კომენტარი

ბალანსი თავისუფლებებს შორის

17 მაისი, 2010 • 1944
ბალანსი თავისუფლებებს შორის

 ბატონო სოზარ, როგორ აფასებთ საპატრიარქოს ინიციატივას, მოსახლეობის უხამსობისგან დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს შსაბამისი კანონი?

 გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური თავისუფლება, აბსოლიტური თავისუფლება არის წამების თავისუფლება, ან მონობის აკრძალვა, რომელიც არ შეიძლება ოდესმე იყოს დაშვებული.

 გამოხატვის, რელიგიის და  ყველანაირი სხვა თავისუფლება არის გარკვეულად ზღვარდადებული.  ეს თავისუფლებები არსებობს მანამ, სანამ სხვა თავისუფლებას შეეჯახება, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბალანსი ისე უნდა იყოს  დაცული, რომ რაღაცნაირად არც ერთი არ შეიზღუდოს. ისე, რომ სრულად არც ერთი თავისუფლება არ შეიზღუდოს,  შეუძლებელია. საქართველოში ეს ბალანსი ძალიან ბევრი მიმართულებით არის დარღვეული გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ.

 ჯერ კიდევ ორი წლის წინ  პარლამენტს მივმართე წინადადებებით, რომ გარკვეულ სფეროში  გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულიყო. კონკრეტულად ეს ეხებოდა ბავშვთა უფლებების დაცვას. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა,  სადაც,  ვთქვათ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანის სახეს აჩვენებდნენ,  მოჰყავთ  დეტალები, თუ როგორ მოხდა ეს ძალადობა და ამის გამო  ამ ინფორმაციის გამავრცელებელი ჯურნალისტი დაუსჯელი რჩება. ასეთი პრეცედენტი სხვაგან არ არსებობს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამის გამო არავინ არ ისჯება. ამიტომ პარლამენტს მივმართე წინადადებით, რომ ამ სფეროში რეგულირება მომხდარიყო. ასევე, ძალიან ბევრი სფეროა,  სადაც რეგულირება არის საჭირო.  მაგალითად, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის განსაზღვრული, რას ნიშნავს უხამსობა, თუმცა, სასამართლოს პრეცედენტებით უხამსობა ისჯება.

 საქართველოში არის ორი კანონი, რომელშიც უხამსობაა განმარტებული, ეს არის კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მაუწყებლობის შესახებ. და, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცნების დეფინიციის განმარტება და წერია, რომ უხამსობა არ არის დაცული, არ წერია, თუ რა სანქციები შეიძლება ამას მოჰყვეს.

 ასევე,  ერთ–ერთი სერიოზული უფლება, ადამიანის  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაა, მაგრამ, ამ ხრივ, საქართველოს კანონმდებლობა  სრულიად მოუწესრიგებელია და პრაქტიკულად პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ არის დაცული. ამ კანონში გამოხატვის თავისუფლებას  ძალიან დიდი უპირატესობა აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან შედარებით.

 კონსტიტუციით დაცულია პირის პატივისა და ღირსების უფლება, ისევე, როგორც გამოხატვის თავისუფლება, და სამოქალაქო კოდექსის მეთვრამეტე მუხლი იცავს პატივსა და ღირსებას. თუმცა, ამ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით ბევრად უფრო წინ წამოწეულია. ბოლო პერიოდში მთელს მსოფლიოში ჩნდება იურიდიული ცნება, როგორიც არის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა. ამ თემასთან დაკავშირებით ახლა ხდება  სასამართლო პრეცედენტების შექმნა და საკანონმდებლო დამუშავება.

 ბუნებრივია, ჩვენთან მსგავსი არაფერი არსებობს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის სფერო, რომელშიც კანონმდებლობა დასახვეწია. ეს არ ნიშნავს, რომ იყოს ერთი კანონი, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. და გარკვეულ კანონებში შევიდეს რაღაც შესწორებები, რომლებიც ამ ყველაფერს დაარეგულირებენ. დაიცავენ პირის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, გაავლებს ზღვარს რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.

 საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ ისჯება რასისტული გამონათქვამები, არადა რასიზმი ისჯება თითქმის ყველა დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყანაში. ამიტომ, ეს არის ის სფეროები, რომლებშიც ბალანსია აღსადგენი და ნურავინ ნუ მიიღებს ჩემს ამ პოზიციას, როგორც მოწოდებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ. უბრალოდ, გამოხატვის თავისუფლებას უნდა ჰქონდეს თავისი საზღვრები, ის არ არის აბსოლუტური თავისუფლება.

 საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოში ჩივილით ადამიანი ვერ იღებს იმ კომპენსაციას, რა დონის ზიანიც მას მორალურად მიეყენება

 საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს ეს ფრაზა. ერთადერთი გზა სასამართლოა და პრობლემა სწორედ ის არის, რომ, როცა კანონმდებლობა დაურეგულირებელია, მაშინ სასამართლოში ვერ მიდიხარ და პროცესი ქუჩაში ინაცვლებს. საკანონმდბლო უზრუნველყოფა იმიტომ არის საჭირო, რომ პროცესმა გადაინაცვლოს ქუჩიდან სასამართლოში. სიმართლე გითხრათ, როდესაც კომენტარი გავაკეთე, წაკითხული არ მქონდა და არც ახლა მაქვს წაკითხული საპატრიარქოს განცხადება.  მე ვნახე ის ფრაგმნეტები, რომლებიც სააგენტოებმა გაავრცელეს. ახლა, რაც თქვენ თქვით, აბსოლუტურად არ მესმის, რას ნიშნავს, როგორ შეიძლება, აბა, სასამართლოს მიღმა რა არსებობს?

 საპატრიარქოს განცხადებანათქვამია, რომ გახმაურებული “წიგნის” არც თუ ისე დიდი ხნის წინათ შემდგარი პრეზენტაციაც ამ მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის პირველი ნაწილი იყო; პროვოკაციის მეორე ნაწილი კი ტელეკომპანია კავკასიისეთერში განხორციელდა” და ასევე ნათქვამია, ”მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს”

ეს იყო ჟურნალისტებზე ზეწოლა, ეს იყო დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში შეჭრა, დარბევა და ადამიანების ცემა. ეს არის კრიმინალი და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სხვა შეფასება ამას ვერანაირად ვერ მიეცემა და იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი რამე არ მოხდეს, სწორედ ამიტომ უნდა იყოს კანონმდებლობით ბალანსი აღდგენილი სხვადასხვა უფლებებს შორის. თუ ვინმე ჩათვლის, რომ მისი უფლება არის დარღვეული, მიმართოს სასამართლოს.

 რიგი უცხოური ლიტერატურა, სადაც, შესაძლოა, ვინმეს აზრით, იყოს რწმენის შეურაცხმყოფელი პასაჟები, აიკრძალება თუ არა ამ ლიტერატურის თარგმნა? ან რა ბედი ეწევა იმ ლიტერატურას, რაც უკვე ითარგმნა?

 ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი პოზიცია, ყველას შეიძლება რაღაცა მოსწოდეს, ან არ მოსწონდეს, რაღაცა ჩათვალოს ღვთის გმობად და გააპროტესტოს, ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, როდესაც ეს გადადის ძალადობაში და არ არსებობს სამართლებრივი მოწესრიგების გზები.  კანონში ყველაფერი ვერ ჩაიწერება, რაც კი წიგნში დაწერილა და რაც დაიწერება,  ყველაფერი კანონში ვერ ჩაიწერება. ეს ყველაფერი მერე უნდა მიენდოს მოსამართლეს, მოსამართლე შემდეგ განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს ასაკრძალი და რა არა. მოსამართლეც, ბუნებრივია, შეიძლება შეცდეს, მაგრამ შემდეგ არსებობს გასაჩივრების საშუალებები და  არსებობს ბოლოს და ბოლოს ევროსასამართლო. შეუცდომელი არც ევროსასამართლოა, მაგრამ ადამიანმა მოიგონა სასამართლო იმისათვის, რომ საბოლოო ვერდიქტი ამ ქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, მან უნდა გამოიტანოს.

