კომენტარი

რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მასწავლებლების სერტიფიცირებას

20 ივლისი, 2010 • 1518
რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მასწავლებლების სერტიფიცირებას

მასწავლებლების  სერტიფიცირება კომპლექსური  პროცესია, რომელსაც ოთხი ძირითადი ელემენტი აერთიანებს. პირველი მასწავლებლების პროფესიაში შესვლის გზაა. მეორე კარიერულ გზას, სამოტივაციო პაკეტებს, პროფესიულ ეთიკასა და კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს. მესამე მასწავლებლის ცოდნისა და უნარების შემოწმების ინსტრუმენტებს მოიცავს. სამივეს კი მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი აერთიანებს. სასერტიფიკაციო სისტემა საქართველოში განათლების რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიღწევაა, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში,  მასწავლებლებს შესაძლოა ავტორიტეტისა და სათანადო ანაზღაურების მოპოვებაში, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას კი, საკუთარი რესურსების უფრო რაციონალურად შერჩევასა და მართვაში დაეხმაროს. მშობლებს შეეძლებათ  სახელმწიფოსგან მათი სკოლებისათვის მეტი სერტიფიცირებული მასწავლებლების მოთხოვნა. უნივერსიტეტი, მომავალი მასწავლებლების მოსამზადებლად, საფუძვლად უკვე სერტიფიცირების მოთხოვნებს იყენებს, სახელმწიფო კი მასწავლებლების  და, შესაბამისად,  მოსწავლეების განათლების ხარისხზე ამ სისტემით ცდილობს გავლენის მოხდენას. სერტიფიცირების სისტემის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ამ მხარეების, მასწავლებლების, სკოლების მენეჯერული რგოლის, მშობლების, უმაღლესებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრა იქნება. ასევე მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელშიც სასერტიფიკაციო სისტემა იმოქმედებს.

სისტემის წარმატებისთვის კრიტიკული ფაქტორი მასწავლებლების დადებითი განწყობაა. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლები სერტიფიცირების საფუძველზე მეტი ავტორიტეტის მოპოვებას შეძლებენ, ამ ავტორიტეტის შემოსავლებში კონვერტირების შესაძლებლობაც გაჩნდება. სუსტ და იდეოლოგიზირებულ სისტემაში მიღებული უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნა, სახელმწიფო მოხელეებისგან  ნაკლებ მხარდაჭერას ჰპოვებს. როდესაც, სწორედ სახელმწიფოსა და მასწავლებლების ერთობლივად შემუშავებული სისტემის ფარგლებში, მასწავლებელი საკუთარ კომპეტენტურობას დაადასტურებს, მაშინ სახელმწიფოს მეტი საფუძველი ექნება, ენდოს ასეთ მასწავლებლებს.

სერტიფიცირება, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მხოლოდ გამოცდის ჩაბარებას არ გულისხმობს. გამოცდა მხოლოდ ერთ–ერთი ეტაპია ამ სისტემაში. იმის გათვალისწინებით, რომ გამოცდა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ემყარება, ხოლო სტანდარტი კი თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებსა და მრავალმხრივ კომპეტენციებს მოითხოვს, მასწავლებელს, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად, საკმაოდ დიდი მუშაობა დასჭირდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოცდაზე წარმატებულ მასწავლებლებს არა მხოლოდ ტესტით შემოწმებული კომპეტენციები, არამედ განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი და მოტივაციაც ექნებათ.

სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფოსა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი მონაცემები ექნებათ განათლების სისტემაში ბოლო წლებში  განხორციელებული ინტერვენციების შესახებ. ამ შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება, ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად დაიხარჯა სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გამოყოფილი რესურსები. ასევე შეგვეძლება  განვსაზღვროთ, დიდაქტიკის რა ასპექტებს ფლობენ მასწავლებლები  უკეთ ან უარესად. შეგვეძლება ვიმსჯელოთ იმ ცოდნის შესახებ, რომელიც განათლების რეფორმის განმავლობაში სისტემაში გავრცელდა. მასწავლებლები ხომ არა მხოლოდ ტრენინგებზე იძენენ ცოდნას.  ბოლო წლებში მათ მრავალი ახალი მიდგომის შესახებ შეიტყვეს,ეროვნული სასწავლო გეგმისა და მის საფუძველზე შექმნილი ახალი სახელმძღვანელოების დახმარებით,. ასევე მრავალი ახალი პუბლიკაციის გაცნობის შესაძლებლობა გაჩნდა. მისი დიდი ნაწილი სახელმწიფოს, ძირითადად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის  მიერ შემუშავებულ და თარგმნილ ლიტერატურას წარმოადგენს.

სასერტიფიკაციო  გამოცდა წელს პირველად ტარდება  და მნიშვნელობა ექნება  სახელმწიფოს მხრიდან  არა მხოლოდ მისი ტექნიკური თვალსაზრისით წარმატებული წარმართვას, არამედ  საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ საფუძვლიანი მიდგომის  გათვალისწინებასაც. ჩვენ არ უნდა გაგვიჩნდეს იმის ყალბი მოლოდინი, რომ მასწავლებელი, რომელიც სასერტიფიკატო გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, აუცილებლად თავიდანვე გამოიყენებს იმ ცოდნას, რომელსაც ტესტზე აჩვენებს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მასწავლებელი, რომელიც პირველივე ჯერზე ვერ ჩააბარებს გამოცდას, შესაძლოა სულაც არ იყოს ცუდი მასწავლებელი. ტესტი საკმაოდ რთულია. ის მოიცავს საგნობრივ ნაწილს, ზოგად პედაგოგიურ უნარებსა და განვითარებისა და სწავლის თეორიებს. მასწავლებლები მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია მასობრივად ეცნობიან ახალ მიდგომებსა და თეორიებს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მათი ნაწილი პირველივე ცდაზე ვერ მოახერხებს რთული ბარიერის დაძლევას.

საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა შესაძლოა, მოსწავლეების თვალში მათი მასწავლებლების წარუმატებლობა გახდეს. საქართველოში მასწავლებლების ნაწილი საკუთარი თავისგან არაადეკვატურ ხატს ქმნის. ასეთები ცდილობენ, დაარწმუნონ თავიანთი მოსწავლეები, რომ მათ ყველაფერი კარგად იციან და არაფერი ეშლებათ. ასეთი მასწავლებლისთვის ეს გამოცდა საკმაოდ პრობლემურია, რადგან შესაძლოა, მოსწავლეების თვალში მათი ავტორიტეტის რღვევა მივიღოთ. ამიტომ  მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით პარალელურად მუშაობა. სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ მასწავლებელი გამოცდიდან დამარცხებული არ დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, სტანდარტის დაწევასა და გამოცდის გაიოლებას არ გთავაზობთ. ეს მთელი სისტემის დისკრედიტაციას გამოიწვევს, ისე, როგორც  90-იანი წლების ბოლოს მასწავლებლების ატესტაციების დროს მოხდა. სხვა ინსტრუმენტზე უნდა ვიფიქროთ. მაგალითად, თუ მასწავლებელი უბრალოდ სერტიფიკატით ან უსერტიფიკატოდ  კი არ დაბრუნდება გამოცდიდან, არამედ მისი შედეგების დეტალური ანალიზით, მაშინ შესაძლებელი გახდება, რომ წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, ის საკუთარ სკოლაში გარკვეული გამარჯვებით დაბრუნდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოცდის სხვადასხვა ელემენტის შედეგები, საგნობრივი ცოდნა, საგნის სწავლების კომპეტენციები, ზოგადი პედაგოგიური კომპეტენციები და თეორიები ერთმანეთისგან მკაფიოდ იყოს გამიჯნული. საერთო წარუმატებლობის დროსაც კი გაჩნდება შანსი, რომ ითქვას, მასწავლებელმა მაგ. საგნობრივი ნაწილი კარგად ჩააბარა, ხოლო ზოგადი გაუჭირდა, ან პირიქით.

სერტიფიცირების  სისტემის შიდა პრობლემები უმნიშვნელო და ტექნიკური ხასიათისაა. ჩვენთან უფრო ის კონტექსტია პრობლემური, რომელშიც ის ხორციელდება. მაგ. სერტიფიცირებისას მასწავლებლებს თანამედროვე მიდგომებს თხოვენ, მაგრამ, ამავდოულად, ეროვნული სასწავლო გეგმიდან ეს მიდგომები ნელ–ნელა ქრება (იხ. მოსწავლეების შეფასების პრინციპები). ასევე მნიშვნელოვანია სისტემის სტაბილურობა. ჯერ ითქვა, რომ სერტიფიცირება ჩატარდებოდა, შემდეგ ეს სისტემა თითქოს გაუქმდა. შემდეგ ითქვა, რომ ეს სისტემა ნებაყოფლობითი იქნებოდა, ახლა კი ისევ თავდაპირველ ვარიანტს დავუბრუნდით, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელი ვალდებულია, გამოცდაზე 2014 წლამდე გავიდეს, თუ მას მასწავლებლის სტატუსის დაკარგვა არ უნდა.

სერტიფიცირება კარგად აერთიანებს ზეწოლისა და დახმარების სისტემას. მასწავლებელი ექცევა სახელმწიფოსა და სკოლის ერთგვარ პრესში. ამავდროულად,  სახელმწიფოს, სკოლისა თუ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების საფუძველზე, მას კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ეძლევა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტრენინგების პროვაიდერებს მასწავლებელი თვითონ არჩევს და არა სახელმწიფოს მითითებით. შესაბამისად, ზეწოლა და დახმარება ერთმანეთს აბალანსებს. პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოს სხვა ზეწოლის მექანიზმებიც შემოაქვს, რომლებსაც დახმარების სისტემები არ მოყვება. მაგალითად, არაერთხელ ითქვა, რომ 2011 წლიდან მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდების შემოღების შემდეგ, მოსწავლეების წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მასწავლებლებსაც დაეკისრებათ.  ზეწოლის მექანიზმია ასევე სკოლების ე.წ. ”ბრენდირება”, რომელიც სამინისტროს განცხადებით,  მოსწავლეების სასწავლო მიღწევებს გაითვალისწინებს, როგორც სკოლის ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ასევე მნიშვნელოვანია ის შეზღუდვები, რაც მასწავლებლებს წლევანდელი წლიდან სახელმწიფოს მხრიდან ხელახლა გაუჩნდათ. სახელმძღვანელოების არჩევანი მათ კვლავ შეეზღუდათ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აზრით, მასწავლებლებს საკუთარი დაწესებულების ლიდერის შერჩევის უფლებაც უნდა ჩამოერთვათ. ამავდროულად კი, სკოლებში ე.წ. ”მანდატურები” იგზავნება, რომლებსაც მასწავლებლების ქცევის კონტროლიც ევალებათ. ამას ემატება ისიც,  რომ ბოლო წლებში სახელმწიფო სკოლის დირექტორებს ურჩევდა, თავი შეეკავებინათ მასწავლებლების შემცირებისგან. სკოლის დირექტორები ამ წლების განმავლობაში ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც მათ შედარებით მეტი თავისუფლება მიეცემათ, რომ არასასურველი ადამიანები გაუშვან და უკეთესები მიიღონ. სერტიფიცირების გამოცდის შედეგები ამგვარი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის საუკეთესო საშუალება გახდება.

მაშინ, როდესაც  მასწავლებლები, სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პირველ ეტაპზე, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მნიშვნელოვანი იქნება მათი სტრესების მოხსნაზე ფიქრი. ეს  მასწავლებლების განვითარებასა და ავტორიტეტის ზრდაზე ორიენტირებული სხვა დახმარების სისტემების შემოღებას უნდა გულისხმობდეს (მაგ. მასწავლებლების კონკურსები და სხვა).  სამწუხაროდ, ამის საპირისპიროდ, საერთო კონტექსტში საკმაოდ ცუდად გააზრებულ ახალ ინიციატივებს ვიღებთ. ამავდროულად, მასწავლებლების შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდაზე სახელმწიფო კონკრეტულად არაფერს ამბობს. კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა სასერტიფიკაციო გამოცდების კომპონენტი სისტემისთვის სერიოზული პრობლემების კატალიზატორი გახდეს. ფრუსტრირებული მასწავლებელი, რეფორმების მიმართ რეზისტენტულობის გაზრდა ან სასერტიფიკაციო გამოცდის, როგორც სადამსჯელო მექანიზმის ხატის შექმნა, განათლების ხარისხზე დადებითად ვერასოდეს აისახება.

ამავე თემაზე: 

მასწავლებლები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ

სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია სტუდენტობის წლებიდან მუშაობდა სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მაგისტრატურა განათლების სფეროში დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტში. შემდეგ ცნობილი სკოლის – გივი ზალდასტანის ამერიკული აკადემიის თბილისში ერთერთი დამაარსებელი მასწავლებელი იყო. ვარდების რევოლუციის შემდგომ, ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა განათლების რეფორმის პროექტ ილია ჭავჭავაძეში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმა და სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების ახალი სისტემა. ამჟამად განათლების რეფორმირების საკითხებზე, განათლების კვლევების განვითარებასა და განათლების მართვის სპეციალისტების მომზადებაზე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი