომებოდა, ბოლო 20 წლის მანძილზე არ გაგვიჭირდებოდა რომელიმე “პარტიულ სიაში” ჩაწერა და უკვე იქიდან “განცხადებების” კეთება.  მაგრამ ჩვენ ის გზა ვარჩიეთ, რომელიც მწერლისთვის უფრო შესაფერისი და არაკომფორტულია.  ხშირად სიმართლე, რომელსაც მწერალი წერს, არც ერთი პოლიტიკური პარტიისათვის მისაღები არ არის და ამიტომაც არის აუცილებელი ჩვენთვის ეს დამოუკიდებლობა “პოლიტიკური” სამყაროსგან.  უსამართლობის კრიტიკა კი ყველა მწერლის მოვალეობაა და კონფორმიზმის გზაზე დგომა საბჭოთა მწერალთა კავშირის ტრადიციებიდან არის.  ჩვენი მთავარი კრიტერიუმი სწორედ ნონ-კონფორმიზმი გახლავთ, რაც გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის დიქტატს.

 

ერილ საუბარია ქარველ არაკონფორმისტ ერალ უკიდურესად იმე მდგომარეობაზე. პირადად ქვენ, როგორც ერალი, პუბლიცისტი, ეზუდული ხარ ქვენს საქმიანობა?

 

მე კი არა, ნებისმიერ მწერალი, რომელიც არ გიაზიარებს სააკაშვილს ნაციონალისტურ და სამხედრო-პოლიციურ პოლიტიკას და ხმას აღიმაღლებს ამის წინააღმდეგ, შეზღუდული კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით დატერორებულია.  ყველა ამ ადამიანს ემუქრება სრული მარგინალიზაცია.  მე ჩემი ლიტერატურული მოღვაწეობისთვის 5-ჯერ ვარ უკვე ამ ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული.  მაგრამ არის ხალხი, რომელიც ჩემზე უარეს დღეშია.  ამ ადამიანებს დღევანდელი ხელისუფლება შიმშილით სულს ხდის, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ აჰყვა თავის პროპაგანდისტულ კამპანიაში.  ეს საბჭოთა მოდელის სრული განმეორებაა.  ბოლო მაგალითი რად ღირს მარტო: 14 აგვისტოს ჩავატარეთ მეტად მცირერიცხოვანი ლიტერატურული მულტი-მედია პერფორმანსი პოლიფონიური დისკურსის დემონსტრირებისათვის 3-მა მწერალმა: ალექს ჩიღვინაძემ, შოთა გაგარინმა და მე.  ამ აქციის შემდეგ ჩვენ არა მარტო დაგვიჭირეს, არამედ გამოაცხადეს ახალგაზრდა პოეტების პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური დევნა.  შოთა გაგარინი გიგა ბოკერიას ცოლმა სამუშაოდან დაითხოვა.  ამ ფაქტს გამოეხმაურა საერთაშორისო პენიც, და ამერიკული პენიც.  მათი განცხადებების მოპოვება ადვილად შეგიძლიათ.  ზურაბ რთველიაშვილსაც არ ასცდა რეპრესიები 2006-2009 წლებში, რის გამოც იგი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა.  ამის გარდა, მიმდინარეობს ყველა იმ მწერლის მარგინალიზაცია და დემონიზაცია, რომელიც რეჟიმს არ ემსახურება.  

როგორ ეპყრობა დღევანდელი რეჟიმი ჭაბუა ამირეჯიბს და სხვა მწერლებს, რომლებიც სამხედრო პროპაგანდას არ ეწევიან?  ამ კითხვაზე პასუხი თქვენ უჩემოდაც გექნებათ.  ის ფაქტი, რომ ნაირა გელაშვილი ამხელა ზეწოლას განიცდის ხელისუფლებისგან, კიდევ ერთი მოწმობაა იმისა, რომ ეს ავტორიტარული რეჟიმი ვერ ეგუება განსხვავებულ აზრს.

მე პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა ის აქცია, რომელიც ჩვენ მოვაწყვეთ 2006 წლიდან დღემდე სუფთა ლიტერატურული ხასიათისაა, სადაც თანამედროვე მულტი-მედია დისკურსის სხვადასხვა საშუალებებს ვიყენებდით.  და ამის საპასუხოდ ჩვენ მხოლოდ რეპრესიებს ვიღებთ.  ჩვენი პოლიფონიური კითხვები სტამბულში ახლახანს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ახალი დისკურსის მაგალითად აღიარეს საერთაშორისო ლიტერატურულმა კრიტიკოსებმა.  ნოამ ჩომსკიც დაინტერესდა ახალი ლიტერატურული სტილით.  საქართველოს მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ გვერდში დადგომოდა ახალგაზრდა მწერლებს, პოლიტიკური ისტერია გამართა.  მე ჩემს ლექსში ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი უკეთილშობილეს ცხოველებს, ძაღლებს შევადარე და  მადლობის მაგიერ, მათ ფიზიკური ანგარიშსწორება გადაწყვიტეს.  მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ძაღლი ითვლება კეთილშობილების სიმბოლოდ და მხოლოდ საქართველოშია, რომ პოლიციური რეჟიმი ამ კეთილშობილ ცხოველს რეპრესიის სიმბოლოდ აქცევს.  როგორც არ უნდა მოგწონდეს ლიტერატურული ნამუშევარი, არავის აქვს უფლება, რეპრესიებს მიმართოს განსხვავებული აზრის მწერლებისა თუ ჟურნალისტების მიმართ. 

 

ქვამს არა რომელიმე გამომცემელს უარი  ქვენი წიგნის დაბედვაზე იმის გამო, რომ ქვენ განსხვავებული მოქალაქეობრივი პოზიცია  გაქვ?

 

მე უკვე მოგახსენეთ ჩემს პერფორმანსებს რა შედეგებიც მოჰყვა.  ასეთივე შედეგები მოჰყვა ზურა რთველიაშვილის პერფორმანსებსაც.  ასეთ პერფორმანსებს ცივილიზებულ სამყაროში, თუნდაც თეთრი სახლის წინ, უამრავი დისიდენტი პოეტი ატარებს და მათ ამის გამო პრემიებს ანიჭებენ.  ალენ გინზბერგს ლიტერატურული პრემიები მიანიჭეს იმის გამო, რომ ამერიკას აგინებდა.  ჩვენ კი საბჭოთა ტიპის სახელმწიფო გვაქვს.  პოლიტიკური ელიტა ამ უწყინარ აქციებზე ისტერიკაში ვარდება და ცდილობს, მწერლებზე შური იძიოს.  დღეს ჩემი წიგნები ამერიკაში გამოდის და იმედი მაქვს, ჩემს გამომცემელს საქართველოში მალე მიეცემა საშუალება, რომ მანდაც გამოუშვას.

  საქართველოში დღეს არა მარტო პოლიტიკური ტერორია, არამედ სოციალ-ეკონომიკური რეპრესიებიც.  ყველა დამოუკიდებელი მწერალი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს.  ეს თითქოს “ბაზრის” პრინციპებით მართლდება, მაგრამ სინამდვილეში ყველა იმ გამომცემელს და ჟურნალს, რომელიც დამოუკიდებელ პოზიციას გამოხატავს, ეკონომიკურად ახრჩობენ.  ყველამ ვიცით, რომ ქართულ “ბაზარს” მთავრობის მიერ ხელდასმული ოლიგარქები აკონტროლებენ.  ელეტქრონულ მედიასაც თითქმის მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს.  ამიტომაც, ცხადია, თავისუფალი აზრის გამოხატვა დიდი პრობლემაა.

 

ქვენს ლიტერატურულ მოვაეობას როდესმე ექმნია წინაამდეგობა და რა სახი

 

 როგორც უკვე გითხარით, ზურა რთველიაშვილთან, შოთა გაგარინთან და ალექს ჩიღვინაძესთან ერთად, 2006-2010 წლებში პოლიციური ხელისუფლების მიერ რამდენჯერმე დაპატიმრებულიც ვიყავი.  ბოლო შემთხვევა ორი თვის წინათ მოხდა და არ გაგიჭირდებათ ამის გადამოწმება.   გარდა ამისა, სხვადასხვა მთავრობის დაქირავებულმა ავტორებმა და ჟურნალ-გაზეთებმა ლამისაა ტერორისტებად გამოგვაცხადონ.  ასე რომ, ამ კითხვის დასმა, ვფიქრობ, უხერხულიც უნდა იყოს. 