 მე გეტყვით ერთ მაგალითს, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოვიდა სახელმძღვანელო სკოლის მოსწავლეებისთვის, სადაც იყო განმარტებული მასტრუბაცია, სექსი. მოქალაქეებმა იჩივლეს და  ინგლისში სასამართლომ  ეს წიგნი აკრძალა.  ეს აკრძალვა გასაჩივრდა და ლორდთა პალატამ ძალაში დატოვა. წიგნის ავტორმა იჩივლა ევროსასამართლოში.  არგუმენტი ჰქონდა ასეთი, რომ ეს წიგნი  იყიდება ევროპის ბევრ ქვეყანაში, დიდ ბრიტნეთში შემავალ შოტლანდიაში, უელსში და გამოიყენებოდა, როგორც სახელმძღვანელო და რატომ უნდა ყოფილიყო აკრძალული ბრიტანეთში?  ევროსასამართლომ განაცხადა, რომ ამაში ევროსასამართლო ვერ ჩაერევა, რადგან, რა შეურაცხყოფს საზოგადოების გრძნობებს, რა არის უხამსობა კონკრეტულ ქვეყანაში, ეს იმ ქვეყნის გადასაწყვეტია. შეიძლება, რაც არ არის უხამსობა შოტლანდიაში, იყოს უხამსობა ინგლისში. ამგვარად, ამ ყველაფერს სასამართლო დაადგენს და გადაწყვეტს.

 საქართველოში, მაგალითად, დაიწერა სტატია სათაურით ”ჩეჩმიაძინი”.  ნებისმიერ ქვეყანაში ეს ჩაითვლებოდა რასიზმად და ავტორი დაისჯებოდა. საქართველოში ამას არაფერი არ მოყვა, გარდა იმისა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი აღშფოთდა და თქვა, რომ ეს არის დაუშვებელი. მაგრამ ძალიან უცნაურია, როდესაც სხვა ავტორი წერს და სამების ტაძარი არის შედარებული სასქესო ორგანოსთან, საზოგადოების იგივე ნაწილი ამბობს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ადამიანს  ჰქონდა  ამის დაწერის უფლება. ყველა შემთხვევაში ერთ და იგივე სტანდარტი უნდა იყოს. როცა ადამიანი თავს უფლებას აძლევს, რომ  სტატიის სათაურში გამოიტანოს სიტყვა ”ჩეჩმიაძინი”, ამაზე სამართლებრივი რეაგირების საშუალება უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს არის რასიზმის გამოვლინება.

 მე მახსენდება ემილ კუსტურიცას ფილმიბოშათა დრო”, რომელშიც საფინალო სცენაში ერთერთი პერსონჟი მიდის ქრისტეს წაქცეულ ხატთან და თითს უქნევს. შეიძლება თუ არა, რომ ეს ჩაითვალოს ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად და შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოს სასამართლოებში თითოეული მსგავსი ტიპის ფილმის ჩვენებაზე, თითოეული წიგნის გაყიდვაზე საჩივრები შევიდეს. ეს ხომ არ მიგვიყვანს  გარკვეულ აბსურდამდე?

 შესაძლებელია, ასეც მოხდეს, მაგრამ, როცა ადამიანს მიაჩნია, რომ ეს რაღაც ზღვარს ლახავს, მას უნდა ჰქონდეს პროტესტის გამოთქმის საშუალება. პროტესტი მუდმივად ქუჩაში ხომ არ იქნება. დავითის ქანდაკება არის ხელოვნების ნიმუში, მაგრამ ვინმე რომ გაშიშვლდეს, სურათი გადაიღოს და გამოფინოს რუსთაველზე,  ალბათ,  უხამსობა იქნება და სხვა მიდგომა ექნება.

 თუმცა, შესაძლებელია, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა  დავითის შიშველი ქანდაკებაც უხამსობად მიიჩნიოს და შეიტანოს საჩივარი

 აქვს უფლება, შეიტანს და წააგებს.

 ეს ხომ მოსამართლეზე იქნება დამოკიდებული, მოიგებს თუ წააგებს?

 თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ  შეიძლება ვინმემ თავისი შიშველი ფოტოებით მოფინოს ქალაქი და თქვას, რომ ესეც ხელოვნებაა. ვინმემ ხომ უნდა გადაწყვიტოს, სად გადის ზღვარი.  ყველაფერს კანონში ხომ ვერ ჩავწერთ, და კანონი თუ არ იარსებებს,  მაშინ ხომ არაფერი არ დარეგულირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი