კომენტარი

გეიაღლუმი ქართულ პოლიტიკაში

25 აგვისტო, 2010 • 1475
გეიაღლუმი ქართულ პოლიტიკაში

ქართული მედია ბათუმში გეიაღლუმის ჩატარებაზე სისტემატურად ავრცელებს ინფორმაციას. დღემდე არ არსებობს წყარო, რომელიც დაადასტურებს ამ ინფორმაციას. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ფაქტობრივად, გამორიცხავს გეიაღლუმის ბათუმში ჩატარებას. ჟურნალისტ ია ანთაძის აზრით კი, ეს აჟიოტაჟი უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემის – საკონსტიტუციო რეფორმისგან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. ჟურნალისტის აზრით, ამ ინფორმაციის წყარო, სავარაუდოდ, ხელისუფლებაა. არაოფიციალური ცნობით კი, გეიაღლუმი ხვალ უნდა გაიმართოს ბათუმის ახალ ბულვარში. 

– ია, შესაბამის სამსახურებში ამბობენ, რომ გეიაღლუმი არ ჩატარდება, პრესა კი გამუდმებით მაინც ბეჭდავს სტატიებს ამასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რატომ მიმართავს ამას პრესა?

– საზოგადოებისთვის აქტუალური რომ გახდა ეს ხმები, ამას შესაძლოა საპატრიარქოს განცხადებამაც შეუწყო ხელი… საპატრიარქომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და სთხოვა ხელისუფლებას, არ დაუშვას გეიაღლუმი. საპატრიარქოს პოზიცია, ალბათ, გამყარებულია რაღაც ინფორმაციით, რადგან შეუძლებელია, ეს განცხადება მხოლოდ მოარულ ხმებზე დაყრდნობით გავრცელებულიყო. შეიძლება საპატრიარქოსაც არ აქვს სრული ინფორმაცია და თავს იზღვევს. მგონია, რომ ასეთი აღლუმისთვის მზაობა ამ ქვეყანაში არ არსებობს. თვითონ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არ ახდენენ ამის აფიშირებას. თუ რამე მსგავსი მოხდა, ძალიან საინტერესო იქნება შემდგომი მოვლენები – არ გამოვრიცხავ, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს და ვითარების დაძაბვისთვის გამოიყენონ.

–  რას გულისხმობთ? 

– აღლუმის შემთხვევაში აუცილებლად იქნება მომზადებული ჯგუფი, რომელიც დაიცავს აღლუმს და რომელიც დაარბევს. ანუ ეს შეტაკების გარეშე არ დასრულდება. ბათუმში რომც არ მოიძებნონ ადამიანები, რომლებიც ხელს შეუშლიან აღლუმის ჩატარებას, თბილისიდან ჩამოვლენ. ეს ამბავი ჯერ არ მომხდარა და ყველას ყურადღების ცენტრშია და რომ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, გარკვეულ ესკალაციას დაუდებს საფუძველს. მწიფე საქართველოში გეიაღლუმის ჩასატარებლად სიტუაცია არ არის და თუ ეს მაინც მოხდა, იქნება აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი. ვინც ამას გამოიყენებს, იმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, რისთვის არის ეს საჭირო.

– და რისთვის შეიძლება ამის გამოყენება? 

– ის, რაც საარჩევნო პერიოდს წინ უძღოდა – მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან, ის რაც მოხდა ტელეკომპანია “კავკასიაში”, იყო გარკვეული პროცესი, რომელიც მგონია, რომ ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ეს უკავშირდებოდა არჩევნებს. მაშინ საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მოახერხა ხელისუფლების შიგნით არსებული დაპირისპირების აღმოფხვრა – პირობითად კონსერვატორებსა და პირობითად ლიბერალებს შორის… გეიაღლუმი კი იმდენად ხელოვნურ აქციად მიმაჩნია, რომ ვფიქრობ, ესეც მიმართულია პირობითად ლიბერალებსა და პირობითად კონსერვატორებს შორის კიდევ ერთხელ ვითარების დაძაბვისთვის.

– ახლა არჩევნები აღარ არის. რაში უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებას დაპირისპირება?

– უახლოეს კვირებში პარლამენტმა უნდა მიიღოს ახალი კონსტიტუცია, რომელმაც უნდა განსაზღვროს ძალთა ახალი გადანაწილება. ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთვის, რომელსაც დღემდე აქვს პრობლემები ძალაუფლების გაყოფის კუთხით, ქვეყანაში ვითარების დაძაბვა შესაძლებელია იყოს გარკვეული სტიმული. ცოტა ძნელია ამ კავშირის დამყარება, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაც ხდებოდა კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის და ახლა რა დაპირისპირებაც იქნება, ხელისუფლების შტოებში ძალთა გადანაწილების პრობლემას უკავშირდება.

