კომენტარი

„მყინავი ეფექტი“

1 აპრილი, 2010 • 1651
„მყინავი ეფექტი“

მედიასამართალში „მყინავი ეფექტი“ გამოხატავს ისეთ ვითარებას, როდესაც მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის შეფარდება ხდება. სახელმწიფოს მიერ ასეთი ღონისძიებების გატარებას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს შემდგომი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, რამაც თავის მხრივ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შემდგომ სარედაქციო საქმიანობაზე.

მედიასამართალს „მყინავი ეფექტის“ საწინააღმდეგოდ შემოაქვს ტერმინი „whistleblower“   – საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაკავებული ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა დაარღვიონ სხვისი კერძო ცხოვრება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით, მაგალითად, დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენა.

ჟურნალისტისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა გარემოება და უნდა განსაჯოს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელ ღირებულებას მიანიჭებს უპირატესობას. 

ხელშესახები და რეალური ყველაფერი მაშინ ხდება, როცა ჟურნალისტს საკუთარი უფლებების დაცვა გიწევს, რაც არც თუ მარტივი პროცესია. 

როდესაც ჟურნალისტს მოგმართავენ მოქალაქეები და გაწვდიან ინფორმაციას მათ მიმართ განხორციელებული კანონდარღვევის შესახებ, გრძნობ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების წინაშე, რადგან ისინი მოგმართავენ იმ იმედით, რომ წამოიწყებ საჯარო დისკუსიას მტკივნეულ თემებზე.

მაგრამ თუ გაქვს ამბიცია, რომ იცავ ეთიკურ სტანდარტებს, კვალიფიციური დისკუსიის წარმართვისათვის, ამოწმებ ინფორმაციას სხვა წყაროების მეშვეობით, უფრო მეტიც, უშუალოდ ამოწმებ დარღვევის არსებობა/არარსებობის ფაქტს.

გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლებმა – ეთერ თურაძემ და მზია ამაღლობელმა ამ ამბიციის ფარგლებში, „სარფის“ საბაჟოში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, 2009 წლის 15 აგვისტოს გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის საზღვარი, ჩაწერეს თურქეთიდან საქართველოში მომავალი მოქალაქეები და მათ მიერ (და არა მხოლოდ მათ მიერ) მონათხრობის გადასამოწმებლად „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სცადეს დაკვირვებოდნენ პროცესს. ისინი იწერდნენ უკმაყოფილო მოქალაქეებს. ჩაწერის ფაქტი გააპროტესტა საბაჟოს თანამშრომელმა, მოტივად მიუთითა საბაჟო პროცედურების ხელის შეშლა.

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის წარმომადგენლებმა შესთავაზეს, პროცესს შორიდან დააკვირდებოდნენ, რითაც გამორიცხავდნენ ხელის შეშლის ფაქტს, „უფლებამოსილმა პირებმა“ მათ არ დართეს საქმიანობის გაგრძელების უფლება. შეკითხვას, თუ რატომ არ ჰქონდათ ჩაწერის უფლება, მოჰყვა დაჯარიმება საბაჟოს უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით. ჯარიმა საკმაოდ სოლიდურ თანხას _ 1000 ლარს შეადგენს. თუმცა პასუხი კითხვაზე, კანონიერი მოთხოვნა რაში მდგომარეობდა, დაჯარიმებულ ჟურნალისტებს არ მიუღიათ.

ამ შეკითხვაზე პასუხის მიღების ერთადერთი იმედი სასამართლო იყო. 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეების (იგულისხმება ჟურნალისტები) მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა და მოსარჩელეები დაჯარიმდნენ არა იმ მოტივით, რომ ისინი საბაჟო კონტროლის ტერიტორიაზე ახდენდნენ ტვირთის განბაჟების პროცესის აუდიო და ფოტოგადაღებას, არამედ იმიტომ, რომ ისინი უფლებამოსილი პირის სათანადო ნებართვის გარეშე შევიდნენ და იმყოფებოდნენ საბაჟო კონტროლის ზონაში“.

შესაბამისად, პრობლემა ის არ ყოფილა, რომ ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ, არამედ ის, რომ ნებართვა არ ჰქონდათ. თუმცა არის კი რაიმე განსხვავება ამ ორს შორის?

რამდენად რეალურად მოეჩვენება ვინმეს კანონდარღვევის აღმოჩენა წინასწარი ნებართვის არსებობის შემთხვევაში? ან საერთოდ, ასეთი ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა? დაცულნი არიან თუ არა ქართველი ჟურნალისტები „whistleblower“ -სთვის დადგენილი სტანდარტით, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაკავებული პირების დაცვას იმ შემთხვევაშიც კი ითვალისწინებს, როცა საქმე სხვა პირთა კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება?

სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან მედიაზე ზემოქმედების ეს ხერხები ახალი ნამდვილად არ არის. მედიაზე ირიბი ზეწოლის ფორმების არსებობაც მხოლოდ ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი პრობლემა არ არის. ევროპის სასამართლო, თავის ერთ-ერთ, უნგერთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს: „კანონმა არ შეიძლება დაუშვას თვითნებური შეზღუდვები, რომლებმაც შეიძლება მიიღონ ირიბი ცენზურის რაიმე ფორმა, თუ ხელისუფლება ინფორმაციის მოგროვებისთვის რაიმე შეფერხებებს ქმნის. მაგალითად, ინფორმაციის მოგროვება არსებითი მოსამზადებელი ნაბიჯია ჟურნალისტიკაში და პრესის თავისუფლების განუყოფელი, დაცული ნაწილია“. 

 

ამავე თემაზე:

ჟურნალისტების დაჯარიმება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი