კომენტარი

სააკაშვილი გაეროს რეზოლუციის შესახებ საუბრობს

13 სექტემბერი, 2010 • 1259
სააკაშვილი გაეროს რეზოლუციის შესახებ საუბრობს

მოგესალმებით, ბატონო მიხეილ.

– მოგესალმებით. ყოველთვის სასიამოვნოა ამერიკის ხმისთვის ინტერვიუს მიცემა.  მე მახსოვს ჩემი თანამშრომლობა თქვენს რადიო სადგურთან 90-ან წლებში, როცა სტუდენტი ვიყავი ნიუ იორკში და ვაშინგტონში. ეს იყო მართლაც ძალიან კარგი გამოცდილება.

ბატონო პრეზიდენტო, 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები ამერიკის ისტორიაში მოუშუშებელ იარად დარჩა. დღევანდელი გადასახედიდან, რა ზეგავლენა მოახდინა ამ ტრაგიკულმა დღემ მსოფლიოზე და საქართველოზე. როგორ ეხმაურება საქართველო ამ დღეს?

– რეალურად, 11-მა სექტემბერმა საფუძვლიანად შეცვალა მთელი მსოფლიო. მართლაც, ეს იმდენად არ ჩანდა მაშინ, როგორც ახლა გამოჩნდა, შემდგომ განვლილი პერიოდის განმავლობაში, ფუნდამენტურად შეცვალა თამაშის წესები მსოფლიოში, ფუნდამენტურად შეცვალა ასევე პრიორიტეტები. მე ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა მას შემდეგ. გაუარესდა და დამძიმდა სიტუაცია. იმიტომ რომ, როგორც იყო 11 სექტემბრამდე, რომ ჩაითვალა, რომ ცივი ომი დამთავრდა, რომ მსოფლიო მიდის პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, არაფერი ამას წინ არ დაუდგება და, საერთოდ, ყველას აქვს წინ ნათელი მომავალი. აღმოჩნდა, რომ სიტუაციამ უცებ მიიღო საკმაოდ უსიამოვნო შემობრუნება. ამის შედეგებს, პლანეტის მოქალაქეები და თითოეული ქვეყნები, განსაკუთრებით პატარა ქვეყნები  ძალიან გრძნობს.

ბატონო პრეზიდენტო, გაეროს ბოლო რეზოლუციას გვინდა გამოვეხმაუროთ, რომელსაც თქვენ დიპლომატიური გამარჯვება უწოდეთ.

– აქ საუბარია იმაზე, რომ არ უნდა იყოს დიდი თეორია იმაზე, რომ  450 ათასზე მეტი დევნილი, რომელიც გამოძევებულია თავისი სახლებიდან  450-დან 500 ათასამდეა. ამ  ციფრს გააჩნია, როგორ დათვლი – რომ ამ ხალხს აქვს უფლება დაბრუნდეს საკუთარ სახლში, აღიდგონოს ღირსება, ქონებრივი უფლებები, დაბრუნდნენ იქ, სადაც დაიბადნენ,   სადაც გაიზარდნენ, სადაც სკოლაში დადიოდნენ, სადაც შვილები გაუჩნდათ, სადაც მათი წინაპრები არიან დასაფლავებული. თითქოს ამის შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გამართა რუსეთის ფედერაციამ და იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე ქვეყნის ლიდერს, მაგალითად პრეზიდენტმა მედვედევმა დაურეკა, ზოგს ორჯერ დაურეკა, და ეს რაც ჩვენ ვიცით და ალბათ რაღაცეები არ ვიცით. და აქ საუბარია იმაზე, მიუხედავად ამ ყველა ზეწოლისა, შანტაჟისა , პირდაპირი მუქარებისა და ასეთი ღია დემარშები იყო, ეს არ არის კონსპირაციული თეორიები, წელს ინდოეთმა თავი შეიკავა, თუმცა შარშან ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ალჟირმა, ლიბიამ, ირანმა, ბოლივიამ, ეკვადორმა თავი შეიკავეს. დაემატა რუსეთს ერთ-ერთი კუნძულები, სოლომონის კუნძულები, კიდევ დაემატა თუ არ ვცდები სერბეთის ხმა იმ შანტაჟის გამო, რომლის ქვეშ და წნეხის ქვეშ ამყოფებდა რუსეთი სერბეთს. საბოლოო ჯამში ძალიან დიდი ქვეყნები გამოაკლდა და რაც მთავარია, ჩვენი მომხრეების რიცხვი გაიზარდა. ჩვენი კი არა ამ დევნილების. ასე, რომ ეს არის მართლა გარკვეულ წილად სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა.  იმიტომ რომ გაუგებარია, როცა შენ ასე ეწინააღმდეგები ელემენტარულ ადამიანის უფლებებს, როგორ შეიძლება გაამართლო ეს რაიმე დიპლომატიურ აუცილებლობად. ნუ რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციაში არის პოლიტიკურ-სამართლებლივი ნაწილიც, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამას, პრაქტიკულად არც არავინ არ აყენებს ეჭვქვეშ. უბრალოდ ბოლო ხანებში თვითონ რუსეთიც მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე იცავს თავის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვას, შეეგუა ამ აზრს, რომ დანარჩენი მსოფლიო ამ აზრს არასოდეს არ მიიღებს. მე მგონი ეს მათ გაითავისეს, რომ მათი წინასწარი იმედები, რომ ან ვინმე თუ რამე  პირდებოდა მას, რომ მასობრივად ვინმე ამას მიიღებდა, აღიარებდა, გადაყლაპავდა, ეს ასე არ მოხდა. რა თქმა უნდა ერთი საკითხია, რომ იურიდიულად ამას არავინ არ მიიღებს. მეორეა, რომ რეალობა იქ მიწაზე, ადგილზე არის მძიმე და  სამწუხაროდ დე ფაქტო ამის შესაცვლელად ბევრი არაფერი არ კეთდება, მაგრამ ესეც ძველი საკითხია.

– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 23 სექტემბერს სიტყვით გამოდიხართ. რა იქნება მთავარი აქცენტი და გზავნილი ამ სიტყვაში?

– ნუ მთავარია… არაფერი ისეთი განსაკუთრებულს. გაეროში ჩვენ ყოველწლიურად ვახსენებთ იმას, რაც არის საქართველოს მდგომარეობა, პოლიტიკის პრიორიტეტები და სამწუხაროდ ჩვენი ოკუპაციის საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას როგორც არასდროს, ქონების მითვისების საკითხი ისევ დგას უფრო მწვავედ, ვიდრე არასდროს. ამავე დროს, ცვლილება არის ის, რომ საქართველომ დაანახა საოცარი პროგრესი მთელს მსოფლიოს, უკვე გაზვიადების გარეშე. ძალიან ბევრი საინტერესო პუბლიკაცია ჩნდება ამის თაობაზე. სხვათა შორის ბუმი არის მეზობელ ქვეყნებში , მაგალითად  უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში და მათ შორის რუსეთის ინტელექტუალებშიც ქართულ რეფორმებზე, ამიერკავკასიის ქვეყნებში. ასე, რომ საქართველო დღეს სხვა ქვეყანაა. ქართული ფაქტორი ბევრად უფრო ანგარიშ გასაწევი გახდა. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, რომ მარტო ხალხს უნდა ვეცოდებოდეთ, არამედ არის ადამიანები, რომლებიც აღტაცებულია და აღტკინებულია იმის გამო რასაც საქართველო აღწევს, ეს თავისთავად სერიოზული სურპრიზია ჩვენი მტრისთვის და სასიხარულო ამბავია ჩვენი მეგობრებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი საკუთარი ხალხისთვის.

– ორიოდე სიტყვით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე გვინდა გავაკეთოთ აქცენტი. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ.

– აქ ეს არის, რომ ამ ამერიკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაამკვიდრა ტერმინი ოკუპაცია, და ამაზე იურიდიული გავრცობა ხდება ამისი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან … ჩვენ ვამუშავებთ სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიას და  ახლა უახლოეს მომავალში იქნება ახალი შეხვედრა ვაშინგტონში. ეს არის პროცესი და პროცესი ჯერ-ჯერობით მიდის საკმაოდ კარგად და საინტერესოდ. ზოგადად, ჩვენ დასაწუწუნებელი არაფერი გვაქვს. ზოგადად, იყო მოსაზრებები, რომ ამერიკაში დიდი ეკონომიკური კრიზისია, ამერიკის ადმინისტრაცია მთლიანად კონცენტრირებულია შიდა პოლიტიკაზე. ეს ნაწილობრივ გამართლდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაწილში ჩვენ რადარებში ვიმყოფებით საკმაოდ მაღლა და ჩვენი ურთიერთობები კარგად ვითარდება. და რამდენადაც წარმატებული იქნება საქართველო, იმდენად წარმატებული პარტნიორი ეყოლება ამერიკას და იმდენად სტიმული იქნება, რომ ძნელი იყოს ასეთი ქვეყნის მხარდაჭერაზე უარის თქმა, თუკი ვინმეს ასეთი სურვილი გაუჩნდება, თუმცა ასეთ სურვილს დღეს ვერ ვხედავ, როგორც ვამბობ და უფრო ადვილი იყოს ასეთი ქვეყნის მხარდაჭერა და იმედია ამ მიმართულებით ჩვენც კარგი ნაბიჯებით მივდივართ.

http://www.voanews.com/georgian/news/————————–102696374.html

 

მასალების გადაბეჭდვის წესი