– ანუ, თქვენ ვარაუდობთ, რომ გეიაღლუმის ჩატარების შესახებ ინფორმაციის უკან სახელისუფლო ძალები დგანან?

– პოლიტიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ოპოზიცია ძალიან სუსტია და ის ვერანაირ გავლენას პროცესებზე ვერ მოახდენს, რა თქმა უნდა, ვერც გეიაღლუმის ჩატარება-არჩატარებაზე. თუ ეს აღლუმი გაიმართება და თუ მას მოყვება შემდგომი გამწვავება, რასაკვირველია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მთავარი მიზანია, ძალაუფლება ერთ-ერთ სახელისუფლებო ჯგუფის ხელში მოაქციოს. ამ ორი ჯგუფიდან ერთი – კონსერვატული მსოფლმხედველობის ძალები ვანო მერაბიშვილის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი, უფრო მეტად ლიბერალური ძალები კი – ზურა ადეიშვილის გუნდშია თავმოყრილი. და თუ ამას ვინმე ვერ ხედავს, მგონია, ძალიან ახლომხედველი უნდა იყოს პოლიტიკურად. სწორედ რომ საინტერესოა, კონსტიტუციის რეფორმის კონტექსტში, როგორ გადაანაწილებენ ძალებს. პრეზიდენტს შემთხვევით არ უთქვამს: “ბევრი ადამიანი კითხულობს, სად ვიქნები მე”. მიხეილ სააკაშვილს ამას რომელიმე გამგებელი ვერ ჰკითხავს, ადვილი წარმოსადგენია, იმ ორ-სამ ადამიანს შორის, ვინც სააკაშვილს ასეთ თემებზე ელაპარაკება, ვინ უნდა ვიგულისხმოთ. და რაკი პრეზიდენტმა ეს ფრაზა თქვა, ცხადია, ამ შეკითხვას პრეზიდენტის გარემოცვა სვამს.

– ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თითქმის დარწმუნებულია, რომ გეიაღლუმი ბათუმში არ გაიმართება…

– თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი აზრით, აღლუმი არ გაიმართება, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ არ გაიმართება. კარგი კია ისეთი ქვეყანა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იტყვის მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაღაც მოსაზრებას და საზოგადოება მას ენდობა. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პირდაპირი ბმა საზოგადოებრივ მოვლენებსა და სახელისუფლო ინფორმაციას შორის არ არსებობს. ამიტომ შეიძლება საჯარო პირებმა თქვან, რომ მათი ინფორმაციით, მოსალოდნელი არ არის აღლუმის გამართვა, მაგრამ აღლუმი მაინც შედგეს. 


– თქვენ თქვით, რომ სექსუალური უმცირესობები არ არიან მზად გეიაქციის გასამართავად. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს არასამთავრობოებმა გააკეთონ?

– ეს შეუძლებელია. ყველას, ვინც არასამთავრობოს ნაწილად აღიქვამს თავს, უნდა აღელვებდეს ქვეყანაში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა. მაგრამ ვერც ერთი არასამთავრობო ვერ აიძულებს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს, გამოვიდეს აქციაზე. ერთისთვის ეს არის პირადი ცხოვრება, რომელიც სულაც არ არის საჭირო, იყოს საჯარო, მეორისთვის – საჯარო საქმიანობის ნაწილია. ამიტომ გამორიცხულია არასამთავრობო სექტორმა სტიმულირება გაუწიოს პროცესს. 

– ანუ, გამორიცხავთ, რომ ეს აღლუმი მხოლოდ არასამთავრობოებმა ჩაატარონ?

 – მე და თქვენ რომ ჩავატაროთ ეს აღლუმი, ძალიან სასაცილო, სრულიად სხვა აქცია იქნება. თუ ვიღაცის უფლებებს ვიცავთ, ეს ვიღაცა უნდა აღიარებდეს, რომ მისი უფლებები ირღვევა… სრული უაზრობა იქნება, გამოვიდნენ უფლებადამცველები და არ გამოვიდნენ ის ადამიანები, რომელთა უფლებებიც ამ შემთხვევაში უნდა იქნას დაცული. ამიტომაც ვამბობ, საქართველოში არ არის მწიფე ვითარება იმისთვის, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები გამოვიდნენ საკუთარი უფლებების დასაცავად. ჯერჯერობით, ისინი არ ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. მე ვიცი ერთადერთი ადამიანი – პაატა საბელაშვილი, რომელიც არის ამ ადამიანების უფლებების დამცველი. მაგრამ ერთი ადამიანი ხომ ვერ გამოვა აღლუმზე.

– თქვენი ინფორმაციით, როდის არის აღლუმი დაგეგმილი?

– თუ არ ვცდები, 6-7 სექტემბერი მითხრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი