კომენტარი

ბუზთა ბატონი

21 ოქტომბერი, 2010 • • 1924
ბუზთა ბატონი

ამ ცოტა ხნის წინ სამარშრუტო ტაქსით ვბრუნდებოდი სახლში (ჩვეულებრივი ამბავია). გოლდინგის „ბუზთა ბატონს“ ვკითხულობდი და იქ აღწერლი სისასტიკე მაოცებდა. ვფიქრობდი, რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს ადამიანი მეორე ადამიანის მიმართ. მერე გამახსენდა, ჩემი ამერიკაში მცხოვრები ახლობელი მიყვებოდა, კარგა ხნის წინ, აქ რო კვდებოდე, არავინ დაგეხმარებაო. მაშინ ვიფიქრე, აქ, საქართველოში, ასეთი რამე არავითარ შემთხვევაში არ მოხდება–მეთქი. და იქაც, სამარშრუტო ტაქსის ცუდ განათებაში, გოლდინგის კითხვის დროს, სწორედ ეს გამახსენდა. ზუსტად ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ალბათ რამე ზებუნებრივმა ძალამ გადაწყვიტა ჩემი პატრიოტული გულუბრყვილობიდან გამოყვანა და მანქანაში ჩოჩქოლი ატყდა. თავიდან კარგად ვერ გავიგე რა ხდებოდა. ვიღაც ქალი ამბობდა სისხლისგან იცლებაო, მეორე  ამბობდა დაჭრილიაო, მესამე ვაიმე შვილოო გაიძახოდა. ხდებოდა აი რა: დაახლოებით 18-20 წლის დაჭრილი ბიჭი, შეცდომით ამოვიდა იმ სამარშრუტო ტაქსში, რომელიც მის სახლამდე არ მიდიოდა. როცა მასთან ახლოს მსხდომმა ხალხმა დაინახა, რომ ბიჭს სისხლი მოსდიოდა, ერთი ამბავი ატყდა. ბიჭმა ძლივს ამოილუღლუღა, საავადმყოფომდე მიმიყავნეთო, რომ ამ დროს მანქანა მოწყვეტით გაჩერდა. მძღოლმა ერთი უღრიალა შენი შარის თავი არ მაქვსო და ხელის კვრით ჩააგდო მანქანიდან.  ბიჭი წაბარბაცდა და წაიქცა. წაიქცა თუ არა, მანქანა ისეთივე მოწყვეტით დაიძრა ადგილიდან, როგორითაც გაჩერდა. ჯერ ალიაქოთი იყო, მერე ყველა მიწყნარდა. ადგილ-ადგილ საუბრებიც კი ისმოდა მგზავრების პირადი ცხოვრებიდან.

მზერა გამიშეშდა. გაოგნებული ვიყავი ახლახანს წაკითხულის იმავე წუთას რეალობაში გადმოტანით. მერე უცბად იქ მყოფი ყველა მგზავრი შემზიზღდა, საკუთარი თავიც მათ შორის. ყველაზე მეტად მძღოლი მეზიზღებოდა, რომელმაც შესაძლოა ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტა. თუმცა რა, არ დახმარებაც იგივე გამეტებაა. ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიყავით. უამრავი რამე მინდოდა მეთქვა იქ, იმ პატარა, ცუდად განათებულ მანქანაში შეკრებილი „საზოგადოებისთვის“, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებდი. ალბათ შოკის გამო, ან იმის გამო, რომ ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი და ხმა არ ამომდიოდა, ან იმის გამო, რომ საკუთარი თავისთვისაც უნდა მიმემართა და სინდისი ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევდა.

ბოლოს ისღა მოვახერხე რომ ჩემთვის უცნობი ხმით დავიყვირე სული მეხუთება თქვენთან, უნდა ჩავიდე, გამიჩერეთმეთქი. მძღოლმა საოცარი სიმშვიდით მითხრა, ჩადი მერე, ვინ გიშლისო. ჩავედი…

ყველა ერშია კარგი და ცუდი. მთელი ერი არც მარტო ერთი კარგი ადამიანით უნდა განსაზღვრო და არც ერთი ცუდით. ორი ერთადაც არაა საკმარისი, ორი ერთნაირი ყოველთვის იპოვის ხოლმე ერთმანეთს. მაგრამ რა ვთქვა, თუ მთელი სამარშრუტო ტაქსი ერთნაირად გულცივი ადამიანებითაა სავსე? ახალი გამოთქმა შემოვიტანოთ? ვთქვათ, რომ ყველა ერში გამოერევა ერთი სამარშრუტო ტაქსი ასეთი ადამიანი? 

მაშინ, ფრთხილად იყავით მგზავრობისას. იქნებ სწორედ იმ „გამორეული“ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობთ და მძღოლი ადამიანის მაგივრად „ბუზთა ბატონია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი