კომენტარი

ყველა ფიქრობს, რომ განათლებაში სიტყვა ეთქმის…

25 იანვარი, 2010 • 2066
ყველა ფიქრობს, რომ განათლებაში სიტყვა ეთქმის…

ყველა ფიქრობს, რომ განათლებაში სიტყვა ეთქმის, რადგან სისტემას იცნობს, ზოგს შვილი ჰყავს მოსწავლე, ზოგი პედაგოგის მეუღლეა… მაგრამ მიმაჩნია, რომ განათლების სისტემის თავკაცი არა მარტო კარგი მენეჯერი, არამედ სისტემაში კარგად გარკვეულიც უნდა იყოს, რადგანაც ძალიან რთული სამართავია განათლების რეფორმები. ხშირი ცვლილებები ხელს არ უწყობს განათლების რეფორმის განვითარებას, მაგრამ ფაქტია, რომ ცვლილებები გასატარებელი და საჭიროა.

რაც შეეხება პედაგოგთა სერტიფიცირებას, ვფიქრობ, ეს ხარისხიანი განათლების მისაღებად აუცილებელია. კარგია ის, რომ სერტიფიცირების მერე პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება. მგონია, ეს სწორი მიმართულებაა, აუცილებლად უნდა იყოს განსხვავება კვალიფიციურსა და არაკვალიფიციურ პედაგოგის ანაზღაურებას შორის. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ პედაგოგს ჰქონდეს ყველა საშუალება პროფესიონალური ზრდის უზრუნველსაყოფად.

განათლების რეფორმის ძირითადი პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილებას იღებს ძალიან მცირე ჯგუფი ხალხისა და ხშირად არ არის გათვალისწინებული ამ გადაწყვეტილების იმპლემენტატორთა ინტერესები და მოსაზრებები. მნიშვნელოვანია იმ ხალხის ინფორმირებულობა, ვინც უნდა შეასრულოს ეს გადაწყვეტილება. იდეის გატარებას, რაც არ უნდა გენიალური არ უნდა იყოს, პრობლემა შეექმნება, როცა არ არიან სათანადოდ ინფორმირებული პედაგოგები, მშობლები და ადმინისტრაცია.

ყველა დონის და დაინტერესებული ჯგუფების ინფორმირებულობა, პროცესში მათი მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა, ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია რეფორმების წარმატებისთვის. თავად რეფორმების გატარების პროცესი უნდა იყოს გახსნილი და გამჭვირვალე.

რაც შეეხება ათ გამოცდას, რომელიც ატესტატის ასაღებად უნდა ჩააბარონ მოსწავლეებმა. ჯერჯერობით უცნობია დამატებითი გამოცდების კონკრეტული რაოდენობა, ფორმა, კონფიგურაცია და ასე შემდეგ. ანუ, სანამ არ გვექნება დეტალური ინფორმაცია დასაბუთებით, ძნელია ზეპირად მსჯელობა. განცალკევებული მსჯელობა, რომ 10 გამოცდა ბევრია თუ ცოტა, რამდენი უნდა იყოს, აზრს მოკლებულად მეჩვენება. წარმატებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, სისტემის მართვისა და დაფინანსების თანამედროვე მექანიზმების დანერგვა და, საერთოდ, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება განათლებაში. არის სხვა წარმატებებიც, მაგრამ ამ წარმატებას სჭირდება განვითარება და დახვეწა.

შეცდომად მიმაჩნია რეფორმების პროცესის მიმდინარეობაში დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის დაბალი ხარისხი. სარეფორმო ინიციატივები მეტწილად ზემოდან ქვემოთ მოედინება და ძალიან სუსტია ჰორიზონტალური, ასევე ქვემოდან ზევით მიმართული ინიციატივები. ეს დიდი პრობლემაა და მივიჩნევ, რომ პირველხარისხოვანი პრობლემების მოგვარების რიგში უნდა დადგეს

მასალების გადაბეჭდვის წესი