კომენტარი

დათო ბარბაქაძე ქართული პენის შესახებ

3 აგვისტო, 2010 • 1346
დათო ბარბაქაძე ქართული პენის შესახებ

ხალხური გადმოცემები იმის თაობაზე, რომ ქართული პენ-კლუბი დიდი ხანია არსებობს, ადრეც მსმენოდა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით მხოლოდ ახლახანს გავიგე, რომ თურმე საქართველოში პენ-კლუბი ჯერ კიდევ 1997 წელს დაფუძნებულა.

მე კარგი ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა ევროპელ და აზიელ მწერლებთან, რომლებიც თავ-თავიანთ ქვეყნებში ათწლეულების განმავლობაში არიან პენ-კლუბის წევრები და ჩემთვის, ასე ვთქვათ, პირველი ხელიდან არის ცნობილი ის აქტივობები, რომლებიც ამ ორგანიზაციის სახელს უკავშირდება. ასეც რომ არ იყოს, პენ-კლუბი მთელ მსოფლიოში იმდენად ცნობილი და ისეთი მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ორგანიზაციაა, რომ სალიტერატურო ცხოვრებაში მისი როლისა და ფუნქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციების მოპოვება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინტერნეტში.

ასევე, ძნელი წარმოსადგენია სხვა ანალოგიური ორგანიზაცია, რომელიც ფინანსურად უკეთ იქნებოდა უზრუნველყოფილი. მართალია, იმთავითვე პენ-ის პირველადი ფუნქცია მსოფლიოში მწერალთა პოლიტიკური თვითშეგნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ავტორთა თავისუფალი აზრის დაცვა, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინირებული მწერლების მხარდაჭერა, სინდისის პატიმარ მწერალთა გათავისუფლებისთვის ბრძოლა, ლტოლვილი ავტორების სოციალურ დაცულობაზე ზრუნვა წარმოადგენდა, მაგრამ დროთა განმავლობაში საერთაშორისო კომუნიკაციების გაძლიერებამ, საერთო ამოცანების ირგვლივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწერალთა გაერთიანებამ სხვადასხვა წყობისა და რეჟიმის სახელმწიფოებში მწერალთა სასარგებლოდ სამართლებრივი მექანიზმების დახვეწა და გაუმჯობესება გამოიწვია. მხოლოდ წარმოდგენაც კი ისეთი რეალობისა, როცა აფრიკის რომელიმე ახლადაღმოცენებულ სახელმწიფოში პოლიტიკური ნიშნით დაჩაგრული ყველასთვის უცნობი მწერლის მხარდასაჭერად შეიძლება ორგანიზებულად აიმაღლონ ხმა ევროპისა და ამერიკის უცნობილესმა მწერლებმა და ამოქმედდეს ყველაზე ეფექტური პოლიტიკური მექანიზმები, პენ-კლუბის გავლენაზე ბევრს მეტყველებს.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პენ-კლუბის ღირებულება მხოლოდ დრამატულ სიტუაციებში სასწრაფო დახმარების როლის შესრულებით შემოიფარგლება. უზარმაზარია პენ-კლუბის მნიშვნელობა ღარიბ და მსოფლიო სალიტერატურო კონტექსტიდან ამოჭრილ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მწერლებისთვის საერთო ინტელექტუალური და სამართლებრივი პლატფორმის შესაქმნელად და, საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, აზროვნების ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, დროის ეკონომიის კულტურის გამოსამუშავებლად და ისეთ საკითხებზე კამათისგან თავდასაღწევად, რომლებიც დიდი ხანია ნორმირებული სტანდარტების კუთვნილებაა. ბოლოსდაბოლოს, საერთაშორისო კომუნიკაციების გასაძლიერებლად, საერთაშორისო ლიტერატურული პროექტების განსახორციელებლად, მწერალთა ლინგვისტური მოტივაციის ასამაღლებლად და მრავალი სხვა სიკეთის მისაღებად, საერთაშორისო პენ-კლუბთან თანამშრომლობა პატარა ქვეყნებისთვის ბრწყინვალე პერსპექტივებს იძლევა (რაც მთავარია, პენ-ი არ აერთიანებს ავტორებს სახელგანთქმულობის, ცნობილობის, პოპულარობის თუ წარმატებულობის ნიშნებით).

აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როცა ქართული პენ-კლუბის ცამეტწლიანი ბიოგრაფიის შესახებ შევიტყვე, შერლოკ ჰოლმსის უნარები არ დამჭირვებია იმის გამოსაცნობად, რომ ქართული პენ-კლუბი დაარსებისთანავე პრივატიზებულ იქნა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი მწერალთა კავშირის რამდენიმე წევრის და მათთან თბილისური ყაიდის მეგობრობით დაკავშირებული მოკალმეების მიერ. ის, რომ პერიოდულად, ალბათ, ქართულ პენ-ზე ინფორმაცია გაკრთებოდა ხან აქ და ხან იქ, სიტუაციას არ ცვლის (ასეთი ფანდებით დღეს ვერავის მოატყუებ).

ცხადია, პოსტსაბჭოთა სივრცეში იმ დროს არსებული საერთო ვითარების, პირველ რიგში კი ინფორმაციის გავრცელებისა და გადამუშავების უკიდურესად დაბალი კულტურის გათვალისწინებით, საერთაშორისო პენ-ი დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ქართული პენ-ის მატერიალური და სხვა სახის წახალისებით, ასევე – იმ პრივილეგიების სიგნალიზებით, რომლებიც პენ-კლუბის აქტიურ წევრად ყოფნა პირდებოდა ქართველ მწერალს. შესაბამისად, ქართული პენ-ის მესაჭეებიც არჩევნის წინაშე დადგნენ: ეს სიკეთე მხოლოდ განდობილთა მცირე წრეს შეეტკბო თუ ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია საჯარო გაეხადა, როგორც ეს ხდებოდა და ხდება ხოლმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუ არ ჩავთვლით აფრიკის ერთ-ორ სახელმწიფოს, სადაც მოვლენები საქართველოს მსგავსად განვითარდა და საერთაშორისო პენ-კლუბი იძულებული გახდა, პროცესში ისე ოსტატურად ჩარეულიყო, როგორც ამჯერად საქართველოში ჩაერია და პრობლემის აქტუალიზება პენ-ის სტრატეგიების სასარგებლოდ გამოიყენა (ვისაც ესთეტიკური აღქმის უნარი დაბლაგვებული არა აქვს, ის ამ პროცესით ტკბობის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს). ქართველმა პიონრებმა კი მაშინვე საიდუმლო ორდენად ამ ორგანიზაციის გადაქცევა გადაწყვიტეს, რითაც იმთავითვე უღალატეს საერთაშორისო პენ-ის ყველა დაწერილ თუ დაუწერელ კანონსაც და ქართულ მწერლობასაც.

პირადად ჩემთვის სხვა კუთხითაც არის საინტერესო ეს მოვლენა. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ქართული პენ-კლუბის საიდუმლო ორდენის დაარსებამდე ერთი წლით ადრე დავწერე “უზნეობის მსხვერპლი”, რომელშიც საქართველოში კულტურის ფუნქციონირების მექანიზმებს მწერალთა კავშირის მაგალითზე ვაანალიზებდი. უზნეობად მე მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის კი არა, მწერალთა კავშირის წევრების ქცევის და ურთიერთობის წესები გამოვაცხადე. გასაგებია, რომ ქართული პენ-ის არსებობაც ურთიერთობების საბჭოური წესების იმ მორალის ერთგულებით დაიწყო, რომელსაც ღირსების კანონებთან საერთო არაფერი აქვს (არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ქართული პენ-ის პირველი ტალღის ხელმძღვანელობამ, იგრძნო თუ არა, რომ “სიკვდილის ბუზი” დააჯდა, თავისი უბადრუკი ბიოგრაფიის გადაფარვის მიზნით, ბოლო დროს თავის რიგებში დაჩქარებული წესით ახალი წევრების მიღება და კლუბის გაბევრება სცადა). ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მოკალმეთა რაღაც ჯგუფი ცამეტი წელიწადი ერთი და იგივე პრეზიდენტის ირგვლივ იყო გატრუნული (თვით ეს პრეზიდენტი კი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, საქართველოში პოლიტიკურ დიქტატურას ებრძვის). ჩემთვის ისიც უდავოა, რომ მოკალმეების მიერ თავიდანვე ღირსეული არჩევნის გაკეთების შემთხვევაში, გაძლიერდებოდა არა მათი სულიერი ჩანჩურიზმი, არამედ – ქართული მწერლობა.

პრინციპულად ვერ დავეთანხმები სათნოებითა და მოყვასისადმი უსაზღვრო სიკეთით გაცისკროვნებულ იმ პოზიციას, რომ ქართული პენ-კლუბის სამარცხვინო ბიოგრაფია მიიჩქმალოს და ყველაფერი ისე დაიწყოს ნულიდან, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. მითუმეტეს, მიუღებელია ჩემთვის შესაძლო მზაკვრობა (თუ ასეთი რამ ვინმემ უკვე ჩაიფიქრა): რეორგანიზაციის პროცესის მშვიდად ჩამთავრების ან სხვა მიზეზებით საჩვენებელი დათმობებისა და დამბანგველი მიმტევებლობის მერე ქართული პენ-ის “პრივატიზატორებთან” ანგარიშსწორება. ასეთი უკიდურესობები ყოველთვის გადაავადებს ხოლმე აწმყოს. მითუმეტეს, რომ, ადრე თუ გვიან, ვინმე აუცილებლად დაწერს ქართული პენ-კლუბის ისტორიას, როგორც ამას უკვე აკეთებენ სხვა ქვეყნებში, და გულდასაწყვეტი იქნება, ქართული კულტურის ისედაც მრავალმხრივ გაყალბებულ ისტორიაში კიდევ ერთ ყალბ ფურცელს თუ ჩავაკერებთ. ბოლოსდაბოლოს, პენ-იც ერთ-ერთია და არა ერთადერთი, და სამომავლოდ ქართულ კულტურას თანამედროვე გარესამყაროდან წამოსულ სხვა მრავალ ინიციატივასთან ურთიერთობის გამოცდა ელის. პენ-ის ისტორია საქართველოსა და აფრიკაში კი არა, ევროპის ქვეყნებშიც არ არის უღრუბლო. ჩემთვის ცნობილი ფაქტებიდან მხოლოდ იმის აღნიშვნით დავკმაყოფილდები, რომ ავსტრიაში, სადაც პენ-კლუბი 1923 წელს ჩამოყალიბდა, იგი დღემდე ისე არსებობს, რომ ერთ მშვიდ და უხმაურო წელიწადს არ მოსწრებია. 30-იან წლებში ხომ იქ კლუბი საერთოდაც ორ მტრულ ბანაკად გაიყო და ყველაზე უფრო ავტორიტეტული მწერლები დაერივნენ ერთმანეთს; კულმინაცია კი 60-იანი წლების ბოლოზე მოდის, როცა ავსტრიის პენ-კლუბის მაშინდელი პრეზიდენტი ალექსანდერ ლერნეტ-ჰოლენია მხოლოდ იმიტომ გადადგა თანამდებობიდან, რომ ნობელის პრემია მემარცხენე ჰაინრიხ ბიოლმა მიიღო, ამ მოვლენიდან ცოტა ხნის მერე კი ავსტრიელი მწერლების ავანგარდისტული ფრთა კონსერვატორების მიერ კონტროლირებად პენ-ს დაუპირისპირდა და “გრაცის ავტორთა გაერთიანება” ჩამოაყალიბა, პენ-ის ერთგვარი ალტერნატივა, რომელიც თავიდან, 1973 წელს, არც მეტი და არც ნაკლები, მოითხოვდა, რომ ის ავსტრიაში პენ-ის ახალ ცენტრად ეღიარებინათ. სახალისო ის არის, რომ “გრაცის ავტორთა გაერთიანების” წევრთა, სხვათაშორის უმნიშვნელოვანეს ევროპელ ავტორთა, ერთი ნაწილი დღესდღეობით ტრადიციულ პენ-ში ირიცხება.

და მაინც: მე არ ვიცი ქართული პენ-კლუბის არც ერთი წევრის გვარ-სახელი, მაგრამ სიამოვნებით დავუსვამდი ერთადერთ შეკითხვას: მათი პირადი ცხოვრებიდან რომ ნებისმიერი ცამეტი წელიწადი და ის ყველაფერიც ამოეჭრათ, რაც მათ ამ ნებისმიერი ცამეტი წლის განმავლობაში საკუთარი თავის სასარგებლოდ გააკეთეს, ექნებოდათ თუ არა იმის რაინდული შეგრძნება, რომ მათ სამართლიანად მოექცნენ?

 

 

                                                                                                                      დათო ბარბაქაძე

 

                                                                                                                   თბილისი, 30.07.2010

მასალების გადაბეჭდვის წესი