 

საქართველოში 1998 წლიდან მყავდა ორი გამომცემელი, რომელთა ძალიან მადლობელი ვარ.  ერთი მათგანია ბატონი მერაბ ქათამაძე და გამომცემლობა ‘აზრი’.  მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაშია ახლა მერაბ ქათამაძე.  მას მანქანაში იარაღი ჩაუგდეს და დააპატიმრეს, რითიც ეფექტურად ჩამოაცილეს საგამომცემლო საქმიანობას.  მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

  მეორე გამომცემლობა გახლავთ ‘სიესტა’.  ქეთი კიღურაძემ დიდი გამბედაობა გამოიჩინა არა მხოლოდ იმიტომ, რომ “კანდიდატი ჯოყოლ”‘ გამოაქვეყნა თავის დროზე, არამედ იმიტომაც, რომ არაკომერციულ, ნონ-კონფორმისტულ ლექსებს აქვეყნებდა.   მე გარკეული მორალურ-ეთიკური პრინციპების დაცვით არ ვილაპარაკებ მასზე, თუ რაიმე ზეწოლა არის ამ მხრივ.  ამაზე სჯობს თვითონ ილაპარაკოს.  იგი აპირებს, რომ გამოაქვეყნოს ჩემი ბოლო წიგნი “თავისუფლების თეოლოგია” , ისევე როგორც შოთას და ალექსის წიგნები.  სამწუხაროდ, ამ წიგნების გამოცემა გადაიდო, მაგრამ იმედი მაქვს, მაინც მოხერხდება.

  ამ გამომცემლებზე ზეწოლა მარტო ჩემ გამო არ ხდება.  ჩემ გარდა კიდევ ბევრი ღირსეული მწერალია, რომელთა წიგნების გამოქვეყნება დღეს არ ხდება და რომლებიც მარგინალურ მდგომარეობაში ჰყავს მოქცეული დღევანდელ პოლიციურ რეჟიმს.

  მე ვფიქრობ  მწერლების ეს დევნა და მათი პოლიციური მეთოდებით დასჯა, უწყინარი სამკაციანი პერფორმანსების გამო, არაფრით წაადგება სახელმწიფოს.  პირიქით, ყველა საზოგადოებისათვის სასარგებლოა, როდესაც არაკონფორმისტ მწერლებს უსმენს და მათს აზრსაც ითვალისწინებს.

  დაბოლოს, მე მზად ვარ, ქართული პენ კლუბის ბორდთან და თავმჯდომარესთან ერთად, ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე, ვითანამშრომლო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც და თქვენს გაზეთთანაც, რათა ლიტერატურული სივრცე საქართველოში უფრო დემოკრატიული გახდეს.  ნიკო რურუაც ჩემი ბავშვობის მეგობარია, ირაკლი ჟავახაძეც (რომლის მწერლობასაც დიდ პატივს ვცემ).  ზალიკო სამადაშვილი კი ნამდვილად ღირსეული ადამიანია, რომელიც ქართული პენ კლუბის ვიცე პრეზიდენტი იყო წლების მანძილზე და ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ქართული მწერლობისთვის.  მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ საკითხებზე ჩვენ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მე ყოველთვის მზად ვიქნები, მათთან კონსტრუქციულ და ორმხრივ დიალოგში ჩავება.  და თუ რომელიმე შემდეგი ხელისუფლება ზალიკოს ან ირაკლის უფლებების დარღვევას გადაწყვეტს, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პენ კლუბის ბორდის ყველა წევრი მათ უფლებებს ისევე დაიცავს, როგორც საკუთარს.

  ჩვენ ხელისუფლებას კი არ ვებრძვით – ჩვენ უსამართლობას და ავტორიტარიზმს ვებრძვით, რომლისგანაც არც ერთი ხელისუფლება არ არის დაზღვეული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი