კომენტარი

ფარსის გარსი

9 ივნისი, 2010 • 4131
ფარსის გარსი

ფილიპ დიკი  „პალმერ ელდრიჩის სტიგმატებში“ წერს ორ ნარკოტიკზე, რომელსაც მარსზე არსებული კოლონიების მაცხოვრებლები მოიხმარენ. ერთ-ერთი მათგანია კე-ნდი, რომელსაც მოჰყვება მინიატურული კომპლექტი – ანუ სამყაროს მაკეტი, რომელშიც ამ ნარკოტიკის მიღების შემდეგ გადადიხარ.   მეორე კონკურენტი ნარკოტიკი – ჩუინგ-ზეტია, რომელსაც მსგავსი მინიატურული სამყაროს მოდელი არ სჭირდება. მისი ზემოქმედების ქვეშ შენს მიერ წარმოდგენილ სამყაროში იმყოფები და შენი ფარული სურვილები, შიშები, მისწრაფებები წარმოქმნიან იმ „გლიუკებს“, რაც  გარს გაკრავს.

 თუ რომანიდან ამ პატარა შინაარსობრივ ფრაგმენტს დავეყრდნობით, ჩვენი ქვეყანა ცალსახად შეგვიძლია კენ-დის დანამატ მინიატურულ კომპლექტს შევადაროთ. აქ ყველაფერი განსაზღვრულია. აქ აუცილებლად მოცემულ ფორმებსა და შინაარსებში უნდა მოვთავსდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალია განდევნა და ნადირობის სეზონის გახსნა, რომელშიც ყველა ნაღდი მამულიშვილი ჩაებმება.

 „უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები… ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს!…ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები, რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!“ – წერს ვაჟა ფშაველა „შვლის ნუკრის ნაამბობში“. მესმის, რომ ჩვენი თანამემამულეთა უმრავლესობისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც შევეცადოთ და წამით წარმოვიდგინოთ, რომ შვლის ნუკრი – ადამიანია. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ვამბობთ:

 „ჩვენ, ირმები არასოდეს ვკლავთ,  მაგრამ ჩვენ როგორმე უნდა გავუძლოთ, უნდა ვიცხოვროთ, რამდენიც არ უნდა იძალადოს ჩვენზე ცხოვრებამ, რამდენიც არ უნდა იძალადონ ადამიანებმა. უნდა გავმრავლდეთ, გავაგრძელოთ და დავიცვათ ჩვენი ხანმოკლე არსებობა. არასოდეს შევშინდეთ, რადგან ცხოვრების დიდებული, მკაცრი კანონი ასეთია…“ („ბემბი“)

 რა გაგრძელებაა და ავსტრიის დედაქალაქში არსებობს დაწესებულებები, სახელად „Josefine Mutzenbacher”. როგორც ამბობენ, ეს – ყველაზე კარგი ბორდელების ქსელია ქალაქში. ჟოზეფინა მუტცენბახერი კი ფელიქს ზალტენის ფსევდონიმია, სწორედ იმ ბატონისა, რომელმაც დაწერა მოთხრობა „ბემბი“, რომელიც უოლტ დისნეის განთქმულ მულტფილმს დაედო საფუძვლად. პარადოქსია, რომ „ბემბის“ ავტორი პორნოგრაფიულ ტრილოგიას წერს ვენელ მეძავზე, რომელშიც დიდი დოზებით არის ასახული ძალადობა, პედოფილია, ინცესტი, გარყვნილება, მაზოხიზმი.  ახლა, ეს რომანები კლასიკად არის ქცეული. ითვლება, რომ მსგავსი ხასიათის პროზა საუკეთესო მახასიათებელია იმ ეპოქის მორალური იმპერატივების ასაღწერად და გადმოსაცემად.  მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა მავანი მკვლევარის ტექსტი, რომელშიც ბემბის და ჟოზეფინას შედარებითი დახასიათებაა მოცემული, რომელშიც ის ამობს, რომ პატარა მეძავიც და ბემბიც საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. ორივე გადარჩენას ცდილობს.

 სისტემის მიერ ნაკარნახევი, გადარჩენის საშუალების ერთ-ერთი მაგალითი გუშინ ვიხილეთ გადაცემა „სიმართლის დროში“, რომელშიც მიწვეული იყო „საიდუმლო სირობის“ ავტორი ერეკლე დეისაძე. წიგნის ავტორის, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ქართველთა მთავარ გასაკიცხ, საგინებელ, საწყევლ ობიექტად ქცვეულიყო, ეროვნული კლანის საშოში, პომპეზურად, ტელე-პროტესტანტი მწერლის იმიჯით დაბრუნდა.

 მინდა მივულოცო ჩემს ქვეყანას! მილოცვები ოჯახის ბურჯებს! მილოცვები ჩემგან ერისა და ზნეობის, სკოლების,  სამინისტროების თუ კერძო ოფისების დარაჯებს! მილოცვები ჩემგან მორალის, ფეხბურთის მცველებს! მილოცვები ქართულ მრევლს! მილოცვები ქართველ ბანკირებს! მილოცვები ქართველ ბიზნესმენებს! მილოცვები ქართველ ძიუდოისტებს! მილოცვები ქართველ მწერლებსა და პოეტებს, ერის მამებს! მილოცვები ქალიშვილებს! მილოცვები ტელე&ფეისბუქ ინტელექტუალებს! მილოცვები კათოლიკოს პატრიარქს, პრეზიდენტს! მილოცვები ნანკა კალატოზიშვილს! მილოცვები მთელს საქართველოს, რადგან თქვენ აღარ გყავთ მტერი, ყოველ შემთხვევაში, „საიდუმლო სირობის“ ავტორის, ერეკლე დეისაძის სახით. წესით, ახლა, ბედნიერებისთვის მხოლოდ სახინკლე, აფხაზეთი, ნატო და რუსის ნაშები გაკლიათ!  თქვენ ჯიგარს, რელიგიას, ქართველობას არაფერი ემუქრება! „ამინის! ჯოს! და გენაცვალეს!“ საძახებლად, ქართული ჰაერი ისევ განწმენდილი და განთავისუფლებულია.

 

კაფკა წერდა: „თუკი წიგნმა, რომელსაც ვკითხულობთ, თავში მუშტი არ ჩაგვცხო, მაშ, რისთვის ვკითხლობთ მას? რათა გაგვაბედნიეროს?.. ღმერთო ჩემო, ბედნიერნი ხომ წიგნების გარეშეც ვიქნებოდით. თანაც, ისეთ წიგნს, რომელიც გაგვაბედნიერებს, ძალიან თუ გაგვიჭირდა, თვითონაც დავწერთ… წიგნი ნაჯახად უნდა მოგვევლინოს ჩვენი სულის გაყინული ზღვის ჩასამტვრევად. ამაში დარწმუნებული ვარ.“

 

ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულის მიერ ნათავაზები წკლიპურტით გამოწვეულმა სიწითლემ გაიარა. ჩვენ კი ისევ ფარსის სქელი გარსით შემოსაზღვრულნი დავრჩით.

მასალების გადაბეჭდვის წესი