კომენტარი

ლია უკლებას სიცოცხლე

8 ნოემბერი, 2015 • 2204
ლია უკლებას სიცოცხლე

საზოგადოების მხრიდან განცხადებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა. საჯარო სივრცეში უმეტესწილად კაცებმა ბევრი ისაუბრეს ძალაუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რელიგიურ გრძნობებსა და ცენზურაზე, ხელოვნების აღქმასა და ვერაღქმაზე, ესთეტიკასა და მეტაფორებზე. მხატვრის (და არ ამხოლოდ მხატვრის) სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ყურადღება ისევ მისმა მეგობრებმა გაამახვილეს. გიორგი ხასაია იყო პირველი,. ვინც საფრთხეზე პირდაპირ და საჯაროდ ალაპარაკდა. მალევე გაჩნდა გივი ავალიანის პეტიცია უკლებას სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნით. 

პეტიცია 2015 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდა. დღეს, 8 ნოემბრის დილის ათი საათისთვის 20 000 სასურველი ხელმომწერიდან მას მხოლოდ 745 მხარდამჭრი ჰყავს. ეს ყველაზე ცოტა ხელმოწერაა, რომელიც მე პირადად, რომელიმე პეტიციაზე მინახავს.  

იმ ბრაზისა და სასოწარკვეთის ფონზე, რომლითაც პეტიციის ხელმოწერების რაოდენობას თითქმის ერთი კვირაა თვალს ვადევნებ, ერთი შეკითხვა მუდმივად მაწუხებს: როგორ ფიქრობთ, ლია უკლება რომ თბილისურ-ელიტურუბნელ-ინტელექტუალ-ხელოვანი და რაღა თქმა უნდა, ჰეტერო კაცი ყოფილიყო, პეტიციას რამდენი ხელმომწერი ეყოლებოდა?

ამ კითხვის შემდეგ უფრო მტკივნეული კითხვა მიჩნდება – ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი ინდივიდუალური საჯარო მხარდაჭერის გარდა, სად არის ლია უკლებას მიმართ ქალთა სოლიდარობა?

სად არის ქალთა მოძრაობა? ლია უკლება გარდა იმისა, რომ ქალია, ხომ ღიად ფემინისტი ხელოვანი და აქტივისტია?

სად არიან მემარცხენე სოციალისტი გოგოები – სოციალურ ჩაგვრასა და უსამართლობაზე ვინ ქმნის იმაზე მეტს, ვიდრე ლია უკლება?

სად არიან ინტელექტუალი და უფლებადამცველ იქალები? სად არიან ქალთა არასამათავრობო ორგანიზაციები?

სად არის თქვენი რეაქცია საფრთხეზე, რომელიც ქალის, ფემინისტის სიცოცხლეს ემუქრება? მხოლოდ ფემიციდის 25 მსხვერპლი არის საკმარისი ხმის ამოსაღებად? არ გგონიათ, რომ ახლა თქვენი საჯარო დუმილი იმის პასიური აღიარებაა, რომ ქალის სიცოცხლეს თქვენივე თვალში ნაკლები ფასი აქვს?

სწორედ, ამიტომაც მგონია, რომ თქვენ – პეტიციაზე (ამ დროისთვის) 19255 ხელისარმომწერთან და მხატვრის სიცოცხლეზე არმოლაპარაკე ტიპებთან ერთად ისეთივე პასუხისმგებელი ხართ ლია უკლებას წინაშე, როგორც მის სიცოცხლეზე ნადირობის განმცხადებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი