კომენტარი

სენტიმენტალური პროპაგანდა

3 თებერვალი, 2009 • 2563
სენტიმენტალური პროპაგანდა

მაია ასათიანიგადაცემა “რუსთავი 2”-ზე 11 სექტემბრიდან გავიდა, ჯერჯერობით, მხოლოდ ორჯერ. სხვა გადაცემებისგან “პროფილს” ის განასხვავებს, რომ აქ ვერ მოისმენთ კამათს, დისკუსიას ან თემის გარშემო სხვადასხვა აზრის განვითარებას. გადაცემას მრავალი თემა და ერთი, ყველასათვის მისაღები აზრი აქვს.

“პროფილში ყველაფერი სხვანაირად ჩანს”, – წერია რუსთავი 2-ის ვებ-გევრდზე “პროფილისთვის” განკუთვნილ გრაფაში. ამავე გრაფაში წააწყდებით წარწერას: “ერთადერთი ადამიანური თოქშოუ პოლიტიზებულ სატელევიზიო სივრცეში”. საინტერესოა ამგვარი შეფასებითი განსაზღვრება რას გულისხმობს, იქნებ “ადამიანობა” წამყვანის ხმაში რესპოდენტების მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი ინტონაციებში უნდა ვეძიოთ, სტუდიაში მოწვეული სტუმრების ცრემლიან თვალებში ან ჟურნალისტის პირდაპირ შეხებით კონტაქტს მოწვეულ სტუმრებთან, მაგალითად, 12 სექტემბრის გადაცემაში მაია ასათიანი შვილმკვდარ დედას მკლავზე უსვამდა ნაზად ხელს. 18 სექტემბრის გადაცემაში ის არც სხვა კონტაქტებს ერიდება: რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს ბრონირებულ ჟილეტს ხდის, რომელიც ამ უკანასკნელს მანმადე თენგო გოგოტიშვილმა ჩააცვა ჟურნალისტური ამტანობის სადემონსტრაციოდ. ქალების მონაწილეობით შემოსვა-განძარცვის სცენებით კი, დამეთანხმებით, ქართული სატელევიზიო სივრცის პირდაპირი ეთერი განებივრებული არაა. ამ სახის ეროტიკას ბრონირებული ჟილეტი, როგორც ქალის მასკულინიზაციის ელემენტი, განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.
დიახ, `პროფილში~ მოვისმინეთ, რომ თურმე საომარი ვითარების ამსახველ ჟურნალისტიკაში ქალები არანაკლებ პროფესიონალიზმს იჩენენ, ვიდრე მამაკაცები. თურმე ქალებიც შეიძლება იყვნენ გამბედავები და გულადები.

გადაცემის პირველი და ყველაზე საპატიო სტუმარი, ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი იყო. მისი პატივისცემის აქტი მაია ასათიანის მიერ გოგოტიშვილისთვის მელხიორის ჩანგლის რიტუალური გადაცემით გამოიხატა. მელხიორის კი იმიტომ, რომ `ოქროს ჩანგლები სულ რუსებმა წაიღეს~, – ამბობს გადაცემის წამყვანი, რომელიც ცდილობს შავი იუმორით გააჯეროს `პროფილი~.

შავი იუმორი არ არის იუმორის ერთადერთი სახე, რომლითაც გადაცემა მდიდრდება. აქ არამხოლოდ სიცილი, არამედ დაცინვაც მოსწონთ. საომარი ვითარების დროს უკბილო ხუმრობებით თავმომწონე გოგოტიშვილის, რომელიც ხალხის გამხნევების მისეულ მეთოდს `პროპაგანდისტულ თერაპიას~ უწოდებს, რასისტული ხუმრობებიც სცოდნია. სექტემბრის დასაწყისში შავნაბადას ბატალიონის საწვრთნელი ოპერაციის გადაღების დროს დაღუპულ ოპერატორ გოჩა რამიშვილთან დაკავშირებით მას ასეთი კურიოზი გაახსენდა (სტუმრებთან მიმართვისას ასათიანმა ქართველი ჟურნალისტებისთვის საყვარელ სიტყვა `კურიოზს~ ამჯერად თავი აარიდა და რესპონდენტებს ტრაგიკული პათოსით რამიშვილზე `პატარა ისტორიების~ გახსენება სთხოვა):
`მახსოვს, ერთხელ, პარიზში მოვხვდით, დიდი არეულობები იყო, შავკანიანებმა და ბიჭ-ბუჭებმა მიანგრ-მოანგრიეს იქაურობა. მე და გოჩა დემონსტრაციის შუაგულში მოვხვდით. წარმოიდგინეთ, დაახლოებით 50-ათასიანი ბრბო, მართლა ბრბო, რომელთა შორის ეთნიკური ფრანგი, ალბათ, ხუთი პროცენტი იყო. დანარჩენები იყვნენ ვიღაც მაროკოელები და ეჭვი მაქვს, რომ ფრანგულიც ძალიან კარგად არ იცოდნენ. მე და გოჩა ვდგავართ შუაში და ვიღებთ.

მას ლინზა ჰქონდა წამოღებული, შუშა, რომელიც ლამაზ გამოსახულებას აყენებს. და არ ეზარებოდა ამ ლინზის წამდაუწუმ გამოცვლა. ვეუბნები, გოჩა, მიტინგია, დაანებე თავი, რას აკეთებ, გადაიღე. ერთ მომენტში მივტრიალდი და მესმის ისეთი მამა-პაპური ქართული გინება… მოვტრიალდი, ვხედავ, გოჩა ვიღაცას მისდევს – საკუთარ თავზე ორჯერ დიდს სიმაღლეში და სიგანეში, ვიღაც ზანგს, რომელსაც გოჩას მხრების სიგანე კისერი აქვს, მისდევს და უტრიალებს დედის სულს. თურმე ეს მისულა, მოუგლეჯია კამერიდან ლინზა და მირბის. შევარდა თავისნაირებში. ვხედავ, ზუსტად ნახევარ წუთში, მოდის გოჩა გამარჯვებული სახით. მე ვუთხარი, იქ რამ შეგიყვანა, მაიმუნების გროვაში-მეთქი, მართლა საშინელი ადამიანები იყვნენ~.

გოგოტიშვილის მიერ რასისტული ტექსტის წარმოთქმას დარბაზში ხორხოცი მოჰყვა. არავინ გააღიზიანა `ვიღაც მაროკოელების~ ან `მაიმუნების გროვის~ ხსენებამ, რაც მთავარია, გადაცემის წამყვანს, არათუ უკმაყოფილება, შეცბუნებაც კი არ დაეტყო სახეზე. მის მიერ ქსენოფობიის ასეთი სიცხადით გამოვლინების გაპროტესტებაზე საუბარიც ზედმეტია. ყველამ ერთსულოვანი ტაში შემოსცხო დარბაზში, სადაც `ერთადერთი ადამიანური~ გადაცემა გადის.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენი საერთო აქვთ იმავე რუსულ და ქართულ სატელევიზიო არხებს იმ განსხვავებით, რომ რუსები პროფესიონალიზმში გვიგებენ. შეიძლება აიტანო ჟურნალისტის სიყალბე, რომელიც მის ინტონაციებში, სიტყვებსა და პოზებში აისახება, შეიძლება თვალი აარიდო ასე გათამაშებულ შოუებს, მაგრამ როგორ უნდა აიტანო რასიზმის ქადაგება ტელესივრცეში, რომლის მსგავსება პროპაგანდისტულ არხებთან და განსაკუთრებით `მტერი რუსეთის~ ტელეარხებთან, სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება?ნინო ძანძავა
კინომცოდნე….

მასალების გადაბეჭდვის წესი