კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საბიუჯეტო ფონდები გაორმაგდა

1 თებერვალი, 2010 • • 2126
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საბიუჯეტო ფონდები გაორმაგდა
ახალი საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საბიუჯეტო ფონდები ორმაგდება, თუ აქამდე თითოეულის წლიური ბიუჯეტი 25 მილიონ ლარს შეადგენდა, ახლა , 2010 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ეს თანხა თითოეულზე 50 მილიონ ლარს შეადგენს. 
კითხვაზე თუ რა მიზეზით გაიზარდა პრეზიდენტისა და მთავრობის საბიუჯეტო ფონდები, ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია, “მადის გაზრდას” ასახელებს.
დავით ნარმანია: ფინანსთა სამინისტრო მათ (პრეზიდენტს და მთავრობას) აძლევდათ უფლებას, წლიური ბიუჯეტის კანონით რაც იყო განსაზღვრული, იმაზე მეტიც დაეხარჯათ და მერე წლის ბოლო, როცა ხდებოდა ბიუჯეტში ცვლილებების მიღება, ამით ასწორებდნენ ამ გადახარჯვას. ახლა უკვე კანონით გააკეთეს ბუნდოვანი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ ეს ფონდები გადახარჯონ და მერე იქნას ჩასწორებული ეს კანონში, ანუ ის უკანონობა რაც ადრე ხდებოდა, ახლა დააკანონეს.
 
ეს ფონდები (საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საბიუჯეტო ფონდები) არის პრეზიდენტის და მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დასაფინანსებლად, როგორიც არის ვიზიტები, როგორიც არის პრეზიდენტის ჯილდოები სხვადასხვა პირებზე, რომელიც ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლით არ არის გათვალისწინებული, თუმცა ხშირად ჰქონდა ადგილი პრეზიდენტის და მთავრობის მხრიდან ისეთი ხარჯების დაფინანსებას, რომელიც ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული და შესაძლებელი იყო დახარჯულიყო რომელიმე სამინიტროს მიერ, ამავე სამინისტროს ბიუჯეტიდან. ერთი სიტყვით არეული იყო ერთმანეთში ვის რა უნდა დაეფინანსებინა და როგორ.
ყოველწლიურად ბიუჯეტით განისაზღვრება რამდენია პრეზიდენტის და მთავრობის ფონდი. ადრე იყო 25 მილიონი ლარი თითოეულისთვის და ახლა 2010 –ში 50 მილიონია.
მე ვერ ვნახე რეალური საფუძველი (ფონდების თანხის ზრდის), ბიუჯეტში არ არის დაკონკრეტებული და როდესაც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მივმართავთ, მათ აქვთ ძალიან ბევრი პრეტენზია ჩვენთან (ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი) მიმართებაში, რომ ბიუჯეტი არის გამჭვირვალე და თუ ბიუჯეტი არის გამჭვირვალე, მაშინ რატომ არ შეიძლება ბიუჯეტიდან ამოვიკითხოთ რატომ გაიზარდა წინა წელთან შედარებით ეს თანხა და არც ბიუჯეტში და არც განმარტებით ბარათში ეს არ ჩანს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი