კომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

სისხლიანი აგვისტო, ომი და მშვიდობა

23 აგვისტო, 2015 • • 4047
სისხლიანი აგვისტო, ომი და მშვიდობა

ესაა მარკესის წიგნის “მარტოობის ასი წლის” ქართულ-ოსური ვარიანტი. ალბათ, ბევრისთვის ნაცნობი წიგნია, რომელშიც აღწერილია დროში გაჭედილი ისტორია, სადაც გმირების სახელები ისევ და ისევ მეორდება, რომლებიც აერთიანებენ ფანტაზიას და რეალობას. როგორც მარკესის წიგნში, ოსურ-ქართულ ურთიერთობაში დიალოგი არ გამოიყენება. ყველგან მხოლოდ მონოლოგები ისმის.

 

იმ დღეს, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, პირველი პოსტი, რომელიც ფეისბუკზე შემხვდა, ქართველ კოლეგას ეკუთვნოდა იმის თაობაზე, რომ “რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 8 აგვისტოდან” და ა.შ. ამ პათოსით… რა თქმა უნდა, ამ პოსტზე კომენტარები იმავე პათოსით იყო გაჯერებული, არავითარი სიტყვა საქართველოს ხელისუფლების როლზე ამ ომში.

 

მეორე ჩემმა კოლეგამ – ზარინა სანაკოევამ მაინც გარისკა იქ თავისი კომენტარის დაწერა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები დგას სამხრეთ ოსეთში, არავინ მოუკლავთ სროლების დროს და ომის დაწყების არც ერთი მცდელობა არ ყოფილა და რომ ხალხს, ბოლო და ბოლოს, შეუძლია მშვიდად იცხოვროს და არ ეშინოდეს იმის, რომ ხვალ ისევ ომი დაიწყება.

 

ჟურნალისტ თემურ ცხურბათის თქმით, ოსური მხარისთვის რუსეთის ჯარი მშვიდობის გარანტია და რომ არა სააკაშვილის თამაშები, რუსეთი არასდროს გახდებოდა სამხრეთ ოსეთის მეკავშირე.

 

2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას ოსური მხარის მიერ ყოველთვის აღინიშნება, რომ ეს იყო მორიგი ოსურ-ქართული ომი, რომელიც 1989 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს “ცხელი” და “ცივი” ფაზებით.

 

თუკი ქართულ მხარეს მოუსმენთ, ზოგადი სურათი ისეთია, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ომი არ ყოფილა, იყო მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპაცია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში დაიწყო. ასევე, საინტერესოა ის, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ოსები ქართველებისადმი დიდი სიმპათიით არიან განწყობილნი, რომ არავითარი მტრობა არ არის, არის მხოლოდ რაღაც “გაუგებრობა”, რომელიც უმალ გაქრება, თუკი რუსები შეწყვეტენ “სიტუაციაზე ზეგავლენას”.

 

ომი და ფილმები

 

თემურ ცხურბათი გახლავთ ქართველი დოკუმენტალისტების რეჟისორობით გადაღებული უამრავი დოკუმენტური ფილმიდან ერთ-ერთის მთავარი გმირი. ცხურბათის მონაწილეობით შექმნილი 26-წუთიანი კინოფილმის სახელწოდებაა “ომის კვალი”, რომელიც პირველად 2012 წლის თებერვალში აჩვენეს თბილისში.

 

ფილმი მოგვითხრობს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის 2 მაცხოვრებლის მეგობრობაზე. ქართველი რეჟისორის, თომა ჩაგელიშვილის თქმით, ფილმის თანარეჟისორი იყო ოსი კოლეგა ზურაბ თავასიევი. თუმცა ისე მოხდა, რომ ტექსტის ავტორს მოუხდა ამ ფილმზე მიმდინარე სამუშაოებზე დაკვირვება და უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტები, კადრები და სრული მონტაჟი განხორციელდა მხოლოდ ქართველი რეჟისორის და მისი თანაშემწეების მიერ. მისმა ოსმა კოლეგამ კი მხოლოდ ოპერატორის როლი შეასრულა. საბოლოო ჯამში, ცხურბათმა ვერ შეძლო ამ ფილმის ჩვენება ოსეთში, რადგან ფილმი საკმაოდ ცალმხრივი გამოვიდა.

 

ქართული მხრიდან ნაჩვენები იყო მსხვერპლი მიშას სახით, რომელსაც ტრაგიკულად დაეღუპა ქალიშვილი პირველი ომის შემდეგ მძიმე ავადმყოფობის გამო და რომელიც დევნილად იქცა აგვისტოს ომის მერე. მეორე მხრიდან ნაჩვენები იყო ომის მონაწილე – თემური, რომლის რიტორიკის მოსმენის შემდეგ მაყურებელს არავითარი თანაგრძნობა არ გაუჩნდება “მის მხარეს”. ის წარმოჩენილია როგორც თავდაჯერებული მებრძოლი, რომელიც თანაუგრძნობს თავის მეგობარ მიშას. და, რა თქმა უნდა, ამ ფილმშიც არაფერი იყო ნათქვამი საქართველოს მთავრობის ფაქტორზე ამ ომის გაჩაღებაში. დიახ, მიშას მართლაც ტრაგიკული ისტორია აქვს! მაგრამ თემურის ცხოვრება საერთოდ არ არის ამ ფილმში გახსნილი! იქიდან გამომდინარე, რომ მას პირადად ვიცნობ, შემიძლია ვთქვა, რომ ის არანაკლებ ტრაგიკული იყო! ფილმი მხოლოდ მომენტალურ ემოციაზეა გათვლილი, რომელიც აუცილებლად მოგგვრით ცრემლებს. ასეთია კავკასიური ბოლივუდი….

პირველი დოკუმენტური ფილმი ომის შემდეგ, რომელიც ბევრმა ნახა ორივე მხარეს, მამუკა ყუფარაძის ფილმია “აგვისტოს ომის განაჩენი”.

 

ყუფარაძის ფილმი იწყება კადრებით, რომელიც ასახავს აგვისტოს ომის დროს მიტინგებსა და დემონსტრაციებს თბილისში, რომლის ინიციატორიც, ფილმში გამოყენებული ტექსტის მიხედვით, იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური. ამ საჯარო ღონისძიების მთავარ პლაკატზე კი იყო წარწერა: “Russia, Go Home!” ბევრმა ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა ყუფარაძის ფილმს უწოდა გარკვეულწილად სიახლე ომის თემაზე. სხვები კი, ძირითადად ფეისბუკის მომხმარებლები, თავს დაესხნენ ყუფარაძეს და ანთხიეს მის მიმართ მრისხანება და ურა-პატრიოტიზმი. ისინი ამბობდნენ, რომ ყუფარაძემ თითქმის პრორუსული ფილმი გადაიღო. სინამდვილეში ამ ფილმში ქართული მხარე, როგორც ომის მონაწილე მხარე, არ არის გაკრიტიკებული! უფრო მეტიც, ის მხარედაც კი არ არის წარმოჩენილი, არამედ ისევ მსხვერპლად. მცირე კრიტიკის ობიექტი ხდება მხოლოდ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორს არ დაეზარა და მოძებნა ერთი ბრიტანელი ექსპერტი, რომელსაც ერთადერთი შეკითხვა დაუსვა: “ჰქონდა თუ არა საქართველოს უფლება დაეწყო ომი სამხრეთ ოსეთში? ანუ იყო თუ არა ომი ლეგიტიმური?” ყუფარაძის შეკითხვაზე ბრიტანელმა ექსპერტმა ლოურენს ბროუერსმა ერთმნიშვნელოვნად უპასუხა: “რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ამის უფლება! მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო!” – თქვა მან და დაამატა – “როცა ეს სამჯერ ხდება: სამი პრეზიდენტი, სამი კონფლიქტი, სამი მარცხი, აუცილებლად საჭიროა დაფიქრება, რა მოიტანა ამ სტრატეგიამ?”

 

თუკი ბროუერსის ლოგიკას გავყვებით, ამ ომში სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ წააგო ომი, სხვა მხრივ კი, ეს სავსებით ნორმალური პროცესი იყო! რეალურად სწორედ ამ გზავნილის მიტანა სურდა ყუფარაძეს მაყურებლამდე, რომელიც თანამემამულეებმა უსამართლოდ დაადანაშაულეს არაპატრიოტიზმში.

 

მაგრამ თუ ფილმს მეორედ ნახავთ, შეამჩნევთ სამ კომენტარს, რომელიც ქართველი პატრიოტების ოპონენტების ყურადღებას იმსახურებს. კერძოდ, ნაჩვენებია რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის კომენტარი, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილთან ბოლო შეხვედრისას რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დახმარებოდა საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, თუკი საქართველო “სწორად” მოიქცეოდა.

 

მედვედევის კომენტარის შემდეგ ყუფარაძის ფილმში არის კადრები, თუ როგორ “ბომბავდა საქართველოს რუსეთის არტილერია”. თუმცა კადრებში არ ჩანს, თუ ვინ ვის ესვრის.

 

მეორე საყურადღებო კომენტარი ერგნეთის ბაზრობას ეხება და იმას, რომ ეს ბაზარი, როგორც ოსურ-ქართული თანამშრომლობის ფაქტორი, საქართველოს პრეზიდენტმა დახურა. კინოფილმში რეჟისორი ყუფარაძე ასევე საუბრობს მნიშვნელოვან ფაქტორზე: ქართულ მედიაში მილიტარისტულ პროპაგანდაზე. აქ “სილა გააწნეს” მედიის წარმომადგენლებს. ამის დასტურად ფილმში ნაჩვენებია ვიდეორგოლი, რომელიც აღებულია ერთ-ერთი ქართული ცენტრალური ტელეარხის ეთერიდან. ამის შესახებ ფილმში ერთი ჟურნალისტიც საუბრობს, რომელიც ომის მონაწილე გახდა, გვარად ელისაშვილი.

 

ომი და სახეები

 

ამჟამად სამხრეთ ოსეთში ომის თემაზე წერას აგრძელებს ტამერლან თადტაევი. ომის შესახებ ყოველ ახალ თხზულებაში მწერალ ტამერლან თადტაევს თავს ატყდება ოსი ურა-პატრიოტების უკმაყოფილების კორიანტელი, მაგრამ თადტაევი აგრძელებს ომზე წერას, იმდენად შეუფერადებლად და რეალისტურად, რომ წაკითხვის შემდეგ ომის თამაშების ყველაზე დიდ მოყვარულსაც კი არ შერჩება ოდნავი სურვილიც კი, რომ ხელში იარაღი აიღოს და ამაყად წავიდეს საომრად. ჩემი აზრით, თადტაევი  ყველაზე მამაცი მწერალია მათ შორის, ვინც ომის შესახებ წერს. ის თითქმის ერთადერთია ჩემთვის ცნობილ მწერლებს შორის მეომარ კავკასიაში, რომელმაც ომის მონაწილეებისა და გმირების იმიჯი “დაამდაბლა” მათი ნამდვილი სახის დემონსტრირების გზით. ის ანადგურებს ომის კულტს. მწერალი ღიად დასცინის ომის კუმირებს! მათი წაკითხვის შემდეგ გასაგები ხდება, რომ ნებისმიერი ომი, რაოდენ “ლეგიტიმურიც” არ უნდა იყოს ის, სულმდაბალი და ბოროტი ქმედებაა! მისი გმირები არ არიან კონკრეტული ადამიანები, ისინი არა მხოლოდ ოსური მხრიდან არიან ომის მონაწილენი. მისი გმირები კრებითი პორტრეტებია სხვადასხვა ომის მონაწილეებისა, ნებისმიერი ეროვნებისა და სარწმუნოების წარმომადგენლები.

 

მის ერთ-ერთ ბოლო მოთხრობაში “განკითხვის დღე”, რომელიც აგვისტოს ომს ეძღვნება, საუბარია 16 წლის ბიჭზე. ამონარიდი, რომელსაც ქვემოთ მოვიყვან, შეგძრავს თავისი სისასტიკით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ სასტიკი სიმართლე ომის შესახებ უწყობს ხელს მშვიდობიან დიალოგს. სწორედ ომზე ასეთ ცინიკურ მოთხრობას შეუძლია გამოფხიზლება! ამაზე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომელსაც სამშვიდობო პროექტებში მონაწილეობის ხუთწლიანი სტაჟი აქვს.

 

“მას წითელი ადიდასის შარვალი და შავი მაისური ეცვა, მუქი “კეპკა” უფარავდა ხორბლისფერ სახეს. მხარზე М-16 ეკიდა.

 

– საიდან გაქვს ავტომატი? – ჰკითხა ფოგამ.

 

ბიჭმა თეთრი კბილები გამოაჩინა, – მოკლულ ქართველს მოვხსენი, – ჯიბიდან მდიდრული ტელეფონი ამოიღო, – ესეც ჯილდოა. გინდათ გაგაცინოთ? ახლავე მოვძებნი დედამისის ნომერს. იპოვა. ტსს… ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომ ზარის ხმა გავიგე, რომელიც აღელვებულმა ქალის ხმამ შეცვალა:

 

– ფრიდონ, შენა ხარ, შვილო?

 

– აღარ არის შენი შვილი! – დაიყვირა ბიჭმა. – მე მოვკალი ის! გესმის, ბებერო ძუკნა?

 

– ვაიმე, დედა, – ატირდა ქალი, – რისთვის?! – ისევ ეკითხება და ეკითხება! – წვერებიანი კაცი წამოხტა. – მომეცი! ბიჭს ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და სხაპასხუპით მიაყარა. – თქვენი შვილები ყველას ხოცავენ განურჩევლად! ისინი არავის ინდობენ და არც მათ ექნებათ არავითარი დანდობა!.. ბებერო ძუკნა, – ჩაილაპარაკა გამწარებულმა წვეროსანმა. – გაითიშა…”

 

სამშვიდობო პროექტების შედეგების მიხედვით შეგვიძლია შევნიშნოთ ცალმხრივობა, შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ უწოდებენ მონოლოგებს დიალოგებს, როგორ არიან ამ პროცესებში მონაწილე ადამიანები დამოკიდებულნი საზოგადოების აზრსა და მათ ზეწოლაზე. მშვიდობისმყოფელთა მცირე ნაწილის წარმომადგენელია, და შეიძლება ერთადერთიც კი, ქართველი ბლოგერი Bergmann-ი, რომელიც შეიძლება თვითონაც ვერ ხვდება, რომ მის კრიტიკულ სტატიებს ომზე და ქართულ საზოგადოებაზე პირდაპირ მივყავართ მშვიდობისკენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ, როგორც თვითონ წერს, არ მონაწილეობს სამშვიდობო პროექტებში და არ ჯერა მათი. თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბლოგერები და ინტერნეტ-მომხმარებლები მას სიამოვნებით კითხულობენ და უყვართ მის ბლოგში მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ მოწონთ კრიტიკის კითხვა ქართული საზოგადოების მიმართ (თუმცა თავისი შარმი ამასაც აქვს), არამედ იმისთვის, რომ მხოლოდ მის ბლოგში შეიძლება რუსულ ენაზე (რაც ამ შემთხვევაში არანაკლებ მნიშვნელოვანია) უბოროტო დიალოგების წაკითხვა კონფლიქტის სამივე მხრიდან, მხოლოდ მის ბლოგში შეიძლება მოუსმინონ ამა თუ იმ მომხმარებლის არგუმენტებს, მათზე გაცენ პასუხი. მხოლოდ მის ბლოგში შეიძლება იპოვო დიალოგები ჩიხიდან ერთობლივად გამოსავლის შესახებ თემებზე, რადგან გადაუწყვეტელ პრობლემებს ადრე თუ გვიან ახალი კონფლიქტები მოაქვს.    

 

ბოლო შვიდი წელია ვკითხულობ ბლოგებსა და კომენტარებს აგვისტოს ომზე. ვინახავ ჩემს არქივში ყველაფერ საინტერესოს. ვცდილობ წავიკითხო ყველაზე პოპულარული ჟურნალისტებისა და ბლოგერების ნამუშევრები მაინც, მათი პოსტები და პოსტებზე კომენტარები, და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ქართველმა ბლოგერმა Bergmann-მა უჩვენა აფხაზ და ოს კოლეგებს, რომ ქართული საზოგადოება იცვლება, რომ ის შეიძლება გახდეს სხვაგვარი.

“მაგრამ როცა ვისმენ ამ შეძახილებს – “სამაჩაბლო, თქვენ მერე მოსულები ხართ, რუსების მონები და ა.შ.” – არ დავიწყებ თვალთმაქცობას და ყალბ სიმღერას მეგობრობასა და ძმობაზე და საუბარს, რომ საქართველოს დამოკიდებულება მომხდარზე ძლიერ შეიცვალა. როგორც წესი, ასე გაყვირიან და საუბრობენ მშიშარა, მონის მენტალიტეტის მქონე ადამიანები! რა ეროვნებისაც არ უნდა იყვნენ ისინი! დაე, ოსებმა საკუთარ თავზე ისაუბრონ, რუსებმა კი – თავის თავზე, მე ვწერ, რასაც აქ ვხედავ, ვწერ სუბიექტურად და გულწრფელად! და რა თქმა უნდა, ხსოვნა იყოს იმ ომის ყველა უდანაშაულო მსხვერპლის!” – წერს ბერგმანი თავის ბლოგში.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი