კომენტარი

საერთაშორისო პენკლუბის წერილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

11 სექტემბერი, 2010 • 1893
საერთაშორისო პენკლუბის წერილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

9 სექტემბერი, 2010 წელი

 თქვენო აღმატებულებავ,

 საერთაშორისო პენი, რომელიც   მთელი მსოფლიოს მასშტაბით მწერალთა, დრამატურგთა, მთარგმნელთა, გამომცემელთა და ჟურნალისტთა გაერთიანება გახლავთ,  რომელსაც 101 ქვეყანაში 144 მოქმედი ცენტრი აქვს,  მკაცრ პროტესტს გამოხატავს საერთაშორისო პენის ქართული ცენტრის სამი წევრის ახლანდელ დაპატიმრებასა და გასამართლებასთან დაკავშირებით, რომელიც  მოჰყვა მათ  მშვიდობიან დემონსტრაციას.

 2010 წლის 14 აგვისტოს პოეტები: შოთა გაგარინი, ალექსი  ჩიღვინაძე და ირაკლი კაკაბაძე მშვიდობიან აქციას ატარებდნენ თბილისში, ჯორჯ ბუშის გამზირზე.  მათი  მოთხოვნა  ჯორჯ ბუშის გამზირისათვის უოლტ უიტმენის სახელის მინიჭება იყო.  აქციაზე პოეტებმა მსოფლიოში ამ პატივსაცემი ამერიკელი ავტორის ლექსები  წაიკითხეს  და  ჯორჯ ბუშის ფოტოგრაფია მოხატეს.  სხვადასხვა ინფორმაციის თანახმად, მათ  შორის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შევიტყვეთ, რომ ისინი დააპატიმრეს შემდეგი ბრალდების საფუძველზე:  საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173–ე მუხლი  – „ბოროტი დაუმორჩილებლობა პოლიციის ორგანოებისადმი”.  15 აგვისტოს დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მათ ნათესავებსა და პრესის წარმომადგენლებსაც კი უარი განუცხადეს დასწრებაზე,  173–ე მუხლის დარღვევის ბრალდებით, პოეტები დამნაშავეებად ცნეს.  მოსამართლემ მტკიცებულებად არ მიიღო  გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ნათლად აჩვენებს,  რომ არავითარი წინააღმდეგობის გაწევას პოლიციის მიმართ ადგილი არ ჰქონია.  თითოეული მათგანი დაახლოებით 250 ამერიკული დოლარით (400 ლარი) დააჯარიმეს.  ჩვეულებრივ, პლაკატის მოხატვისათვის  ჯარიმა გახლავთ არაუმეტეს 30 დოლარისა, დაპატიმრების გარეშე.  მათ დღემდე არ მიუღიათ პასუხი საჩივარზე.

 ეს პოეტები კარგად ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომლებიც ხშირად იყენებენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებს საკუთარი პროტესტის გამოსახატად.  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  წინა ასეთი ინციდენტებისას პოლიცია  უფლებამოსილებას აჭარბებდა  და  ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებაც არასამართლიანი იყო,  შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ საქართველოში,   არამედ მსოფლიოს მწერალთა  საზოგადოებაშიც.

ამასთან,   საზოგადოების მხრიდან მტრული  რეაქციის პირდაპირი შედეგი იყო მათი სამუშაოსა  და შემოსავლის დაკარგვა  და  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  შიშების გამძაფრება. ჩვენ  ღრმად ვართ შეშფოთებული   მიღებული ინფორმაციებით დაუსჯელობის კლიმატზე.

 საერთაშორისო პენკლუბი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას რომ  სამი პოეტისათვის ( შოთა გაგარინი, ალექსი ჩიღვინაძე და ირაკლი კაკაბაძე)  უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო  და  მომავალში იდეების მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისას მათი უსაფრთხოება.  

ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ  განაცხადოს,  რომ მოქალაქეების მიმართ მუქარები შეწყნარებული არ იქნება და გამოძიების საგანი გახდება, ხოლო სასამართლოში იქნება კანონის უზენაესობა.

პატივისცემით,

 

იუჯინ შულგინი, საერთაშორისო მდივანი

მარიან ბოტსფორდ ფრეიზერი, პატიმარ მწერალთა კომიტეტი

შეცდომები გასწორებულია

 

ამავე თემაზე:

მიაყენეს თუ არა კაკაბაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა

ვიდეომასალა, რომელიც მოსამართლემ არ ნახა

“მე შენთან ზავს ვდებ, უოლტ უიტმენ”

აქციის მონაწილეები დააჯარიმეს

სასამართლო დაკავებული პოეტების საქმეს იხილავს

ქართული პენი მაღრაძის გარეშე და სიტყვის თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი