კომენტარი

ინტერვიუ ამერიკის ელჩთან

23 იანვარი, 2010 • 2046
ინტერვიუ ამერიკის ელჩთან


_ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, შეშფოთებულნი არიან შვეულმფრენმზიდი სამხედრო ხომალდის _ “მისტრალის” გამო რუსულ-ფრანგულ გარიგებაზე (ასე უწოდა `ბი ბი სი~-მ). როგორია შეერთებული შტატების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა გწვეოდით თქვენ, მესაუბრა თქვენთან და თქვენს მკითხველებთან.
რაც შეეხება შემოთავაზებულ გაყიდვას, რამდენადაც ვიცით, იგი კვლავ განხილვის თემაა რუსეთისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით იმ რეაქციის შესახებ, რაც აქვს საქართველოს მთავრობას ამ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით და მე კარგად მესმის ის განწყობა, რომელიც შეექმნება საქართველოს ამ შესაძლო გაყიდვის შემდეგ. რაც შეეხება ამ გაყიდვას, იგი მსგავსია სხვა სამხედრო გაყიდვისა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო. მეორეს მხრივ, ასეთ გაყიდვებს თავისი წვლილი უნდა შეჰქონდეს რეგიონის სტაბილურობაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ შესაძლო გაყიდვის პოტენციური მონაწილეები განსჯიან ზუსტად ამ აზრის გათვალისწინებით.
_ საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად  რუსეთი არ ასრულებს ექვსპუნქტიან შეთანხმებას. თქვენი აზრით, ამის მიუხედავად საქართველომ მაინც უნდა დაიწყოს დიალოგი რუსეთთან?
_ ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, რომ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება. რაც შეეხება უნდა გააგრძელოს თუ არა ურთიერთობა საქართველომ, ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს. ჩემი 23-წლიანი დიპლომატიური გამოცდილების საფუძველზე შემიძლია აღვნიშნო, რომ ყოველთვის უმჯობესია, თუ ეს შესაძლებელია, ადამიანებმა გააგრძელონ ერთმანეთთან ლაპარაკი. იმისათვის, რომ საუბრები იყოს პროდუქტიული, იყოს სასარგებლო, ამ საუბრის ორივე მონაწილეს უნდა ჰქონდეს სურვილი _ მოისმინოს მეორე მხარის პოზიცია და გაითვალისწინოს.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ეს დიალოგი, რა დონეზე, რა ფორმით, ჟენევის მოლაპარაკებების გარდა?
_ დიალოგის მრავალი ფორმა არსებობს. ამ შემთხვევაში რატომ არის მნიშვნელოვანი ჟენევა? _ იმიტომ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ორივე მთავრობა და სხვა მთავრობებიც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ რეგიონით, ჩადიან და იქ საუბრობენ. ზოგჯერ შეიძლება ფორმატის ცვლამ გააუმჯობესოს დიალოგის პერსპექტივა, მაგრამ ფორმატის შეცვლა ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს მხარეების სურვილს და განწყობას _ ჰქონდეთ პროდუქტიული, შედეგის მომტანი დიალოგი.      
_ ნატოში ამერიკის მისიის ხელმძღვანელი, 3-4 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ნატოს მინისტერიალზე იმედოვნებდა, რომ ნატო-საქართველოს კომისიისა და ნატო-რუსეთის საბჭოს სამუშაო შეხვედრებთან ერთად შედგებოდა ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაც მინისტერიალის დროს. თუცა შემდეგ აღარ გავრცელებულა ინფორმაცია ამის შესახებ. ხომ არა გაქვთ ინფორმაცია შედგა თუ არა ასეთი შეხვედრა?
_ თქვენ მიერ მოყვანილ ამ კონკრეტულ ციტატას ვერ ვიხსენებ… არ მსურს ინტერპრეტირება მოვახდინო ელჩის სიტყვების, მაგრამ აშკარაა, თუ მინისტრები ერთ დროს და ერთ ადგილას იმყოფებოდნენ, ეს ზრდიდა მათი შეხვედრის შესაძლებლობას. ასეთი ფორუმის დროს ბევრი შეხვედრა იმართება. მაგრამ შემიძლია ვისაუბრო იმ ძალზე პოზიტიური და სასარგებლო შეხვედრების შესახებ, რომლებიც შედგა ქართულ დელეგაციასა და ალიანსის წარმომადგენელ წევრებს შორის. გენერალური მდივნის განცხადებებით, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რომელსაც მიაღწია საქართველომ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მინისტერიალმა გამოაქვეყნა, კვლავ აღინიშნა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
_ საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს, საქართველოს დაიწყოს რუსეთთან დიალოგი. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი _ მედვედევი აცხადებს, რომ მზადაა დისკუსიისთვის, ოღონდ არა პრეზიდენტ სააკაშვილთან. ასეთ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის განვითარება?
_ ორმხრივი ურთიერთობებისთვის ნამდვილად გამოწვევებით აღსავსე პერიოდია. ჩვენი პოზიციაა, მიუხედავად იმ ფუნდამენტალური განსხვავებისა, რომელიც არსებობს გასული წლის კონფლიქტის შედეგებთან დაკავშირებით (როდესაც საქართველოს მთავრობას, ამერიკის მთავრობასა და მსოფლიოში უმრავლეს მთავრობებს უთანხმოება აქვთ რუსეთის მთავრობასთან), საუბარი მაინც საჭიროა, რადგან ამან შესაძლოა კარგი გავლენა იქონიოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ გასული წლის კონფლიქტის შედეგად. ეს ფუნდამენტალური განსხვავება პრაქტიკულ ხასიათს ატარებს იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, მთლიანად საქართველოში. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვზრუნავთ და ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ. სამწუხაროდ, ყველა მხარე არ აქცევს ასეთ დიდ ყურადღებას იმ ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც კონფლიქტის დროს დაზარალდნენ.
_ პრეზიდენტ ობამას განცხადების შემდეგ, რომ შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებით 30 ათას ჯარისკაცს შეიყვანს, საქართველომ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, არ არის ალიანსის წევრი, გაზრდის ქართულ კონტინგენტს ავღანეთში. რა შეიძლება მისცეს ამან საქართველოს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ „დაუფასდება“ ეს საქართველოს?
_ ჩვენ, შეერთებული შტატების მთავრობა და აისაფის წევრი ქვეყნების მთავრობები დიდად ვაფასებთ იმ თავგანწირვას, რომელსაც იჩენს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი თავისი მისიით ავღანეთში. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი, რაშიც გამოიხატება საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში, ხაზს უსვამს საქართველოს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს გლობალურ საფრთხეებთან გამკლავებაში, რაც ყველასთვის აქტუალურია. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ამ წვლილისა.
_ როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაბიჯებს ნატოსკენ დაახლოებისკენ, სამხედრო რეფორმების თვალსაზრისით?
_ საქართველოს პროგრესის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა დღემდე, დაგეგმილია ამ პროგრესის გაგრძელება, რომ დაკმაყოფილდეს ყველა ის ტექნიკური სტანდარტი, რაც აუცილებელია წევრობისთვის. გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას საქართველო, გახლავთ უფრო ფართო დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც აუცილებელია წევრობისთვის. ანუ მომზადება ქვეყნისა, როცა საქართველო აღქმული იქნება ალიანსის ყველა წევრის მიერ, როგორც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის წვლილის შემტანი ქვეყანა.
_ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით `საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხის განხილვა არის არასერიოზული~. პრეზიდენტის განცხადებით კი, საქართველოში 27 დამოუკიდებელი ტელევიზია მუშაობს. თქვენი აზრით, კანონის უზენაესობის, სიტყვის თავისუფლების, პოლიტპატიმრების თუ სამართლიანი სასამართლოს  ანუ დემოკრატიის თვალსაზრისით, როგორი ვითარებაა საქართველოში?
_ უნდა გვახსოვდეს საიდან მოდის და მოკლე პერიოდში რა დიდი პროგრესი განიცადა ქვეყანამ. თუმცა აშკარად დიდი სამუშაოა კვლავ შესასრულებელი იმისათვის, რომ საქართველო მივიდეს იმ სტანდარტამდე, რაც გამოიხატება ევროატლანტიკური ქვეყნების ინსტიტუტების წევრობაში. საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ამ ზაფხულს აღიარეს, რომ საჭირო იყო რეფორმების დამატებითი ტალღა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, რათა ამ რეფორმების წარმატება უზრუნველვყოთ. გამოწვევებით სავსე გარემოა, რადგან ორ ფაქტორთან თანხვედრაა _ გავაკეთოთ საქმე სწრაფად და კარგად. ამასთან, არსებობს განსხვავება საზოგადოებაში, შეხედულებებში, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორი ბალანსი იყოს შერჩეული.
_ ამერიკამ, აგვისტოს ომის შემდეგ, ერთი მილიარდი დოლარის უპირობო ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს. როგორც ცნობილია, ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. ხომ არ იცვლება პირობები, თუნდაც მონიტორინგის თვალსაზრისით? თუ განახორციელა ამერიკის მთავრობამ და ამერიკის საელჩომ რაიმე ტიპის მონიტორინგი _ რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ეს ფული?
_ მოკლე პასუხია _ დიახ. უფრო გრძელი პასუხი კითხვაზე იქნებოდა, რომ უდიდესი ნაწილი ამერიკული დახმარებისა, რაც შემოდის საქართველოში, არის ან ტექნიკური დახმარების სახით, ან ინვესტიციის, ინფრასტრუქტურის განვითარების ტიპის. ამ შემთხვევაში ჩვენ კონტრაქტის საფუძველზე გვყავს შემსრულებლები, ინდივიდუალური ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს. ჩვენ არა მხოლოდ იმას უზრუნველყვოფთ, რომ მიზნობრიობა შემოწმდეს თანხების ხარჯვისა, არამედ იმის შესაფასებასაც, თუ რა შედეგი იქონია კონკრეტული პროექტის განხორციელებამ.
ომის შემდგომ პერიოდში თანხა პირდაპირ ბიუჯეტის დასახმარებლად, არსებითად მნიშვნელოვანი მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად გამოვყეთ. ეს სფერო გახლავთ მკაცრი მონიტორინგის საგანი, რათა უზრუნვეყოფილი იყოს თანხების ზუსტად იმ მიმართულებით ხარჯვა, როგორც ჩვენ აღგვითქვა საქართველოს მთავრობამ. ფაქტობრივად, თითოეული ერთეული ამ თანხისა მიმართული იყო საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად.
_  რამდენიმე კვირის წინ პირადად გავხდი პოლიციის მხრიდან შანტაჟის ობიექტი. არსებობს სხვა ფაქტებიც მედიაზე ზეწოლის, მათ შორის გაზეთ `ბათუმელებზეც~, რომელიც აისახა `ფრიდომ ჰაუსის~ ანგარიშშიც. პრესაში იწერება, რომ საერთაშორისო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არაეფექტური და არასაკმარისია. თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს?
_ ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. ეს ასახავს იმას, რომ საქართველოს საზოგადოება არის არა მხოლოდ ისეთი, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. არის ისეთი საზოგადოება, ისეთი ქვეყანა, რომელიც მუდმივად ავითარებს ამ კულტურას _ კანონის უზენაესობის პატივისცემისა და აგრძელებს იმ მიზნისკენ სწრაფვას, რომ თითოეულის ქმედებაში იყოს პატივისცემა კანონის უზენაესობისადმი. შემთხვევა, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის ამ კონტექსტიდან ამოვარდნილი, არ არის თავსებადი კანონის უზენაესობასთან და ეს არათავსებადია საქართველოს მისწრაფებებთან. დაინტერესებულები ვართ ვიხილოთ შედეგები გამოძიებისა, რომელიც მიმდინარეობს და ვნახოთ, თუ როგორ შედეგს გამოიღებს ეს საქართველოს მცდელობაზე, რომ იყოს ქვეყანა, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა.
ჩემი საქართველოში ჩამოსვლის დღეს, როგორც ყოფილმა ჟურნალისტმა და როგორც ამერიკელმა დიპლომატმა, პირველ ურთიერთობის დროს ჟურნალისტებთან აღვნიშნე, რომ თავისუფალი მედია დემოკრატიული, სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამ მიზეზით ძალზედ მოხარული ვარ, რომ მომეცით შესაძლებლობა გსტუმრებოდით დღეს თქვენ და მომეცა თქვენთვის შესაძლებლობა, რომ შეგესრულებინათ თქვენი პროფესიული მოვალეობა… დიდი მადლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი