კომენტარი

სახიფათო იმბალანსი

18 მაისი, 2010 • 1943
სახიფათო იმბალანსი

დაპირისპირება „ლიბერალური“ და „მართლმადიდებლური“ იდეალების მიმდევრებს შორის გრძელდება. კარგია, რომ ვნებები შედარებით დაცხრა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა შეწყდა, იდეოლოგიურმა ბატალიებმა დისკუსიის ფორმა მიიღო და ქუჩიდან პრესის ფურცლებზე, სოციალური ქსელების ვებგვერდებზე, ტელე- და რადიოსტუდიებში გადაინაცვლა. თუმცა, მდგომარეობა მაინც რთულია. საპირისპირო „ბანაკებში“ გაერთიანებულ პირთა კამათის ტონი და ფრაზეოლოგია ჯერ კიდევ აგრესიული და შეუწყნარებელია. ერთი მხარისთვის მეორის პოზიცია რეტროგრადობას და ანაქრონიზმს ნიშნავს, მეორისთვის პირველისა – ღვთის გმობას და სატანის მსახურებას. ჩანს, რომ ჯერ-ჯერობით არცერთ მხარეს არ სურს კომპრომისების ძიება; ან, საუკეთესო შემთხვევაში, თითოეულ მათგანს კომპრომისი ისე ესმის, თითქოს მისმა საკუთარმა თვალსაზრისმა აბსოლუტური გამარჯვება უნდა იზეიმოს მეორე მხარის თვალსაზრისზე; ხოლო, მეორე მხარეს კი ისღა დარჩენია, მარცხს შეეგუოს და მორჩილად უარყოს ის, რასაც ერთ დროს თავგამოდებით იცავდა.

თუ ისტორია რამეს გვასწავლის, პირველ რიგში გვასწავლის იმას, რომ ასეთი მოლოდინი, რომ რომელიმე მხარე მორჩილად დათმობს თავის შეხედულებებს, არარეალურია. ადამიანები საერთოდ ძალიან იშვიათად იცვლიან ხოლმე შეხედულებებს; მითუმეტეს ისეთებს, რომლებიც რაღაც ტრანსცენდენტურს ეხება. ზოგისთვის ეს რაღაც „ტრანსცენდენტური“ ზებუნებრივი ძალების არსებობით არის განპირობებული, ზოგისთვის – პირიქით, ამგვარის არარსებობით. მაგრამ ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს რაღაც ისეთ ფენომენთან, რომელსაც ადამიანის „სულიერ საზრდოს“ უწოდებენ. ისტორიიდან ვიცით, რომ ადამიანები უმალ მატერიალურ საზრდოს თმობდნენ ხოლმე, ვიდრე სულიერს. უფრო მეტიც, ამგვარისთვის ხშირად ისინი თავსაც სიხარულით სწირავდნენ ხოლმე, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ ამ გზით შეიძლებოდა დაემკვიდრათ თავი მარადისობაში, განურჩევლად იმისა, თუ რას დავარქმევთ ამ მარადისობას – იმქვეყნიურ სასუფეველს, თუ უბრალოდ კაცობრიობის მეხსიერებას.

პრობლემა: კონფლიქტი რელიგიის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის

უცნაური არ არის, რომ დაპირისპირებული მხარეები თავიანთი კონცეფციების გასამყარებლად არცთუ იშვიათად სამართალს იხმობენ ხოლმე, რაც თავისთავად უკვე კარგია, რადგან სამართლებრივ საკითხებზე კამათი ნამდვილად სჯობს ქუჩაში ხელჩართულ ჩხუბს. ამ დღეებში დისკუსიები ძირითადად იმის შესახებ მიმდინარეობს, თუ რამდენად შეიძლება  და უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, როდესაც საქმე სხვა ადამიანების რელიგიურ გრძნობებს ეხება; ხოლო, მეორე მხრივ, რამდენად გააჩნია დღევანდელ განათლებულ ეპოქაში რელიგიურ გრძნობებს საკმარისი ლეგიტიმაცია, რომ წინ აღუდგეს თანამედროვე რაციონალიზმის კულტს – გამოხატვის თავისუფლებას. საკითხის ამგვარად დაყენება პრინციპში სწორია. კერძოდ, სწორია ის, რომ ეს ორი უფლება შეიძლება კონფლიქტში შევიდეს ერთმანეთთან და, რომ ამ კონფლიქტისგან საჭიროა მოვძებნოთ გამოსავალი. არასწორი აქ მხოლოდ ის არის, რომ უნივერსალური, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ფორმულა, რომელიც ყოველ ცალკეულ კონფლიქტურ შემთხვევას მიესადაგება, უბრალოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გარკვეული პრინციპები, რომლებიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნის ისტორიულ-სოციალურ-კულტურული კონტექსტისა და გარემოებების შუქზე, კონკრეტულ სამართლიან გადაწყვეტამდე მიგვიყვანს.

ამ დღეებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გავრცელდა განცხადება, რომელშიც საპატრიარქო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს კანონი, რომელიც „სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას, მათ რელიგიურ გრძნობებს.“ ამ განცხადებას უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები საზოგადოებაში. ერთნი ასეთი კანონის მიღებას აუცილებლად მიიჩნევენ; მეორენი კი თვლიან, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია. სიმართლე კი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ალბათ სადღაც შუაში ძევს. ყოველ შემთხვევაში შევეცადოთ პასუხი კითხვაზე – საჭიროა თუ არა კანონით გამოხატვის თავისუფლების შეზუდვა – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის, ევროპის საბჭოს რეკომენდაციების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე მოვიპოვოთ.

ევროპული სტანდარტები

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება, ისევე, როგორც გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ძირითად უფლებებს წარმოადგენს. პირველი გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო მეორე – იმავე კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით. ორივე უფლება ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო აქტებით, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და გაეროს პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.

ამავე დროს, ამ ორთაგან არცერთი უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი შეიძლება შეიზღუდოს, თუ არსებობს გარკვეული პირობები. კერძოდ, შეზღუდვა დასაშვებია, თუ სახეზეა ერთდროულად სამი პირობა: 1) შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; 2) შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის – რელიგიის თავისუფლების შემთხვევაში – საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის ან სხვათა უფლებების და თავისუფლებების დაცვას, ხოლო გამოხატვის თავისუფლების შემთხვევაში – უწესრიგობის ან დანაშაულის აღკვეთას, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცავს და ა.შ.  3) დაბოლოს, შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც გულისხმობს შეზღუდვის მიმართ მწვავე საზოგადოებრივ მოთხოვნილების არსებობას და ასეთი შეზღუდვის პროპორციულობას დეკლარირებულ ლეგიტიმურ მიზანთან. მაშასადამე, პირველი და ძირითადი პრინციპი ის არის, რომ შეზღუდვა თითოეულ უფლებაზე შესაძლებელია, თუ არსებობს ზემოთ მითითებული პირობები.

მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი ის არის, რომ თავისთავად არცერთი ეს თავისუფლება, ისევე, როგორც ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არ სარგებლობს რაიმე უპირატესობით ერთმანეთის მიმართ. თითოეული უფლება და თავისუფლება ადამიანის თანდაყოლილ სიკეთეს წარმოადგენს და თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთგზის ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იგი მოიცავს არა მხოლოდ ისეთ „ინფორმაციას“ და „იდეებს“, რომლებსაც „კეთილგანწყობით ღებულობენ ან, რომლებიც არ მიიჩნევა შეურაცხმყოფელად“, არამედ ისეთებსაც, რომლებსაც შეუძლია „შოკის მომგვრელი ეფექტი იქონიოს, შეურაცხყოს, ან გააღიზიანოს სახელმწიფო ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილი“.

მეორე მხრივ, ევროპულ სასამართლოს ისიც აქვს განცხადებული, რომ სახელმწიფოს შეუძლია კანონიერად მიიღოს გარკვეული ზომები, რათა აღკვეთოს გარკვეული სახის ქცევა, მათ შორის ისეთი ინფორმაციის და იდეების გავრცელება, რომლებიც შეუთავსებელია სხვა ადამიანების აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების პატივისცემის მოვალეობასთან. მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები მართლაც შეიძლება შეილახოს რელიგიური თაყვანისცემის ობიექტების „პროვოკაციული ფორმებით გამოსახვის“ შედეგად. ამგვარი პროვოკაციული გამოსახვა შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც ტოლერანტობის მოთხოვნის განზრახ, ბოროტად დარღვევა. (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოტო პრემინგერის ინსტიტუტი ავსტრიის წინააღმდეგ“, პ. 47).

თავის რეკომენდაციაში #1805(2007), სახელწოდებით „მკრეხელობა, რელიგიური შეურაცხყოფა და სიძულვილის გამოხატვა ადამიანების მიმართ მათი რელიგიის გამო“, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნა, რომ „მულტიკულტურულ საზოგადოებებში ხშირად აუცილებელია ერთამენთთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი გამოხატვის თავისუფლება და აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ამ თავისუფლებათა შეზღუდვაც გახდეს საჭირო. [ადამიანის უფლებათა ევროპული] კონვენციის თანახმად, ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონით, აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს. ასეთი შეზღუდვების დაწესებისას სახელმწიფოები სარგებლობენ დისკრეციული უფლებამოსილებით, რადგან სახელმწიფო ორგანოებს, თითოეული საზოგადოების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება განსხვავებული ზომების მიღება დაჭირდეთ. ამგვარი დისკრეციის ზღავრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტროლს ექვემდებარება“. (იხ. პ. 3).

ამ წინააღმდეგობრივი განცხადებებისაგან დასკვნა ის არის, რომ როდესაც საქმე ეხება ორ ფუნდამენტურ უფლებას, საჭიროა დაცულ იქნეს სამართლიანი ბალანსი ამ უფლებებს შორის. სწორედ გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიის თავისუფლებას შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას ემსახურება ვენეციის კომისიის მოხსენება, რომელიც კომისიის 2008 წლის 17-18 ოქტომბრის პლენარულ სესიაზე იქნა დამტკიცებული. ეს არის საკმაოდ დიდი ზომის დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაანალიზებული ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობა და, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებისგან გამომდინარე, შემუშავებულია გარკვეული რეკომენდაციები ამ სახელმწიფოებისათვის.

ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერმა ჯგუფმა, მათ შორის რელიგიურმაც, უნდა ითმინოს „კრიტიკული საჯარო განცხადებები“ მათი საქმიანობის, მოძღვრებისა და რწმენის შესახებ. თუმცა, ასეთი კრიტიციზმი არ უნდა გადაიზარდოს სიძულვილის გაღვივებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა ან კონკრეტული რელიგიის მიმდევრების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში. შესაბამისად, ვენეციის კომისიის განცხადებით, იგი არ უჭერს მხარს აბსოლუტურ თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი იდეა, რაც არ უნდა შოკის მომგვრელი ან გამაღიზიანებელი იყოს იგი, პრინციპში დაცული უნდა იყოს, დაცვას არ ექვემდებარება სიძულვილის მთესველი განცხადებები. რადგანაც გამოხატვის თავისუფლება გარკვეულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასაც მოიცავს, დემოკრატიული საზოგადოების წევრები უნდა მოერიდნონ ისეთ გამოხატვას, რომელიც აბუჩად იგდებს ან უხეშად შეურაცხყოფს სხვათა უფლებებს. (პპ. 72-73).

ვენეციის კომისია, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მხარს უჭერს ისეთი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთა იდეებს „არ შეავქთ რაიმე წვლილი კაცობრიობის პროგრესისკენ მიმართული საჯარო დისკუსიების ხელშეწყობაში“ და, რომლებსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ საზოგადოებისთვის. (პ. 74). ამგვარს შორის ცხადია პირველ რიგში იგულისხმება ისეთი იდეები, რომლებიც თესავენ რასობრივ, რელიგიურ და სხვაგვარ შუღლსა და სიძულვილს, ადამინებს ძალადობისკენ და დისკრიმინაციისკენ აქეზებენ. ასეთი გამოხატვა არათუ არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით, არამედ სახელმწიფოს ვალია სისხლის სამართლის წესითაც კი დასაჯოს სიძულვილის გამოხატვა. (პ. 89a).

მეორე მხრივ, ვენეციის კომისია არ უჭერს მხარს რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი და ე.წ. მკრეხელური იდეების გამოხატვის კრიმინალიზაციას. უფრო მეტიც, იგი პირდაპირ მოუწოდებს ევროპის წევრ სახელმწიფოებს, სადაც მკრეხელობა ჯერ კიდევ ისჯება სისხლის სამართლის წესით, გააუქმონ ასეთი ქმედების დანაშაულებრიობა. (პ. 89b-c).

ამგვარი ქმედებების საწინააღმდეგოდ ვენეციის კომისია მიიჩნევს შესაძლებლად „სხვა, ალტერნატიული საშუალებების“ გამოყენებას. (პ. 93). ამგვარში ცხადია იგულისხმება სამოქალაქოსამართლებრივი და თუნდაც ადმინისტრაციულსამართლებრივი ზომები – ზიანის ან ჯარიმის დაკისრება და სხვა. თუმცა, ვენეციის კომისია იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ეხება რელიგიის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის სწორი ბალანსის დაცვას, სასამართლოებს არ გააჩნიათ „არც ექსკლუზიური და არც უპირატესი უფლებამოსილება“ იზრუნონ ამისათვის. არამედ, საზოგადოებამ, მისი სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანების გაერთიანებების მონაწილეობით, რაციონალური დისკუსიების მეშვეობით თავად უნდა იზრუნოს ასეთი ბალანსის საზოგადოებაში დაცვისათვის. (პ. 94).

პრობლების გადაჭრის შესაძლო ვარიანტები

ევროპული სტანდარტები, რომლებზედაც ზემოთ იყო საუბარი ცხადია იძლევა საშუალებას იმისას, რომ გულდასმით იქნეს გაანალიზებული როგორც ქართული კანონმდებლობა, ისე საქართველოში დღეს შექმნილი რეალობა და მოძებნილ იქნეს ოპტიმალური კომპრომისი, რომელსაც ექნება უნარი დააშოშმინოს ვნებები და ქვეყანა, თუნდაც ამ მხრივ, განვითარების ნორმალურ კალაპოტში დააბრუნოს.

უკანასკნელ წლებში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ გამოხატვის თავისუფლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა მიახლოვებულიყო ევროპულ და მსოფლიო სტანდარტებთან. ამასთანავე, როგორც მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, კანონმდებლობა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებსაც, რადგან არ ძალუძს დაიცვას სამართლიანი ბალანსი იმ შემთხვევაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლება კონფლიქტში შედის ადამიანის სხვა ძირითად უფლებებთან, მაგალითად რელიგიის თავისუფლებასთან.

საქართველოში არ გვაქვს კანონის ნორმა, რომლითაც შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მკრეხელობა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. მაგრამ, როგორც ზემოთ აღწერილი ევროპული სტანდარტებიდან უკვე ვიცით, ამგვარის მიღება არც არის საჭირო და მიზანშეწონილი თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ამას არ მიესალმება ის საერთაშორისო ორგანიზაცია – ევროპის საბჭო – რომლის წევრობის პატივიც საქართველოს აქვს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ არც ისეთი კანონის ნორმა გვაქვს, რომლითაც შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს რაიმე სახის სიძულვილის ან შუღლის, მათ შორის რელიგიური სიძულვილის ან შუღლის გაღვივება. ეს კი, ისევ ზემოთ აღწერილი სტანდარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს არათუ უფლებას, მის მოვალეობას წარმოადგენს.

გარდა ამისა, რამდენადაც უცნაური არ არის, საქართველოში არ გვაქვს კერძოსამართლებრივი საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პირს, რომელიც თვლის, რომ მისი რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს, სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს სასამართლოში და მოითხოვოს ქონებრივი ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება იმ პირის მიმართ, რომელმაც სავარაუდოდ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. საეჭვოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, ან დელიქტური სამართლის ზოგადი ნორმები, ანდა საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ შეიცავდეს ისეთ დებულებას, რომელიც შეიძლება ამგვარ სარჩელებს წარმატების რაიმე შანსს უტოვებდეს. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების „შინაარსობრივ რეგულირებას“, თუ ეს ეხება, მათ შორის „უხამსობას“. მაგრამ იგივე კანონი ან რომელიმე სხვა ნორმატიული აქტი არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ რა გზით შეიძლება იქნეს დაცული იმ პირის უფლებები, რომელსაც შესაძლოა უხამსობის გამო ზიანი მიადგა.

ყოველივე ეს საზოგადოებას უბრალოდ დაუცველს ტოვებს ისეთი პირების გამოხდომების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირ და ღიად განაცხადონ, რომ კარგად ესმით, რომ მათი გამონათქვამები შეიძლება გარკვეული შეხედულებების მქონე ადამიანების გრძნობებს ლახავდეს, მაგრამ სპეციალურად აკეთებს ასეთ განცხადებებს ამ ადამიანების პროვოცირების მიზნით. გაუგებარია, თუ კანონი, თუნდაც მხოლოდ ადმინისტრაციული წესით სჯის წვრილმან ხულიგნობას, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, რატომ არ სჯის კანონი საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევ განცხადებებს, რომლებიც ბეჭდური სიტყვის ან მითუმეტეს ელექტრონული ინფორმაციის საშუალებებით კეთდება და მოქალაქეთა კიდევ უფრო დიდი რაოდენობის სიმშვიდეს არღვევს? ერთია, რომ ასეთი ქმედება არ უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით, მაგრამ მეორეა, რომ მას საერთოდ არ მოყვებოდეს თუნდაც მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა სრულიად დაუსაბუთებლად და უსამართლოდ არის ლოიალური ისეთი პირების მიმართ, რომლებიც უტიფრად და თავხედურად აბუჩად იგდებენ და ამასხარავებენ სხვა ადამიანების რელიგიურ გრძნობებს. ასეთი ლოიალობა ხელს არ უწყობს საზოგადოებისთვის საჭირ-ბოროტო საკითხებზე ჯანსაღ დისკუსიებს, თუნდაც ზოგჯერ მკაცრს და უკიდურესად კრიტიკულს, მაგრამ ჩვეულებრივი წესიერების ჩარჩოებში მოქცეულს. ერთია, რომ გააკრიტიკო სხვა ადამიანების სარწმუნოებრივი შეხედულებები, მაგრამ მეორეა ბოროტად დასცინო ამგვარ შეხედულებებს, რათა გარკვეულ წრეებში იაფფასიანი პოპულარობა მოიხვეჭო. ასეთი ქცევა არის სოციოპათის ქცევა. კანონი სოციოპათური კულტურის დამკვიდრებას არ უნდა უწყობდეს ხელს.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ სახელისუფლო სტრუქტურები სერიოზულად უნდა მოეკიდნონ საპატრიარქოს წინადადებას კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების და სიახლეების შეტანის შესახებ. თავისთავად ასეთ ცვლილებებს და სიახლეებს ძალზე სერიოზული მსჯელობა და აწონ-დაწონვა ჭირდება. მაგრამ ამგვარი წინადადების ხელაღებით უარყოფა და თქმა იმისა, რომ ჩვენს კანონმბდელობაში ყველაფერი რიგზეა და არავითარი ზომების მიღება საჭირო არ არის, სხვა არაფერია თუ არა რეალურად არსებულ პრობლემაზე თვალის დახუჭვა.

ჩვენს ქვეყანას ჭირდება სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა უფლებებსა და ინტერესებს შორის. არსებული მდგომარეობა კი არის მეტად სახიფათო იმბალანსის მდგომარეობა, რომელიც არავინ იცის, რას გვიქადის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში რელიგიური ომები არასდროს იქნება მარტო იმის გამო, რომ ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში არასდროს ყოფილა, ძალზე ღრმად ცდება. ამ ქვეყნად ყველაფერი სადღაც, ოდესღაც პირველად ხდება ხოლმე.


სანდრო ბარამიძე
სანდრო ბარამიძე
სანდრო ბარამიძე არის ადვოკატი და მედია სამართლის ექსპერტი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, კავკასიის სამართლისა და მედიის სკოლებში. სხვა საგნებთან ერთად ასწავლის მედია სამართალს. არის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მედია სამართლის ექსერტი და ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს შრომები და ინტერვიუები მედია სამართლისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი