კომენტარი

“ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ გააკეთა პრეზიდენტმა ასეთი მოწოდება”

3 თებერვალი, 2010 • 2110
“ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ გააკეთა  პრეზიდენტმა ასეთი მოწოდება”

ბევრ ქვეყანაში გაგზავნილა სადამკვირვებლო მისიები, მაგრამ ნაკლებად მომისმენია იმის თაობაზე, რომ დამკვირვებლები, თანაც საერთაშორისო ეგიდით გაგზავნილი დამკვირვებლები, უხეშად ერეოდნენ არჩევნების მიმდინარეობაში. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი შეფასებები გაკეთდა  საქართველოს ხელისუფლების მიერ ოფიციალურად გაგზავნილ დამკვირვებლებთან მიმართებაში. ეს, სულ მცირე, ქვეყნის რეპუტაციისთვის არ იყო კარგი.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა ქართველ დამკვირვებელს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს საერთაშორისო ეგიდით აკვირდებიან, უარი თქვან თავის მისიაზე და უკან დაბრუნდნენ. ეს მოწოდება იყო, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ  უფლება არა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს რამე დაავალოს. 

როგორც ჩვენ აგვიხსნეს,  ორიათასამდე დამკვირვებელი, (ზუსტი რიცხვი სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, რადგან ურთიერთგამომრიციხავი ინფორმაცია  ვრცელდებოდა), სახელმწიფო სტრუქტურებიდან   იყო გაგზავნილი. ანუ, ესენი იყვნენ ოფიციალურად, ხელისუფლების ეგიდით გაგზავნილი დამკვირვებლები. გარდა ამისა უკრაინაში ჩავიდნენ დამკვირვებლები არასამთავრობო ორგანიაზიებიდან, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებოდნენ მიმდინარე არჩევნებს.

ცნობილია, რომ პრობლემები შეიქმნა ხელისუფლების ეგიდით ჩასულ დამკვირვებლებთან,  უკრაინულ მედიაში შუქდებოდა ფაქტები მათი არაადეკვატური საქციელის შესახებ. ალბათ სწორედ ამ დამკვირვებლების ქმედებამ აიძულა პრეზიდენტი, გაეკეთებინა განცხადება იმის შესახებ, რომ დამკვირვებლები უკრაიმაში მიმდინარე არჩევნების მეორე ტურზე არ გაიგზავნებიან.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას, უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ჩასულ ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეს არასწორია და ამ  განცხადების მიზეზი ჩემთვის გაუგებარია.  

ის რომ ოფიციალური სტრუქტურებიდან წარგზავნილი დამკივრვებლები არ იქცეოდნენ ადეკვატურად, არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გაგზავნილი ქართველი დამკვირვებლებიც მათ მსგავსად იქცევიან.

ამიტომ პრეზიდენტის  მოწოდება მეორე ჯგუფთან დაკავშირებით, რომ არჩევნებს ისინიც არ დააკვირდნენ, მე მგონი არასწორია და არაადეკვატური.  ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ გააკეთა  პრეზიდენტმა ასეთი მოწოდება. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი