კომენტარი

ენაზე მომდგარ სიტყვასა…

28 ივლისი, 2010 • 2568
ენაზე მომდგარ სიტყვასა…

ეს რა უგემოვნოდ და  არაპოლიტიკურად უხუმრია გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილს ?! ამას ჰქვია სიტყვა გამოუსხლტაო :) ნეტავი  მტრედები უკვე აფრინეს ობამასთან, აი, ნახეთ , იმან თქვენზე რა თქვაო ? ალბათ,  მინიმუმ, ერთკვირიანი “საბლატაო” თემა გაჩნდა კავკასიაზე – ზაფხულის ხვატში მეტი რა უნდა ინატრო, ერთი ტელევიზია რომ ხარ კაცი ?! …

 გამახსენდა ქართული დემოსანეგდოტური გამოთქმა, რომელიც დღესაც ძალაშია:” მე, რა, ზანგი ვარ, ტოო ?” ეს  იმდროინდელია ,აშშ მხოლოდ ბიძია თომას ადგილ-სამყოფელი რომ ეგონა ხალხს. გუშინდელი პრეზიდენტის დაუფიქრებელი ფორმით გადმოცემული ნათქვამია, აზრია, რომ  რითი ვართ სხვაზე ნაკლებიო – უვარგისი წინადადება, დრომოჭმული, უადგილო ხუმრობაა და კუდსაც რამდენსაც მოინდომებ, იმდენს გამოაბამ., სურვილისამებრ სხვადასხვას. მერე შევნიშნე, თვალებიც კი დახუჭა, ეს რა წამოვროშეო, მაგრამ რა … მაგიტომაცაა პრეზიდენტი, რომ ასე დაუფიქრებლად არ ილაპარაკოს. 

 უფრო იმან დამაფიქრა, რომ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ვთქვა, თუ ასე მომინდა, რა თქმა უნდა, შავკანიანის ნაცვლად  ზანგი ? რითია ეს მიუღებელი და რასობრივი კუთხით  გაუმართლებელი ? სპარსული რომაა ? არგუმენტად არ გამომადგება, რადგან თუ სხვა სპარსული წარმომავლობის სახელებს ვხმარობ “ქუჩას” , “ფანჯარას” და “რანგს” (სპარსულად ფერს ნიშნავს), “ზანგს” რაღას ვერჩი ?!  “ჟანგს” ნიშნავსო?! კი, მაგრამ სიტყვა “ჟანგიც” ხომ არსებობს , მართალია იმავე წარმომავლობის, მაგრამ სხვა ტევადობისაა, რომელიც არ იტევს “ზანგის” მნიშვნელობას.

 არასდროს მიფიქრია, რომ ამ სიტყვით ვინმეს ვაკნინებდი და ვიწუნებდი, თუმცა სუბიექტურობას აქაც არ გამოვრიცხავ : ზოგიერთი ზანგი გარეგნულად მომწონს და ზოგიერთი –არა, ისევე, როგორც ზოგიერთი იაპონელი მომწონს და ზოგიერთი ყაზახი-არა., ან გარეგნულად, ლამაზი შვედი ქალის ტიპი ტომ მირჩევნია ესპანელ ლამაზმანს..

 “ვეფხისტყაოსანში” ნესტან-დარეჯანის მამიდა დავარის ორი ზანგი მონა ჟანგიანები და ჭუჭყიანები იყვნენ ? თუ ტანად შავთა თვით პირიცა რომ შავი ედგათ, ამიტომ  იყვნენ ქაჯები ან იმიტომ დაახოცინა ისინი ფატმანმა, რომ შავკანიანები იყვნენ ? ფატმანი ხომ თეთრკანიანი საყვარლის მოსაკლავადაც უშვებს ავთანდილს.

 კიდევ კარგახანი დამჭირდება დასარწმუნებლად ვიხმარო თუ არა სიტყვა “ზანგი”. თუ მკითხავთ : ასე რამ გაგაწიწმატა, რაღა ახლა გაგახსენდა ეს სიტყვა თუ პრეზიდენტის ხუმრობა გეცა გულზე, ეს რამ ათქმევინაო, დიახ,  გულზეც მეცა, გულიც დამწყდა და გავგულისდი კიდეც.

 ვაი თუ პრეზიდენტს ის ანეკდოტური გამოთქმაც ახსოვს: “არიქა, რას გაჩუმებულხართ, ხმა ამოიღეთ, თორემ დაიბადა პოლიციელიო ” და ერთხელაც პოლიცია გაანაწყენოს, მაშინ ?!

 ოხერი რამაა სიტყვა, წამოგცდება და რა გინდა მერე, რომ ქნა.

 ერთი მამშვიდებს, რომ “უმსგავსო საქმე ყოველი, მოკლეა, მით ოხერია “ და ისიც ძალიან მეეჭვება, რომ პრეზიდენტის “ხუმრობამ” საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს, აფროამერიკული მოსახლეობა ააბუნტო. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი