კომენტარი

რას მიიღებს საქართველო ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის

7 აპრილი, 2010 • 1739
რას მიიღებს საქართველო ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის

 ნატო-საქართველოს ურთიერთობა  უკრაინის გადაწყვეტილების და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული კონტიგენტის მონაწილეობის  ფონზე – ამ საკითხზე ”ნეტგაზეთი” ექსპერტს ნატოს საკითხებში ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. ჩიტაძე ამბობს, რომ ალიანსმა შესაძლოა თვალი დახუჭოს გასატარებელ რეფორმებზე საქართველოს მონაწილეობის გამო ავღანეთის ოპერაციაში:

 

უკრაინამ ნატოში ინტეგრაციაზე უარი განაცხადა, ნატოში ინტერგრაციის საკითხებზე უწყებათშორის ეროვნული კომისიის გაუქმებით. რა ბედი  ეწევა ნატო უკრაინის კომისიას ?

ნატო უკრაინის კომისია დარჩება, იმიტომ რომ ფუნქციონირება ამ კომისიამ დაიწყო ჯერ კიდევ  1997 წლიდან, სანამ უკრაინა გამოთქვამდა სურვილს ნატოში გაწევრიანებაზე.  უკრაინას პარტნიორი ქვეყნის სტატუსი ექნება, გაუქმდება უკრაინისთვის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იყო გარკვეული მონიტორების შესრულება ნატოს მხრიდან ყოველწლიურად, რათა ქვეყანა მაქსიმალურად მიახლოებოდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, ნატოს სტანდარტებს და შესაბამისად ხელსაყრელი წინაპირობა შექმნილიყო ნატოში გასაწევრიანებლად.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ უარი თქვა ნატოს წევრობაზე, ევროკავშირის  აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე უკრაინის საგარეო პოლიტიკა იქნება ორ ვექტორიანი, ერთის მხრივ რუსეთთან თანამშრომლობა, და მეორეს მხრივ დასავლეთთან, გარკვეული ბალანსირების შენარჩუნებას შეეცდება უკრაინა რუსეთსა და ევროპას შორის. საბოლოო არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევს უკრაინას, ვინაიდან ერთის მხრივ რუსეთი სთავაზობს უკრაინას რომ უკრაინა შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეს სადაც რუსეთი ყაზახეთი და ბელორუსია არიან გაერთიანებული, და იქ მიდის საუბარი რომ ორიათას თორმეტი წლისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ესეთი ეკონომიკური სივრცე, და მეორეს მხრივ ევროკავშირი სთავაზობს პრივილეგირებულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღმოსავლეთთან პარტნიორობის ფარგლებში, უკრაინას მოუწევს არჩევანის გაკეთება ან რუსეთის ან ევროკავშირის სასარგებლოდ. ამ ეტაპზე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინა შეეცდება ორივე მხარესთან იქონიოს ნორმალური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა.

ნატოზე უარის თქმა, არ იყო არჩევანი?

ნატო ეს არის პოლიტიკური ბლოკი, აქ ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტტების განსაზღვრა სურდა უკრაინას, რომელიც დაკავშირებული იქნება მომავალში უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტთან,  ანუ უკრაინა აცხადებს უარს, ვთქვათ რომელიმე სამხედრო ბლოკში შესვლაზე, მეორეს მხრივ ეს გარკვეული ნაბიჯი იყო იმისკენ, რომ რუსეთი რაღაც დათმობაზე წავიდეს უკრაინასთან. მაგალითად, მოგეხსენებათ განიხილება საკითხი, რომ შემცირდეს რუსული ბუნებრივი აირის ტარიფი უკრაინისათვის და  შესაძლებელია შეთანხმება იქნეს მიღწეული უკრაინასა და რუსეთს შორის, რომ რუსეთი შეამცირებს გაზის ტარიფს და უკრაინა უარს იტყვის ნატოზე.

უკრაინის პოზიცია რაიმე გავლენას მოახდენს თუ არა საქართველოს სწრაფვაზე ნატოსკენ?

 ჩემის აზრით რადიკალური ცვლილება არ მოხდება ნატო- საქართველოს ურთიერთობებში. ის სტრუქტურები, ნატო- საქართველოს კომისია, ან იგივე ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, დარჩება საქართველოსთვის. პოზიტიური და ნეგატიური, ასპექტები იგივე დარჩება. პოზიტიურში ვგულისხმობ   საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობას, მის მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიაში. ენერგოუსაფრთხოების საკითხებში საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.  ნეგატიური ეს არის კონსესუსის არარსებობა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსთან მიმართებაში. ეს პრობლემა მომავალშიც დარჩება.  უკრაინის ფაქტორი ამ შემთხვევაში რადიკალურ ცვლილებას მემგონი არ მოახდენს საქართველო-ნატოს უერთიერთობაზე.

ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა, იქონიებს თუ არა რამე გავლენას, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე?

ჩემისაზრით გარკვეულ გავლენას იქონიებს, ვინაიდან ნატოს წესდების მეათე მუხლში არის აღნიშნული, რომ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, თუ ის მზადყოფნას გამოხატავს თავისი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხებში.  საქართველოს გაცილებით უფრო დიდი კონტიგენტი ეყოლება ავღანეთში ვიდრე ყავთ ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობას.

ამერიკა ყოველთვის უჭერდა  მხარს,  საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომ ინტეგრაციას, აქ პრობლემა არის ზოგიერთი ევროპული სახლემწიფოს პოზიცია, მათი მიდგომა საქართველოს ევროატლანტიკურ სრტუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 

განსხვავდება თუ არა საქართველოს მიმართ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება, ბუშის ადმინისტრაციის დამოკიდებულებისგან?

შეერთებული შტატები აპირებს გარკვეული კონტინგენტის განთავსებას საქართველოში რათა შემდგომში მოხდეს ქართველი სამხედროების მომზადება ავღანეთში  სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიზნით.  რაც შეეხება ქარტიას, მისი რეალური მოქმედება დაიწყო ობამას ადმინისტრაციის პერიოდში, პრიორიტეტები იგივე რჩება საქართველოსთან მიმართებაში, მეორეს მხრივ განსხვავება ის არის, რომ ობამას ადმინისტრაციას უფრო თბილი ურთიერთობები გააჩნია რუსეთთან იგივე განმუხტვის პოლიტიკის ფარგლებში. პრობლემა ის არის, რომ ობამას ადმინისტრაციის ყურადღება ფოკუსირებულია შიდა პრობლემებზე, მაგალითად იგივე ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაზე, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაზე და  რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, ყურადღების დიდი ნაწილი ფოკუსირებულია ავღანეთისა და ერაყის პრობლემებზე.  ეს გარკვეულწილად აფერხებს იმას, რომ ამერიკა გააქტიურდეს კავკასიის რეგიონის მიმართ, მაგრამ კავკაისია მაინც რჩება ამერიკის ერთერთ მთავარ პრიორიტეტად.

ჩვენ მაინც უნდა განვახორციელოთ რეფორმები, რათა ნატოს სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოვდეთ,  მაგალითად სასამართლო სისტემის სრულყოფა, პრობლემები დაკავშირებული მასმედიის თავისუფლებასთან, საარჩევნო სისტემა.

შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოს ნატოში მიღება, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გამო მოხდეს, ქვეყანაში რეფორმების გატარების გარეშე?

შესაძლებელია ამ პრობლემებთან დაკავშირებით თვალი  დახუჭულონ, როგორც ეს მოხდა ალბანეთთან, ლატვიასთან, ესტონეთთან დაკავშირებით, ან იგივე რუმინეთის  და ბულგარეთის შემთხვევაში.   თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება, რათა ნაკლები საბაბი მიეცეთ საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ნატოს წევრ სახელმწიფოებს, რომ მათ არ განაცხადონ რომ საქართველო არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი