კომენტარი

ცვლილება შედგა

3 თებერვალი, 2009 • 2319
ცვლილება შედგა

კითხვა-პასუხების რეჟიმში ბევრი ისეთი თემა წამოიჭრა, რომელზეც ადრე პასუხის გაცემა არავის უცდია. მაგალითად, იმავე ფოთთან მიმართებაში, საიდანაც ომის დღეებში რუსმა ოკუპანტებმა მილიონების ქონება გაიტანეს, ამდენივე კი დააზიანეს ან გაანადგურეს. დღემდე უცნობია, რა ოდენობის ქონება დაკარგა საქართველოს საზღვაო თავდაცვის ძალებმა, რატომ ვერ მოხერხდა ამ ქონების გადამალვა და ამაზე პასუხი ვინ უნდა აგოს?

ამ თემაზე ამომწურავი პასუხი, ჯერჯერობით, ვერც ერთ დონეზე ვერ მივიღეთ, მათ შორის, _ ვერც საზღვაო თავდაცვის ძალების სარდლისგან, რომელმაც ომის დღეებში საკმაოდ დაბნეულად გვიპასუხა: ”ტექნიკის ნაწილი იმიტომ არ იქნა გადატანილ-გადაყვანილი, რომ ჯერ ერთი, ამას სჭირდებოდა ტექნიკა, რომელიც ამ ყველაფერს გადაიყვანდა. იმ მომენტისთვის ეს ტექნიკა მე არ მყავდა და მე რაც შევძელი, ისინი გავარიდე ოკუპანტებს”.

საომარი ვითარების დროს, სანაპირო დაცვაც საზღვაო თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში გადადის, ანუ საზღვაო ძალების სარდალს ემორჩილება. მაშ, რატომ ვერ მოხერხდა წლობით ნაკოწიწები სამხედრო ტექნიკის გაყვანა, როცა თავად ოფიცრებმა ამ მიზნით თავი დროულად დაიზღვიეს… მოკლედ, ფაქტია: რომ დღეს ქართული ფლოტის 80% განადგურებულია და რაც გადარჩა, ისიც იმის წყალობით, რომ პირველი დაბომბვისას მცირე ზომის ხომალდები, ძირითადად, სანაპირო დაცვის, ღია ზღვაში პატრულირებდა.

გაურკვეველი დარჩა, დაიბარებენ თუ არა საზღვაო თავდაცვის სარდალს, ბესიკ შენგელიას აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიაში?! პირად საუბრებში ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების ჩათვლით, არ მალავენ, რომ 8 აგვისტოს ღამეს, ანუ როცა ფოთი დაიბომბა, ოფიცრების უმრავლესობა ნასვამ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამის საჯაროდ თქმა არავის სურს.

სხვათა შორის, სარდალმა თავის დროზე ჩვენთან ასევე განაცხადა, რომ ტექნიკის დიდი ნაწილი პირველი დაბომბვისას დაზიანდა. `რაც შევძელი, ის გადავმალე, რამდენიმე ათეული~. კითხვის ნიშნები აქაც ბევრია. თუ `რამდენიმე ათეული~ ტექნიკის გადამალვის გადაწყვეტილება მიიღეს, ე.ი. ჰქონდათ ინფორმაცია ბაზის დაბომბვის შესახებ. მაშ იმავე გზებით დანარჩენებიც რატომ ვერ გადაინახეს?

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი: მას შემდეგ, რაც ფოთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ, მათ ქალაქის მერს, როგორც თავის დროზე ეს თავად ვანო საღინაძემ განაცხადა, მოსთხოვეს, რომ გემებს პირდაპირ ნავმისადგომებთან, ავიაციის საშუალებით ააფეთქებდნენ. საღინაძემ რუსებს პირობა მისცა, რომ ამას ქართული მხარე ღია ზღვაში გააკეთებდა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით. საღინაძის ამ პირობას, პრეზიდენტმა დილის სატელევიზიო გამოსვლაში რატომღაც `სამოქალაქო გმირობა~ უწოდა. რამდენიმე საათში კი, საღინაძის პირობის დარღვევით `გაცოფებული~ რუსი ჯარისკაცები ფოთში დაბრუნდნენ, ყველა მცურავ საშუალებაზე დიდი ოდენობით ტროტილი აიტანეს და ააფეთქეს.

გემების აფეთქების ხმა ფოთში ერთ კვირას ისმოდა, რუსები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მაგრამ ქართული მხარის რეაქცია, თუნდაც მათგან რაიმე გადაერჩინათ, ნულის ტოლი გახლდათ. ამის მომსწრე იმ დღეებში ფოთის სამხედრო ბაზებზე მომუშავე ჟურნალისტები ვიყავით. საპარლამენტო კომისია, საზღვაო თავდაცვის ძალების მიერ დაშვებული შეცდომებით ოდესმე, ალბათ, დაინტერესდება. მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა, სავარაუდოდ, ფოთის მერს, ვანო საღინაძესაც მოუწევს.

თუმცა, სანამ ამ საკითხზე ვანო საღინაძის პასუხებს მოვისმენთ, მანამ ამ შეკითხვას თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ნაცვლად, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა.
`სამწუხაროდ, გარკვეული რა¬ოდენობა ტექნიკის განადგურდა ომის დროს. ფოთის პორტიდან რუსებმა ვერ წაიყვანეს ვერც ერთი გამართული მცურავი საშუალება, ერთადერთი გამართულ მდგომარეობაში მყოფი კატარღა პოლიციამ გზაში დაწვა. ფოთის პორტში ჩაძირული გემებიდან არც ერთი არ ფუნქციონირებდა. გამართული მცურავი საშუალებების დიდი ნაწილი ბათუმში და სხვა ადგილებში იქნა გადაყვანილი~.
ამ პასუხით შს მინისტრმა თავის პასუხისმგებლობას გადააჭარბა, რადგან საომარი ვითარების დროს სანაპირო დაცვის სამმართველო, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო გადასული.

თუმცა, მინისტრის პასუხში ამაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: თუ ომის დროს ფოთის პორტიდან წაყვანილი მცურავი საშუალებებიდან არც ერთი გამართული არ იყო და თუ ჩაძირული გემებიდან არც ერთი არ ფუნქციონირებდა, მაშინ ჩნდება კითხვა: რითი დავიწყეთ ომი, მხოლოდ ქვეითი არტილერიით? გამოდის, ქვეყანა ომისთვის მზად საერთოდ არ იყო. ანუ საქართველოს, ავიაციის პარალელურად, სერიოზული პრობლემა საზღვაო საზღვრის დაცვისა და, საერთოდ, სამხედრო საზღვაო თავდაცვის კუთხითაც ჰქონია.

ზვიად დიასამიძე, პოლიტოლოგი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მაგისტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი