კომენტარი

სტრატეგიული გაუგებრობა

13 ივლისი, 2010 • 1955
სტრატეგიული გაუგებრობა

პოსტკომუნისტური საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი პრივატიიზაციის განხორციელების პოლიტიკაა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ განხორციელებული პრივატიზაციის პოლიტიკა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ  ხელისუფლებას სურდა, გარკვეული მნიშვნელოვანი ობიექტები საკუთარი კრეატურებისათვის გადაეცა სამართავად,  ანუ, ამ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ე.წ. „გარიგებით პრივატიზაციას“.

პრივატიზაციის პოლიტიკა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში განსაკუთრებული კამათის საგნად იქცა. კერძოდ, მუსირებს გავრცელებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ „სახელმწიფო ქონების პრივატიზება შესაძლებელია, მაგრამ ყველაფრის არა!“, ამასთან, გამოთქმის _ „ყველაფრის არა“-ს სინონიმად აღებულია სიტყვა „სტრატეგიული“. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს პრივატიზაციის პოლიტიკის გახლეჩვას „სტრატეგიულად“ წოდებული დარგების გამოცალკევების მიზნით. თავის მხრივ,  „სტრატეგიულად“ „ძალიან მნიშვნელოვანი“ დარგები სახელდება, როგორებიცაა, მაგალითად, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი და ა.შ. თუმცა, პასუხი კითხვაზე, თუ რატომაა, მაგალითად, ტრანსპორტი სასოფლო-სამურნეო მიწებზე უფრო მნიშვნელოვანი, რომელის საშუალებითაც იქმნება მოსახლეობისათვის საკვებად აუცილებელი პროდუქტი და რომელთა პრივატიზების წინააღმდეგნი მაინცდამაინც ბევრნი არ არიან, სავსებით გაურკვეველია. უბრალოდ რომ ვთქვათ, პრივატიზაციის პროცესებიდან ერთი რომელიმე დარგის გამოთიშვას, მისი „სტრატეგიულობის“ მოტივით, არ გააჩნია რაიმე გონივრული დასაბუთება, რადგან თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკა გვარწმუნებს, რომ სახელმწიფოს არც იმდენად განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს, რომ ყველაფერი ეფექტიანად მართოს და გამოიყინოს, ან რატომ უნდა დავავალოთ სახელმწიფოს იმის კეთება, რასაც მასზე უკეთ კერძო სექტორი შეძლებს.

დღესდღეობით საქართველოში მიმდინარეობს ეკონომიკური რეფორმების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი პრივატიზაციის პოლიტიკაა. თავისი არსით, პრივატიზაციის პოლიტიკა უზრუნველყოფს ეკონომიკის რადიკალურ დარეგულირებას მასში კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. თუმცა საქართველოშიც საკმარისად გამოჩდნენ „სტრატეგიულად მოაზროვნე“ ადამიანები, რომლებიც, „სტრატეგიულობის მოტივით“, რადიკალურად ეწინააღმდეგებიან პორტების, ენერგეტიკის, აეროპორტების და ა.შ. პრივატიზებას, ნაცვლად იმისა, რომ იკამათონ სტრატეგიული ინვესტორის მოძიებაზე. ასეთ შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ „სტრატეგიული მოტივის“ უკან ან ინტერესთა გავლენიანი ჯგუფები დგანან, რომლებსაც „სტრატეგიულ“ დარგებთან პირადი „სტრატეგიული“ ინტერესი ამოძრავებს, ან საქმე გვაქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა არცოდნასთან. ჯამში, ეს ორივე შემთხვევა გარდამავალი ეკონომიკისა და ახალი დემოკრატიის ქვეყნებში იწვევს საზოგადოების დაბნეულობას, ეკონომიკური განვითარების შეფერხებას, რაც ჯამში „სტრატეგიულ გაუგებრობად“ წოდებულ ვითარებას ქმნის.

რა არის „სტრატეგიული გაუგებრობა“, მომავლის ვერდანახვა, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა, თუ ღრმა პროვინციალიზმი? ამ სამი საინტერესო ტენდენციიდან ორის შეჯერება თავისუფლადაა შესაძლებელი. კერძოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სტრატეგიული „გაუგებრობა“ ღრმა პროვინციალიზმით გამოწვეული მომავლის ვერდანახვაა. თუმცა, საკითხზე მსჯელობისას, ამ კონტექსტიდან არ უნდა გამოირიცხოს ე.წ. „სტრატეგიული ინტერესები“, ანუ, როდესაც საქმე გვაქვს ვითარებასთან, რომლის დროსაც მოცემული სუბიექტის ინტერესი მეტია ქვეყნის საერთო ინტერესთან შედარებით. სწორედ ამიტომ, ხშირად მუსირებს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ „სტრატეგიული გაუგებრობის“ წყარო მოცემული სუბიექტის პირადი ინტერესის საფუძვლიდან წარმოქმნილი ეჭვია, რომელიც კარგადაა შენიღბული „ეროვნული“, „სახელმწიფოებრივი“, „დამღუპველი“ და სხვა გულის ამაჩუყებელი სიტყვებით.

გაუგებარია „სტრატეგიულობის“ კიდევ ერთი უმთავრესი მოტივი, რომლის თანახმად, მოცემული ობიექტი არ უნდა გადავცეთ „უცხოელებს“, რადგან „ისინი“ ამას საჭიროებისდა მიხედვით ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველივე ეს ძალზედ ჰგავს გასული საუკუნეების „მერკანტილისტების“ იდეებს, როდესაც ერთი ქვეყანა მეორისგან საქონლის შემოტანას კრძალავდა იმ მოტივით, რომ გაღარიბდებოდა, ხოლო მეორეს მხრივ, მას არ აძლევდა გემებს და/ან სხვა სამხედრო ნაწარმს, რათა მეორე ქვეყანას ომის დროს ეს ყოველივე ამავე ქვეყნის წინააღმდეგ არ გამოეყენებინა, საინტერესოა და ამავე დროს სამწუხარო, რომ „მერკანტილისტთა“ გასული საუკუნეების ლოგიკა „თანამედროვე ქართულ სახელმწიფოშიც“ დომინირებს.

როდესაც ე.წ. „სტრატეგიული“ ობიექტების, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის გაყოდვაზე იწყება საუბარი, ქვეყნის ხელისუფლება და ასევე ოპოზიციაც საკმაოდ კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ორივე ამ მხარეს (მხარეს პირობითად ვუწოდებთ) არ გააჩნია სათანადო ეკონომიკური არგუმენტები, რათა დაასაბუთოს, თუ რატომაა კარგი გაზსადენის გაყოდვა, ან პირიქით, რატომაა ეს ასე ცუდი. იმ დროს კი, როდესაც ეკონომიკური არგუმენტებით საუბარი მათ აღარ შეუძლიათ, მსჯელობა უმალ პოლიტიკურ ჭრილში ინაცვლებს და ორი ქვეყნის– აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის– ინტერესებს შეეხებათ. ამ ორი ქვეყნის ინტერესებზე საუბრისას, საქართველოს ინტერესი, არცთუ იშვიათად, საერთოდ ამოვარდნილია თუნდაც საუბრის კონტექსტიდან.

მაგისტრალური გაზსადენის არგაყიდვის ძირითად არგუმენტად უპირობოდ სახელდება რუსეთის სახელმწიფოს ფაქტორი, თუმცა ამავე დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაგისტრალურ გაზსადენს „სიამოვნებით“ მიჰყიდიან, ფრანგ, გერმანელ, ბრიტანელ, ამერიკელ და თუნდაც თურქ ინვესტორებს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილის მხრიდან ბუნებრივად იბადება კითხვა: მაგისტრალურ გაზსადენს საერთოდ არ ვყიდით, თუ არ ვყიდით რუსებზე? შეკითხვის პირველი ნაწილი ეკონომიკურ მეცნიერებაში გაცნობიერებულმა ადამიანმა ნამდვილად არ უნდა დასვას, ხოლო ქართულ სინამდვილეში კი კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის შესწორებაც უნდა მოითხოვოს. აი, რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, პასუხი ერთია _ უნდა ვიფიქროთ უფრო მეტი, ვიდრე პირველ შემთხვევაში დაგვჭირდებოდა. კერძოდ, როდესაც ბიზნესმენი მისი საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ მისი საწარმოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გაზის მილს ჰყიდის, იგი აუცილებლად ფიქრობს არა დღევანდელ მოკლევადიან მოგებაზე, ვინ მეტ ფულს მისცემს მას, არამედ იმაზე, რომ ვინ უფრო სტაბილურად მოამარაგებს მის საწარმოს (ბუნებრივია, აქ არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც). ასევე უნდა იქცეოდეს სახელმწიფო, ანუ იგი ხელაღებით კი არ უნდა ამბობდეს უარს ამა თუ იმ ე.წ. „სტრატეგიული ობიექტის“ გაყიდვასთან დაავშირებით, არამედ ძალზედ აქტიურად ეძებდეს მოცემული ობიექტის მყიდველ „სტრატეგულ ინვესტორს“, რომელიც იხდის თანხას, აფორმებს ორივე მხარისათვის მისაღებ ხელშეკრულებას, რომლისათვისაც საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია და რომლის იმედიც გაქვს. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის უნდა მოვერიდოთ არამყარ, საერთაშორისო სამართლის უგულებელმყოფელ პარტნიორს. ლოგიკა მარტივია: „მესაჭიროება მყარი, კარგი რეპუტაციის და მომავლის პერსპექტივების დანახვის ნიჭის მქონე  და არა მოკლევადიანი ეფექტების მომლოდინე, არასაიმედო, რეპუტაცია შელახული პარტნიორი“.

თუმცა დღევანდელი ე.წ. „საპრივატიზაციო ობიექტების“ განკერძოების კრიტერიუმები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კერძოდ, საპრივატიზაციო აუქციონზე  გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია – მაქსიმალური საწყისი საზღაურის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საზღაურს. თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს არა ერთადერთი და გადამწყვეტი, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რადგან შესაძლებელია დღეს X კომპანიამ შემოგვთავაზოს შედარებით ნაკლები თანხა, ვიდრე Y კომპანიამ, მაგრამ X კომპანიის პერსპექტული ხედვა მოცემულ სიტუაციაში და მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისადმი მზადყოფნა, გაცილებით სჯობდეს Y  კომპანიის ანალოგიურ შემოთავაზებებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და აქცენტირებული ერთჯერად ეფექტებზე და ჩვენი ხედვა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან მიმართებაში, სამომავლო, პერსპექტულ, განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებით უნდა წარვმართოთ. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარების განვითარებაზე ორიენტირებლი და არა გადარჩენაზე ორიენტირებული გზა.

აღნიშნული საკითხის განხილვისას, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების საკმაოდ მერყევი და ჩამოუყალიბებელი პოზიციის გარვეული თანმიმდევრობით განხილვა, რომელიც შეეხება უმნიშვნელოვანესი მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხს. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება რამოდენიმე წლის წინათ აცხადებდა, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსული კომპანია “გაზპრომისთვის“ შესაძლებელია, თუ კონტრაქტის ღირებულება და პირობები მისაღები იქნება. თავისი არსით, საქართველო მაგისტრალური გაზსადენით გაზს რუსეთ-საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე იღებს, ქართველ საბითუმო მომხმარებლებს აწვდის და მის ტრანზიტს სომხეთში ახორციელებს.  

“მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ისინი [“გაზპრომი”] საკმაოდ მაღალ ფასს გვთავაზობენ გაზსადენში, მასზე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ და აქვთ სურვილი, რომ მომავალ კონტრაქტში ისეთი პირობები ჩადონ, რომლებიც ჩვენთვის მისაღები იქნება. რატომ უნდა ვუთხრათ “გაზპრომს“ გადაჭრით უარი?“, – განაცხადა გილაურმა “როიტერისთვის“ 2005 წლის 9 მარტს მიცემულ ინტერვიუში. 

თუმცა, მეორეს მხრივ, სახელმწიფო აფიქსირებდა პოზიციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიერ  მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის წინააღმდეგი იქნება,  ხოლო საქართველო ყოველთვის იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა ყოველთვის აცხადებდა ორაზროვნად: “არასოდეს თქვა – არასოდეს“. 

არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა საქართველოს ხელისუფლება, რომ არა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ინტერესები და  ის ფაქტი, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს თავისი სტრატეგიული პარტნიორის, ამ შემთხვევაში, აშშ-ს ინტერესები… ვინაიდან  ჩვენ, მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში, კარგად უნდა ავწონ–დავწონოთ პლიუსი და მინუსი… ცხადია, რომ  ეს არის არა პოლიტიკური, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხი.

მიუხედავად ექსპერტების რჩევებისა, რომ საქართველომ ამ გარიგების განხილვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგანაც სასწორზე ქვეყნის უსაფრთხოებაა,  საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებდა მცდელობას, ორმაგად ეთამაშა  რუსეთსა და სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს შორის. კერძოდ, ხელისუფლება მუდმივად აფიქსირებდა პოზიციას: „განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“

საინტერესოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამოდენიმე წლის წინათ დააფიქსირა გაზსადენის გაყიდვის პოზიცია, მხოლოდ ისე, რომ დაიტოვებდა მისი ნაციონალიზაციის უფლებას. კერძოდ, თუ იქნებოდა 25–წლიანი იაფი გაზის მოწოდების,  ტრანზიტზე გარკვეული რაოდენობის დატოვებისა  ან, კონტრაქტის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ამ გაზსადენის უკან დაბრუნების გარანტიები, მაშინ გაზსადენის გაყიდვის განხილვისათვის ხელისუფლება მზადყოფნას აცხადებდა. 

მას  შემდეგ კი, რაც უკვე საქართველოს პრეზიდენტმა 2005 წლის თებერვალში განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რუსეთის ენერგოკომპანია “გაზპრომ“-თან ცენტრალური გაზსადენის პრივატიზების თაობაზე, აშშ-მ მოუწოდა საქართველოს, სიფრთხილე გამოეჩინა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. შედეგად კი,  ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის გამართული კონსულტაციების დროს, აშშ-ს და საქართველოს შორის “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველო იღებს ვალდებულებას, შეთანხმების ვადის ამოწურვამდე – 2011 წლამდე (2011 წლის აპრილი), არ გაყიდოს ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენი.

საქართველოს მთავრობას ასევე არ აქვს უფლება, გაყიდოს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის აქციების საკონტროლო პაკეტი.  “მთავრობამ არ უნდა გაყიდოს ან გადასცეს, ან ნებართვა გასცეს გაყიდვაზე ან გადაცემაზე, გაზსადენის და/ან საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის (ან მისი შვილობილი კომპანიების) აქციების საკონტროლო პაკეტი და ასევე არ უნდა გასცეს გირაოს

გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი

ავტორის შესახებ:

გიორგი აბაშიშვილი არის ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი და ამავე უნივერსიტეტის ლექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი