კომენტარი

„ნუ შობი მასე!“ ანუ მორალისტი მგზავრის ნოუთი

9 აგვისტო, 2010 • 1365
„ნუ შობი მასე!“ ანუ მორალისტი მგზავრის ნოუთი

31-ში ბერლინში გავფრინდით. მიუნხენის გავლით ლუფტჰანზის დღის რეისი ჩემთვის დიდი ნეტარებაა. ჩემი შვილი უკვე 9 წლისაა და პირველად 3 თვისას მოუწია ფრენა, 9/11-ის დროს. ახლა უკვე გამოცდილი მოგზაურია და გზაში იქით ართობს უცხოეთში გადახვეწილი შვილიშვილების მოსანახულებლად გზასდამდაგრ ბებიებსა და გერმანიაში პირველად მიმავალ და ფრანკფურტის აეროპორტით დაფეთებულ სტუდენტკა-მომვლელ გოგოებს.

მე კარგა ხანია, უკან მოვიტოვე ის დრო, როცა კალთაში ძლივს ჩაძინებული ყურმტკივანი პატარა ბორტგამცილებლის დაჟინებული მოთხოვნით ისევ უნდა გააღვიძო, რადგან „თვითმფრინავი დაშვებას იწყებს“ და აეროპორტში დაჯდომამდე სულ რაღაც 30 წუთი დარჩა ; შენი 3 წლის შვილი კი ისევ გამართულად უნდა მიეყრდნოს სავარძლის საზურგეს. უფ, რა წივილ-კივილები გვაქვს გადატანილი! მადლობა, კეთილო თანამგზავრებო, გაძლებისათვის!
ერთი კარგი უნარი კი ჩამომიყალიბდა: სხვისი ბავშვის ღნავილი სულაც არ მაწუხებს. დისკომფორტი მექმნება მხოლოდ მაშინ, როცა ვამჩნევ, რომ ბავშვს უგვანი მშობელი ტანჯავს და მაშინ ჩემში თვალწაკრული თემიდა იღვიძებს. „არ დაეცე, თორემ გცემ!!!“- ხშირად გაგიგიათ, არა? თქვენ ხშირად ეცემით ხოლმე ძალით, უფროსებო?

***

ჩემს გასწვრივ უკანა რიგში მჯდომმა წყვილმა ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა ფოტოაპარატის ბლიცმა გაიელვა. ინსტიქტურად უკან მივიხედე და გამიკვირდა, რა გადაიღო ამ კაცმა-მეთქი? სავარძელში ასე 40 წლის ზომიერად ფერხორციანი მამაკაცი იჯდა, შუბლზე მზის სათვალით და მაჯაზე ხისჯვრიანი კრიალოსნით.

ლაჯებში დაახლოებით 2 წლის ბუთხუზა ბიჭი ჩაეყენებინა და იმას უღებდა ფოტოებს ახლო ხედით. თვითმფრინავი აფრინდა და ბიჭმა ჭიჭყინი დაიწყო, მერე წუწუნი, მერე აღნავლდა კიდეც, ბოლოს აჯღავლდა.

„გაჩერდი ეხლა, გაჩუმდი“…„გაგლახავ, მაგრა გაგლახავ…“ ქშინავდა ზომიერად ფერხორციანი მამაკაცი. „გიკბენ ეხლა, იცოდე!…“ პასუხად ისმოდა: „მამა“… „ადე“… თვითმფრინავმა შავ ზღვას გადაუფრინა და ბუდაპეშტს უახლოვდებოდა.

ავსტრო-უნგრეთის საზღვარზე ბავშვისა და საკუთარი ყურების საცოდაობით გულშეწუხებულმა ჩემმა ქმარმა ხელი უკან გადაყო და ბავშვს დაუქნია. პაუზა, მერე კისკისი. ყველანი გავიბადრეთ. ბიჭი წამოყელყელავდა, მამის კალთაში გასწორდა და გულიანად გაგვიცინა. მამამაც გაგვიცინა, ხელის დაქნევის ეფექტურობით გაოცებულმა.

მერე ისევ დაიწყო: „მამა“… „ადე“…პასუხად:„გაჩერდი ეხლა, გაჩუმდი“…„გაგლახავ, მაგრა გაგლახავ…“ „დაგახრჩობ, იცოდე“… “ნუ შვები მასე…”. ამჯერად მე ვეღარ გამიძლო გულმა, განსაკუთრებით, ჩემი ქალიშვილის საყვედურით აღსავსე მზერის შემხედვარეს და ზომიერად ფერხორციან მამაკაცს შევთავაზე, გადმოსვით ბავშვი გასასვლელში და ცოტას გავატარებ-მეთქი. „თქვენ გგონიათ, თქვენ გამოგყვებათ და ეგრე გააჩერებთ?“ ამჯერად უკვე გერმანიაში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩიც შემეცოდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მამა-შვილის გვერდზე იჯდა გმირულად და გამალებული ჩაჰკირკიტებდა აიფონს. მაშინ თქვენ თვითონ გაასეირნეთ-მეთქი და პასუხად „ქალო, შედი ქუხნაში!“-მზერა კი მივიღე, მაგრამ კაცი წამოიზლაზნა, ექს-ელჩს გადმოაბოტა და ბიჭი წინ გაიგდო.უკან როცა ჩამოიარეს, ბიჭი უკვე ჭყლოპინით მოხოხავდა რიგებს შორის, მამა კი – შეძახილით „გაიცინე, მამა, გაიცინე!“- ფოტოებს უღებდა მას.

დაჯდომისას ცოტა კიდევ წაუტირა, მაგრამ ჩვენ უკვე ყველანი იმედიანად ვიყურებოდით გასასვლელისაკენ.
***

ქალებო, ასწავლეთ თქვენს ვაჟებს ბავშვებთან მოპყრობა. უთხარით, რომ არა მარტო სანთებელის ანთება-ჩაქრობით და ჭერში ჩამოკიდული ნათლია-ნათურით შეიძლება ბალღების ყურადღების მიპყრობა.

ქალებო, ასწავლეთ თქვენს ქმრებს, რომ ორი წლის ბავშვს ყურადღება და ცოტაც, მოფერება ჭირდება და თუ ბავშვი ტირილისგან გადაჭიჭინდა, შეიძლება, სულაც არ დაიძინოს დაღლილობისაგან.

მასწავლებლებო (ალბათ, ისევ ქალებო), აუხსენით თქვენს მოსწავლეებს, რომ ადამიანის ორგანიზმი ატმოსფერულ წნევას ექვემდებარება და განსაკუთრებით პატარებს ყურები უგუბდებათ თვითმფრინავში აფრენა-დაფრენისას.

მამ(აო)ებო, უქადაგეთ თქვენს მაჯებზე ხის-ჯვრებ-შებმულ მრევლს, რომ მოყვასის სიყვარული საკუთარი შვილის სიყვარულითაც შესაძლებელია.

სასიამოვნო ფრენას გისურვებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი