კომენტარი

თურქეთი, ამერიკა და საქართველო

16 ივნისი, 2010 • 1844
თურქეთი, ამერიკა და საქართველო

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებს შორის გაჩენილ დაპირისპირებაზე აქტიურად წერს საერთაშორისო პრესა. იწერება, თუ როგორ იწყებს თურქეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელ თამაშს. რას უნდა ელოდეს საქართველო უახლეს მომავალში თავისი მეზობლებისა და მეგობრებისგან. “ბათუმელების” კითხვებს პოლიტოლოგი გია ნოდია პასუხობს:

 

– შემთხვევითი არ არის, რომ ბარაკ ობამა საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს შეერთებულ შტატებში მაკკეინმა და სხვებმაც. ობამას განცხადება არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აღარ არის ჩვენი პარტნიორი და მისგან მხარდაჭერა არ გვაქვს. ეს ბუნებრივი ვითარებაა. უბრალოდ, ჩვენ ობამასგან მეტი მხარდაჭერა გვინდა, მაგრამ იმდენი არ გვაქვს, რამდენიც გვჭირდება.

– რატომ აღარ არის საქართველო გეოპოლიტიკურად საინტერესო ამერიკისთვის?

_ ობამას ადმინისტრაციას ნაკლები ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ, ვიდრე ბუშის ადმინისტრაციას ჰქონდა. თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ობამას განცხადება ამერიკის პოლიტიკური ექსპერტების დავის და დისკუსიის საგანი გახდა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ინტერესი კავკასიის, საქართველოს მიმართ შეერთებულ შტატებს აქვს. უბრალოდ, ეს იმაზე ნაკლები ინტერესია, ვიდრე ბუშის დროს იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა დონის პოლიტიკოსის განცხადება რუსეთთან დაკავშირებით ყოველთვის ასეთია _ “რუსეთთან რაღაცაზე ვთანხმდებით, მაგრამ არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით”. ხანდახან ახსენებენ საქართველოს, ხანდახან არა, მაგრამ გულისხმობენ. მათთვის ამის თქმა მნიშვნელოვანია, რადგან არავინ დააბრალოს, რომ მათ დაივიწყეს საქართველოს საკითხი და რუსეთთან ურთიერთობაში არ ახსენებენ მას.

– ფრანგი ექსპერტი ელენ ბლანი წერს: “პუტინის რუსეთის შეიარაღება სარისკო ნაბიჯად მიმაჩნია. ამის შესახებ ყველა გვაფრთხილებს, მაგრამ ჩვენ თავს ვიკატუნებთ, ვითომ არაფერი გვესმის”. მართლა იკატუნებს თავს დასავლეთი?

– საფრანგეთში სხვა ექსპერტები შეიძლება პირიქით მიიჩნევენ, რომ უფრო ახლოს უნდა იყოს საფრანგეთი რუსეთთან. როდესაც რუსეთის ხელისუფლება საჯაროდ აცხადებს, რომ ნატო მისი მტერია, მისი მოწინააღმდეგე, რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვა შეცდომაა, მაგრამ, როგორც ჩანს, სარკოზის მოსაზრებაა, რომ რუსეთი არ უნდა გარიყონ. შეიძლება სარკოზის იმედი აქვს, რომ მედვედევი რეალური რეფორმატორია და ამიტომ უნდა გააძლიეროს იგი, რითაც დაასუსტებს პუტინს და ამით რუსეთის პოლიტიკა დასავლეთისთვის უფრო მისაღები გახდება. საბოლოო ჯამში რაღაც ასეთი გათვლა აქვს სარკოზის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს გათვლა გარკვეულად გულუბრყვილოა.

გარდა ამისა, არის მეტოქეობაც: რადგან გერმანიას აქვს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, საფრანგეთს არ უნდა მას ჩამორჩეს. სარკოზი თავიდან პრორუსულად განწყობილი არ იყო, მაგრამ საფრანგეთის პოლიტიკურ ელიტაში არის განწყობა _ თუ გერმანია ამყარებს კარგ ურთიერთობას რუსეთთან, ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. სარკოზი ამას ანგარიშს უწევს.

-ამერიკულ “ნიუ იორკ თაიმსში”გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში დასმულია ასეთი კითხვა _ “როგორ მოვთოკოთ თურქები?” იმავე სტატიაში თურქი ექსპერტი ამბობს: “ამერიკელები აქ არეულობას თესენ, ყველაფერში დამნაშავეები კი ჩვენ გამოვდივართ”. თქვენი აზრით, რა ტიპის დაპირისპირება არსებობს საქართველოსთვის ამ ორ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს შორის და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან საქართველოზე?

– თურქეთის პოლიტიკა ბოლო ხანებში გარკვეულწილად იცვლება, თურქეთის ხელმძღვანელობას უნდა, გააძლიეროს ქვეყნის დამოუკიდებელი როლი რეგიონში. ის გარკვეულწილად ნეოოსმალურ პოლიტიკას ატარებს _ ოსმალეთის იმპერიას უყურებს არა როგორც ნეგატიურს, როგორც ათათურქი უყურებდა, არამედ, როგორც მისაბაძ მაგალითს. მას უნდა თურქეთი იყოს დამოუკიდებელი მოთამაშე რეგიონში. ამისათვის მას იმის დემონსტრირება სჭირდება, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან დამოუკიდებელია.

ისლამური სამყაროს გული რომ მოიგოს, ისრაელის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. და ეს ტენდენცია თურქეთში უკვე ჩამოყალიბდა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა თურქეთისთვის პრიორიტეტი ყოფილიყო პოლიტიკური პარტნიორობა დასავლეთთან, მაგრამ თავისთავად ის პოლიტიკა, რომელსაც თურქეთი აწარმოებს, არ ნიშნავს საქართველოსთან მტრულ პოლიტიკას. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება კარგი ურთიერთობა გვქონდეს თურქეთთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი